ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შვიდიანი
ჟანრი: პროზა
1 მარტი, 2017


ალისფერი ადენიუმი (ნაწილი 2, 3)

2
აღარც ერთი ღამე ძილის გარეშე. ვისთვის მიმეწერა ეს ბედნიერება? – უსახელო ველური ვარდისთვის თუ გაზაფხულის მახარობელი დაიანასთვის? იმ დღეს ორივე ერთდროულად შემოუჩნდა ჩემს არსებას და ორივემ ერთდროული მკვიდრი ძალით მაიძულა გამოფხიზლება. და მაშინ, როცა ეს ბედნიერება ერთი ნატეხი შავი შოკოლადით უნდა აღმენიშნა და მედიტაციისთვის მიმემართა, საგონებელში ჩავარდნილი ვცდილობდი მიხვედრას, რომლის ძალამ მაიძულა სასმელზე თავის დანებება და საწოლის მარჯვენა ნაწილის კვლავ დაცარიელება.
– ძმაო, მოდუნდი. რა დღეში გაქვს ნერვები, ვინ უნდა დააწყნარო შენ, როცა შენი თავი ვერ დაგიწყნარებია? – ჩამკიოდა ალტერ–ეგო.
მართალი იყო, პასუხს ვერ დავუბრუნებდი. ფსიქიატრი ვიყავი და ჩემი თავისთვის, მისი ბოროტი ნაწილისთვის ნება არ უნდა მიმეცა, რომ ფსიქოპათთა გვერდზე საკანი დაეთმოთ ჩემთვის და მათ ნაცვლად მე მეყლაპა აბები, რომლებიც საბოლოოდ სრულად შემშლიდა ჭკუიდან.
ცხოვრება ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდებოდა, რადგან მისი განუყოფელი ნაწილი აღარ მყავდა, თუმცა ვეცადე ადამიანობის უკანასკნელი ნასახი არ მომესროლა ჩემი არსებიდან და მასთან ერთად გავაგრძელე დინების მიმართულებით მოდუნებული ცურვა. აქამდე თუ მის საწინააღმდეგოდ ვცურავდი, ამას არავითარი სარგებელი მოეტანა.
ერთთვიანი დეკრეტული შვებულებიდან რომ დავბრუნდი სამსახურში, ყველა გაოცებული მათვალიერებდა და მათ თვალებში ვხედავდი იმ ლტოლვას, რომლითაც ჩემს ამოცნობას ცდილობდნენ. მესმოდა  ზურგს უკან ექთნების ჩურჩული: ეს კოსტაა? მინდოდა მიბრუნება და ყვირილი, რომ მართლა მე ვიყავი, მაგრამ პროფესიული კაუჭები მაიძულებდნენ არ გამეკეთებინა ეს.
ჩემი პაციენტები ისევ ადგილზე დამხვდნენ. მე მათთვის კეთილი ექიმი ვიყავი, რომელიც ამშვიდებდათ, მათ მდგომარეობაში შედიოდა და, როცა საჭირო იყო, აბების ყლაპვას არ აიძულებდათ. ეს მათთვის ფასდაუდებელი სიკეთე იყო და მეც ბოლომდე მწამდა, რომ ერთ დღეს, გამოჯანმრთელებულები ფასსაც დაადებდნენ.
შევიცვალე. იმ დღიდან შევიცვალე, დაიანას რომ დავშორდი. მეგონა პაუზა, რომელიც ავიღე, დამეხმარებოდა, მაგრამ საბოლოო გადატრიალება მოახდინა ჩემში. საბედისწეროც კი, ჩემი კარიერისვის. აღარ ვიყავი ის თბილი ექიმი, შებინდებისას, სახლში წასვლამდე “საკნის” კარს რომ შეუღებდა ავადმყოფებს, მშვიდ ძილს უსურვებდა და, საჭიროების შემთვევაში, საწოლის კიდეზე მოკალათდებოდა და იმდენ ხანს ესაუბრებოდა, სანამ არ დაიცლებოდნენ ემოციებისგან და მშვიდი ძილის კალთას არ მიებარებოდნენ.
ერთ დღეს, როცა ჩემს პროფესიულ ვალოდებულებას აღვასრულებდი, დერეფანში მივდიოდი, მის ბოლოში შუშაბანდთან მდგარი ქალი შევნიშნე. საღამო ხანი იყო, მზე ჩადიოდა და ამ შუშაბანდიდან ხედი უნაკლოდ იშლებოდა. ქალი ეწეოდა და თმა მხრებზე ჩამოჰფენოდა. შემაჟრჟოლა, გავხევდი, როცა მის თმაში ცეცხლი შევნიშნე. ისეთი ცეცხლი, ადენიუმის თავზე რომ ენთო იმ დილით. მისკენ დავიძარი, მშვიდი ნაბიჯებით, თითქმის უხმაუროდ ვუახლოვდებოდი. არ ვიცი, რა იგრძნო, შეტრიალდა, ორი ნაბიჯი გადადგა და ქალთა საპირფარეშოში შევიდა. არ შევყოვნდი, კარი შევაღე. სარკესთან იდგა და თავის ანარეკლს ეჭვის თვალით შეჰყურებდა.
– აქ რას აკეთებ? – ვკითხე ანაზდად.
– შენ რას აკეთებ აქ? – ეშმაკური ღიმილი გადაეფინა კვლავ ბაგენზე.
არ შემოუხედავს ჩემთვის, საკუთარ თავს ათვალიერებდა და მასში ვნებიანი ქალის დაჭერას ცდილობდა.
– მე იქ  ვარ, სადაც უნდა ვიყო.
– სამწუხაროა, იგივეს რომ ვერ ვიტყვი, – მხრები აიჩეჩა და ჩემკენ შემობრუნდა.
წითელი ნაქსოვი სვიტერი ეცვა, მკერდამდე ალისფერი თმები ჩამოჰყროდა. ღია ფერის ვინტაჟ ჯინსი ეცვა, განიერი, რომელშიც წითელი სვიტერი ჩაეტანებინა. სუსტი ქალი იყო, გამხდარი და მის სუსტ აღნაგობაში დაუცხრომელ ვნებას ვხედავდი. სუნთქვა მეკვროდა, ისე მინდოდა მივსულიყავი და იქამდე დამეკოცნა მისი ეგზოტიკური, გამომწვევი ტუჩები, სანამ საბოლოო ჟანგბადის მოლეკულებს არ წავართმევდი. მისგან თავის შემოწირვას მოვითხოვდი, ოღონდ ჯერ არ იცოდა ეს.
– დიაგნოზი?
– სოციოპათი.
ჯერ ტუჩის მხარები ჩაუტეხა ღიმილმა, შემდეგ კი ხმა ამოუშვა და სატანისებრ გადაიხარხარა.
– ჩემი მშობლები თვლიან, რომ, რადგან ინტროვერტი ვარ, ესეიგი სოციოპათი ვარ! – დაამატა ბოლოს.
– ინტროვერტი და სოციოპათი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, – მის სიტყვებზე გამეღიმა, თუმცა დაცინვა არ მიფიქრია. მე არასდროს დავცინოდი ჩემს პაციენტებს.
– არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ საკუთარ თავში და ხშირად საკუთარ ოთახში ჩაკეტილი გოგო დღეს აქ არის, გიჟების გვერდზე.
– მაშინ დროა დაამტკიცო, რომ არც სოციოპათი და არც ფსიქოპათი ხარ.
– როგორ?
– ვისი პაციენტი ხარ? – კითხვაზე კითხვით ვუპასუხე, თუმცა სასაცილოც კი იყო ჩემი კითხვა, რადგან კლინიკაში მხოლოდ ორნი ვიყავით, მე და ეკატერინა. ჩემი პაციენტი თუ არ იყო, ესეიგი ეკატერინასთან ეწერებოდა. ჩემი კი ნამდვილად არ იყო, რადგან მეცოდინებოდა.
– დღეს მომიყვანეს, არ ვიცი.
გამიკვირდა.
– როგორ მიხვდი, წეღან მე რომ გიახლოვდებოდი?
– შენი სურნელი… ჩემს ყნოსვით მეხსიერებას არ შორდება, – გაიღიმა და მომიახლოვდა.
წამით მომეჩვენა, რომ სუნთქვა შემეკრა მის სიახლოვეს და სურვილმა, დამეკოცნა მისი ეს თხელი, მკრთალი და მაგნიტური კანი, ამაკანკალა.
ფეხისწვერებზე აიწია, ცხვირი ჩემს ყელთან ჩარგო და სურნელი შეისუნთქა. მერე უკან დაიხია, ნასიამოვნებმა ღიმილმა სახე გაუნათა. მცირე ხანს მომაშტერდა, შემდეგ კი წავიდა.
ოცდარვა წლის განმავლობაში ასეთი მაგიური არაფერი განმიცდია. როგორც წესი, ჩემს სიახლოვეს ქალები ვარდებოდნენ ამ მდგომარეობაში, მე კი პირველად მანიჭებდა ქალი სიამოვნებას შორიდან.
იმ დღეს მიმღებში გადავამოწმე ბოლო დროს შემოსული პაციენტები. განგაშის სიგნალი ჩაირთო ჩემში,, როცა აღმოვაჩნე, რომ გასული თვის შემდეგ არავინ ეწერებოდა. მაშინ ადენიუმი? დასწყევლოს ეშმაკმა, მოჩვენებები დამეწყო? თუმცა მის სიახლოვეს ასე ცხადად ვერ შევიგრძნობდი, ეს თუ მოჩვენების ბრალი იქნებოდა. სადღაც შევცდი, სადღაც გამაცურეს და ამ რეალობას ვერ შევეგუე.
იმ საღამოს ბევრი დავლიე. სახლში, მარტომ, გაჩაღებული ბუხრის წინ. მარტი იწურებოდა, ხალხი გრძელსახელოებიან მაისურებზე გადადიოდა და მე მციოდა, ვიყინებოდი. იქნებ ვგიჟდებოდი? ფსიქიატრი ვიყავი, ეს უნდა მცოდნოდა, და მაინც, საკუთარ თავს დიაგნოზს ვერ ვუსვამდი.
იმ ღამეს მოვიდა ჩემთან. ღია კარში დაუკაკუნებლად შემოვიდა, ჩემი სასმელი უკითხავად გაიყო და ასევე უკითხავად ჩამოჯდა პლედზე, ჩემს მარჯვნივ, ცარიელ ადგილზე.
– ჩვენი შეხვედრისა იყოს! – ჭიქა ამიწია და გამიღიმა.
– რას აკეთებ? – აღმომხდა ისე, რომ მისკენ არ გამიხედავს.
– ვდილობ.
– რას?
– შეყვარებას.
– რა უფლებით?
– სიყვარულს უფლებები ვინ დაუწესა?!
– რა უფლებით იჭრები ჩემს ცხოვრებაში?
– შენ მთხოვე.
– როდის?
გამეცინა.
– მაშინ, როცა მაიძულე, შემომეხედა. მაშინ მთხოვე დარჩენა, თვალებით მთხოვე, არსებით. მეტი არ მჭირდებოდა.
– ჭკუიდან ვიშლები. იქნებ გჭირდებოდა? იქნებ მე მჭირდებოდა?
– სადაც სიტყვები საჭიროა, იქ იშლებიან ადამიანები. როგორც მე შევიშალე. შენ ჩემს ვაკუუმში შემოხვედი და ახლა წასვლა გინდა?
ვაკუუმშიო. გამეცინა. ხანდახან პირდაპირ გაგება წინადადებების მარგებელიც კია ხასიათისთვის.
– მე არსად მივდივარ, სტუმარი შენ ხარ, – ვუთხარი ბოლოს.
– ჩემს ვაკუუმში მე ვარ სტუმარი?
– არა. ჩემს სახლში ხარ. წადი.
ადგა. მისი სუსტი სხეული აკანკალდა, სასმელი ჭიქიდან გადმოიღვარა და პლედს დაეცა. სიცარიელემ ძვლებში გაიარა და გააპო. ის მიდიოდა, მე კი სუნთქვა მიჭირდა, ისე მინდოდა მისი დარჩენა. თავს ვებრძოდი, ის კი უფრო და უფრო გადიოდა ჩემი ვაკუუმიდან.
– გაჩერდი! – ვთქვი, მაგრამ ჩემი სურვილისამებრ არა. ეს ჩემი ალტერ–ეგო იყო და იქამდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ნამდვილად ვთქვი, სანამ არ ვიგრძენი, რომ გაჩერდა.
ავდექი, მისკენ წავედი. ოთახიდან გასასვლელ კარის ჭრილში იდგა და მხრები აუდ–ჩაუდიოდა, ღრმად სუნთქავდა და წამით მომეჩვენა, თითქოს ტიროდა კიდეც.
– როცა პირველად შენი თმა დავინახე, მეგონა ცეცხლი გიზგიზებდა შენს თავზე. მერე გამახსენდა, რომ ასეთი რამ სადღაც მენახა… ალისფერი ადენიუმი, ანუ ველური ვარდი, უდაბნოში იზრდება. შენ ხარ ალისფერი ადენიუმი და მეშინია, რომ თუ ამ პირობებში შევეცდები შენს მოშენებას, ვერ გაუძლებ და მოკვდები. გესმის? მე კი არ ვარ შენს ვაკუუმში, შენ ხარ ჩემსაში! არ შემიძლია, ვერ მოგკლავ.
რამდენიმე წამის განმავლობაში ორივე გაშეშებულნი ვიყავით. შემდეგ ჩემკენ შემობრუნდა, გამიღიმა. სახეზე ცრემლები უბრწყინავნენ, ნიკაპზე ჩამოჰკიდებოდნენ და მის ცისფერ თვალებში სახლიც დაედოთ. ჩემკენ წამოვიდა, ღრმად სუნთქავდა, მე კი ვერ ვსუნთქავდი. განსაკუთრებით მაშინ დამაკლდა ჰაერი, როცა ჩემს ტუჩებს ველურივით დააცხრა. გამოსამშვიდობებელი კოცნა იყო, მაშინ ეს ვიცოდი.

3
იმ დღეს გადავწყვიტე, რომ დაიანას უნდა შევრიგებოდი. სამსახურიდან ადრე წამოვედი. გზაში არეული მოვაბიჯებდი. მარტი იწურებოდა, თუმცა თავის ქაოსს ქალაქის თავზე მაინც ტოვებდა. წვიმას აპირებდა, ნიავი სხეულებს შორის მიმოდიოდა. ყვავილები ვიყიდე, ოქროს ბეჭედიც, რომლის ქვეშაც თარიღი ამოვაჭრევინე ხელოსანს. ჩვენი ქორწილის დღის თარიღი. უბრალო ბეჭედი იყო, ძვირადღირებული, თუმცა უბრალო. ისეთი, როგორიც დაიანა იყო. მის სახლის კართან შევდექი. რამდენიმე წამით შევყოყმანდი და ბოლოს ზარი დავრეკე.
კარი გამიღო. თვალები წითელი ჰქონდა, ამავე ფერის აბრეშუმის ხალათი ეხვა და კანი უბზინავდა. აქამდე ყოველთვის მიღიმოდა, ქუჩაში შემთხვევით შეხვდრისას, ერთ დღესასწაულზე ყოფნისას. ყოველთვის დარდით სავსე ღიმილით, თუმცა მაინც, მიღიმოდა. ახლა ვერაფერი ამოვიკითხე მის სახეზე. ვეღარც გაოცება, ვეღარც სითბო, ვეღარც დარდი. თითქოს ჩემი ყოფილი ცოლის ფიტულს ვხედავდი, რომელშიც აღარ ბუდობდა სული. სული, რომელიც ასე მიყვარდა.
– დაიანა, როგორ ხარ? –  შფოთვამ ხმა გამიპო.
– კარგად, შენ? – მექანიკურად ჩაიდუდღუნა ქალმა.
– არ ხარ კარგად.
ჩემში გაოცებას იწვევდა ის ქალი, რომლადაც ქცეულიყო. არ მინდოდა ასეთი დაიანა მენახა. ასეთი არა. ახლა ჩემი ჯერი იყო, უნდა დავხმარებოდი.
– კარგად ვარ. რა გინდა? – მისი სიტყვები უჩვეულოდ მონოტორული იყო.
– შემომიშვი! – სიმკაცრე ხმაში გამიჯდა, რადგან ის კარს ეფარებოდა, მე კი უნდა შევსულიყავი, რათა დავლაპარაკებოდი.
– არა. რა გინდა?
– რა გჭირს, დაიანა? – მღელვარებამ ყვირილი მაიძულა.
– შენ არ გეხება, აღარაფერი გეხება შენ! – მანაც აუწია ტონს.
– რაც წახვედი, დღე არ გასულა, რომ არ დამელია. ყოველი ახალი დილა ჯოჯოხეთია, შენს გარეშე და ვხედავ, უერთმანეთობას შენთვისაც დაუმჩნევია კვალი. არაფერი მაფიქრებინო, დაიანა, შემომიშვი.
– ეშმაკმა წაგიღოს! რისთვის შემოგიშვა? ვინ ხარ? – ვიგრძენი, რომ ფიტულში სული ბრუნდებოდა ქალის, რომელიც მიყვარდა. – ჩვენ დავასრულეთ. ახლა ჩემს ცხოვრებაზე მე ვაგებ პასუხს, შენ შენსაზე ხარ პასუხისმგებელი. რომ გალოთდი, შენ მოგეთხოვება იქ. ჩემი დღეობა კი მე მომეთხოვება. მორჩა. წადი და აღარ დაბრუნდე. გთხოვ, თუ ოდესმე გიყვარდი, იმ სიყვარულს გაფიცებ, აღარ დაბრუნდე!
– ნარკოტიკს მოიხმარ? – ჩემსავე სიტყვებზე შემაჟრჟოლა. იმის წარმოდგენა, რომ ჩემი დაიანა ნარკომანი გახდა, სიკვდილს მანდომებდა.
თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა და დასამალად ანაზდად მომიხურა კარი.
გავშეშდი. არქტიკულმა ქარმა დაუქროლა და ყინულის გარსი შემომახვია. ვეღარ ვფიქრობდი, სიცივე თითქოს ტვინსაც მიყინავდა. გაბმულად წრიალებდა გონებაში აზრი იმის შესახებ, რომ ჩემი ცოლი ნარკომანი გამხდარიყო და ამაში წვლილი, ალბათ, მეც მიმიძღვოდა.
ქუჩას არეული გავუყევი.
განგაშის სიგნალი არ წყდებოდა ტვინში. ადამიანი, რომელთანაც 22 წელი გავატარე, რომლის საწოლსაც 3 წლის განმავლობაში ვიყოფდი, აღარ არსებობდა. ახლა ის გამხდარიყო ზომბი. ვიცოდი ნარკოტიკი, მისი ზემოქმედება, ვიცოდი, რრომ მისი მომხმარებელი ვერ ინარჩუნებდა სახეს ადამიანისას და ხდებოდა ზომბი. ეს მტკიოდა. იდეალური ქალი იყო, დამერწმუნეთ, იდეალური. როგორც შეხვდებოდი, მის პირვ ელ სიტყვებს გაიგონებდი, გარეგნობა წარსულში დარჩებოდა და აწმყოში მისი უნაკლო შინაგანი სამყარო გახსნიდა გამოფენას. დაუღალავად გასწავლიდა, შენზე იმუშავებდა და იმ სულიერ განძს, რომელიც გააჩნდა, დაუშრეტელი ენერგიით და უსიკვდილოდ გაგიყოფდა. დაიანა გარდაიცვალა, როცა ნარკოტიკი გასინჯა. მე აღარაფერი შემეძლო. მასთან ერთად გარდავიცვალე.
*
ბარში ვსვავდი. ვცდილობდი დარდი სასმელისთვის გამეტანებინა. სიგარეტისა და ალკოჰოლის სურნელი ერთმანეთს შეზავებოდა, ყურებში კი უამრავი ადამიანის ხმა გუგუნებდა. რას არ მივცემდი, ოღონდ შემძლებოდა დროში დაბრუნება და ჩემ ცოლთან ერთად ყველა პრობლემის დავიწყება. თუნდაც იმისთვის, რომ დამვიწყებოდა ცხოვრების თანამგზავრი ქალი, ყველაფერს დავთმობდი. თუმცა ჩემი ოცნებებისგან შორს ვიყავი, მათ ასრულება ისევე არ ეწერათ, როგორც ჩემ ცოლს პირვანდელი სახის აღდგენა.
ვერ დავითვალე, მერამდენე ჭიქა სკოჩი ჩამოვცალე, უბრალოდ, ცხვირში ნაცნობმა სურნელმა მომიღიტინა და სიწითლეჩამდგარი თვალები დახლიდან მარჯვენა მხარისკენ გადავიტანე. ის იქ იდგა, ალისფერი ადენიუმი. მიღიმოდა და მის თვალებში უჩვეულო დარდს ვხედავდი.
– დამსდევ? – სევდიანად გამეცინა მე.
– შენ ხომ არ დამსდევ?! – ეცადა გაღმებას, თუმცა ვერ შეძლო.
– ახლა არაფერი მინდა სიმშვიდის და სკოჩის გარდა, – ისე ვუთხარი, თითქოს აბეზარი ბუზის მოშორებას ვცდილობდი. იქნებ ასეც იყო?!
– აქ სიმშვიდეა?! – გაუკვირდა ქალს და ჩემს გვერდზე მოკალათდა.
– არა, მაგრამ სულიერ სიმშვიდეს ამ ხმაურში ვპოვებ.
მერე რაღაც დიდი წინადადება წარმოსთქვა. არ გამიგოია, რადგან ფიქრებმა ისევ დაიანასკენ მიმავალ მდინარეში შეცურეს. მახსოვს, რომ დაჟინებით მთხოვდა, წამოდიო და დიდი თხოვნის შემდეგ, წავყევი.
ფეხით დიდი გზა გავიარეთ. იქნებ სჯობდა არ წამოვყოლოდი? მას მერე ეს კითხვა თავს არ მანებებს. რომ არ გამოვყოლოდი, რამდენი რამ შეიცვლებოდა. იქნებ კიდევ ერთი დიადი ტანჯვა ამეშორებინა თავიდან. ეს კი ჩვენთვის განკუთვნილი საშობაო საჩუქარია, რომელიც ცხოვრებამ სრულწლოვნობის პირველივე წელს დაგვიტოვა ნაძვის ხის ქვეშ – შევეჭიდოთ სირთულეებს და მათი სიმწარე მომავლისგან ბრმად ვიგემოთ.
სადარბაზოში შემიყვანა. ეს იყო უზარმაზარი კორპუსის სადარბაზო, რომელიც ერთიანად ჩაებნელებინათ. არაფერს ამბობდა, არაფერს მიხსნიდა და მეც ბოლომდე მინდობილი, მასთან ერთად ვახტებოდი შენობის ორ–ორ საფეხურს. თავი პატარა ანც ბიჭად წარმომედგინა, რომელიც გოგოსთან ერთად პირველად მიდიოდა სიბნელეში რაღაცის გასაფუჭებლად. ეს არ ხდებოდა ჩემს ბავშვობაში და აწმყოში მომხდარი უცნაურ ადრენალინს მანიჭებდა.
ბოლო სართულს რომ მივაღწიეთ და შევჩერდით, გული ისე ამიფრიალდა, მიკვირს, რომ ცოცხალი დავრჩი. ჩემი ასაკის არეული ცხოვრების მქონე, მთვრალი კაცისთვის ოცზე მეტი სართულის შეუჩერებლად არბენა სიკვდილის ტოლფასი იყო და რატომღაც მაშინ გავაცნობიერე მხოლოდ, როცა გული გამისკდა თითქმის. ველურ ვარდსს კი ოდნავი დაღლაც არ ეტყობოდა.
– ღრმად ჩაისუნთქე! – ღიმილით მითხრა და კარი შეაღო.
თითქოს ცაზე ახლადშობილი მთვარე მაშინღა დაიმალა, ჩვენ რომ მისთვის სახის ჩვენება გადავწყვიტეთ. სწორი შენიშვნა იყო ალისფერი ადენიუმის მხრიდან, როცა მითხრა ღრმად ჩაისუნთქეო, რადგან პირველივე ნაბიჯში ღრმა წყალში ამოვყავი თავი.ნელ–ნელა ვიძირებოდი, წყლის ბუშტუკები სახესა და სხეულზე ავი ძაღლებივით მეცემოდნენ და სკდებოდნენ. ეს ჩაძირვა ზღაპრულად საოცარი იყო. რაც უფრო მიიწევდა სხეულის სიმძიმე ფსკერისკენ, ციდან მთვარეც მეტ სითბოს აფრქვევდა. არ ვფიქრობდი, რომ მინდოდა წყლიდან ამოცურვა, მიუხედავად იმისა, რომ ფილტვები დაჟინებით ითხოვდნენ ჰაერს.. ფსკერისკენ თან მივიწევდი და თან თითქოს ერთ ფენას მივყინოდი. მერე ის მოცურავდა ჩემკენ და მიღიმოდა. მერე მთვარე დიდდებოდა და უკვე ახლოდან დაგვნათოდა.
– იმისთვის არ მოგიყვანე აქ, რომ მომკვდარიყავი! – ნერვიულად მიღმოდა ადენიუმი.
– არ ვაპირებდი.
აუზის ნაპირთან ვიყავით, ხელები პატარა მოაჯირზე ჩამოგვედო და განათებულ ქალაქს ვუყურებდით. ცდილობდა რაღაც ეთქვა, მაგრამ აყოვნებდა. მე კი ამ საოცარი მომენტით მაქსიმალურად ვიღებდი სიამოვნებას.
– კლინიკაში რატომ არ ხარ? – ვკითხე ბოლოს, სიჩუმითა და ინტერესით შეწუხებულმა.
– კლინიკაში თითქმის არასდროს ვარ, – ღიმილი შემომანათა.
მაგიური ღიმილი ჰქონდა. თვალს ვერასდროს ვწყვეტდი და ბოლომდე შთავინთქმებოდი ხოლმე ამ საოცარ მომენტში.
– პაციენტი ხარ… არ ხარ?
– ვარ, თან არ ვარ, – მხრები აიჩეჩა.
რას მეუბნებოდა?
– ანუ?
– ჯერ ადრეა… – მითხრა და გაცურა.
– რისთვის? – ყვირილით დავაწიე კითხვა.
არაფერი მიპასუხა, უბრალოდ ხმამაღლა გაიცინა და ცურვა განაგრძო.
მისი თმა აქტიურად ირეკლავდა მთვარის მკრთალ ნათებას და გარემოს ოქროსფერ ბრწყინვალებას სძენდა. წყალზე თითქოს ვიღაცას ოქროს ბრჭყვიალები დაეფანტა…

არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას. რაღაცნაირად ვნერვიულობ, ისეთი ავტორები მიკომენტარებთ:) რადგან ქულები ცოტა მაქვს და ასატვირთი - ბევრი, ორ ნაწილს გიტოვებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები