ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შვიდიანი
ჟანრი: პროზა
4 მარტი, 2017


ალისფერი ადენიუმი (ნაწილი 4, 5 - ეპილოგი)

4
– მაკოცე! – ჩემთან მოცურა და ყურთან ტუჩები გაამოძრავა.
მისგან წამოსული სიმხურვალე ჯერ ყურის თხელი ფენის კანს შეეხო, მერე მთელ სხეულში ჟრუანტელად დამიარა. ცივ წყალში, ცივ აპრილში, სიცივისგან კანკალი ჯოჯოხეთურ სიცხედ გადამექცა. მარჯვნივ მოვიქციე სახე და მის მარცხენა ტუჩის კუთხეს ვაკოცე. გაიცინა და ჩემკენ მოაბრუნა სახე. ისე დავეწაფე მის ტუჩებს, როგორც მოწყურებული ცხოველი. ვკოცნიდი და მარცხენა ხელს მის თმაში დავაცურებდი.
ისე მომწყდა, როგორც თხელი “წვერი” ბაბუაწვერას, გაიცინა და ისევ ღრმად შეცურა. მეც გავცურე მისკენ. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო მშორდებოდა და ისე იცინოდა, ტანში მცრიდა და სურვილს მიმძფრებდა.
– მორჩა! – თქვა ბოლოს, გაჩერდა და შემაღლებულ მოაჯირზე აცოცდა. ისე დაჯდა, თითქოს მოაჯირი ცხენი ყოფილიყო და მის გაჭენებას აპირებდა. – საკმარისია… – დაამატა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
ტანსაცმელი სრულიად დასველებოდა, თეთრი მაისური სხეულზე მიტმასნოდა და უფრო გამომწვევ იერს სძენდა. მკერდი აუდ–ჩაუდიოდა. ვკანკალებდი, ისე მინდოდა მისთვის სხეულის თითოეული წერტილი დამეკოცნა.
– მელაპარაკე! – მომთხოვა ბოლოს.
– არ მიყვარს ლაპარაკი, – მოვუჭერი მოკლედ და მივანიშნე, ხორციელი კონტაქტი მერჩია.
– გიყვარს! – “გამოგიჭირე ღიმილით” გამიღიმა.
– კარგი, მიყვარს, – დავნებდი.
– გცივა?
– მაგას მე უნდა გეკითხებოდე და ჩემს ქურთუკს გაწვდიდე, – გამეცინა.
– სამწუხაროა, რომ არ ვართ საუკუნის “მოდერნ” წყვილი.
– წყვილი ვართ?
– ვიყოთ?
– ვიყოთ, – ისევ გამეცინა.
– მოგწონვარ? – იღიმოდა.
– მომწონხარ.
– სამწუხაროა… – თვალი ამარიდა და ქალაქს ჩახედა. იქ სიცოცხლეს დილამდე მიეძინა, მის ძარღვებში კი ახლა იწყებდა გაღვიძებას.
მინდოდა ამომეკითხა მის თვალებში, რას გულისხმობდა, მაგრამ უფლებას არ მაძლევდა. და რომც მოეცა, მე ვერასდროს შევაღწევდი მისი სამფლობელოს ამ მზის მსგავს ნაწილში.
– რატო? – ვკითხე ბოლოს.
– ღამე გიყვარს? – კითხვით მიპასუხა და მივხვდი, პასუხის გაცემა არ სურდა.
– არც ისე.
– მე კი ძალიან მიყვარს, – ღიმილით შემომხედა. მის თვალებში გაბრწყინებული სითხე შევნიშნე. – მე ღამეში ვცოცხლობ.
– როგორც ღამურა?!
– როგორც მე.
დამაბნია.
– მიყვარს ცა. ღამე მას არც მოწყენა ეტყობა და არც სიხარული. ის აღარ იღლება მომაბეზრებელი, ერთფეროვანი ადამიანებით, რომლებიც დღის რუტინას თავს სწირავენ. ღამე ჩვენ გვღვიძავს – ცასავით გულწრფელ ადამიანებს. და თუ ის ტირის, ჩვენც ვტირივართ; ის თუ მთვარეს უშვებს თავის სივრცეში, ჩენც ვუშვებთ ადამიანებს.
ვინ ჩვენ?
– ჩვენ ღამის შვილები ვართ. დილა გვაფრთხობს.
– ვამპირი? – გამეცინა.
– სიამოვნებით ვიქნებოდი ვამპირი, ერთი მინუსი რომ არ ჰქონდეს ამას – უკვდავება.
– განა ცუდია უსასრულოდ სიცოცხლე? – გამაკვირვა მისმა პასუხმა.
– ჩვენ თავად ვართ უსასრულობა, რად გვინდა მასში სიცოცხლე? ეს ხომ მოსაწყენია?
შეიძლება ასეც იყო, მაგრამ თუ ვინმე შემომთავაზებდა უკვდავების წამალს, უყოყმანოდ მოვიხმარდი. ის არ ფიქრობდა ასე. იქნებ ეს მიზიდავდა მისკენ ძლიერ? მისი განსხვავებული, განსაკუთრებული ბუნება, რომელშიც თითქოს გაზაფხულის მცენარეები იღვიძებდნენ და თუ ღრმად შეხვიდოდი, ზამთრის სუსხსში ამოჰყოფდი თავს. მას არ ეშინოდა სიკვდილის, ეს ცხადი იყო, მაშინ რისიღა უნდა შეშინებოდა? კითხვა, რომელიც გონებაში ძლიერად ჩაილექა, იმწამსვე გავაჟღერე.
– სიკვდილი საშიში არ არის, – ღიმილით წამოიწყო მან. – სიკვდილი უსასრულობის ნაწილად გხდის. თუმცა ეს ხაზს არ უსვამს შიშის თეორიას. რა თქმა უნდა, მე მეშინია. მეშინია ადამიანების, მეშინია, რომ შემიყვარდება. ორივე შიში ჩემს ცხოვრებაში ცხადია და მე მათი არიდება ვერ შევძელი.
– ორი კითხვა მაქვს: რელიგიური არ ხარ და გიყვარს?
– რელიგიური არ ვარ და მიყვარხარ.
თვალები დავხუჭე და ისევ მომინდა ჩაძირვა წყალში, რადგან მივხვდი, სხვაგან ვიძირებოდი. ამ ქალის არსებაში და ეს ის იყო, რაც მე ერთდროულად მაშინებდა და სასიამოვნო მოგზაურობაში მიტაცებდა.
– კვლავ ორი კითხვა: ღმერთის არსებობა ცხადია, რატომ არ გწამს? და რატომ გიყვარვარ?
– ორი სულელური შეკითხვა… – გაეცინა, – ღმერთის სიცხადე რაში გამოიხატება? – მე რომ შენ შეგხვდი თუ რომ დავიბადეთ? ეს ორი შემთხვევითობაა, არავითარი წინასწარ დაწერილი კანონი. და რატომ მიყვარხარ? – შეჩერდა, დაფიქრდა, თითქოს ამ კითხვის წინაშე საკუთარი თავი აქამდე არასდროს დაეყენებინა. – ხომ ვთქვი, ეს დაუწერელი კანონია. შენ შორი ხარ, მიუწვდომელი, ყველასთვის. ჩემთვის მზე ხარ, რაც უფრო გიახლოვდები, მით უფრო მწვავ, ამავდროულად არ შემიძლია შენს გარეშე. მცივა, ვიყინები. ეს მუხტია, რომელიც ჩვენ შორის არსებობს. შენ ჩემგან განსხვავებული ხარ, ეს გვიზიდავს, თუმცა მე მიყვარხარ, შენ კი სხვა გიყვარს. ეს ერთ–ერთი პასუხია, იმ “სამწუხაროსი”.
სიბნელეშიც კი გამოჩნდა, მისი წითლად შეფერილი ლოყები. დასცხა და წყალში ჩახტა. შემდეგ კი გაცურა და დაგვტოვა მე და სიცარიელე ერთმანეთის ამარა.
არასდროს აუხსნია ქალს სიყვარული ჩემთვის. არასდროს მიგრძვნია ის ლტოლვა, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. მაგრამ მართალი იყო, მე სხვა მიყვარდა. მხოლოდ იმ მომენტამდე, როცა მის ტუჩებს შევეხე და გაყინული სხეული, გაყინული სული გამითბა. მე ის შემიყვარდა. შემიყვარდა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ვინმე მყვარებია. მაშინ დავივიწყე დაიანაც და მისი პრობლემებიც, რომელიც მანამდე ჩემს პრობლმებად აღმექვა. რომანტიკა, ანუ ჩემთვის უცხო ხილი, ყოველდღიურ საკვებად გადაიქცა. რაციონალური კაცი, რომანტიკოსად გადავიქეცი. და მეც, როგორც ყველა დანარჩენი რომანტიკოსი, პოეტიც გავხდებოდი, ოღონდ მისი ჩემთან ყოფნა დამემსახურებინა.
ადენიუმი სხვა იყო, მას არ შეეძლო დიასახლისობა, მას არ შეეძლო ოჯახის შექმნა. მისთვის სპონტანური ურთიერთობები ყველაფერს უდრიდა. მართალი იყო, როცა ჩვენ შორის არსებულ მუხტზე საუბრობდა: მე მინუსი ვარ, ის კი პლიუსი, ერთმანეთს მივიზიდავთ, ამის გამო. მაგრამ თუ ორივე მინუსი ან ორივე პლიუსი ვიქნებოდით, ჩვენთვის ამას გარდა საერთო არაფერი იარსებებდა. მე ყინული ვიყავი, ის კი წყალი. საერთო ჯამში, მე მისგან წარმოვიქმნებოდი, თუმცა რამდენადაც მასთან საერთო გამაჩნდა, იმდენად განსხვავებული ვიყავი. ერთი არსის ორი გასაყარი… და მაინც, მასთან ყველაფრის გამოცდა მინდოდა. მსურდა გვქონოდა ერთი პატარა ქოხი, ტყეში, მდინარის მახლობლად, დიდი ოთახით, რომელიც იქნებოდა სავსე წიგნების დიდი თაროებით, რომლებიც გაივსებოდნენ მრავალი წარმომავლობის წიგნით; მინდოდა ერთად გადმოვმხტარიყავით ვერტმფრენიდან პარაშუტით და ადრენალინს ეგრძნობინებინა, რომ ჩვენი სიყვარული იმაზე მეტი იყო, ვიდრე ყველა სხვა შიში; მინდოდა ერთად გადაგვეარა სტერეოტიპული საზოგადოებისთვის, დაგველია ჭიქა წითელი ღვინო და სიტყვებით შეგვეფურთხებინა ბინძური ჰუმანისტებისთვის. მაგრამ მას ეშინოდა სიყვარულის, ეშინოდა, რომ ერთ დღესაც ეს საოცარი გრძნობა წარსულის მოგონებად გადაიქცეოდა. და მე მივხვდი, რომ მართალი იყო. აწმყო ყოველ წამს წარსული ხდება, ჩვენ კი არ ვიცით, რა გველის მომავალში. ვერ განვსაზღვრავთ, რომ შეიძლბა უნებლიეთ ერთურთს ვატკინოთ. მას კი შეეძლო ფიქრით განეჭვრიტა მომავალი, ამიტომ იტანჯებოდა იმ გრძნობით, რომელსაც შემდგარი ან ვერშემდგარი ურთიერთობის მწარე უღელი ერქვა. ვისურვებდი, რომ მაშინ მეც მქონოდა ეს საოცარი უნარი და ზღვაში მეტად არ შემეცურა.

5 - ეპილოგი
იმ დღეს ჩემთან მოვიდა. შუა დღე იყო და თვალები ჩასისხლიანებოდა, ისე ეძინებოდა. მისმა უბრალოებამ თვალი მომჭრა. დავიჟინე, სურათები უნდა გადაგიღო–მეთქი. იუარა, მტკიცედ მიხსნიდა, რომ არ უყვარდა სურათები, რომ არ შეეძლო ჩხაკუნის ატანა. მე კი არ ვუსმენდი. გული გამალებით მიცემდა მკერდში და სისხლი მიდუღდა, ისე მინდოდა მისი ლამაზი სახე სამუდამოდ შემენახა ქაღალდებზე, რომელსაც დრო ისეთივე დაღს დააჩენდა, როგორსაც ყოველთვის ყველაფერს დააჩენს ხოლმე. ბოლოს დამთანხმდა, სხვა რა გზა ჰქონდა. ჩემ ოთახში გავიქეცი და ისეთი სისწრაფით ვიშორებდი ბარიერად ქცეულ ნივთებს, თითქოს თუ არ ვიჩქარებდი ის წავიდოდა. არ მახსოვდა სად დამედო აპარატი. ბოლოს გარდერობის თავზე მივაგენი. იმდენი ხანი არ გამომეყენებინა, მტვერი სქელ ფენად დასდებოდა.
სადარბაზოში გავიყვანე, კიბეზე ჩამოვსვი და მარჯვნიდან მივუდექი, გადასაღებად.
– შემომხედე, – მოვთხოვე დაჟინებით, როცა აპარატიდან მის დაბნეულ მზერას შევეხე.
შემომხედა. აპარატი გავაჩხაკუნე. სასწრაფოდ მიიჭირა ყურებზე ხელები და სახე დაემანჭა. რომ შევიგრძენი, როგორ უღმერთოდ ატკინა ამ ხმაურმა, მეც გადმომედო მისი ტკივილი. აპარატი გვერდზე მივაგდე და მას მივუჯექი. ხელი მხარზე შემოვხვიე და მკერდზე მივიკარი. ტკივილი ჩაუცხრა თითქოს, ახლა კი ატირდა. როგორც პატარა ბავშვს, ისე ვაქანავებდი და გაჩერებას ვთხოვდი. ბოლოს აწია თავი, შემომხედა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა და ვერ ეთქვა. მერე მაკოცა. ეს განსხვავებული კოცნა იყო. თითქოს რაღაცას ნანობდა და ამით მიხდიდა ბოდიშს.
– დამშვიდდი. არაფერია, – გავუღიმე ბოლოს, ეს სჭირდებოდა.
მერე ეძინა, შუა ღამემდე ჩემს კალთაში ეძინა. მის თმას ვეფერებოდი, შემდეგ ჩემს ხელებს ვყნოსავდი, მისი ტკბილი სურნელი ექსტაზში მაგებდა.
*
ჩემი ძველი მანქანა გამოვიყვანე და ძლივს დავქოქე. მერსედესის მარკის კაბრიოლეტი ჩემი ერთადერი სიმდიდრე იყო და მასაც არ ვუვლიდი. გამეჩერებინა და ნესტის კლანჭებში ჩამეგდო. დასტყობოდა კიდეც მანქანას. თუმცა რა მექნა, ადენიუმმა დაიჟინა, სეირნობა მინდაო. ქალაქი ჩვენ გვიყურებდა, ეს საკოლექციო მანქანა უცხო ხილი იყო როგორც ჩვენთვის – უბრალო ხალხისთვის, ასევე ადამიანებისთის, რომლებიც რას არ მისცემდნენ, ოღონდ ეს მოდელი ჰყოლოდათ. ძველი რადიო ვერ იჭერდა სიგნალს, თუმცა მას ჩაერთო და ხრიალი დიდ ხმაზე აეწია.
– როგორ გვიყურებენ! – კისკისებდა და ხალს ხელს უქნევდა ისე, თითქოს ინგლისის დედოფალი ყოფილიყო და ეს ხალხი მის შესახვედრად გამოსულიყო ქუჩებში.
– აღარ გაშინებენ ადამიანები? – გავღიზიანდი მისი გამომწვევი საქციელით, უნდა ვაღიარო, ვიეჭვიანე კიდეც, ჩემს გარდა სხვასაც რომ უღიმოდა ამ ბრწყინვალე ღიმილით.
ჩემკენ გადმოიხარა და ყურში მიჩურჩულა:
– არ უნდა ირძნონ, რომ მეშინია, თორემ ამ შანსს გამოიყენებენ…
გამეღიმა, ოღონდ თბილად აღარ.
მაღაზიასთან გავჩერდი, ძალიან მწყუროდა. დარჩი–მეთქი, ვუთხარი ადენიუმს და გადავედი. მეხვეწა გადმოგყვებიო, მაგრამ ვაიძულე შიშის დაძლევა. მაშინ მეგონა, რომ ამით კარგ საქციელს ჩავდიოდი.
მაღაზიიდან რომ გამოვედი, ვიგრძენი, რა იყო ტკივილი. ვიგრძენი, რომ არსებობა შევწყვიტე. დავინახე, როგორ ეჯახებოდა დიდი მანქანა ჩემს ადენიუმს. მერე სისხლი, მისი ალისფერი თმა წითლად შეღებილი და ყვითელი სვიტერი ნარინჯისფრად შეფერილი… ექოდ გაბნეული კივილი ჩემს თავში, ექვსი ასობგერა: მოკვდა!
მაშინ ყველა მოკვდა. ყველა მის გარდა, რადგან ის იქცა უსასრულობად.
მასთან ჩავიმუხლე, სისუსტე ვიგრძენი. მისი თბილი სხეული ჩავიხუტე. ვუყურებდი ტუჩებს, რომელსაც ღიმილი შეჰპარვოდათ. შიშნარევი ღიმილი. აკი არ მეშნოდა სიკვდილისო? როგორ მატყუებდი!
მესმოდა ხალხის ხმა, ერთი ამბობდა, მანქანისკენ მიმავალი კაცი დაინახა და როგორც შველი, მონადირე რომ დაინახა, ისე გადახტა და მანქანა ვერ შენიშნაო… სიკვდილი მომინდა. მინდოდა მის ნაცვლად მე დამჯახებოდა ეს სატვირთო. ასე მტკივნეული არ იქნებოდა მაინც.
ნეტა მცოდნოდა, რომ ასეთი მწარე იქნებოდა რეალობა, არასდროს გავიკარებდი არავის.
ის გრძნობდა მოახლოვებულ სიკდილს და იცოდა, ეს დღე იქნებოდა მისი მეორე პასუხი, როცა თქვა სამწუხაროა.
გულშიჩაკრულ სხეულს ერთს ვუმეორებდი: მიყვარხარ, და ჩემი აკანკალებული არსება თხოვდა დაბრუნებას, თხოვდა, რადგან არ სურდა გაყინულიყო.
*
მე გავიყინე. გავიყინე ზაფხულში, მზეში, პაპანაქებაში. მე ის დავკარგე. დავკარგე არა დროებით, არამედ სამუდამოდ. გავიყინე რეალობაში და ერთადერი რაც ადამიანური შემრჩა მოგონებებია, რომლებიც მალ–მალე მაბრუნებს მასთან. მე ისევ მასთან ვარ და ის კი ჩემთანაა. უსასრულობაშიც კი ჩემთან ერთად ცურავს.
მე ის დავწვი. მის თმას ამ უკანასკნელ ჟამს მაინც ეკიდა ცეცხლი. დავწვი და ფერფლი ყელსაბამში შევინახე. ახლა აღარასდროს მშორდება იმ ყელს, ასე რომ უყვარდა და მისი გული ჩემის რიტმში იფეთქებს.
როცა ღამეა და წვიმს, ზიარი ვხდები ღამის. ღამის, რომელსაც სტკივა, რომელიც ჩემთან ერთად ტირის. ცივი წვეთები ჩემს სხეულს იმ სითბოდ ეღვრება, რომელიც ადენიუმს გააჩნდა. ადენიუმს, რომელიც ყველაზე ცხელი ქალი იყო. ის არ გაცივდა, ვერ დავუშვებდი, რომ სიცივისთვის მიმებარებინა. მიწაში ცივა, ჩემს სხეულზე კი არასდროს. ჯერაც გიზგიზებს ჩემი არარად ქცეული კანი მისი სურვილით. მე მის სულს დავეუფლე, მისი გასაღები ვპოვე, მაგრამ სხეულს ვერასდროს. ერთდერთი იმედით ვცოცხლობ, რომ მალე მეც მას შევუერთები და ერთად შევცურავთ უსასულობის აუზში. მჯერა, რომ, რაც ერთხელ შევძელით, მეორეჯერაც შევძლებთ.
*
ჩემი პაციენტი მესტუმრა ამ დილით, ღამე მომიტანა. არ ვიცი, როგორ გააკეთა, მაგრამ ქილაში გალაქტიკა ბრწყინავდა. მადლობა გადამიხდა დახმარებისთვის, ოდეს რომ გავუწიე და იმედი გამოთქვა, რომ ისიც დამეხმარებოდა. მართალი აღმოჩნდა. ამ ქილას ყოველწამს ვუყურებ, მის თავზე შენახული ალისფერი თმა შემომიხვევია და არც ერთი წამით მავიწყდება იმედი, რომელიც მაცოცხლებს.
*
ჩემი ცოლი ერთი კვირის წინ დაასაფლავეს. მანამდე კი ჩემთან იყო მოსული და მთხოვდა შერიგებას, მარწმუნებდა, გამოვსწორდიო. არ დავუჯერე და სწორად მოვიქეცი. მაგრამ იქნებ სჯობდა, მეპატიებინა, რადგან მისთვის გაკეთებულ ბეჭედს ჯერ კიდევ ვატარებ ნეკა თითით და ეს მახსენებს იმ ბედნიერ დღეს, როცა დავქორწინდით. ცოლი ჩემი ცხოვრების მკრთალი ნათელი ნაწილია, ადენიუმი კი მზე.
*
მტკივა და ჯერაც მგონია, უკანასკელ წერტილამდე, რომ თუ ამ ტკივილს ფურცლებზე გადმოვიტან, გამივლის. არასდროს არაფერი დამიწერია, არაფერი შემიქმნია გარდა სიყვარულისა, რომელიც ალისფერი ადენიუმის მიმართ გამაჩნდა. ახლა კი ესეც მემატება. იმედია დრო ამ სიტყვებს ფურცლებიდანაც წაშლის, წავიშლებით მეც და ისიც… ასე ვეზიარებით უსასრულობას და ჩვენს ტრაგედიას, ცხოვრება რომ ჰქვია, არავინ დაიტირებს.
*
ჩემი “მგონია” წარსულში დარჩა. ჯერ კიდევ
მ ტ კ ი ვ ა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები