ბავშვობაში არ იცოდა, რამე ნაკლი თუ ჰქონდა. მით უმეტეს ვერ ეცოდინებოდა, რომ მისი ნაკლი ექიმების არაპროფესიონალიზმის ბრალი იყო. ვერც იმ ორთოპედიული ფეხსაცმლის მნიშვნელობას ხვდებოდა, დედა და მამა მისთვის რომ აკერინებდნენ და არც დიდად განიცდიდა ამ ამბავს. აცმევდნენ, ეცვა, დაბაკუნობდა და დადიოდა. შვიდი წლის იყო, პირველად რომ "შეამჩნევინეს" '/ სკოლაში მეორე ცვლაში დადიოდა. მეზობელ კლასში ერთი წლით უფროსი ტყუპი ძმები იყვნენ, ბადრი და უსუპი. დასვენებებზე ყოველდღე ერთი და იგივე მეორდებოდა: - რა არის ბიჭო ეს, სხვადასხვა ფეხსაცმელი გაცვია? - დასცინეს პირველად. დაფიქრდა და პირველად შეხედა თავის ფეხსაცმელს ... ფეხსაცმელი მართლაც სხვადასხვანაირი იყო, მარჯვენა ფეხზე უფრო დიდი და მაღალი. იცოდა, რომ მის დაძმასაც არ ეცვათ ასეთი.
სახლში მივიდა და დედას ჰკითხა. თუმცა ვერაფერი გაიგო, მაგრამ დედის საუბრიდან მაინც მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც სხვებთან. დაიძაბა... არა იმის გამო, რომ სხვანაირი იყო. ბადრისა და უსუპის ცინიკური სახეების გახსენებაზე დაიძაბა.
სკოლიდან ყოველდღე დაძაბული მოდიოდა.მთელი ღამე კი ბოდავდა და ჩხუბობდა,ოფლში ცურავდა და აგზნებული იღვიძებდა. საზღვარი არ ჰქონდა არც დაცინვას და შევიწროებას,არც თავში წამორტყმას,რომელსაც ვერაფერს უხერხებდა. მშობლები ნერვიულობდნენ და ექიმებთან დაატარებდნენ,თუმცა მიზეზი არავინ იცოდა.
ტყუპი ძმა მალე სხვა სკოლაში გადავიდა სასწავლებლად, მაგრამ ღამეული კოშმარები არ წყდებოდა. ხვდებოდა მხოლოდ ერთ რამეს: დიდი უნდა გაზრდილიყო და ძლიერი, რომ რავინ უნდა მორეოდა,არავინ...
პირველად ჭიდაობაზე სიარული აიჩემა. დედამ მაშინვე გადააფიქრებინა,შენთვის არ შეიძლება,ფეხი შეიძლება უფრო გეტკინოსო. არადა არ ტკიოდა. მერე კარატე მოისურვა...არაო, აუხსნეს ისევ თავიდან. მაშინ მამას სახლში ტრენაჟორები მოაწყობინა,სილით სავსე გუდა ჩამოაკიდებინა და ვარჯიში დაიწყო. არავინ იცოდა,რისთვის ემზადებოდა, მაგრამ ყველას უხაროდა. ვარჯიშობდა და ძლიერდებოდა. ფიზიკურადაც ძლიერი და ლამაზი იყო. ცურვაზე დადიოდა. ლამაზი სხეული გაუხდა,ძლიერი კუნთები. გოგოებშიც პოპულარული იყო.
უკვე იცოდა,რომ ბავშვობაში გადატანილი უმძიმესი დაავადების გამო მარჯვენა ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით ჰქონდა მოკლე, ფეხი კი ატროფირებული . აღარ ბრაზდებოდა, როცა ფეხბურთის თამაშის დროს გარინჩას ეძახდნენ. ბიჭებთან ერთად ბანაობის დროს ფეხის ტრავმის გამოჩენასაც აღარ ერიდებოდა.
მთელი ცხოვრება შეხვედრისათვის ემზადებოდა,თუნდაც ორივე ძმა ერთად შეხვედროდა, იცოდა აუცილებლად გაუნგრევდა თავყბას და ამით მოისვენებდა. ფიცი ჰქონდა დადებული.
უკვე სტუდენტი იყო,როცა მშობლიურ ქალაქში ორიოდე დღით ჩამოსვლამ მოუწია და მეგობარ გოგონასთან ერთად სანაპიროზე გაისეირნეს. უეცრად ხმაური მოესმათ.... ბიჭების ჩხუბობდნენ აყალმაყალი ახლოს ხდებოდა.
გოგონას ბოდიში მოუხადა, ერთი წუთით საიმედო ადგილზე დააბინავა და მოჩხუბრების გაშველება დაიწყო. დაბინდებული იყო, მაგრამ ღამის განათებაზე მაინც გაარჩია ერთ ერთი, მთლად დასისხლიანებული და თავგატეხილი, მისი ბავშვობის მტერი , იმ ძმათაგან ერთერთი, ბადრი ან უსუპი იყო. კბილები სიმწრით ისე გაახრჭიალა, თვითონაც შეეშინდა. მის ცნობას რა უნდოდა: წითური თმები და ის ნაცნობი გამოხედვა,მთელი ბავშვობის სიზმარეთს რომ სტუმრობდა და აოფლიანებდა. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო, წამოაყენა, მიეშველა, ყველა დააშოშმინა და პატრულის მოსვლამდე საიმედო ადგილას მოაფარა. არ გამოცნაურებია. თავში არც მთლად დარწმუნებული , სწრაფად გაეცალა იქაურობას.
იმ საღამოს ბევრი დალია. არ იცოდა ეს მისი გამარჯვება იყო თუ დამარცხება. მერე დანა აიღო და მარცხენა ხელის მტევანი გაისერა. ოდნავ შეღავათი იგრძნო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეს დაუსრულებელია როგორც მივხვდი. დამაინტერესა. გაგრძელებას დაველოდები! ეს დაუსრულებელია როგორც მივხვდი. დამაინტერესა. გაგრძელებას დაველოდები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|