ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2017


გზები

როცა არც ქარია, არც მზე,
აღარც წვიმაა ან თოვა
უფრო მარტივია ხაზზე
გადააბიჯო და უკვე
იცი, აღარავინ მოვა,
აღარ გადაიყვლეფს მუხლებს,
აღარ შემოლეწავს კარებს,
აღარ გადაივლის გორას
და მზეც ბალახებზე მკვდარი
გდია, გოდორივით გორავს.
ირგვლივ მინდვრებია შიშის.
იმედს ვინღა ეძებს. მორჩა!
სევდა - ძველმოდური კლიშე,
ზურგზე გადაიგდე ხონჩად
და
ასე აუყევი აღმართს,
ასე ჩაუარე მათ, ვინც
შენთან აღარასდროს მოვა...
(შენ კი მოელოდი მაინც)
ნეტავ ამ ცხოვრებას ან ღმერთს
ცოტა ირონია ჰქონდეს.
ოღონდ ეს ამბავიც ცხონდეს,
ოღონდ ჩაიაროს თოვამ...
არის მელოდია ვრცელი,
ურევს შიგა და შიგ მოცარტს.
როცა აღარავის ელი,
გზებიც უკეთესად მოჩანს.
ძნელი არ ყოფილა, თურმე,
ჩუმად ჩაუარო გვერდზე
გადატრიალებულ ურმებს
და თქვა, რომ გზას აღარ ეძებ.
ირგვლივ მინდვრებია ვრცელი.
ბევრი ახალი გზაც მოჩანს..
როცა აღარავინ გელის,
როცა ყველაფერი მორჩა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები