ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2017


სად შევცდი!

ხშირად ვფიქრობ თუ სად შევცდი,
რა გამომრჩა, რა ვერ გავთვალე.
და ეს ფიქრები უსაშველო
სიმფონიაა.
ამ ცარიელ მაგიდაზე
დავდებ სახეს, დავხუჭავ თვალებს
და მოვუსმენ წამებას...
არამგონია
მომაკითხოს შვების თეთრსახა ანგელოზმა,
ხოდა მეც ვფიქრობ: ავად ვარ!
დაავადების ანამნეზი - მარტოობა.
შიში.
დამნაშავე ხელების კანკალი.
ხელების რომლებიც მარტოოდენ
მაშინ იწყებდნენ კანკალს
როდესაც წელიდან თეძოებისკენ მიძრომიალობდნენ
ახალბედა ქურდივით.
თუკი ვერ შევძელი,
თუკი ვერ გავძელი,
თუკი ვერ მოვირგე კისერზე ჯვარი,
განა ნიშნავს რომ არ მყვარებია?!
ჯავრისგან ძარღვებს ვიღრღნი მტევნებზე.
სად შევცდი, რა ვერ გავთვალე...
ყვეგან ცეცხლოვანი მაყვლებია,
ჩემთვის მხოლოდ ერთი იწვის.
წვიმს.
გვერდით ჩეშირული კატა მიწევს.
იწოვს ნეგატიურ ემოციებს
ქარი ფანჯრებისკენ იწევს
იწვევს მიწისძვრებს მკერდში..
თოვლს.
არ ველოდები თოვლს რომ მოვა
შემოაღებს კარს,
სველ კვალს
დატოვებს იატაკზე
და გვერდით მომიწვება.
არა, არ ველოდები თოვლს.
შენ გელოდები მხოლოდ.
და მაინც,
სად შევცდი,
რა გამომრჩა,
რა ვერ გავთვალე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები