მეც მაშინღა დავხედე ჩემს ხელებს და მკლავებს, რომლებიც ავადობის მაუწყებელი ლაქებით მოფენილი მეგულებოდა, ახლა კი რძესავით თეთრნი გამხდარიყვნენ, წინანდელზე უფრო სალუქნი და სუფთა. კვალიც არ ჩანდა იმ ძველი ავადმყოფობისა. მაშინვე შიმშილი ვიგრძენი. მე ხომ სამი დღე-ღამის განმავლობაში წყლის მეტი არაფერი მიგემია. უკანასკნელი ლოცვის დროს მარხულობაა საჭირო. შიკრიკს ვკითხე, საჭმელი ხომ გაქვს-მეთქი. მანაც გამომიწოდა თავისი საგზალი. შევჭამე ცოტა რამ და მერე ერთად დავეშვით თეთრი კლდეებიდან დაბლა, ასტარტეს ჭალებისკენ. მთვარის თეთრმა ღვთაებამ არ მიმიხმო თავის წიაღში, კვლავ ჩემი სამსახური ინება, ჩემი სხეულიდან სენის გადაწმენდა ამის აშკარა ნიშანი იყო. დიდი სიხარულით მიმიღეს მხევლებმა, საზეიმო ღამისთევაც მომიწყვეს. ასტარტემ მოწყალე თვალით შემხედა, თავისი ნათელი მომფინა და ეს მოწყალება მარტო მე არ მეკუთვნოდა. იგი მათთვისაც იყო, დანარჩენი მხევლებისთვის მათაც მოეფინათ ღვთაების ძალა და ნათელი. ყველამ ირწმუნა, რომ ასტარტე თავის ძალას და ნუგეშს არ იშურებდა ერთგულ მხევალთათვის. ზეაღმტაცი გრძნობისაგან სახეები განათებოდათ მხევლებს, მადლიერ მზერას ვერ მაშორებდნენ, მე ხომ ღვთაების ნათელი მივიტანე მათთან. მერე როგორ მღეროდნენ... ჯერ არასოდეს მომესმინა ასეთი ხმატკბილი საგალობლები... მათ ქალღმერთის სიყვარულით სახელგანთქმული მხევლები ამბობდნენ, რაღა თქმა უნდა, მეც შევუწყე ხმა. ჩემმა ცხოვრებამაც იცვალა იერი, ერთბაშად თვალში მოსახვედრი შევიქენი, წინანდელთან შედარებით უფრო დაფასებული და პატივსაცემი. ახლა უკვე ნება მქონდა, მხევალთა ჯგუფში ყველაზე წინ ვმდგარიყავი საზეიმო წესის აღსრულების დროს, შემეძლო ხელით შევხებოდი ნისლივით გამჭვირვალე რიდეს, რომელიც ასტარტეს ვერცხლის ქანდაკებას ბურავდა, ამის ნება კი ძალზე იშვიათად ჰქონია ვინმე მხევალთაგანს, ეს მხოლოდ ქურუმთა უფლება იყო. მეც შევიფერე, ჩემო დაო, ეს ღირსპატივსაცემი მდგომარეობა, რაც ასტარტემ მარგუნა. განა მისი ნებით არ მოხდა ყველაფერი . . . სენისგან ჩემი განწმენდა და ირგვლივ მყოფთა კრძალული მოპყრობაც . . . მსიამოვნებდა, როცა ვგრძნობდი და მხევალთა მადლიერ მზერას. დიდ სიხარულს მგვრიდა იმის შეგრძნება, რომ ქალღმერთის რჩეული ვიყავი. ეს ყველაფერი კი, სიხარულთან ერთად, სიამაყითაც მავსებდა. ქალღმერთმა მიწილადა თავისი ნათელი და იმის ნებაც მომცა, ჩემს დებთან მომეტანა იგი, რათა ყველას ეხილა. ეს კი მართლაც გამორჩეული წყალობაა, რასაც ძალზე იშვიათად იმეტებენ ღმერთები. ერთი ისღა იყო დარჩენილი, ჩემი გულმხურვალე გალობით ნაამები ქალღმერთის ღიმილიც დამენახა ვერცხლის ბაგეებზე აღბეჭდილი. ეს უკვე ურყვედა მწამდა, დაო, ჩემო. ადრე თუ გვიან, ღიმილითაც დამაჯილდოვებდა, უთუოდ დადგებოდა ამისი ჟამიც. მაგრამ ერთხელ ისეთი რამ ვიხილე, რამაც ცივი წყალი გადაასხა ჩემს გულზვაობას და სიამაყეს.
ტაძრად ვიყავით შეკრებილნი მხევლები, საზეიმო ღამისთევას ვუწყობდით ასტარტეს. თეთრი კელაპტრები შემოვუმწკრივეთ ირგვლივ ღვთაების ვერცხლის ქანდაკებას, თეთრი ყვავილები დავუფინეთ ფერხთით. მე წინ ვიდექი მხევალთა ჯგუფში. მხურვალე ლოცვის წარმოთქმის დროს ხელს აღვმართავდი ჟამიდანჟამს, რათა შევხებოდი ვერცხლის სხეულზე ჩამობურულ ნისლოვან რიდეს. და ამ დროს ღვთაების სახეს ავხედავდი ხოლმე, ნისლოვანი რიდის მიღმა მიმკრთალებულ, ვერცხლისგან ნაქანდაკარ სახეს. მინდოდა გამეგო, ხარობდა თუ არა ჩემი მხურვალე ლოცვით და მოკრძალებული ხელის შეხებით. ძალიან მინდოდა რაიმე ნიშანი დამენახა ამის დასტურად. და ამ დროს, საზეიმო გალობისას, როცა თეთრ ქალღმერთს ცოცხალივით უთრთოდა ვერცხლისგან ნაქანდაკარი მკერდი, ტაძრის შემოსასვლელში ბალღი გამოჩნდა. ხელებში თეთრი ყვავილები ეჭირა, თავით ფეხამდე თეთრებში ჩასმულს, ასტრატეს ვერცხლის ქანდაკებისკენ მიემართებოდა. ნელა, აუჩქარებლად მოაბიჯებდა, ფართოდ თვალებგახელილი, მშვიდი, ბავშვური გულუბრყვილობით მომღიმარი სახით. ეტყობოდა, რომ კარგად ართობდა ის ყოველივე, რასაც ირგვლივ ხედავდა. შევხედე თუ არა, მაშინვე ვიცანი, მხევალ ანეზიას შვილი იყო. ერთი ფეთხუმი იყო ანეზია, გონებადაფანტული და შეუხედავი, ბავშვი კი ანგელოზივით ლამაზი გააჩინა, ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე. ეტყობა, დღეები აერია ტუტუც ანეზიას, ვერაფერი გაიგო და დროზე არ დალია ჯადოქარ აზას მიერ მოხარშული სასმელი, რაც შვილოსნობის არიდების უებარი საშუალებაა. მხევლებს არ აქვთ ბავშვის გაჩენის ნება. საჭიროების დროს სვამენ აზას სასმელს და მერე გოგირდოვან ცხელ წყაროში ბანაობენ. ცხელი წყლის ნაკადი გადარეცხავს და თან წაიღებს შვილოსნობის ყოველგვარ კვალს და ნიშანს. თუკი ვინმე ამ წესს არ აღასრულებს და ნებით თუ უნებლიეთ დედა გახდება, მხევლები არ სჯიან ამისთვის, არ უთვლიან მომაკვდინებელ ცოდვად, ოღონდ ესაა, შვილის პატრონს უკვე აღარ აქვს უფლება ასტარტეს ემსახუროს. იგი ვერ იტყვის მის სადიდებელ ლოცვას და საგალობლებს. ერთადერთი რისი უფლებაც მას ეძლევა, ეს თვითონ მხევლების სამსახურია. ანეზიასაც სწორედ ასეთი ბედი ერგო, დაფართხუნობდა წმინდა ჭალებში, ისევ მხევლებს ემსახურებოდა. ჭინჭებს ურეცხავდა, საჭმელსაც უმზადებდა. რაც შეეხება ასტარტეს ტაძარს, იქ ფეხის შედგმის ნება აღკვეთილი ჰქონდა ანეზიას, ლოცვის თქმაზე ხომ ფიქრიც ზედმეტი იყო. და ახლა, თავისი შვილი გამოაწყო თეთრებში ანეზიამ, ხელში ასტარტეს საყვარელი თეთრი ყვავილები მისცა და საზეიმო წესთაღსრულების დროს ტაძარში შემოუშვა, რათა ყვავილები მიერთმია ღვთაებისთვის. ანეზიას ჭკუით, ეს იქნებოდა სანაცვლო იმ ლოცვისა, რომლის თქმის ნებაც მას აღარ ჰქონდა. ბალღი მიუახლოვდა ვერცხლის ქანდაკებას, შედგა და მაღლა თავაწეულმა, ხელში თეთრი ყვავილებით, ღვთაების სახეს მიაპყრო მზერა. ცოცხალი ინტერესიც იკითხებოდა მის თვალებში და ის ნათელი, წმინდა გულუბრყვილობა, რომელსაც ბალღის თვალების გარდა სხვაგან ვერსად მოიძევს ადამიანი. ასე იდგა ორიოდე წამით... მერე, თითქოს უცბად გაახსენდაო, რაც დაავალეს, კვლავ წინ წადგა ორიოდე ნაბიჯი, ვერცხლის ქანდაკების ფერხთით დააწყო თეთრი ყვავილები და კვლავ ახედა ქალღმერთის ვერცხლის სახეს ცნობისმოყვარეობით სავსე, გულუბრყვილო თვალით. და ამ დროს მოხდა სასწაული, იქვე, ჩემს თვალწინ, მე ხომ ყველაზე ახლოს ვიდექი ღვთაების ვერცხლის ქანდაკებასთან... ის-ის იყო, ხელი აღვმართე, რათა ნისლოვან რიდეს შევხებოდი, სიცოცხლისმიერმა თრთოლვამ გადაურბინა ქალღმერთის ვერცხლის სახეს და მე შევამჩნიე, ღიმილმა როგორ შეუტოკა ვერცხლის ბაგეები. ქალღმერთმა გაუღიმა პაწია ბალღს, მასზე თვალმიპყრობილს და არა მე... მე ხომ ვერ მოვასწარი, ხელით შევხებოდი ნისლოვან რიდეს. ღიმილით თანმხლებმა ნათელმაც აშკარად იელვა ქალღმერთის თვალებში, ბალღსაც დაეფრქვა იგი, და ორივენი, ქალღმერთიც და ბალღიც, ერთიანად ნათელში გაეხვივნენ. ხელი მოჭრილივით ჩამომივარდა, გალობა შევწყვიტე. ერთი წამით თვალიც კი დავხუჭე იმ ნათელით დაბრმავებულმა, რამაც ჩემთან ასე ახლოს იელვა. როცა თვალი კვლავ გავახილე, დავინახე, რომ ბავშვს ზურგი შეექცია ვერცხლის ქანდაკებისთვის, გასასვლელისკენ მიემართებოდა. ერთი წამით ჩვენც გადმოგვხდა, ცნობისმოყვარეობით მოგვათვალიერა ყველანი. თეთრი კელაპტრების შუქზე გაიელვა მისმა ფართოდ გახელილმა, ნამიანმა თვალებმა. ამ თვალების წმინდა ბრწყინვამ უარესად გამაოგნა. ეს ხომ სწორედ ქალღმერთის თვალები იყო, რომელთაც მე თვალებდახუჭული და სახეზე ხელებაფარებული შევყურებდი, თეთრი მღვიმის წინ ლოცვად დამდგარი. ბალღი თვალს მიეფარა, მხევლები გალობდნენ, წესთაღსრულება ოდნავადაც არ შეფერხებულა, ფეთხუმ ანეზიას ბალღის გამოჩენა რაიმე ცოდვად და დარღვევად არავის მიუჩნევია. მე კი ენაც ვეღარ დავძარი, საგალობლის არცერთი სიტყვა აღარ მითქვამს. თუმცა კიდევ კარგა ხანს გრძელდებოდა წესთაღსრულება. აღარც ის მიცდია, კვლავ ხელით შევხებოდი ღვთაების რიდეს. ეს წუთია ნანახი სასწაულებრივი ნათელი რიალებდა ჩემს თვალწინ, გულისყურს მიბნევდა და თავისი ბრწყინვალებით მაბრმავებდა. შემდგომში მე საბოლოოდ აღვიკვეთე ღვთაების რიდეზე ხელის შეხება, აღარც სხვებზე წინ ვდგებოდი გალობის დროს. ბევრჯერ მკითხეს ამის მიზეზი, მე უცვლელად ერთი პასუხი მქონდა მზად: -არა ვარ ღირს, სხვებისგან გამორჩეული ვიყო. ყველას ერთნაირად გვეფინება მთვარის შუქი და მთვარის ღვთაების წინაშეც თანაბარნი ვართ ყველანი. - შენ გზის მაჩვენებელი ხარ ჩვენი, ღვთაებასთან ყველაზე ახლოს მდგომი, _ მეუბნებოდნენ ისინი. მე მაინც ჩემსაზე ვიდექი და ბოლოს თავი დამანებეს. თუ სიმაღლიდან დაბლა იწყებ დაშვებას, ადვილად დაგრთავენ ამის ნებას. თუ პირიქით იქცევი, დაბლიდან მაღლა მიიწევ, იმას კი აღარ გაპატიებენ, ასე ყოფილა მუდამ. ნამდვილ მიზეზს, ცხადია, არავის ვეუბნებოდი. იგი ჩემს გულში დუღდა, სანამ ბოლოს გარეთ არ გადმოსკდა. ვერა და ვერ დავივიწყე ის საოცარი ხილვა, ის უჩვეულო ნათელი, რაც ასტარტემ ასე გულუხვად დააფრქვია ჭკუანაკლულ ანეზიას ბალღს. ჩემს თვალში არა და არ მქრქალდებოდა ის ღიმილი, რაც პაწია ბალღის შემოხედვის საპასუხოდ აღიბეჭდა ასტარტეს ვერცხლისგან ნაკვეთ სახეზე, ჩემთვის კი არა და არ გამოიმეტა იგივე. არადა, როგორც ველოდი მისგან რაიმე ამდაგვარ ნიშანს, როგორ შევთხოვდი მხურვალე ლოცვებში... თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, თითქოს თავისი ნათელი სახე აერიდებინოს ჩემთვის ასტარტეს. იგი ახლაც ძველებურად მოწყალე იყო. აკი ასე გულთბილად მომეპყრა დიდი ღმერთქალი, როცა აგრერიგად მჭირდებოდა მისი ძლიერება; მთვარის თეთრი სხივებისთვის ნაძერწი ხელებით გადაწმინდა სენის კვალი ჩემი სხეულიდან, დაუნანებლად მიწყალობა თავისი ნათელი, რაც სხვებმაც შეამჩნიეს და დააფასეს, უმადურება იქნებოდა ჩემგან ამის დავიწყება. მაგრამ ის, რაც საზეიმო წესთაღსრულებისას ვიხილე, რაღაცით უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩემი ლოცვა ყოფილა ოდესმე. ბავშვის გულუბრყვილო, წმინდა გამოხედვამ ერთბაშად უსაშველოდ დიდი, ღრმა უფსკრული დამანახა, რაც ღმერთისგან მაშორებდა. ბავშვის თვალებში ცოცხლობდა ღმერთი, ცოცხლობდა ბევრად უფრო ძლევამოსილად, უბრალოდ და ბუნებრივად, ვიდრე მე შევძელი ამისთვის მიმეღწია თავგამოდებული, უმხურვალესი ლოცვებით. და ეს უფსკრული, რაც ასე მაშორებდა ღმერთისგან, ერთი ხელის მოსმით გადალახა ჭკუანაკლებმა ანეზიამ, როცა თავის ბალღს თეთრი ყვავილები მისცა ხელში და უბრძანა, ასტარტეს ფერხთით დაეწყო ისინი. მაჯობა ჭკუანაკლულმა ანეზიამ, დიდად მაჯობა. მას ბევრად მეტი აღმოაჩნდა ღმერთთან საერთო, რისი იმედიც კი მე, ღმერთის წყალობით განებივრებულს და ხელდასხმულს, შეიძლებოდა მქონოდა. გკითხავ, ქალღმერთო, უნათლესო ქალღმერთთა შორის, სად არის ნაპირი შენი უსაზღვრობისა? სად არის ბილიკი, შენს ნაკვალევს რომ ინახავს და ამჟღავნებს... ჩვენ, ცოდვილნი, შენი არსების უმცირეს ნათელს ვეზიარებით მხოლოდ, თავი კი მაშინვე შენგან რჩეული და ხელდასხმული გვგონია. ამაო იმედებით ვატყუებთ საკუთარ სულსა და გულს, თითქოს და სხვა არავინ იყო ჩვენნაირი, თუნდაც ჩვენი მსგავსი... მხოლოდ მაშინ თუ გამოვფხიზლდებით, როცა ამ მცირე ნათელზე შეუდარებლად აღმატებულ ნათელს ვიხილავთ შენსას. ნათელს, რომელიც თავისი ბრწყინვალებით გვაბრმავებს და გვეუბნება, რაოდენ უსაგნოა და არაფრის მაქნისი ჩვენი სიამაყე და თავდაჯერება. ხოლო არსება შენი იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, ვერასდროს გასწვდება ჩემისთანა მწირი სული.
* * *
ასე ერთბაშად განვიკურნე სიამაყის და ამპარტავნობის სენისგან, დაო ჩემო. აღარასოდეს მიფიქრია, რომ ღმერთის რჩეული და მისგან ხელდასხმული ვიყავი. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი, ყველაზე წინ ვმდგარიყავი საზეიმო ლოცვის დროს. ნისლოვანი რიდის შეხება ამის გამო აღვიკვეთე. და მით უფრო მადლიერი ვიყავი ჩემი თეთრი ღვთაებისა, რომელიც მე ჯერ კიდევ ბალღმა ამოვირჩიე მბრძანებლად და მეუფედ. სიამაყე არანაკლებ საზიზღარი სენია, ვიდრე ის წყლულოვანი დაავადება, რაც ასტარტემ თავისი სხივმოსილი ხელებით გადაწმინდა ჩემი სხეულისგან. ახლაც მადლობის მეტი არც-რა მეთქმოდა ჩემი მოწყალი მეუფისთვის, როცა ამ სენისგანაც, სიამაყის წყლულისგანაც გამწმინდა. ამიტომ, არც ამის შემდგომად დაჰკლებია ჩემს ლოცვას მხურვალება, როცა გამორჩეული ადგილი აღარ მეჭირა მხევალთა გუნდში. მე ისევ ძველებურად შევიგრძნობდი მთვარის თეთრი ქალღმერთის ნათელს ჩემს სულსა და გულში. ლოცვის დროს იგი ძველებურად დაივანებდა ჩემს გვერდით, თავის უხვ წყალობას და მოზეიმე სიხარულს არ მაკლებდა. მაგრამ ძველებური სიმშვიდე აღარ იყო ჩემში. აკი ჩემს ლოცვას აკლდა ის ნათელი, რასაც ასე თავისუფლად მისწვდა ჭკუანაკლები ანეზია. ამას ვერაფრით ვერ ვივიწყებდი. მეც უნდა მივწვდენოდი იმ ნათელს. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს მანიშნა დიდმა ღმერთქალმა, როცა ასეთი ბრწყინვალებით დამიბრმავა თვალი. ასტარტეს მხევლებს გვქონდა უფლება, საგანგებო წესების აღსრულების შემდეგ თვითონვე ამოგვერჩია ტოლ-სწორი. ეს სიყვარულის გამოწვევა იყო, ჯილდოს არმომლოდინე. მე ჯერ არასდროს არ მესარგებლა ამ უფლებით, ჩემი სიყვარული ასტარტეს სამსახური იყო მხოლოდ, სხვა რამ მიზანი არც არასდროს მქონია. ახლა კი დადგა ჟამი, რათა ეს უფლება გამომეყენებინა. ვერცხლის თასი პირთამდე ავავსე ტკბილი, მათრობელა სასმელით და ერთ სახიერ მეომარს მივუტანე, რომლის ლაშქარიც მწვანე ჭალებში ატარებდა დროს ამჟამად. უარი არ უთქვამს მეომარს, დაჰყვა ჩემს გამოწვევას. იმას ვერ ვიტყვი, თავი დიდად გამოიდო-მეთქი, მაგრამ არც თავისი სიყვარული დაუმადლებია ჩემთვის. ლამაზი იყო, თვალები კი ცივი ჰქონდა, ულმობელი, როგორც ომგადახდილს ჩვევია. თუმცა, მერე ჩქარა შეიცვალა რაღაც ჩვენს ურთიერთობაში, მეომრის თვალებში თბილი ნაპერწკლები აკიაფდნენ. ღიმილით დამაცქერდებოდა ხოლმე. ჩემმა გულმა მიიხმო იგი, გულმა, რომელიც ასტარტეს სიყვარულით იწვოდა და ახალ საშუალებებს ეძებდა მასთან სიახლოვისთვის. მას არ შეეძლო ამის გაგება, მაგრამ მხურვალება ჩემი გულისა კარგად გაიგო და დააფასა. თვითონვე მომძებნიდა ხოლმე, ჩემს მოხმობას აღარ ელოდა. შეუყვარდა ჩემთან მუსაიფიც, მთისა და ბარის ამბებს მიყვებოდა. მეც ფრიად მოხარული ვიყავი ამისა. ჩემი ხელით ნაქსოვ რბილ ფარდაგს გავუფენდი ძეწნის ხშირი ტოტების მიღმა, ნებივრად წამოწვებოდა და თვალს არ მაცილებდა, როცა მე ვლაპარაკობდი. თავდაპირველად სიყვარულის სალაღობო სიტყვებს თუ ვეტყოდი, რასაც მხოლოდ შეყვარებულთათვის აქვს ფასი. მაგრამ მერე გულმა არ მომითმინა და ლამაზ მეომარს გავუმჟღავნე ჩემი იდუმალი მიზანი; ვუთხარი, მინდა ბალღი მყავდეს-მეთქი. არ ვიცი რამ წამაქეზა. იქნებ იმან, რომ ფრიად ალერსიანი, კეთილი თვალით მიყურებდა მეომარი და სულ იმას მიმეორებდა, ბევრს ვიცნობ ასტარტეს მხევლებს, მაგრამ შენისთანას ჯერ არ შევხვედრივარო. შენი სათაყვანებელი ღვთაების მადლი აშკარად გახლავსო... ანდა, იქნებ შეიძლება იმიტომაც ვერ დავმალე საიდუმლო, რომ ძალიან მინდოდა, გულწრფელი ვყოფილიყავი ბოლომდე, როგორც ჩემი ქალღმერთის წინაშე ვიყავი ყოველთვის გულწრფელი. ამ სიყვარულს სათაყვანებელი, წმინდა არსება უნდა ეშვა და მინდოდა ჩვენი კავშირიც წმინდა და წრფელი ყოფილიყო. ასეა თუ ისე, აღარ დავუმალე ლამაზ მეომარს ჩემი იდუმალი მიზნები და სურვილი. დაწვრილებით ვუამბე, თუ როგორ განმაცვიფრა დიდმა ასტარტემ, როცა პაწია ბალღს დააფრქვია თავისი ნათელი. - მანამდე თითქოს ვერც კი ვამჩნევდი პატარა ბალღებს, _ ვეუბნებოდი ლამაზ მეომარს - ისინი თითქოს არც კი არსებობდნენ. მხოლოდ მას შემდეგ დავინახე პაწიები, რაც ასტარტეს უხვი ნათელი ვიხილე, ჭკუანაკლებ ანეზიას ბალღზე გადმოსული. მაშინ მივხვდი, თუ როგორ უყვარს ღმერთქალს პატარები, გამორჩეულ ნათელს იმეტებს მათთვის. მეც მინდა მყავდეს ბალღი, ლამაზი, საყვარელი, პაწაწინა... მინდა იმანაც მიიტანოს თეთრი ყვავილები ასტარტეს ვერცხლის ქანდაკებასთან. ვიცი, ძალიან ეამება თეთრ ღმერთქალს, თავის გამორჩეულ ნათელს ჩემი ბალღისთვისაც გამოიმეტებს, ვერცხლის ბაგეებით გაუღიმებს. და ეს იქნება ჩემი ყველაზე მხურვალე ლოცვა, რაც კი ოდესმე მითქვამს ჩემი სათაყვანებელი ღმერთქალისთვის.; გაოცებით მომისმინა მეომარმა, რაც ვუთხარი და ასტარტეს ტაძრიდან გაგაძევებენო მითხრა. ვიცი, მაგრამ ეს ვერ შემაჩერებს-მეთქი, ვუთხარი. იმდენად დიდია ჩემი სურვილი ყველაზე ნათელი ლოცვის თქმისა მთვარის თეთრი ღვთაებისთვის. წმინდაა ჩემი სიყვარული შენდამი, ლოცვად გარდასახვის მოსურნე, ასე ვითხარი ლამაზ მეომარს, წმინდაა ჩემი სული და სხეული, მიწის ზეცის ჯადოთი განბანილი. იგი ელოდება შენს პასუხს ჩემს სიყვარულზე, წმინდა და ჯანსაღი იქნება ის პაწია სხეულიც, რომელიც ცხრა მთვარის შემდეგ მოევლინება ქვეყანას. შენ ლამაზი ხარ, მეომარო. პაწიაც ლამაზი იქნება. ამ სიტყვების პასუხად მეომარმა გაიღიმა იმ ალერსიანი, მეტყველი ღიმილით, რაც ასე ამშვენებდა მის ვაჟკაცურ სახეს და თქვა, მე კიდევ უკვდავება მინდაო. ო, როგორ მომხვდა მისი სიტყვები გულზე, ჩემო დაო. Mეომარი ხომ მუდამ სიკვდილს ეთამაშება, თვალებში შეჰყურებს სიკვდილის ულმობელ ღმერთს. ოღონდ გადარჩეს, ოღონდ როგორმე სიცოცხლე შეინარჩუნოს, მუდამ ამაზე უხდება ფიქრი და ზრუნვა. და, ცხადია, უკვდავბაზე იოცნებებს. ცრემლებიც კი მომაგა თვალზე, როცა ყოველივე ეს ცხადად წარმოვიდგინე, ცრემლგარეული ხმით შევფიცე მეომარს, რომ აღარასოდეს დავივიწყებდი მის სურვილს და ჩემს ლოცვებში მოვიხსენიებდი. Aმდენად, იმ პაწია ბალღში, რომელიც ჩემი ლოცვის სხეულად იქცეოდა, მისი უკვდავებაც შეისხამდა ხორცს. შემდეგ ისიც გავუმხილე, რომ ბალღის გასაზრდელად მქონდა სახსარი, როდესაც ტაძრიდან გამაძევებდნენ და ასტარტეს მსახურების ნებას აღარ მომცემდნენ. იშვიათი ყელსაბამი მაჩუქა ერთხელ სახედაჩეხილმა, ძველმა მეომარმა; ოქროს ძეკვზე აკინძული თორმეტი ოქროს კუ, ყველა მათგანს ალმასები ასხდა თვალების ადგილას. ვკითხე კიდეც გაკვირვებულმა, ასეთი ძვირფასი საჩუქარი ჩემთვის როგორ გამოიმეტე – მეთქი. ამას იმათ მაგივრადაც გაძლევ, რომლებიც სულ არაფერს გაჩუქებენო, - კეთილი ღიმილით მითხრა სახედაჩეხილმა მეომარმა. და, ახლა წინ გადავუშალე ლამაზ მეომარს ჩემი განძი, დარდი ნურაფრისა გექნება – მეთქი, ვუთხარი. თორმეტი ოქროს კუ დამეხმარება, არაფერი მოაკლდეს ჩვენს პაწიას, არც ბავშვობაში გამოცდის სიდუხჭირეს, მოწიფულობაში გზის გამკვლევად გამოადგება. ასე, რომ, მუდამ იცოცხლებს და გაიფურჩქნება ჩემი ლოცვა და შენი უკვდავება, ამ ბალღში შენივთებული – ვეუბნებოდი მეომარს. ღოგორც ხედავ, აღარფერი დავტოვე გაუმხელელი და დაფარული, ჩემო დაო. Mინდოდა წმინდა და ბოლომდე წრფელი ყოფილიყო ჩვენი სიხარული, რომელსაც პაწია, ლამაზი სხეული უნდა ეშვა. თუმცა, შეიძლება, ლამაზი მეომრის სიყვარულმაც მომნუსხა, ვინ იცის . . . H ჰოდა, სანანებლად გამიხდა მერე ეს ზედმეტი გულახდილობა; დიდი დრო არ გასულა ამ საუბრის მერე, უკვალოდ გაჰქრა ჩემი ლამაზი მეომარი, მას მიჰყვა ოქროს ყვავილებიც, თეთრი მარგალიტების თვალებით დამშვენებული. ლამაზი მეომრის გულქვაობაზე როდი გავბრაზდი მაშინ, ჩემო დაო. არა. მისი სახე როგორღაც მაშინვე გაჰქრა ჩემი მეხსიერებიდან, როგორც კი თვალს მოეფარა თვითონ. მე ჩემი თეთრი ღვთაების, ასტრატეს თვალები დავინახე და მივხვდი, აღარ მწყალობდა ჩემი ქალღმერთი, არ ნებავდა ჩემს პატარას მიერთმია მისთვის ყვავილები საზეიმო წესთაღსრულების დროს, ცივად მიიქცია პირი ჩემგან. იმავე დღეს ბოლომდე დავცალე მწარე სასმელით სავსე თასი, ჯადოქარ აზას მიერ მოდუღებული. არ მინდოდა, სიდუხჭირეში მენახა ჩემი პაწია, მათხოვრობით მერჩინა თავი, როცა ტაძრიდან გამაძევებდნენ. როცა გოგირდოვანმა ცხელმა წყალმა გადარეცხა ჩემი სხეულიდან მომავალი შვილოსნობის ყოველი ნიშანი, მხოლოდ მაშინ ამოვიღე ხმა, უკვალოდ გამქრალ მეომარს მივმართე: - შენ ოქრო იპოვე მეომარო, მაგრამ უკვდავება დაკარგე! მართლაც ასე მოხდა, ჩემო დაო, თითქოს ენამ მიყივლაო; სამი დღეც არ გასულიყო, რომ საკუთარი თვალით ვიხილე ლამაზი მეომარი მკვდარი, თანაც სამარცხვინო სიკვდილით მკვდარი, ანწუხზე აეგოთ ღალატისთვის. ყოველივე ამის შემდგომ ხშირად ვამჩნევდი ჩემს თავს, თუ როგორ მიჭირდა ლოცვა. ძალიან მეშინოდა ამისი, დაო ჩემო. ვინღა დაეძებდა იმ გამორჩეულ ნათელს, რაც პაწია ბალღისთვის გამოიმეტა დიდმა ღმერთქალმა... ჩემთვის აგრერიგად ნაცნობ, ჩვეულ სიხარულს და სინათლესაც აღარ იმეტებდა ჩემთვის. ყველაფერს საკუთარ უმადურობას ვაბრალებდი. რამდენჯერ დამიმუნათებია და შემირცხვენია საკუთარი თავი; მე მიყვარდა ქალღმერთი, შემეძლო ლოცვა, როცა იგი მოწყალე იყო ჩემს მიმართ, როცა თეთრო სხვებისგან ნაქსოვი უნაზესი ხელებით გადაწმინდა ჩემი სხეულიდან მომაკვდინებელი სენის ნიშნები. ახლა, როცა იგივე ღვთაება მოწყალე აღარაა ჩემს მიმართ რა ნება მაქვს შევიძულო და უარვყო იგი. მე მაინც უნდა მიყვარდეს ჩემი თეთრი ქალღმერთი, უნდა ვილოცო მასზე. ასე შევაგონებდი საკუთარ თავს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს მშველოდა. გამუდმებით ვფიქრობდი, ვაითუ ასტარტემ საბოლოოდ მიიქცია ჩემგან პირი, ვაითუ აღარასოდეს ამავსოს წმინდა, მოზეიმე სიხარულით და ნათელით, ვეღარ ვთქვა ჩემი მხურვალე ლოცვა. გარეგნულად არაფერი მემჩნეოდა, მხევლებისთვის მე ისევ ვიყავი ასტარტეს მიერ ხელდასმული მხევალი, რომელმაც თავისი ნებით უარყო გამორჩეული ადგილი საზეიმო წესთაღსრულების დროს, ჩემი ლოცვაც მხურვალე ლოცვას ჰგავდა. თუმცა ეჭვები ერთი წამითაც არ მტოვებდნენ. და აი რა მოხდა ერთ მშვენიერ დღეს, დაო ჩემო. ერთმა ცალთვალა მეომარმა თორმეტი ოქროს კუ მაჩუქა, სწორედ ის ყელსაბამი, რომლებიც იმ ლამაზმა მეომარმა წამართვა... მართლაც საოცარია, თუ როგორ მეორდება ყოველივე ამქვეყნად, გაცვეთილი სიმღერის მსგავსად. ჩემს შეკითხვაზე, ასეთი ძვირფასი საჩუქარი როგორ გამოიმეტე-მეთქი, მანაც ასე მიპასუხა: ეს იმათი სამაგიეროც არის, რომლებიც არაფერს გაჩუქებენო. ასე რომ, დაბრუნდა ჩემთან თორმეტი ოქროს კუ, თვალების ადგილას ალმასები რომ ასხდნენ. არ მიკითხავს მეომრისთვის, თუ როგორ აღმოჩნდა მასთან იგი. ასეთი რამ წესად არ გვაქვს ასტარტეს მხევლებს. და საერთოდ, ვინ რა იცის, რა გზებით დადის ოქრო ამ ცოდვილ მიწაზე... იმ ღამით სწორედ სავსემთვარეობა იყო, ესეც კეთილ ნიშნად ვინიშნე. მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად ვიგრძენი, რომ ისევ ჩემთან იყო ჩემი სათაყვანებელი თეთრი ღვთაება. მან ძველებურად ახლოს მომიტანა თავისი სხივმოსილი სახე ლოცვად დამდგარს. ჩემთან სულ ახლოს დაივანა, თავისი სინათლით ამავსო. ისევ გაცოცხლდა ჩემი ძველი, სანუკვარი ოცნება, პაწია ბალღში განსხეულებულიყო ჩემი ლოცვა. ჩემი გული და სხეული მზად იყო ამისთვის, თორმეტმა ოქროს კუმ დიდი ძალა შემმატა, როგორც ასტარტეს წყალობის ახალმა ნიშანმა. კვლავ ავავსე თასი მათრობელა ნექტრით, რათა წინასწარ შეთვალიერებული მეომრისთვის მიმერთმია. რაც შეეხება ოქროს ყელსაბამს, ამაზე ცხადია, აღარაფერს ვიტყოდი, რაც არ უნდა სასიყვარულო ცეცხლი დაგზნებულიყო ჩვენს შორის. მაგრამ ახლა სულ სხვა მხრიდან მელოდა იმედის გაცრუება, დაო ჩემო. ეს სხვა მხარე საკუთარი სხეული იყო, შობის უნარდაკარგული. დიდხანს არ მინდოდა ამის დაჯერება, მაგრამ ვერსად წაუხვალ ჭეშმარიტებას. ასე ჩამოთავდნენ წლები. ჩემმა სხეულმა ვერ შვა პაწია, რომელშიც ჩემი ლოცვა შეისხამდა ხორცს და რომელსაც თავის გამორჩეულ ნათელს დააფრქვევდა ჩემი სათაყვანებელი ქალღმერთი. არ ვიცი, რას მივაწერო ეს ყველაფერი, ბედის უკუღმართობას, თუ ასტარტეს რისხვას, რომელიც მან არა და არ შეცვალა წყალობით. ერთი ისღა ვიცი, რაც უკვე გითხარი. დაბოლოს, იმასაც გეტყვი, ჩემო დაო, რის სათქმელადაც მოგიხმე და ჩემი ამბავიც წინ წავუმძღვარე; ისევ ჩემთანაა თორმეტი ოქროს კუ, ალმასისთვალებიანი, ასე უცნაურად ჩემთან დაბრუნებული. ჩემთანაა და მინდა, შენ გადმოგცე. მის საზიანოდ ნურაფერს იღონებ, თუკი შენს წიაღში ოდესმე ნაყოფი აღმოცენდება, ნურც ის შეგაშინებს, თუკი შენი მეომარი არად ჩააგდებს საკუთარ უკვდავებას, პაწია ბალღში განსხეულებულს . . . ეს შეიძლება, ცოტათი განსხვავებულად ითქვას თქვენს შორის, მაგრამ, მერწმუნე, აზრი ყოველთვის ერთია. ნურაფრის ნუ შეგეშინდება, დაიბადოს პაწია, იხილოს დღის ნათელი. ეს თორმეტი ოქროს კუ მოგცემს სახსარს მის აღსაზრდელად, როდესაც ასტარტეს ტაძრიდან გაგაძევებენ. მე ბევრი აღარ დამრჩენია სიცოცხლის დღეები. როგორც მხევლები ამბობენ, (მეც მაქვს იმედი) ქალღმერთის სხეულად ვიქცევი გარდაცვალების შემდეგ. ეს დიდი სიხარული და ნუგეშია ჩემთვის, მაგრამ დარდად მიმყვება ჩემი უთქმელი ლოცვა; ბალღი, რომელიც ჩემს სხეულს უნდა ეშვა და რომლისთვისაც გამორჩეულ ნათელს იმეტებს ასტარტე. შენ კი შეგიძლია თქვა ეს ლოცვა, ყველაზე მხურვალე და აღმატებული ლოცვათა შორის. ერთსა გთხოვ მხოლოდ; ჩემი სახელიც ახსენე, როდესაც ბალღს თეთრი ყვავილებით აუვსებ ხელებს და სტარტეს ვერცხლის ქანდაკებისკენ უჩვენებ გზას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. თქვენი ყურადღება არასოდეს მაკლდა, ისიც ვიცი, რამდენად ახლობელი და საინტერესოა თქვენთვის ასეთი თემები. სიტყვამ მოიტანა, და თქვენს "ხელოსანს" ველოდებით.
თქვენი ყურადღება არასოდეს მაკლდა, ისიც ვიცი, რამდენად ახლობელი და საინტერესოა თქვენთვის ასეთი თემები. სიტყვამ მოიტანა, და თქვენს "ხელოსანს" ველოდებით.
1. თუ ვინმეს პროზა უნდა მოხვდეს თავფურცელზე, მათ შორის ეს ავტორი უნდა იყოს პირველი.
ვიცი თავად არ აქვს ამისი პრეტენზია, მაგრამ სადაა აქაურების სამართლიანობა?
5.
თუ ვინმეს პროზა უნდა მოხვდეს თავფურცელზე, მათ შორის ეს ავტორი უნდა იყოს პირველი.
ვიცი თავად არ აქვს ამისი პრეტენზია, მაგრამ სადაა აქაურების სამართლიანობა?
5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|