ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2017


* * *

ჩემი სიტყვა ვერ იქნება აუცილებლად მოთხოვნადი.
ის ბევრად უვარგისია, ვიდრე სოციალური შემწეობა
და მეტად სასარგებლო, ვიდრე ასოციალური პეოზია;
ან სულაც პირიქით...
თუნდაც განსხვავებულმა მნიშვნელობამ გამორიცხოს
სიმშვიდე, შიმშილი, პროტესტი.
გამოთავისუფლებული სიცარიელე ვერ შეიკავებს დეტონაციას
არაფასადური მოვლენებიდან.
მათგან შორს გასვლა აპრიორი ნიშნავს - ვიცრუე.
როგორ ხმაურობს შთამბეჭდავად ადამიანი...
ჩემი ლექსები როგორც შიშის პარაზიტები
ადრე თუ გვიან მომინელებენ.
შეზღუდული დრო არ არსებობს.
თავადვე ვხდებით თავსებადი ყველა პირობის.
ნეტავ რა უნდა მიკარნახოს ამ გათენებამ,
როცა თვეებსაც სახელებით აღარ მივმართავ.
ახალ გარემოს აგიმხედრებს როცა სამყარო
და მზად არა ხარ კიდევ ერთხელ გადარჩენისთვის.
ჩაიძირება საზოგადოება რენტაბელური პოეზიის მოლოდინში
და ეს იქნება ილუზია.
გადანაწილდება პრობლემები ხმაურიან სატელევიზიო გადაცემებში
და ეს იქნება შანსი ახალი მოძღვრების დასაბამის.
გავმარტივდებით. როგორც იქნა გავმარტივდებით.
ვეღარ მივხვდებით ნათქვამიდან - მზე გველზე გორავს,
რა შინაარსი შეიძლება ამოვიკითხოთ.
ან სისულელედ მერამდენედ მოგვეჩვენება,
რას აკვირდება დღით და ღამით - ციკლოპი ზეცა.
თავს ვერ დავაღწევთ ფსევდო რევოლუციურ მესიანიზმს;
ჩავიძირებით არსად...
ვერ გადავხტებით ვერც ერთი სიმაღლიდან...
ვერ გავიქცევით ვერსად.
არასოდეს მივყვებით ბოლომდე დეპრესიულ თერაპიას.
სამაგიეროდ სტრიქონებს, ამ ელასტიურ საფეხურებს
ვაბიჯებთ გაუთვითცნობიერებლობას.
მაგრად გვკიდია მიმართულებას ზევით თუ ქვევით შეგვიზღუდავენ.
დააღეთ პირი ეს ხარბი უჯრა;
გადმოალაგეთ შიგნიდან გარეთ
გარედან შიგნით გაუმაძღრობა.
იმხიარულეთ...
ბოლო სართულზე ტვინი, როგორც აუტანელი მეზობელი
დიდი ხანია გარდაიცვალა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები