ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2017


გაზაფხულის ბუნიაობა

გაზაფხულდაო - და თეთრი თოვლის,
მზემ, გადახადა იას საბანი,
მერე მსუბუქი ალერსით მშობლის
გამოაღვიძა იასამანი.

ეფარცქვალება მიწას მნათობი,
ეჭვიან ღრუბელს ვერ უძლებს გული,
აეფარება, და საათობით
ტირის, ყველაზე გაბრაზებული.

მთვარე, ახალ ცვლას შეუჩვეველი,
ცის სადარაჯოდ ადრე გამოდის
და დღის ნათელში შეუმჩნეველი,
ვით მოჩვენება, დგას საღამომდე.

ამასობაში უკვე ეკვატორს
გადამფრენ ჩიტთა გადმოსცდა გუნდი,
არ იქნებიან სულ მალე მარტო
ბეღურის ბარტყი და მტრედის ხუნდი

ბაყაყებისგან მიტოვებულმა,
ხმა ამოიდგა - ძველმა ჭაობმაც,
მკერდში კი, ცემას უმატა გულმა -
დგას გაზაფხულის ბუნიაობა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები