ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2017


ბავშვობის სუფთა ზარები რეკენ!..

ჩუმად!..ბავშვობის ზარები რეკენ,
წლების ბილიკზე ბაფთა ფრიალებს,
არ ჩამოხიოთ კალენდარს "ფარდა",
მინდა დიდობა დამიგვიანდეს.
არ შემიწყვიტოთ გზამკვლევი ნანა,
არ დამიშალოთ ნაწნავი მხრებზე,
მინდა დედიკო ჯადოსნურ ხელით,
ახლაც მიკრავდეს კაბის ღილს წელზე.
მინდა ღიმილი იყოს დაცლილი
უშნო დარდისგან, "ბინძური მზისგან",
ჩემს  დამცხვარ ტორტებს ისევ მიეცეთ
ფორმა თითის და ქილის "კრიშისგან".
მინდა გაქცეულ ბურთს დავედევნო,
ეკლიან ბუჩქზე გავკაწრო ხელი,
წამწამზე ცრემლის მძივებით ვიგრძნო
მუხლის თავების ტკივილი მწველი.
ოღონდ მოვიდეს ის გაზაფხული
დღეებს დამცველად რომ ჰყავდა ბინდი,
ბავშვობის უკან დასაბრუნებლად
მე სამუდამო ხარკს გადავიხდი.
ოღონდაც ახლა ეს მონატრება
რეალურ ფარდად ჩამოაფარონ
და მერე თუნდაც დედამიწაზე
ყველა სიგიჟე მე დამაბრალონ...
მაგრამ შევფერხდი, დამაგვიანდა,
სინანულსაც კი  ძალა არ დარჩა,
დრომ მთლად გამძარცვა, მხოლოდ დატოვა
მოგონებებით სავსე ზარდახშა...
ჩუმად!..ბავშვობის ზარები რეკენ,
წლების ბილიკზე ფრიალებს ბაფთა,
ახლა ის დროა ვეფეროთ ჰანგებს,
"სინათლის" მხოლოდ ნოტები დაგვრჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები