ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2009


/აქლემი/

ჟურნალის''ჩვენი მწერლობა'' დეკემბრის ბოლო ნომერში გამოქვეყნდა დალილა ბედიანიძის ახალი ლექსები,რომელსაც რედაქციამ ამგვარი ანოტაცია დაურთო:

დალილა ბედიანიძე - თაობის გამოკვეთილი ლიდერი,უფრო სწორად,იმედი,რომელსაც მართლაც ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა.
ცოდვა გამხელილი სჯობს,მას შემდეგ ბევრს მოვითხოვთ მისგან,ალბათ შეუძლებელსაც კი,მაგრამ კარგი ის არის,რომ ''მომთხოვნელობის რეჟიმი'' მასზე ცუდად არ მოქმედებს,პირიქით,როგორც ჩანს,ეს ერთგვარი სტიმულიც არის,რომ მუდმივად იყოს თავის თავთან,თავისი ეპიცენტრის სიახლოვეს,ანუ იქ,სადაც ავალებს შემოქმედებითი პასუხისმგებლობა.
იგი ისევ ისეთი გულწრფელია,მართალი და ღრმად ლირიული და პოეტურად ჭკვიანი, თუ საერთოდ შესაძლებელია ამგვარი ოქსიუმორონის როგორმე წარმოდგენა .
ჩვენ წინაშეა განცდებისა და პოეტური ხატეების აკომპანიმენტით შექმნილი სამყარო,სადაც სიცოცხლის არსებობის უჩვეულო წესები მოქმედებს,სადაც ყველაფერი მარადიულია და,ამავე,დროს,წამიერი,სადაც ყველაფერი ცხადია და,ამავე დროს,ბუნდოვანი.სადაც ყველაფერი რეალურია და ამავე დროს,ირეალურია..
ერთი სიტყვით,ყველაფერი არის ნაცნობი და ამავე დროს,არის უცნობი,რადგან ვკითხულობთ დალილა ბედიანიძის ლექსებს,რომელტაც ყოველთვის გამოარჩევდა მაღალი გემოვნება,სიმწყობრე და მოულოდნელობის ეფექტი.



დალილა ბედიანიძე

/აქლემი/

უდაბნოში დაწოლილი აქლემია
გაყვითლებულფოთლებიანი მთა
და მზე კუზზე ჰკიდია.
ქვიშისფერია ზეცა - ქარი ქვიშას აყრის,
აქლემი კი დაღლილია და ისვენებს.
და მე ვუზივარ თავთან
და მის ნაღვლიან თვალებს ჩავჩერებივარ,
როგორც ორ პაწია ტბას
და მათში ვხედავ მზის ანარეკლს,
ლამაზს,
როგორც სიტყვებია:''საღამო მშვიდობისა!''
ბებერია აქლემი
და მის კუზში
დარჩენილი დღეები დაგროვილან,
დღეები,რომელიც უნდა გალიოს უდაბნოში ხეტიალით
და პატრონი სამშვიდობოს გაიყვანოს.
მან კარგად იცის უდაბნოს გზები,
გამოცდილია,
დაბრძენებული,
და გრძნობს,
ახალგაზრდა პატრონი როგორ ენდობა.

უდაბნოში დაწოლილი აქლემია მთა.
ველოდები,
როდის დაისვენებს
და გზას განვაგრძობთ
და აქლემის კუზზე მოკალათებული
საღამოს მზე
მოთმინებას გამოასხივებს.

ნეტავ იმდენ ხანს გამაძლებინა,
სანამ ეს მთა არ დაიძვრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები