ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2017


დღიურიდან

გახსოვს :
- 23 მაისს, ღამით, ფეხშიშველები რომ წვიმაში დავრბოდით, ხმამღლა ვყვიროდით რომ ჩვენ გავგიჟდით, მერე სულს ვუბერავდით სველ თვალებზე ერთმანეთს და ამინდების გარეშე ვუშრობდით წამწამბეს...
- 2 ივნისს, ღამით, ცას რომ ვუყურებდით შენ თქვი : ცა ყველაზე საინტერესო ფილმია, რომელიც არასდროს მთავრდება, სხვადასხვა მსახიობები ყავს და მისი რეჟისორი ღმერთია. ორივეს მოგვეწონა ეს აზრი და მერე რამდენი ღამე ერთად ვუყურეთ ამ საინტერესო ფილმს...
- 13 ივლისს კინოთეატრში მელოდრამის საყურებლად წავედით. კოკაკოლას ძალით ხმამაღლა ხმაურით ვსვამდით და ეთიკით შეპყრობილი ადამიანების სახეებზე გვეცინებოდა. ფილმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დავტოვეთ დარბაზი, სახლში მოსულებმა ფილმის ჩვენეული დასასრული დავწერეთ და ზუსტად ორი კვირა ველოდებით ფილმის სოციალურ ქსელებში გამოჩენას, რომ შეგვედარებინა ჩვენი და რეჟისორის მთავარი პერსონაჟი პატრიკი, რომელიც ალცაიმერით იყო დაავადებული, გაიხსენებდა თუ არა მის პირველ, ბავშვობის შეყვარებულს. რეჯისორს ბევრი ვაგინეთ, არ უნდა მოეკლა პატრიკი, მაგისი რა მიდიოდა გამოეგონებინა ფილმში რაიმე აბი. შენი პატრიკი შერონთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე მიდიოდა დასასვენებლად, ჩემი კი სხვა ქალთან აგრძელებდა ცხოვრებას. ვერცერთმა გამოვიცანით რეჯისორის ჩანაფიქრი და გაგვახსენდა, რომ ცა საინტერესო ფილმია, რომლის რეჟისორიც ღმერთია.
- 5 აგვისტოს, ღამის 2 საათზე ბარში მარტინი შევუკვეთეთ და მიმტანს ჩემზე უთხარი, რომ მე ღვიძლზე ხალი მაქვს, გული გამიდიდდა, ღამით არ მძინავს და შენ მიყვარხარ უზომოდ,ის კი რუტინულობისგან დაღლილი თავს ტაქსისთვის გაშვერილი ხელივით ინსტიქტურად გიქნევდა, ვერც ხვდებოდა რა შუაში იყო ღვიძლზე ხალი.
- 11 სექსტემბერს ახალი იდეა გაგვიჩნდა, ერთჯერადი პოლითილენის პარკებით დავიწყეთ ჩვენთვის საინტერესო ადგილებიდან ჰაერის წამოღება და შეგროვება, თან გარედან ეტიკეტს ვაკრობდით რომ ერთმანეთში არ აგვრეოდა. ღამღამობით წვიმიან ამინდში თვალებზე ხელებს ვაფარებდით ერთმანეთს და  ვსუნთქავდით ხოლმე ჰაეროვან მოგონებებს. შენ ყოველთვის უკეთ გამოგდიოდა Linville კაფიდან წამოღებული ჰაერის ამოცნობა
- 19 ოქტომბერს მე კიბიდან ჩამოვარდი და თავის დარტყმისას მიკრო ამნეზია დამემართა. თურმე დღეში დაახლოებით ათასჯერ გიმეორებდი რომ ძალიან მიყვარხარ.
- 24 ნოემბერს როცა შენ მივლინებით სომბორში მიემგზავრებოდი, აეროპორტში სანამ საბოლოო კონტროლს გაივლიდი ვიდექი შენს გვერდით და მივხვდი, რომ ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მსურდა სხვა კაცებისგან განსხვავებით მგლების, ლომების, ვეფხვების ნაცვლად უბრალოდ აქლემი ვყოფილიყავი, ფილტვები კუზების მექანიზმით ამემუშავებინა და შენს ჩამოსვლამდე შენი თმების სურნელი გამომეზოგა. ბოლოს ჯიბიდან ყვითელი ბუშტი ამოვიღე და გთხოვე რომ გაგებერა. შენ გაგეცინა და გაბერილი ბუშტი ხელში მომაწოდე. ალბათ დღემდე არ იცი, რომ შენს ჩამოსვლამდე ღამით აივანზე ბუშტიდან ვსუნთქავდი შენით.
- 18 დეკემბერს ეროვნული ნაკრების თამაშზე ჰიმნის გაჟღერებისას მხოლოდ შენ გელაგა მკერდზე ორი მარჯვენა ხელი. ძალიან გაგიხარდა როცა წითლებმა პირველი გოლი გაიტანეს. სამწუხაროდ იმ თამაშზე ნაკრები ტრადიციული წითელი მაისურის ნაცვლად  შავ-თეთრ ზოლებში გადაწყობილი მაისურით ასპარეზობდა. 
- 17 იანვარს ვიჩხუბეთ და შენ დამემუქრე, რომ თუ ეს კიდევ განმეორებდა ჩემს არსებობასთან დაკავშირებულ ფიქრებს უბრალოდ ფენით გაიშრობდი, ტვინს ჯაგრისით მაგრად გამოიხეხავდი და კანიდან ჩემი თითების ნაკვალევს 1.70 თეთრად შეძენილი თხელი ღრუბელით მარტივად ჩამოირეცხავდი. მეორე დღეს ვერსად პოულობდი ფენს, ჯაგრის და ღრუბელს.
-  7 თებერვალს ფანჯრის რაფაზე იდაყვები გველაგა და ყავიდან დაწყებულ ქალაქს, ლაკონურ ქუჩებს და თხელ ბილბორდებს ვაკვირდებოდით ცვალებადი რეკლამებით. ვუყურებდით შუქნიშანთან  ასანთის ღერებივით ჩამწკრივებულ ავტომობილებს, ნაკერებიან ასფალტებს და პარაშუტებიან ფიფქების დესანტს, ყოველ ჯერზე რომ წარუმატებელ დაშვებას ახორციელებდნენ. ხახვის დაჭრა დაიწყე, მიზეზად დავიწყებული ვახშმის მომზადება მოიშველიე. საინტერესოდ გამოგდიოდა ცრემლების შენიღბვა.
- 16 მარტი მთელი ღამე რომ სარდაფში გავატარეთ. შენი ბავშვობის ოცნება კატებმა აგისრულეს და შენც ამაყად ითვლიდი ახალშობილ ჩვილ კნუტებს.
- 12 აპრილს, ღამის 00:30 საათზე მთავარ ელექტრო ჯიხურში შევიპარეთ და შენი დაბადების დღის აღსაღნიშნავად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 23 ლამპიონი ერთად ჩავაქრეთ, ოღონდ happy birthday-ს და აპლოდისმენტების მაგივრად დარაჯის უწმაწურ სიტყვებს ვისმენდით. სამაშველო ჯგუფი გამოვიძაღეთ შენი ქიმიის მასწავლებლის მისამართზე და ვუთხარით, რომ H20 ქიმიურ რეაქციაში შევიდა N2 -თან და იწვოდა ყველაფერი.
რა ბანალურია არაა?!
როგორ შეიძლება შენ ეს ყვალეფერი გახსოვდეს, რადგან ერთხელაც არ მოგიცია ჩემთან ერთად გასეირნების შანსი, ერთხელაც არ შეგვიხედავს ერთად ცისთვის, არც პარკებში დაგროვილი ჰაერი გვისუნთქია ერთად, არც ფინჯანი ყავიდან დაგვინახავს ქალაქი და ერთხელ არ მოგისმენია ბოლომდე ჩემთვის...
რა ბანალურია არაა?!
რომ მე შენ "უშენოდაც" მიყვარხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები