ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2009


ეროტი/ეროსი/ამური...

სათაური,რომელიც ქართული ეროტიკული პოეზიის ანთოლოგიისათვის შევარჩიე - ''ეროტის ქურუმნი'' შესაძლოა, მკითხველთა იმ ნაწილისათვის მიუღებელიც აღმოჩნდეს,ვინც არ უწყის,რომ ეროტი ანუ ეროსი სიყვარულის,ტრფიალების ღმერთია ,ხოლო ეროტიკა სინამდვილეში მკვეთრად ემიჯნება შიშველი სექსუალური ვნებების, ურთიერთობის ასახვას ხელოვნებაში ,ანუ პრიაპიზმს, რომელსაც ასევე მრავალათასწლოვანი ისტორია აქვს და თანამედროვე ტერმინოლოგიით ,  პორნოგრაფიად იწოდება.
ეროტიკულ პოეზიას მეორენაირად ამურულსაც უწოდებენ,რადგან რომაულმა მითოსმა ისევე ,როგორც არაერთ სხვა ღმერთს,ეროტსაც შეუცვალა სახელი და ამური უწოდა.
ახლა გავიხსენოთ ერთი ლექსი,გასული საუკუნის პოეზიიდან,ლექსი,რომელიც ამურს ეძღვნება,თუმცა მკვეთრი ეროტიკული სახეებისა თუ გამოთქმების მოყვარულთათვის, შესაძლოა, მეტისმეტად მწირ საზრდოს შეიცავდეს,ხოლო ინტიმის ნაცვლად ავტორის ხმაში ბუკოლიკური პოეზიის შორეული ექო, სევდანარევი მხიარულების , თავშექცევის მოტივები ისმოდეს.

შოთა ნიშნიანიძე

ამურთან გამოთხოვება

ჩემს პატარა ბიჭობაში წლები მახსოვს დიდებული,
ერთი მეგობარი მყავდა სამტროდ გადაკიდებული,
მხრებზე სცემდა კულულები,
როგორც ოქროს ბულულები,
პაწაწინა სალამურში ჩაემწყვდია ბულბულები.

წისქვილებში დაძვრებოდა, ქორწილებში ათენებდა,
თვალებში და ნაწნავებში თრთოდა ციცინათელებად.

პაწაწინა ფრთები ჰქონდა,მშვილდ-ისარიც პაწია,
ტანი ისრით დამიცხრილა,სალამურად მაქცია.

ზოგს ჭრილობა დაუწყლულა,ზოგს მანანით მობანა,
ზოგს შორიდან ეთამაშა კუკუ-დამალობანა.

დაფრინავდა ისრის კონით -ღვთაებრივი ფიჩხით,
კაფანდარა,ონავარი,პირტიტველა
ბიჭი.

მოდი,კიდევ გამაგრილე შენი ფრთების შხუილით,
თუნდაც მხოლოდ დაპირებით,თუნდაც მხოლოდ ტყუილით.

ერთხელ კიდევ შემასწარი მაგ ღვთაებრივ ზუზუნს,
ერთხელ კიდევ დამასიზმრე ამორძალის ძუძუ.

...

რა იქნება ეგ ისარი ერთხელ კიდევ სინჯო,
შე ცუღლუტო,შე ვერაგო,საძაგელო ბიჭო!


პ.ს.
პორტალზე ძალზე იშვიათად შემხვედრია ლექსი,რომლის ავტორსაც შესწევს უნარი,მხატვრული გამომსახველობისათვის მოიმარჯვოს პუნქტუაცია,აქციოს იგი ტროპის,ფიგურის სახეობად,სამაგიეროდ, ხშირად მიხდება შენიშვნის მიცემა მათთვის,ვინც დაუდევრად ეპყრობიან პუნქტუაციას.
დაუკვირდით ამ ლექსს: მრავალწერტილი,რომელიც ბოლო ორ სტროფს შუაა მოქცეული,უეცრად როგორ მოზიდავს სიტყვათა სადავეებს სწორედ იქ,საიდანაც შესაძლოა დაიწყოს შოთა ნიშნიანიძის ესთეტიკისათვის მიუღებელი სათქმელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები