ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2017


წერილი შერონს

ყურებში თითები ჩაილაგე და
ადამიანებს სახეებზე უსმინე შერონ...
თვალები ღრმად დახუჭე და შეხედე როგორ ეტევა
მთელი სამყარო სუნთქვაში, სიტყვებში, ჰაერში...
პირი მაგრად მოკუმე და ფიქრებით ისე იყვირე
რომ მთელმა გალაქტიკამ გაიგონოს შენი ხმა ...
მოძებნე ყველაზე ბინძური გუბე და
ცივი სხეულიდან მთელი ძალით
ცხელი ჰაერი დაუბერე, ისე რომ ღრუბლებად
გადაქცევის ოცნება აუსრულო წუმპეებს.
გადი ღამით გვიან ქუჩაში, თამბაქოთი ხელში,
ნასვამი და უცნობ მამაკაცს ყელზე მოეხვიე, აკოცე,
მერე თავი სახლამდე მიაცილებინე, რომ
შენს სამეზობლოში ჩამოსახლებული მოწყენილობა
იხსნა სიკვდილისგან.
ბენზინგასამართ სადგურზე ველოსიპედით მიდი
და მენეჯერი გამოლანძღე რომ ცუდი საწვავი აქვთ.
ტაქსი გააჩერე, კარები გამოაღე და მძღოლს უთხარი
რომ არსად არ აპირებ წასვლას.
მარათონზე გამოფინე ბანერი -
აზრი არ აქვს სირბილს, მაინც ვერსად გაიქცევით.
სასწრაფო დახმარების ცხელ ხასზე დარეკე და
უთხარი რომ მარცხენა მკერდის მიდამოებში ღმერთი გაწუხებს.
ბანკში წადი და ძვირადღირებულ პიჯაკში გამოწყობილ თავმომწონე ბანკირს უთხარი, რომ სისულელეა მთელი ცხოვრება სხვისი ფულის თვლაში გაატარო.
ბოლოს შინ დაბრუნდი და სხეულში ჩაალაგე იმედგაცრუება, სიცივე, მარტოობა,
პირველი ისინი ჩადე არ დაიმსხვრევიან, ზევიდან სიყვარული დაადე
და წაიღე მთელი შენი სხეული სიკვდილში.
არ შეგეშინდეს შერონ,
სიკვდილში შველიან შენს დაავადებას.
იქ უკვე განიკურნები ადამიანობისგან და სიცოცხლესაც დაიწყებ.
იქიდან სული მარტო გააგრძელებს სახლამდე სიარულს.
მთავარია ჯერ ყურებში ჩაილაგო თითები შერონ
და ადამიანებს სახეებზე უსმინო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები