მათხოვარი ,ნაჩნიკის” ქვეშიდან - - - - -
პატარა რომ ვიყავი... აი, ძალიან პატარა, ასე მეგონა, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც ,,უნივერმაგში” იყიდებოდა. მოგინდებოდა ბებია? შეხვიდოდი, ჩადგებოდი რიგში და რომ მოგიწევდა, ეტყოდი: - თუ შეიძლება, ერთი გამხდარი, შავკაბიანი, ჭაღარათმიანი, ჭრელ წინსაფარზე დიდჯიბეებიანი დიდედა ანუ დიდი ბებია შემიხვიეთ! კარგი, ორი პაპიდაც იყოს, ორივე ერთი სიმაღლის, ერთი წითელთმებიანი, მეორე - ცოტა გრძელცხვირა და ორივე - ტკბილი. სამივე ერთად რა ღირს? აა, ერთი ზანტი ბებიაც გავაყოლო, თავისი ბანტიანი გიტარით და ზრდილობიანი ქმრით?! იყოს! ხურდა არ მინდა!
მამაჩემი ერთი, ჩემსავით ჰაიჰარა და ჰარი-ჰარალე იყო, ამიტომ ყიდვა-გაყიდვის საქმეები მუდამ დედაჩემს ებარა. ესე იგი, ჩვენ, ყველანი დედაჩემის ნაყიდები ვიყავით, მზამზარეულები, ისეთები, როგორსაც გვხედავდით. აი, თვითონ დედაჩემი ვიღამ იყიდა ან სად აარჩია ასეთი ლამაზი და სულ მორთულ- მოკაზმული, თან ასეთი მკაცრი, მკაცრიც არა, შეუვალი, ერთს რომ იტყოდა და მორჩა! - მაგას კი ჩემი გონება ვერა და ვერ სწვდებოდა. თუ მამაჩემმა იყიდა, რად უნდოდა, ზღვაზე ლამაზი და მორთული რუსი დეიდები ბევრი იცოდა, თან ისინი სულ მეფერებოდნენ, შოკოლადებს და ცარიელ ,,დუხის ფლაკონებსაც” მჩუქნიდნენ, მანიკურისასაც... ახლა დედაჩემი მალე ოთხმოცისა შესრულდება. ვინც იცნობს, დამეთანხმება და ვისაც არ უნახავს, გინდ დაიჯეროს, გინდ არა, - როგორიც იყიდა მამაჩემმა, მორთულ-მოკაზმული, ”პრიჩისონიანი”, დღესაც ისეთია, სახეზე წამლად ერთი ნაოჭიც არა აქვს. უპომადოდ რანაირია, მართლა არასოდეს დამინახავს. მამლის პირველ დაყივლებამდე უკვე მაკიაჟი მოლეული აქვს.
*** დედაჩემთან ერთად სადმე წასული, რაც არ უნდა გავპრანჭულიყავი, იერით მის ხელზე მოსამსახურეზე მეტს ვერ ვქაჩავდი.
მივდივართ ერთხელ ასე, დიღმის ბაზართან, თქვენ ჯვარი გწერიათ და საპანაშვიდო ყვავილები უნდა ვიყიდოთ. გავიხედე და ერთი ძალიან-ძალიან, ნუ, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი გულში ჩასახუტებელი მწერალი მოდის! მოვიკითხეთ ერთმანეთი, დავემშვიდობეთ, მეზობლის პანაშვიდიც მოვილიეთ, მივედით შინ და დედაჩემს ერთი არ გაუღიმია. ახლა, მთლად ისეთი ახლობელიც არ იყო განსვენებული, დედაჩემი ჯავრით რომ გადაჰყოლოდა. ისეთი მომენტია, გული რომ გიგრძნობს, ერთი ბიძგი-ღა უნდა ადამიანს პირის გახსნამდე და ვაი! მაგალითად, კითხვა: ”-ხომ მშვიდობაა?” კი, ბატონო, ჰკითხა კიდეც პაპიდაჩემმა ,ევგჟენიამ” და წამოვიდაა! - რაღა მშვიდობა, ჟენი, ეს მამაილა! სირცხვილით ქუჩაში ვერ გაივლი ამასთან ერთად. თავი მომწონს, ქვეყანა შემოგვჩერებია, ვდგავართ, საუკეთესო ყვავილებს ვარჩევ, გავიხედე და ერთი დაძენძილი, გაუბედურებული მათხოვარი გვიყურებს. ხომ იცი ჩემი ჩვილი გულის ამბავი, პორტმანის კუთხეში თავჩაყოფილი გასაკითხს ვეძებ ორი თითით, ავწიე თავი და რას ვხედავ! ეს ჩემი შვილი გაექანა, კისერზე შეახტა, ლამის ძირს დასცა, გალსტუკივით ჩამოეკიდა და ჰაერში ფეხებს აფართხალებს! ძლივს ჩამოვხსენი იქიდან... ვის დაემგვანა ესე უთავმოყვარო! არა, ჯიში, ჯიში!
ცოტა დრო გავიდა თუ ბევრი, ერთხელ ტუშის ჩამოსვლამდე ატირებული დედაჩემი იმ ,, მათხოვრის” სურათიან წიგნს მიჩვენებს. - არც თქვენ არ ვარგიხართ! გენიოსი კაცი გვერდზე გყავდათ და მეგობრებს მაინც, თითო ტკბილი სიტყვა რომ გეთქვათ, დღეს ცოცხალი იქნებოდა! რა წიგნები მიუმატა იმის მერე, კარგად არ ვიცი, ის ერთი კი ,, ნაჩნიკქვეშ” მთელი საუკუნე ედო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ნინოს ტექსტები ყოველთვის საინტერესო და თბილია, მხატვრულ ღირებულებებზე რომ არაფერი ვთქვათ. +5 ნინოს ტექსტები ყოველთვის საინტერესო და თბილია, მხატვრულ ღირებულებებზე რომ არაფერი ვთქვათ. +5
11. ლამაზი და სევდიანი ლამაზი და სევდიანი
10. ვაჰ, ვაჰ, რა ლაზათიანად გადამისროლე ჩემს ბავშვობასა და ჩვენს სტუდენტობაში... ნათელას მორთულ-მოკაზმულობები და "პრედსტავიტელნი ვიდი" დღემდე მახსოვს, დღესაც ასე თუ გამოიყურება, მართლაც მაგარია! მოთხრობა კი არაჩვეულებრივად ლაღია, ლაკონური, მსუბუქი იუმორით და მოულოდნელობის ეფექტით! ისე, კარგი პორტრეტისტიც ხარ! მოგიკითხეთ შენცა და დედა ნათელაც! ვაჰ, ვაჰ, რა ლაზათიანად გადამისროლე ჩემს ბავშვობასა და ჩვენს სტუდენტობაში... ნათელას მორთულ-მოკაზმულობები და "პრედსტავიტელნი ვიდი" დღემდე მახსოვს, დღესაც ასე თუ გამოიყურება, მართლაც მაგარია! მოთხრობა კი არაჩვეულებრივად ლაღია, ლაკონური, მსუბუქი იუმორით და მოულოდნელობის ეფექტით! ისე, კარგი პორტრეტისტიც ხარ! მოგიკითხეთ შენცა და დედა ნათელაც!
9. მადლობა თბილი გამოხმაურებებისთვის. ისე, დიღმის მასივში მარტო გოდერძი არ იყო გულში ძალიან ჩასახუტებელი მწერალი... მადლობა თბილი გამოხმაურებებისთვის. ისე, დიღმის მასივში მარტო გოდერძი არ იყო გულში ძალიან ჩასახუტებელი მწერალი...
8. სათაურიც სასწაულად კარგია :)
სათაურიც სასწაულად კარგია :)
7. გულში ჩასახუტებელი მწერალი - გოდერძი ჩოხელი. ის ცხოვრობდა დიღომში. აცხონოს ღმერთმა.
გულში ჩასახუტებელი მწერალი - გოდერძი ჩოხელი. ის ცხოვრობდა დიღომში. აცხონოს ღმერთმა.
6. სასიამოვნო წასაკითხი იყო. სასიამოვნო წასაკითხი იყო.
5. ვკვდები ინტერესით ვინ იყო ის გულში "ჩასახუტებელი" მწერალი. :))) რა კარგი ამბავია მომეწონა. 5. :))) ვკვდები ინტერესით ვინ იყო ის გულში "ჩასახუტებელი" მწერალი. :))) რა კარგი ამბავია მომეწონა. 5. :)))
4. რა მშვებიერი და მოკლე იყო პირველი ნაწილი. რა მშვებიერი და მოკლე იყო პირველი ნაწილი.
3. როგორი კარგია, თბილი და სევდაღიმილიანი. :) როგორი კარგია, თბილი და სევდაღიმილიანი. :)
2. როგორი კარგია, თბილი და სევდაღიმილიანი. :) როგორი კარგია, თბილი და სევდაღიმილიანი. :)
1. კიდევ დამავიწყდა ჟანრი. ათასმეერთედ ვიხდი ბოდიშს და ვთხოვ მოდერს, მიშველოს. ,,პროზა ' უნდა იყოს. კიდევ დამავიწყდა ჟანრი. ათასმეერთედ ვიხდი ბოდიშს და ვთხოვ მოდერს, მიშველოს. ,,პროზა ` უნდა იყოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|