ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლენ
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2018


***

მერამდენე შიშის ძალით ვკვებავ მშიერ ფიქრებს
მერამდენე უიმედო, ღატაკ ღამეს ვათევ
იქნებ შევწვდე, იქნებ მივხვდე, გამიმართლოს იქნებ
შეშფოთებით, ფორიაქით შეჭმულ გრძნობებს ვარწევ.

ისეთია დღეს მზის სხივი, მიმატოვა თითქოს
შემოქმედმა, და სიცივე ძვლებში ატანს უკვე
ვზივარ ბავშვის საქანელას და ვიხსენებ იმ დროს
როცა თავად ვთანხმდებოდი თეორიებს ურყევს.

გაცრეცილი პერანგების მდუმარება დადგა.
ლექსის წერით ვიმსუბუქე მარტოობის უბე,
თუმც ტკივილი ცეცხლოვანი ფენიქსივით აღდგა
შემოიკრა მარადიულ ქარიშხლების ზღუდე.

მთვარის შუქზე ლურჯად ნათელს მიეჩვია კანი
და სხეულიც სულ მთლიანად შეიფერა ლურჯად
მარმარილოს ხელის მტევნებს არ ედება შლამი
ოდეს წრფელი ღიმილები უდგას გრძნობებს ბურჯად.

ფანჯრის მინა იორთქლება აქ ყოველწამს უფრო
და ნელნელა ამ სამყაროს ეფარება ფარდა
და ვუყურებ კედელს მიღმა მოჩვენებებს უნდოდ
ყველაფერი სადღაც ქრება, ჩემი სიზმრის გარდა.

სიზმარში კი ჭრელი ფრთებით კვლავ ვფრინდები მაღლა
დედამიწას შემოვავლებ მოიისფრო რკალებს.
ყოველ დილით სიზმრებს მიცვლის უსიამო დაღლა
დღეს მე ბურუსს შემოვიკრავ, არ გავახელ თვალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები