| ავტორი: ონისე_ოკ ჟანრი: პროზა 22 მარტი, 2018 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
იმდღეს ბენზინის საშინელ ნაბახუსევზე გამოვდივარ სიგარეტის საყიდლად. მთელი სხეული მიკანკალებს, სუნი ამდის, გამვლელებს თვალს-თვალში ვერ ვუსწორებ - სირცხვილის განცდა კიდევ უფრო მიმძაფრებს აუტანელ ჰიპერჰიდროზს და იღლიები ცრემლებით მევსება, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო თვალებიდან ვერ ვათავისუფლებ. ულვაშის თხელ წვერზე, რომლის გასქელებასაც წლებია ველი, ბუზი დამაჯდა, წინა ღამის სურნელები შეიგრძნო თავისი ბუზური სენსორული სისტემით და სანამ შემდეგ აყროლებულ ადგილზე გაფრინდებოდა აგდებული ტონით ჩამჩურჩულა: ''არარაობა ხარ. შენი შეყვარებულები ყოველთვის გიღალატებენ. ოჯახი არ შექმნა. შენნაირი მამა არავის უნდა." გამწარებულმა სახეში შემოვირტყი, მაგრამ გამასწრო. მარკეტის გამყიდველებმა დამინახეს და დაუფარავად დამცინეს.
- ერთი შავი მარლბორო მომეცით. - კარგი'თ. 5 ლარი იქნება თქ'ვენზე. და კიდევ ჩაიხითხითეს. ამ გოგოებსაც ხარ თქვენობით ველაპარაკები, ხან შენობით, ჩემი არამდგრადი თავდაჯერებულობიდან გამომდინარე. თავიდან ყველას მოვწონდი. ახლა კი მათთვის სასაცილო ვარ. ყოველი შესვლისას მგონია, რომ შარვალზე, უკან დასვრილი ვარ და ყოველდღე მელოდებიან, რომ თავიანთი აუტანელი დღე საზიარო ხუმრობით გავუმხიარულო.
შეგნებულად შევეცადე თვალი ამერიდებინა კოლოფისთვის, მაგრამ შინაგანად თვითგვემის ხასიათზე ვიყავი და მაინც ბოლომდე ვუყურე ხუთწუთიან კლიპს. მარლბოროს ინოვაციური ტექნოლოგია ახლებურად ცდილობს დაგვანახოს, რომ ნიკოტინისა და ფურცლისათვის ცეცხლის აკიდება და შემდეგ მისი დღეში 20ჯერ შესუნთქვა სიკვდილს გვისწრაფებს. კოლოფის შეხედვისთანავე შენს ცნობიერებასთან კავშირს ამყარებს, მოგონებებს გიქექავს, ყველაზე მძაფრებს არჩევს და 5 წუთი გაყურებინებს ვიდეოკოლაჟს, თუ როგორ ტირიან შენი ოჯახისწევრები ჯერ შენს კუბოსთან, შემდეგ საფლავთან და შემდეგ თავიანთ ბალიშებში. ჩემი კლიპი არც ისე მძაფრი ყოფილა, როგორსაც სხვები მიყვებიან. ჩემს კლიპში ქელეხის სუფრის ალაგებისას ოჯახისწევრებს თვალებში შვება შევამჩნიე. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ყოველთვის ტვირთად აღვიქვამდი.
ყველაფერი ერთად მომაწვა და მობილურში სასწრაფოდ ჩავრთე "რობოტა და რობოტუნების'' პირველი სეზონი. როცა დაგრუზული ვარ ძალიან მშველის რობოტა და რობოტუნების ყურება.
სულელივით გაღიმებული გახეთვის მაღალმა ხმამ გამომაფხიზლა. მეგონა ისევ ვიღაცა გადმოხტა სახურავიდან და არ ვაპირებდი ადგომას და სანახაობით ტკბობას. მაგრამ წამნახევარში მეორე იგივენაირი ხმაც დაემატა და აქ უკვე თავდაცვის ცხოველური ინსტიქტები ჩამერთო. თურმე ციხიდან ახალი გამოსული ბარიგები გარაჟში შეყუჟულიყვნენ და ჰეროინის გაკეთება უცდიათ. ნემსის შერჭობისთანავე ორივე გამსკდარა. დაფუშული მამაკაცები ღამენათევმა სასწრაფოს ეკიპაჟმა სასწრაფოდ აკეცეს და ყველანაირად ცდილობდნენ უბნის უსაქმურებთან კონტაქტში არ შესულიყვნენ, მაგრამ ეს როგორც მოგეხსენებათ, საკმაო სირთულესთანაა დაკავშირებული.
- კი მაგრამ, რა მოუვიდათ? მეოთხედ იკითხა მებანანე ქალმა. - გასკდნენ ქალბატონო, გასკდნენ. ვერ ხედავთ? - რას ქვია გასკდნენ კაცო, როგორ გასკდნენ? - ნემსით, როგორ. ვიღა იკეთებს ნემსს დღევანდელ დღეს, ან ტელევიზორს არ უყურებთ, ან ექიმთან არ დადიხართ, თუ?.. - მაინც ვერ გავიგე რა მოუვიდათ. ჩუმად გადაულაპარაკა თავის უბნელს. - პირველად გესმით, რომ ადამიანის სხეულის 70 პროცენტი წყლისგან შედგება? მიუხედავად იმისა, რომ მას აღარ ელაპარაკებოდა, მაინც გაბრაზებული უხსნიდა. - აგერ, გდია ნემსები და ცადეთ თქვენთვითონ. ან საიდან იშოვეს ამ საწყლებმა, ვიღა ყიდის ნემსს ესე, მეთვითონ წლებია აღარ მინახავს არსად.
ნეტა ხმა არ ამომეღო: - უკაცრავად და, ამ დროს რამენაირად შეგიძლიათ გადაარჩინოთ? აი, რომ რომ გაბეროთ და ჩაუმატოთ ისევ წყალი, ან რამე...
ექიმმა ისეთი თვალებით შემომხედა, რომ ეგონა დავცინოდი. არ ჯეროდა, რომ ამას სერიოზულად ვეკითხებოდი. რამდენიმე წამი ისევ გატრიალდა, არ უნდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ ბრაზი მოაწვა და აგრესიულად მომაყარა: - ხო აი, ჰელიუმით უნდა გავბეროთ საავადმყოფოში და საჩუქრად უნდა გავუგზავნოთ კრემლს, ჩემო ბატონო. არ იცოდით?!
ისე მოვიკვეთე მენტალურად, აღარ ვიცოდი რა მექნა. სასწრაფოდ გამოვეცალე და განერვიულებულზე 1 საათში 3 ღერი სიგარეტი მოვწიე. დავაკვირდი გულის ცემას და ზღვაში ჩავარდნილი უიმედოდ დაპანიკებული მსუქანი ქალის ფართხალივით ბუთქავდა. უცნაური განცდა მესტუმრა. უეცრად მომინდა, რომ მკერდი შუაში გამეჭრა, გული ამომეღო, ძირს დამედო და ისე გამეხეთქა, როგორც ''მაია სიმიას'' პატარა წვენების კარდონის ყუთებს ვხეთქავდი ბავშვობაში. - მაღალი ნახტომი, ბარძაყები მუცელზე და ქუსლის კულმინაცია. ბაბუუმ!
ფურთხის წვიმა დაიწყო და სახლისკენ გავემართე ნელი ტაატით. არ ვჩქარობდი, რადგან უცნაურად სასიამოვნო იყო თითოეული წვეთის დაცემა. აქაურები ამბობენ, ასეთი წვიმა მხოლოდ მაშინ იცის, როდესაც ღმერთს იმედს ვუცრუებთო. ჭექა-ქუხილის ხმას ხორხიდან ნახველის ამოღების ხრიალი ანაცვლებს და ეს ძირითადად სანამ გადაიღებს ბოლო რამდენიმე წუთი იცის ხოლმე.
დავინახე ათიოდე წლის გოგონა თავისი უზარმაზარი ბოტებით როგორ ბედნიერი მოტყაპუნობდა. არცერთ ტყლაპოს არ ტოვებდა, რომ ორივე ფეხით არ ჩამხტარიყო. ბოლოს კორპუსის ერთერთი ფანჯრის რაფიდან წვეთებად ჩამომდინარე წვიმის საბადო აღმოაჩინა და ენაგამოყოფილი დაუდარაჯდა თავისი წამიერი ბედნიერების წყაროს.
შევყოვნდი და დავაკვირდი. ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი? ან კი, ოდესმე კიდევ ვიქნები? ამდენი ვალდებულება, პრობლემა და საფიქრალი სრულიად არაადამიანურს მხდის; არამხოლოდ მე, - ყველას. გაუკონტროლებელი ემპათია ვიგრძენი ყველას მიმართ.
სასწრაფოდ ავედი სახლში და საიდუმლო ოთახში შევედი, სადაც ციგანი ბავშვები მყავდა დამწყვდეული. დიდი ხანია, უკვე ვეღარ მაფურთხებენ, რადგან უამრავი რესურსი ჩავდე მათ მოთვინიერებაში. შევედი თუ არა, კედელთან აიტუზნენ შეშინებულები. დავუძახე, გავუღიმე და ახლოს მოვიხმე.
- შემაფურთხეთ! ვერავინ გაბედა. ყველა გაკვირვებული იყო.
- მართლა, მართლა. შემაფურთხეთ! კიდევ ერთი გამოცდა ჰგონიათ და არ იციან რა ქნან. ერთმანეთს უყურებენ.
- გეფიცებით ელექტრო სკამზე არავის დაგსვავთ. აი, თქვენ თვალწინ გადავჭრი შნურებს. და დიდი, სისხლის ლაქებიანი მაკრატლით ყველა სადენი ჩავჭერი. - მომაფურთხეთ! უფრო შეგულიანები ახლა უბრალოდ ელოდებოდნენ პირველი რომელი გაბედავდა რისკიანი ნაბიჯის გადადგმას.
- ბოლოჯერ გთხოვთ. და აი თვალზე პირველი ნერწყვის გორგალი ვიგრძენი. შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე. მიუხედავად წლები პრაქტიკის არ ქონისა, მათი მიზანი ისევ შეუდარებელია. როგორც ამბობენ, კლასი უკვდავია. ისეთი ბედნიერები იყვნენ, ხან მე მაფურთხებდნენ, ხან ერთმანეთს, ხან კი ჰაერში იფურთხებოდნენ და ისევ პირით იჭერდნენ. სრული თვალისმომჭრელი სანახაობა გადაიშალა ჩემს თვალწინ.
სანამ წვიმა გადაიღებდა, მინდოდა მესარგებლა ამ მომენტით და გამეთავისუფლებინა ისინი. მეოთხე კლიტე მოვხსენი თუ არა, თავისით გამოანგრიეს კარი და გარეთ გაიქცნენ.
აჰ! როგორც თევზი, ოკეანეში დაბრუნებისას; როგორც ციყვი, - ნაძვნარში ; როგორც აფხაზი - სოხუმში. მათი ბედნიერება შვილმკვდარ დედას გააღიმებდა, უჟმურ ბაბუას გააცინებდა და ჩემნაირ დარცხვენილ არარაობას გადამდები ხალისით და იმედით აავსებდა. და ასეც მოხდა.
ტანსაცმელი გამოვიცვალე, საფულე მოვიქექე და მაღაზიაში ავბრუნდი.
- პრივეტი გოგოები კიდევ ერთხეელ. ვუღიმი.
- აი ეს ბიგი გამიტარე და რამე საკაიფო პეჩენია ამიწონე რა. აი რავი, ნალუბოი, შენს გემოვნებას ვენდობი ბოლომდე. მიღიმის.
- თუ მომეწონა უკვე ერთი საერთო გვექნება. და მემგონი სავსებით საკმარისია, რომ ყავაზე დაგპატიჟო, თან მისაყოლებლად რა გვინდა ბევრი ფიქრი არ მოგვიწევს. მიცინის.
თვალი ჩავუკარი, გამოვედი და მუცლის უკიდურეს დაბალ ნაწილში ცეცხლი ვიგრძენი, რომელსაც ოთხი მხრიდან ქარი უბერავს და მაინც ვერ აქრობს. ვიცოდი, რომ ისიც იმავე სტიქიებს ებრძოდა და ღრმად ჩავისუნთქე.
მაისურზე დავიხედე და ჩემს იღლიაში დაბუდებული მტირალა ბიჭების ბალიშები ღუნღულა და მშრალი იყო.
აჰ!
ცხოვრება ხანდახან მართლაც უმშვენიერესია.
მოწევა მომინდა. ამოვიღე და უშიშრად შევხედე კოლოფს.
ქელეხის ბოლოს დედამ ჭურჭელი დალეწა და ღრიალამდე მისული ტირილით მგლოვობდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სხვა ვინ დადებდა აქ პირველ კომენტარს? მოგიკითხე ოკე სხვა ვინ დადებდა აქ პირველ კომენტარს? მოგიკითხე ოკე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|