ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2018


თუ სიყვარული არ გაქვს

თუ სიყვარული არა გაქვს, არ წარიკვეთო სასო!
იცოდე, შენნაირები ირგვლივ არიან მრავლად.
წადი, მოძებნე...
ოღონდ, მე, გირჩევ: ვინც ამბობს მაქვსო -
მათთან საქმეს ნუ დაიჭერ, სჯობს მათთვის გვერდის ავლა.

გზად მოთმინება წაიღე, რაც შეიძლება ბევრი!
(მეტი ადგილი დაუთმე - მჭევრმეტყველების ხარჯზე).
მხოლოდ ფიალა კი არა - რომ არ ყოფნიდეს ქვევრი.
თან არსად არ დაიშურო, დაუზოგავად ხარჯე!

შემდეგი, რაც დაგჭირდება, არის სითბო და სიტკბო.
ესენი უნდა იშოვნო ნებისმიერი ხერხით
და ამოავლო ამ ორში, თითოეული სიტყვა,
რომელსაც წარმოსთქვამ ხოლმე თავმდაბლობით თუ კვეხნით.

თუ სიყვარული არა გაქვს, მოგიცუცქდება შური,
მოგიტანს თავის სათვალეს, გაიკეთეო - გეტყვის.
რაც უნდა ილაპარაკოს, შენ არ დაუგდო ყური,
ერთ სიტყვასაც კი არ იტყვის, ის, სასარგებლოს შენთვის.

შური რომ თავს მიგანებებს, ნუ გაილაღებ! გველი
უთუოდ სხვას მოგიმზადებს საცდურს ძლიერს და ახალს.
ისეთ დროს მოგეპარება, საერთოდ რომ არ ელი,
როგორც კი სადმე წაგასწრებს, მზვაობარს და ქედმაღალს.

თუ სიყვარული არა გაქვს, ბევრი სიკეთე სთესე,
ეგრევე ვერ გაახარებ ვენახებსა და ვარდებს.
სხვა რა გირჩიო, მიჰყევი გულისხმასა და ლექსებს
და მერე, ერთ დღეს, ვინ იცის, იქნებ შენც შეგიყვარდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები