ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აინინა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
23 აპრილი, 2018


ნახუცარი ივანე-ახალი ნაცარქექია (ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“)

                                                                                              „ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა“ ლუკა /6.44/
    „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“-  ეკლესიასტეს ეს სიტყვები მახსენდება ყოველთვის, როცა ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებს“ ვუბრუნდები  კიდევ ერთ თაობასთან ერთად შესასწავლად.თითქმის საუკუნე გავიდა რომანის დაწერიდან და მეჩვენება, რომ დიდად არ შეცვლილა ვითარება ჩვენს ქვეყანაში: დღესაც არ ამოსულა დაყუდებული შიო მღვიმელი - თეიმურაზი სულიერი სიძაბუნისა და სინანულისგან  განსაწმენდელი ორმოდან, რომ სარეველასავით მოსდებია ქვეყანას ჯაყოს მრავალრიცხოვანი უკვე ცივილიზებული შთამომავლობა, ისევ იქელება მარგალიტი ღორების მიერ, კვლავ გაისმის  ყმუილი წიგნის ყდაზე გამოსახული ძაღლებისა- ისევ ელის მარგო გათავისუფლებას,დღესაც ისევე  შემაშფოთებლად გაისმის თეიმურაზის განწირული ყვირილი: „ვიღუპებით“. იმის თქმა მინდა და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ რომანი დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა პირველად იხილა მკითხველმა.  ჩნდება მტკივნეული კითხვა: რა გვჭირს ასეთი უკურნებელი, რომ საუკუნის განმავლობაში ვერ მოვიშორეთ, ვერ მოვიშუშეთ, ვერ ვუწამლეთ? სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ „ჯაყოს ხიზნები“ ისევ ძველებურად გვიმღვრევს სულს, გვაფორიაქებს, გვაფიქრებს...
      ამჯერად მინდა ნახუცარი ივანეს  შესახებ ვისაუბრო. 
    წიგნის “ქართველი მწერლები სკოლაში“ X ტომში ვკითხულობთ, რომ  „ივანე ჯაყოს სახესხვაობაა, ისიც მედროვეა.....ივანეს პრაქტიციზმი, ცხოვრებისეული გამოცდილებით გამაგრებული, უნებლიეთ გაგვახსენებს სულხან-საბას განმარტებას: „სიბრძნე და სივერაგე ემზგავსებიან: სიბრძნე კეთილ, ხოლო სივერაგე-არა“; რომ ივანეს ქლესობა-გაქნილობა ერთი ტომარა ფქვილი ღირს, ხოლო ჯაყოს მაჭანკლობა-„სამოცი ჩანახი პური, რომ იგი „მეფისტოფელად ჰქცევია უბედურ თეიმურაზს და შიგნიდან უტრიალებს სულს“. ( გვ.211)    ვფიქრობ, ივანეს სახის ამგვარი გააზრება არასწორია, ეწინააღმდეგება მწერლის თვალსაზრისს.  ცნობილია მოსაზრება, რომ „ჯაყოს ხიზნების“ პერსონაჟები- უწინარესად, თეიმურაზი-იდეა-ხასიათები არიან და სწორედ ამის გამოა, ამის წყალობითაა, რომ თვითონ მათაც და მთლიანად ნაწარმოებსაც სიმბოლური განზომილება, სიმბოლური გამომსახველობა ენიჭება“ (თამაზ ვასაძე. „იდეა და ხასიათები“ „ლიტერატურული საქართველო“ 25.01.1985).ამ თვალსაზრისის მიხედვით, ვფიქრობ,  ივანეს სახესაც სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. იგი უნდა  განასახიერებდეს ქართველ ხალხს, ერს, რომელშიც ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჰდუღს  ძარღვებში მოარული სისხლი, ...სცემს თვითონ სიცოცხლის ძარღვიცა“; რომელიც მოვალეა, უპ. ყოვლსა, ფიზიკურად გადაირჩინოს თავი, გადაარჩინოს ოჯახი, ერი,  რის  გარეშეც  აღარც საქართველო იარსებებდა, აღარც ქართველობა, ამიტომაცაა ივანესთვის  „ბედის წინაშე მორჩილება“  დიდი ძალა, რადგან  იცის, ბედთან ჭიდილი და ურჩობა სახიფათოა“. „ბედთან ბრძოლა“, „ სიკვდილი სახელოვანი“ იქნებ დიდი ღირსებაც  იყოს ცალკეული პიროვნებისთვის, გმირისთვის, მაგრამ  ერისთვის „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“, ერისთვის „ხერხი სჯობია ღონესა...“  ამიტომ  ივანე ჩემთვის შთამომავალია დევებთან მებრძოლი  ნაცარქექიასი, „ზეეროვნული გმირის“(ზვიად გამსახურდია), რომელიც ხალხურმა სიბრძნემ შექმნა. იგი, თუ არ იეშმაკებს, ხერხს თუ არ იხმარს, თავს ვერ გადაირჩენს, ვინაიდან გამუდმებით „დევებთან“ უხდება ბრძოლა.  ვერაგობა, მედროვეობა, „ჯაყოს სახესხვაობა“, კონფორმიზმია ივანეს ცხოვრებისეული გამოცდილება თუ ნაცარქექიური ხრიკი „უნივერსალურ ბოროტებასთან“ (ზ.გამსახურდია) -„წითელ გოლიათთან“და  მის ნაშიერ ჯაყოსთან  საბრძოლველად, როცა ამ „ტყიდან გამოვარდნილ დათვს“ „ბაბაიას ეძახის“, „ახალ აზნაურად“, სოფლის პატრონად მოიხსენიებს, საკუთარი პოზიციის უქონლობითა და შემგუებლობითაა გამოწვეული თუ  წინასწარ შემუშავებული სტრატეგიით?გავიხსენოთ ჯაყოს წვეულების ეპიზოდი.  ივანეს ქლესობა მოსდევს თეიმურაზის ფუჭ იმედს, რომ „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“, ივანე ჯერ დაუნდობელად ჩაურთავს: იმ ქვიშაზე გაგუდული თევზიც ბევრი მინახავს, მერე კი ჯაყოს სადღეგრძელოს სვამს, როგორც ახალი აზნაურისა და  სოფლის ახალი პატრონის. ვფიქრობ, აქ ივანე ერთდროულად ორ საქმეს აკეთებს, ჯერ ერთი: ცდილობს თეიმურაზი გამოაფხიზლოს, ფუჭი იმედებისგან განძარცვოს, საკუთარი გადაგვარება დაანახოს: „ზოგ აზნაურს არც უწინ ეტყობოდა აზნაურობა, ეხლა ხომ სულ დაიძირნენ და გადაგვარდნენ....ჩვენი აზნაურები წყალწასაღებნი იყვნენ და აკი ჩაჰბარდნენ კიდევაც მიმავალ დროსა“. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ივანეს უყვარს თეიმურაზი, ყოველთვის ცდილობს მის დახმარებას, დიდი სულიერი სიძაბუნის პერიოდში (თვითმკვლელობის მცდელობა) გვერდში უდგას, ზრუნავს მასზე სიტყვითაც და საქმითაც, ( სწორედ მისი დამსახურება იყო, თეიმურაზმა თავშესაფარი და თავისი საქმე რომ მონახა სოფელში.), შეიძლება ითქვას,  ივანე, მიუხედავად იმისა, რომ „გაკრეჭილი მღვდელია“, აქ სულიერი მოძღვრის მოვალეობას ასრულებს (და არა მეფისტოფელის), ცდილობს  თავმოყვარეობა გაუღვიძოს,ამხელს და აფხიზლებს ჯაყოს ხიზნად ქცეულ ხევისთავს. თეიმურაზ ხევისთავს ხომ თავისი წარმომავლობა ავალდებულებდა არა  მხოლოდ საკუთარი ოჯახისა და ქონების, არამედ ქვეყნის დაცვასაც, ამიტომაა ასეთი „განმკვეთელ უფროის მახვილისა“ მისი სიტყვები. ასეთივე სისასტიკეს ავლენს ივანე, როცა ცდილობს თეიმურაზს, რომელიც იკვეხნის „შეიძლება მომღუნონ, მომტეხონ, მაგრამ ვერასდროს დამიმორჩილებენო“, გააცნობიერებინოს  საკუთარი მარცხი და დაცემა, ჯერ საკუთარ შესანდობარს დაალევინებს, შემდეგ კი ნელ-ნელა აწვეთებს, რაც მოჰყვა მის მარცხს- მარგოს დაკარგვა!  ( ამბობენ ჯაყო მეოთხე ცოლს ირთავს, თავადის ქალს).მეორე მიზანი, რომელსაც ცდილობს მიაღწიოს ივანემ  ჯაყოს ქება-დიდებით, ისაა, რომ ლაქუცით გააბრუოს, თავი მოუქონოს  და ჯაყო-ბოროტება გამოყენოს  არა მარტო პირადი, (იქნებ მართლაც გამოერთმია ერთი ტომარა ფქვილი, არც ამგვარი პრაგმატიზმია  უცხო , როგორც ჩანს,  ყოფილი მოძღვრისთვის), არამედ ხალხის კეთილდღეობისთვისაც: „ქვეყანამ იცის, რომ ჯაყო ჯივაშვილი ისე დასტრიალებს ჩვენს ღარიბ-ღატაკ ქვეყანას, როგორც კარგი მეოჯახე კერას...ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამდენი სიკეთის დამთესი ჯაყო არც შემდეგში დაიხევს უკან და ისევ ძველებურად გაგვიწევს დახმარებას“.      ცხოვრებისეული სიბრძნე დაეხმარა ივანეს კარგად შეეცნო ჯაყო, ეს შველის  სწორედ დაიცვას თავი მისგან (მან ხომ შეძლო  თავისი ასული გაერიდებინა და ეხსნა ჯაყოს მორიგი ცოლობისგან, თეიმურაზისგან განსხვავებით) და ამავე დროს, თუ საშუალება მიეცა, ისარგებლოს კიდეც მისგან. ივანეს ცხოვრებისეული სიბრძნე გვასწავლის, რომ  ბოროტებასთან ბრძოლა პიროვნულად იქნებ „ცხვრობით“ და „მეორე ლოყის მიშვერითაა შესაძლებელი“, მაგრამ როცა ადამიანს ამ მოძალებული ბოროტებისგან მოყვასის  გადარჩენა, მოყვასის დაცვა ადევს კისერზე, მოვალეა „უძირო სიძულვილით სძულდეს“ მოყვასის მტერი. ებრძოლოს  მას მისივე მეთოდებით:  სისასტიკეს- სისასტიკე, ვერაგობას ვერაგობა  დაუხვედროს, („თვალი თვალისა წილ“)და რაკი ღია ბრძოლის ძალა არ შესწევს, ქართველთა ეროვნულ ცნობიერებაში ღრმად გამჯდარ ნაცარქექიურ ხრიკს,ეშმაკობას მიმართავს,- პირფერობით, მოჩვენებითი გულგრილობითა და ვერაგობით  ნიღბავს თავის პოზიციას.   
  ამიტომ ვფიქრობ, ჯავახიშვილმა ივანე ნახუცრის სახით სწორედ ნაცარქექია გაგვიცოცხლა ახალ სამოსსა და  ახალ კანში.    აი, რას სწერს ზვიად გამსახურდია ჩვენი ნაცარქექიას შესახებ :„(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისა... ნაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში მებრძოლს უნივერსალურ ბოროტებასთან.... ამ თვალსაზრისით იგი ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახე... ".
    ივანე  მოძღვარი იყო და ყველაზე მეტად მართებდა  რწმენის და პრინციპების ერთგულება, უფრო მეტად, ვიდრე თეიმურაზს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ეპოქას- „სამშობლოს შავი ლიუციფერის“,როცა „ანგელოსები უედემონი სტიროდნენ გზათა მიუვალობას“,  ადამიანთა სულებს უღმერთობა და „უღვთისმშობლობა“ (გალაკტიონი) სჭირდათ, როცა ეკლესიები ინგრეოდა, ლოცვა პოლიტიკურ დანაშაულად მიიჩნეოდა, ეს ნიშნავდა არა მარტო საკუთარი თავის დაღუპვას, არამედ ოჯახისაც, ამიტომ ივანე ფერს იცვლის, ანაფორას იხდის, გლეხურ ცხოვრებას უბრუნდება და ისე აგრძელებს თავისი ხალხისა თუ ქვეყნის სამსახურს. „მართალია ანაფორა გავიხადე, მაგრამ ქრისტეს მოძღვრება ეხლაც ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი....მე ეკლესიის მსახურებას მოვწყდი, მაგრამ ხალხს დავუბრუნდი,“ -ეუბნება იგი თეიმურაზს. ივანესაც  თითქოს შერყეული აქვს მართლმადიდებლური რწმენა, აღიარებს, რომ ჩვენ, ქართველებს მუსულმანური ან ებრაული მატერიალისტური რელიგია უფრო გვიდგება, ვიდრე არიული ქრისტიანობა“, მაგრამ თეიმურაზისგან განსხვავებით მას სწამს თავისი ხალხის ძალა, სწამს ქრისტიანობის მთავარი მამოძრავებელი ძალის-სიყვარულის:„საცა სიყვარული არ  არის, იქ არც მეგობრობაა, არც ოჯახი, არც საზოგადოება და არც სახელმწიფო“. პავლე მოციქული კი გვასწავლის: „ სიყვარულმა დაჰფაროს სიმრავლეი ცოდვათა“.
    როცა ერთმანეთს ადარებს ივანეს და თეიმურაზს, მაია ჯალიშვილი წერს, რომ თეიმურაზი  „დამარცხდა ხორციელად  და..... გაიმარჯვა სულიერად“, ... მან ფიზიკური გადარჩენისთვის არაფერი დათმო, ნახუცარ  ივანესავით `წვერი არ გაიკრიჭა და დარჩა თავისი შეხედულებების ერთგული“.(მაია ჯალიაშვილი  „თეიმურაზ ხევისთავის დასაცავად“)  ვფიქრობ, თეიმურაზის სულიერად გამარჯვებულ (ხოლო ივანეს სულიერად დამარცხებულ) ადამიანად აღიარება ეწინააღმდეგება  მწერლისეულ თვალთახედვას. შეიძლება სულიერად გამარჯვებული ვუწოდოთ ადამიანს, რომელიც თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო?  თეიმურაზის სახით ხომ ჯავახიშვილმა დაგვიხატა ქართველი ინტელიგენციის უნიათობა, სულიერი აპათია, უუნარობა, წინდაუხედაობა, როცა იგი ავბედითი ისტორიული ქარტეხილების პირისპირ აღმოჩნდა .  „ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა“( ლუკა /6.44/) -გვმოძღვრავს სახარება.თუ შევადარებთ ნაყოფს ივანესას და თეიმურაზისას, ცხადი გახდება, ვინაა გამარჯვებული, თუნდაც ფიზიკურად, თუნდაც სულიერად. ერთ მხარესაა კაცი, რომელიც უპირისპირდება და ებრძვის სასტიკ რეალობას, რომელიც მის ოჯახს, ქვეყანას, ერს გადაგვარებას, მოსპობას უპირებს, რომელმაც შეძლო შეენარჩუნებინა რწმენა თავისი ხალხისა, მონაწილეობას იღებს იმაში, რაც სასიკეთოა ქვეყნის აღმშენებლობისა და  განვითარებისთვის, სკოლის გახსნა იქნება ეს თუ კოოპერატივისა,  სოფელზე ზრუნვა თუ გზააბნეული, დაცემული ადამიანის ფეხზე წამოყენება; შოთას სიბრძნეზე გაზრდილი (ვერ მიჰხვდები, ვისთვის კვდები, თუ სოფელსა მოიძულებ“), თეიმურაზსაც იმავეს არიგებს: „ეს ცხოვრება შენზედ კარგად მესმის, ვინც არ მიიღო იგი, ცხოვრებამ არც ის მიიღო....ქართველი ხალხისთვის სიკეთე გინდა, მაგრამ ამავე დროს სწყევლი, ცილსა სწამებ, აღარაფერი გწამს, არც ღმერთი, არც ეშმაკი, არც ხალხის შემოქმედების უნარი არც მისი მომავალი და სიცოცხლე.....ნეტა ვიცოდე, რას იზამდი, რომ ხელისუფლება შენ ჩაგივარდეს ხელში, ყველა კარებს გაუღებდი და ქართველ ხალხს უცხოელებს ყმებად დაუყენებდი....“ (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი სიტყვებიც წინასწარმეტყველურია, ჩემი აზრით).
    ივანე არც მედროვეა, არც უზნეო, მისი თვითგადარჩენისკენ სწრაფვა ინსტინქტებით კი არაა განპირობებული, რაც ადამიანში იწვევს შიშს, მშფოთვარებას  და სულიერ დეგრადირებას, არამედ რწმენით და გონებით მიღებული არჩევანია, სტრატეგიაა უთანასწორო ბრძოლაში. მართალია ახალი ცხოვრება აიძულებს ხელი აიღოს ღვთისმსახურებაზე, მაგრამ იგი კვლავ  ძვალ-რბილში გამჯდარი შინაგანი ქრისტიანობის-სიყვარულის მატარებელია,      მიგელ დე უნამუნოს      მანუელის („წმინდა მანუელ სათნო წამებული“) მსგავსად  საქმით მორწმუნეა, მასავით სწამს: „ყოველგვარი რელიგია ჭეშმარიტია, სანამ იმ ხალხს, რომელიც აღიარებს, სულიერად ცხოველყოფს, ნუგეშს აძლევს მათის ხვედრის გამო.....ყოველი ხალხისთვის ყველაზე უფრო ჭეშმარიტი რელიგია მისი საკუთარი რელიგიაა, ის, რაც მან თვითონ შექმნა“.
  რა დგას თეიმურაზის უკან?  ყოფილი ხევისთავი -საქართველოს წარჩინებულებს პირველობას რომ ედავებოდა, ერთ დროს ქართლის ბედსაც განაგებდა და ზოგჯერ მეფეებს ძალაუფლებასაც ეცილებოდა-  ჯაყოს ხიზნად გადაქცეულა, ხოლო ყოფილი საზოგადო მოღვაწე - ჯაყოს დახლიდრად; ხევისთავის მეუღლე მარგო კი (სიმბოლურად საქართველო) ჯერ ჯაყოს საყვარლად გვევლინება, მერე კი მის მეუღლედ და მონად გარდაქმნილი. შეიძლება ასეთ ნაყოფთა შემოქმედი კაცი სულიერად გამარჯვებული იყოს?
  ამიტომ ვფიქრობ, რომ  ივანეს გზა ის გზაა, რომელსაც უნდა დასდგომოდა ქართველი ხალხი იმ დროს, რათა  დაეცვა  უძვირფასესი მარგალიტი-სამშობლო ღორთაგან; რომ ივანეს გზა, მისი პრაგმატიზმი (და არა კონფორმიზმი) იმ ეპოქისთვის უფრო მისაღებად მიაჩნია ჯავახიშვილს, ვიდრე თეიმურაზის „პრინციპულობა“. რომ არა ივანე -ნაცარქექიები, თეიმურაზისა  და მის მსგავსათა იმედად დარჩენილი საქართველო და ქართველობა დღეს აღარ იარსებებდა. ამის დასასაბუთებლად შეგვიძლია დავასახელოთ ჯავახიშვილის წერილი „მასალები ლექციისათვის“,  სადაც ავტორი წერს:“ ტყუილად კი არ ამბობენ ფრანგები: თვითრწმენა გამარჯვების ნახევარიაო. იგივე ითქმის სოციალურ ფსიხიკაზედაც.... თუ გამოაცალეთ თავისივე თავის რწმენა და მოუშალეთ იმედი-ასეთი ხალხი წასულია, მისი დღენი დათვლილია. ისიც იმ ერთ პიროვნებასავით მალე მოიშლება, მოიღუნება და შეებმება აღმოსავლურ უღელში:გარინდება, ნირვანა, პასიურობა, ბედის მორჩილება-აი მისი მომავალი.“ ჯავახიშვილს სწამს, რომ მხოლოდ „ცალთვალა ხედავს ერში ერთ-ერთს: ეშმაკს ან ანგელოზს. ორთვალა კი ხალხის ხასიათსა და ისტორიაში ადვილად აღმოაჩენს ორივეს....უეჭველად საჭიროა ანგელოზის მოძებნა და პოვნა, თორემ არ ძალუძს უანგელოზოდ ცხოვრება და განვითარება არც ცალკე პიროვნებას, არც ეროვნებას....ბუნებაში ცარიელი ადგილი არ არსებობს, ამიტომაც ვინც (ერმა თუ პიროვნებამ) თავის გულიდან ანგელოზი განდევნა ან დაკარგა, მან გათავისუფლებული ადგილი ყიყვსა და ეშმაკს დაუთმო. ხოლო ვისაც ეშმაკი დარჩა, თვითონაც გაეშმაკდა-გონებითაც, სისხლითაც და სულითაც. რწმენა ვინმესი ან რამესი-ქრისტესი, მაჰმადისა, ეროვნებისა, სოციალიზმისა ან თუნდაც რომელიმე კერპისა. აი, მხოლოდ ეს რწმენა და განვითარებული გონება ასხვავებს მეტყველ ადამიანს ურწმუნო პირუტყვისგან.“ რწმენა ვინმესი ან რამესი-ესაა გზა ივანესი, ხოლო თეიმურაზის გზას-ურწმუნოებას- ფეხდაფეხ მოსდევს „სკეფცისი და დინიზმი...ნებისყოფის აბულია და სიკვდილი, ან უფრო უარესიც-ზნეობრივი გახრწნა, ეროვნულ-ფიზიკური დეგენერაცია, ასნაირი ბოროტება....“.
  ჯავახიშვილის თეიმურაზი დამარცხებული ადამიანია, სულიერადაც და ფიზიკურადაც,  მაგრამ არა განადგურებული. ჯავახიშვილი მას გადარჩენის შანსს უტოვებს: იგი თავისი მარტოობის ორმოში  დაყუდებული შიო მღვიმელივით მეტანიებით, სასოებითა და ცრემლით ცდილობს განიწმინდოს და განიკურნოს  , ფენიქსივით აღდგეს საკუთარი ფერფლიდან, რათა მოახერხოს სულის განწმენდა, გამთლიანება-გაკაჟება; რათა  როგორც  ქვეყნის კანონიერმა პატრონმა  დაიბრუნოს ის დანაკარგი, რაც მას ეკუთვნის-მარგალიტი-მარგო.    „ნიშანდობლივია, რომ თეიმურაზ ხევისთავში ინგრევა ის „სულიერი მონაპოვარი“, რაც წინა საუკუნის (XIX ს.) ნიჰილისტურმა აზროვნებამ „უწყალობა“ („ღმერთი არ მწამს, მაგრამ ქრისტე მაინც ღმერთკაცი იყო“ - თეიმურაზის ეს სიტყვები ნიცშეს პერიფრაზია) და აღორძინდება ტრადიციული სული, რაც აბრუნებს მას თავის ძირებთან და ეს უკვე თეიმურაზის კულტურული მონაპოვარია. შეიძლება ითქვას, თეიმურაზი შემოქმედია თავისი სულისა“.(მაკო ჯანჯიბუხაშვილი), თუმცა ისიც უნდა ითქვას, თუ თეიმურაზი გადარჩება და მარგოს დაიბრუნებს, ამაში ივანე- ნაცარქექიას წვლილი დიდი იქნება, რადგან ნაცრის ქექვას ამოფარებული ეს „ეროვნული გმირი“ საუკუნეების განმავლობაში დარაჯობს ქართველთა არსებობას, როგორც  კოტე მაყაშვილი წერს: „დავწვები ლოგინში წყნარად–ძილითა შევიქცევ თავს,ქაჯებო, დევებო, ფარად მე ნაცარქექია მყავს“; რადგან სწორედ ივანე-ნაცარქექიამ გაითავისა ჭეშმარიტება, რომ „არის დრო ქვათა შეგროვებისა და არის დრო შენებისა“, რომ საჭიროა „დროის შესაფერისი საქმე ვიცოდეთ“, რომ „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“. ქართველის ამპარტავნული ბუნება თითქოს თაკილობს ნაცარქექიობას, ხშირად მას სალანძღავ სიტყვადაც იყენებენ ჩვენში, ამჯობინებს რაინდობას,სახელოვან სიკვდილს, მაგრამ ხალხური სიბრძნე გვეუბნება, რომ სწორედ ნაცარქექიობაა ჩვენი მხსნელი გამუდმებული ისტორიული ქარტეხილების გამო. თუმცა  ეროვნული სულისა  და ეროვნული ღირებულებების შესანარჩუნებლად ყოველთვის ვცდილობდით  ნაცარქექიობისა და რაინდობის ბალანსირებას. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები