ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 აგვისტო, 2019


მამაჩემი, ბაბუაჩემი და მე

მამაჩემი - თამაზ რურუა კაცური კაცის, ქალაქ ფოთის კოლორიტის - ოთარ რურუას შვილია. სხვათაშორის, ბაბუაჩემი და მოჭიდავე რომან რურუას ძმა - ვლადიმერი თანაკლასელები იყვნენ.

ბაბუაჩემი - ოთარ რურუა კაცური კაცი იყო, ქალაქ ფოთის კოლორიტი!

ბაბუაჩემი ახალგაზრდობიდან 1998 წლამდე სიგარეტს ეწეოდა. ერთხელ ვთხოვე: ნაფაზი დამარტყმევინე-მეთქი. სიგარეტს გემო გავუსინჯე და ეგრევე დავუბრუნე ღერი უკან. ვუთხარი: ბაბუ, ამას როგორ ეწევი-მეთქი. ბაბუაჩემმა პირობა მომცა, ჩემი თავი დაიფიცა: ,,შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, აწი სიგარეტს აღარ მოვწევო!“ თქვა და სიტყვაც შეასრულა! იმ დღის მერე, ერთი ღერიც აღარ მოუწევია! იმის მერე, ბაბუაჩემმა 17 წელი იცოცხლა!

ჩემი მშობლების გარდა, ჩემს ადამიანად ჩამოყალიბებაში ბაბუაჩემს არანაკლები წვლილი მიუძღვის! ბაბუამ მასწავლა კაცობა და მეც ვისწავლე! ბაბუამ მასწავლა სიკეთის უანგაროდ კეთება და მეც ვისწავლე!

მე დღემდე ჯანსაღი ცხოვრების წესს მივყვები! ჯანსაღ ცხოვრებას არაფერი სჯობს! სიგარეტი - იგივე ნარკოტიკია! ორივე მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის! ადამიანი ისედაც მოკვდება, მაგრამ სიგარეტისა და ნარკოტიკის გარეშე უფრო დიდი შანსია ადამიანმა დიდხანს იცოცხლოს!

კაცი სიტყვას თუ იტყვი და პირობას თუ დადებ რომ სიგარეტს აღარ მოწევ და ნარკოტიკს აღარ გაეკარები, ის სიტყვა და პირობა უნდა შეასრულო, როგორც ბაბუაჩემმა შეასრულა მისი სიტყვა და ფიცი!

პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს ნათქვამი:

,,კაცი იყავ კაცური და იქ ილოცე, სადაც გინდა“.

დავუბრუნდეთ ისევ მამაჩემს, მამაჩემი სტუდენტობის პერიოდში, კომუნისტური მმართველობის დროს ლექსებს წერდა. მის პოეზიაში ძირითადად პატრიოტულ თემატიკას ეკავა ერთ-ერთი პირველი ადგილი. მის ლექსებში ტერენტი გრანელის გავლენა იგრძნობა, რაც ჩემის აზრით ცუდი არ არის. გთავაზობთ მამაჩემის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც მან 1977 წელს დაწერა. ლექსს ჰქვია „მწუხარების საათი“:

„ირგვლივ სიჩუმე და დუმილია,
სადღაც შორს ისმის მწარე გოდება,
გულში ჩამესმის ხმა იდუმალი,
ეს სიზმარია თუ მოგონება.

ვით საპნის ბუშტი ისე გაქრება,
ეს უდარდელი, ლაღი ცხოვრება,
ოხრად დარჩება ეგ ყველაფერი,
დროსტარება და სიამოვნება.

ამევსო გული დარდით, ნაღველით,
სიცოცხლე ისევ ოდნავ ანთია,
მსურს ვიარსებო იმ სიხარულით,
ჩემს საქართველოს გარს რომ არტყია“.

..................................................................................................................................................................................................

ბლიცინტერვიუ საკუთარ თავთან

ბავშვობაში მინდოდა...

ბავშვობაში მინდოდა ფეხბურთელი გამოვსულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ეს სურვილი არ ამისრულდა.

ვოცნებობ...

ვოცნებობ საყოველთაო მშვიდობაზე. მინდა, რომ დედამიწაზე მშვიდობა სუფევდეს.

პოეზია არის...

პოეზია ხელოვნებაა, რომელიც სიკეთესა და სიყვარულს ემსახურება.

წიგნი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...

კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“.

მენატრება...

დედაჩემი მენატრება პირველ რიგში.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

დედაჩემის გარდაცვალებამ შემცვალა, ოღონდ არა უარესობისკენ, ცოტა გულჩათხრობილი გავხდი.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

ისევ ქრისტეს გზას ავირჩევდი, ქრისტე ჩემი უფალია.

ოთარ რურუა

...........................................................................................................................



პოეზიარის (თემო ჭახნაკიას) ბლიც-ინტერვიუ ოთარ რურუასთან

დავიბადე — 1987 წლის 11 ივლისს ქალაქ ფოთში.

გახლავართ — ლიტერატორი, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფიციალურ საბუთში მიწერია ,,ლიტერატორი“.

ვცხოვრობ — ამჟამად ფოთში.

ვწერ — ლექსებს, 2005 წლიდან. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ მოახდინა.

მიყვარს — კეთილი და განათლებული ხალხი.

ვეჭვიანობ — ეჭვიანი არ ვარ, ვფიქრობ, ეჭვიანობა უკურნებელი სენია.

ვპატიობ — ღალატის და დედის გინების გარდა ყველაფერს ვპატიობ ადამიანს.

ვგრძნობ — მოყვასთა მხარდაჭერას, გულშემატკივრობას.

მეშინია — ღალატის.

არ შემიძლია — უმადურობის ატანა.

გული მიჩუყდება — გულწრფელი ადამიანების ცრემლებზე.

ვკითხულობ — ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიმიწვდება. ძირითადად ვკითხულობ პოეზიას და პროზას.

ვეძებ — ისეთ მანდილოსანს, რომელიც თან ექიმი იქნება და თან ნაციონალური ცეკვების შემსრულებელიც. :)

ვბრაზდები — უპასუხისმგებლობაზე, უყურადღებობაზე.

ვიმახსოვრებ — ადამიანების სიკეთეს.

ვიცინი — ჯანსაღ იუმორზე.

ვინახავ — წიგნებს.

მწამს — სიყვარულის.

მსიამოვნებს — კარგ ადამიანებთან ურთიერთობა.

ვივიწყებ — წყენას.

მესიზმრება — დედაჩემი.

ვეხმარები — გულწრფელ ადამიანებს, როცა დახმარება შემიძლია, უარს არავის ვეუბნები თხოვნაზე.

ვუსმენ — გემოვნებიან მუსიკას, როგორც ქართულს, ასევე უცხოურს.

ჰობი — ჩემი ჰობია ჭადრაკი.

ვნანობ — საბედნიეროდ არაფერს ვნანობ.

მანაღვლებს — ჩემი ერის ბედი.

მენატრება — დედაჩემი მენატრება უპირველეს ყოვლისა.

სამშობლო — ჩემთვის არის სვეტიცხოველი, გელათი, ვარძია, ბაგრატი, იყალთო, გრემი. სამშობლო ჩემთვის სალოცავი ტაძარია.

რჩევა ავტორებს — ავტორებს ვურჩევ, რომ ყოველთვის გულწრფელად წერონ იმ თემებზე, რომლებსაც არასოდეს გაუვა ყავლი. როდესაც სხვის სიტყვებს გაიმეორებენ ლექსებში, აუცილებლად ჩასვან ბრჭყალებში, რომ მერე პლაგიატობაში არ დაადანაშაულონ.

პოეზიარი — მამულიშვილურ საქმეს აკეთებს, როგორც ძველი თაობის ავტორების, ასევე ახალი ავტორების წარმოჩენით.

ერთი ლექსი —

ჩემი სამშობლო

ჩემი სამშობლო სულ სხვაა მაინც,
აქებს მარაბდელს, მცხეთელს, ასპინძელს,
ფალიაშვილი აქ წერდა ,,დაისს“,
ვაჟა აქ თხზავდა ,,სტუმარ-მასპინძელს“.

ჩემი სამშობლო სულ სხვაა მაინც,
პეშვით შემისვამს წყალი რიონის,
აქ წინაპრების საფლავი არის,
აქ განისვენებს გალაკტიონი.

ვერ შეგვაშინებს მტერი ვერანი
აღმაშენებლის ჯიშის ქართველებს,
ვართ პატრონები ტატოს ,,მერანის“,
ჩვენს დაჭრილ გულებს დრო გაამრთელებს.

მწამს: მოვუყვებით შვილებს გმირებზე,
დავზრდით თევდორედ, ცოტნედ, საჩინოდ,
რომ კვლავ შევიდგათ უღელი მხრებზე
და მომავალი გადავარჩინოთ.

ო. რურუა

პატივისცემით, პოეზიარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები