ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2020


"მზიურთან" ნუშმა კვირტი გაშალა

"მზიურთან" ნუშმა კვირტი გაშალა,
შენ რომ გიჟდები, ის დროა, ნინო.
აიღე ქოლგა, პლაში, თავშალი -
ჭავჭავაძეზე გავისეირნოთ.

როგორ უხდება წვიმა შენს თვალებს,
მათში არეკლილ ცისარტყელებით.
და ისევ თუ არ იწვიმებს ხვალე,
უბეს მოვურღვევ ღრუბელს ხელებით.

"მზიურთან" ნუშის კვირტმა იფეთქა,
სიცოცხლის სუნი დადგა ვაკეში
და ისეთი რამ მომინდა მეთქვა,
მომხვეოდი და აღარ გაგეშვი.

მაგრამ გავჩუმდი, რადგან ასფ-ალტზე
წვიმას უკრავდა მარტი - სოლისტი.
თან შენც ფიქრობდი უკვე წასვლაზე,
არადა, იქვე, ჩვენი სკოლის წინ

"მზიურთან" ნუში გადაშლილიყო
(აპრილი ასე მოდის წლებია)
და ცოცხლდებიან ამ დროს ილიკო,
ილარიონი, ოლღა ბებია.

მიდი, აიღე ქოლგა, თავშალი,
ჭავჭავაძეზე გავისეირნოთ.
"მზიურთან" ნუშმა კვირტი გაშალა,
შენს გულს რომ უყვარს, ის დროა, ნინო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები