ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
1 სექტემბერი, 2022


ზღვარი 25

ოცდამეოთხე თავი

- ძალიან მინდა შვილი, პატარა გოგო, კიკინებიანი, - უთხრა ერთ საღამოს ევიმ დამიანეს.
- მართლა? - გაოცება ვერ დამალა კაცმა.
  ევიმ უსიტყვოდ დაუკრა თავი და თვალებში ცრემლი ჩაუდგა. დამიანემ ზურგი აქცია, გაიარ-გამოიარა, სიგარეტი გააბოლა. ღრმა ნაფაზი დაარტყა. სიგარეტმა ფორიაქი ვერ წაიყოლა.
- შენ საოცარი ქალი ხარ! - უთხრა და გულში ჩაიხუტა.
  ევიმ იგრძნო, რომ შეიძლება გული ასჩუყებოდა და ტირილი დაეწყო, ამიტომ თავი გაითავისუფლა. ხუმრობა სცადა, თემის შეცვლა უნდოდა, დამიანე კი მხოლოდ ევის სიტყვებზე ფიქრობდა.
- რატომ გოგო? - ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
- იმიტომ რომ ქალები ბიჭებს საკუთარი თავისთვის აჩენენ, გოგო კი მამის საჩუქარია. მამის იმედია, სულ სხვა სითბოა, - დამიანემ კიდევ ერთხელ აქცია ზურგი ევის, ცრემლის დამალვა სცადა, მერე ხელი ჩაიქნია, ერთი ამის დედაცო, ევის წელზე ხელები მოხვია, ხელში აიყვანა და ჰაერში დაატრიალა, მერე დიდხანს ჰქონდა ჩარგული თავი მის თმაში და ტიროდა. ევი კი თავზე ხელს უსვამდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
- რას დაარქმევდი? - ჰკითხა ცოტა რომ დამშვიდდა.
  ბავშვობის შემდეგ აღარ ეტირა დამიანეს, მაგრამ ახლა უხერხულობას არ გრძნობდა.
- თაიას! - უთხრა ევიმ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ.
  მერე ისხდნენ სველ მიწაზე, წინ, მდინარის კალაპოტი ზამთრის თქეშს მიერეკებოდა. ციოდა, ევის დამიანეს მკლავზე ჩამოედო თავი და აღელვებულ, ჩაშავებულ მდინარეს გაჰყურებდა. ხმას არც ერთი იღებდა, ორივე თაიაზე ფიქრობდა:
  აი, ევი ორსულადაა, სახეზე ჭორფლმა ამოაყარა, შესიებია ფეხები და სიარული უჭირს, ჭრელი კაბა აცვია, პატარა ყვავილებით მოჩითული. სასაცილოდ დადის და დამიანეს ახარებს მისი ყურება. მერე პატარა გოგო იბადება, ევი ფიქრობს, რომ მამასავით სევდიანი თვალები აქვს. დამიანეს უნდა, რომ ევის ჰგავდეს, მასავით მამაცი და ლამაზი იქნება, ფიქრობს კაცი. ხედავს კიდევაც სულ ერთი ციცქნა, როგორ გაჭირვებით იმაგრებს თავს ცხენის უნაგირზე, უზანგებს ფეხს ვერ აწვდენს, მაგრამ მაინც არ უშინდება, ცხოველს ფაფარში ავლებს პაწია ხელებს და თავაწყვეტილად მიაჭენებს.
  თაია სკოლაში მიდის. დამიანეს ჰგონია, რომ მისი გოგო ყველაზე ლამაზია და ახლა მსოფლიოში ყველა ბიჭზე ეჭვიანობს. შიშობს, არავინ ზედმეტი სიტყვა არ უთხრას მის შვილს. იმუქრება, მიწასთან გავასწორებო კაცობრიობას. ეღიმება საკუთარ ნაფიქრზე, რა უცნაური ყოფილაო გოგოს მამობა. დგას დამიანე და შვილს ზღაპრებს უკითხავს. ვერ ამოარჩია რა წაეკითხა, გუნება გაუფუჭდა, უნდა დავწეროო მისთვის მსოფლიოში ყველაზე კეთილი და ფერადი ზღაპრები, გადაწყვიტა. თითქოს ხედავს: თაიას ჩალისფერი თმა აქვს, სქელი და მბზინავი დედასავით, წელამდე სწვდება ნაწნავები, მოკლე კაბები აცვია, მაქმანებიანი საცვლები უჩანს. მამას მუხლებზე უყვარს ჯდომა, დამიანე გრძნობს კიდევაც მისი სხეულის სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას.
  ზაფხულია, მწვანედ ახავერდებულ მიწაზე გულაღმა წევს დამიანე, მის გვერდით მოკალთებულა თაიაც. დამიანე ცას შეჰყურებს, გზაარეული ღრუბლები აქეთ-იქით დასეირნობენ.
- მამიკო, ნახე ჩაძინებული ღრუბელი, - თითს მთებს შორის ჩამალულ პატარა ღრუბლისკენ იშვერს ბავშვი.
  გაოცებული დამიანე შვილს თვალებში ჩაჰყურებს.
- ღრუბლები შორი გზიდან მოდიოდნენ. ის პატარა, პუტკუნა ღრუბელი ძალიან დაიღალა, ფეხები ეტკინა, ახალი ფეხსაცმელი არ აქვს და ძველები უკვე უჭერს, თითები სტკივა. ღრუბელი ცაზე ჩამოჯდა და დასვენება გადაწყვიტა. მერე დაღლილმა თავი მიდო მკლავზე და ჩაეძინა. ახლა ესიზმრება, რომ დედიკომ საწოლთან თეთრი აბრეშუმის პუანტები დაულაგა. მერე თითქოს ფეხებს ჩაჰყობს პუანტებში, წვივებზე ლამაზად შემოიხვევს ლენტებს, დგას და ცეკვევს, ცეკვავს დაუსრულებლად...
  დამიანე წამოჯდება, შვილს ხელში აიტაცებს და პატარა ცხვირზე ჰკოცნის. მან უკვე იცის, რომ დამიანეს სისხლმა იყივლა. უკვე იცის, რომ ამის შემდეგ თაიას მოსვენება დაეკარგება, ყველა ნივთი იმოძრავებს. ყველა ბალახი საკუთარ ამბავს გაანდობს. ახლა უკვე იცის, რომ როცა ღამე არეული ნაბიჯით ოთახებში იბორიალებს, ბნელ კუთხეში ქალიშვილს გადააწყდება, მერე დასხდებიან გვერდიგვერდ და დიდხანს ისაუბრებენ უსიტყვოდ...
  კიდევ ბევრ რამეს ფიქრობს დამიანე, ფიქრობს ევიც. დამიანე ხედავს და უყვარს პატარა თაია. ევის კი სტკივა ჯერ არდაბადებული გოგონას არსებობა, გული სწყდება, რომ დამიანეს გახარებას ვერ შესძლებს. გული სწყდება, რომ თაიას, რომელიც ამის შემდეგ სულ იარსებებს, გაიზრდება, სკოლაში მივა, შეყვარებული ეყოლება, სახლში მისვლას დააგვიანებს, არასოდეს მიეცემა დამიანეს გაცნობის საშუალება.
  სხედან შეციებული მდინარის სანაპიროზე დამიანე და ევი, სხედან და ფიქრობენ სამყაროზე, რომელიც ადამიანებით თამაშობს, რომელიც თითქოს გვაჯერებს, რომ რაღაცას წარმოვადგენთ, რომ თავად ვწყვეტთ როგორ ვიცხოვროთ, გვაჯერებს და მერე გულიანად იცინის, რადგან ჩვენი მცდელობა, ვმართოთ საკუთარი ცხოვრება, ყოველთვის კრახით სრულდება.
- წამოდი, სადმე წავიდეთ, აქედან რაც შეიძლება შორს, - უთხრა მოულოდნელად დამიანემ.
- ჩვენ ხომ უკვე გვაქვს საკუთარი პლანეტა?! - სევდიანად უპასუხა ქალმა.
- არა, მე ახლა პარალელურ სამყაროზე არ გეუბნები. მართლა გეუბნები. ჩვენი ამბავი სულაც არავის ადარდებს, სინამდვილეში, ეს უბრალოდ შემდეგ ახალ ამბამდე განსახილველი თემა იქნება და მეტი არაფერი.
  ევი ერთ ხანს სდუმდა, დამიანეს თავი უკან გადაეწია და თვალები დაეხუჭა, თითქოს გზას ეძებდა, ამ სამყაროსაგან გასაქცევს.
- ეჰ, დამიანე, ნეტა ასე მარტივი იყოს...
- სინამდვილეში ჩვენ ვართულებთ ყველაფერს, ხალხისთვის ამას სულაც არ აქვს მნიშვნელობა. ერთხანს ისაუბრებენ და მერე დაივიწყებენ, როგორც გუშინდელ გაზეთს.
- ხალხი არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი.
- აბა? აბა რა გიშლის ხელს? ვიცი, რომ ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ როგორ ფიქრობ ცხოვრებამ რისთვის შეგვახვედრა? ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი ბედნიერებისათვის, რამე მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ გული არ გამისკდეს, რომ საკუთარი თავი არ შემძულდეს.
  ცოტა ხანს ორივე ჩუმად იყო, მერე ევიმ უთხრა:
- შენ ცოლი გყავს, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ცოლი. და კიდევ ორი შვილი. ჩვენ წავალთ, მაგრამ შენ მათ არსებობას ვერ დაივიწყებ და არც უნდა დაივიწყო. მე ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისათვის, მაგრამ ძალიან მალე სევდას იგრძნობ. საკუთარ თავს დაადანაშაულებ. მოსვენებას დაკარგავ და მე არ მომასვენებას შენს თვალებში გაჩენილი დარდი... ამას ვერ გავაკეთებ - ასე ვერც შენ მოგექცევი და ვერც საკუთარ თავს.
- ნუ ხარ ყოველთვის ასეთი ძალიან მართალი, ნუ! ხანდახან მაინც დაივიწყე ყველაფერი და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრე.
- მე რომ ახლა შენ გვერდით ვზივარ, ეს უკვე არის ყველას და ყველაფრის დავიწყება, მათ შორის საკუთარი თავისაც. ვიცი, მოვა დრო და გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს კონტროლს დავუწესებ, მაგრამ ამ დღეებს არ ვინანებ, რადგან ის, რასაც შენ მიმართ ვგრძნობ, ყველაზე მშვენიერი რამაა სამყაროში. ასე მგონია, რომ საკუთარი ცხოვრების, საკუთარი დაბადების გამართლება ვიპოვნე.
  ბინდი თეატრის ფარდასავით დაეშვა და ახლა, ზამთრის ცაზე სუსტად განათებული მთვარე ირეკლებოდა წყალში.
- ასე მგონია, რომ ეკა ვერაფერს გრძნობს, საერთოდ ვერ აცნობიერებს საფრთხეს. ეს რომ იცოდეს...  ღმერთო ჩემო, ხანდახან ამ ტყუილის გამო საკუთარი თავი მძულს, - სვენებ-სვენებით, დაბალი ხმით თქვა დამიანემ და სიგარეტს მოუკიდა.
- შენ ძალიან შეიცვალე.
- კი, ძალიან შევიცვალე.
- არ მჯერა, ამ ცვლილებებს ეკა ვერ ამჩნევდეს.
- ვითომ?
- მესამეს არსებობას ყოველთვის გრძნობს ქალი. ყველა ქალი ხვდება ამას, უბრალოდ, ზოგი აღიარებს, რომ ცუდადაა საქმე, ზოგი - ძალით ხუჭავს თვალებს, რათა არ დაინახოს სინამდვილე.
- რატომ ჩუმდებიან ქალები, როცა იციან, რომ მის ქმარს სხვა უყვარს? - იკითხა ცოტა ხნის შემდეგ დამიანემ.
- მესამე არასდროს ანგრევს ურთიერთობას, მესამე მაშინ ჩნდება, როცა ორს შორის ყველაფერი ძალიან ცუდადაა. სხვა ქალის არსებობა რომ აღიარონ, მაშინ ისიც უნდა აღიარონ, რატომ გაჩნდა სხვა ქალის საჭიროება.
- ჰო, - თქვა დამიანემ და კიდევ ერთი ღერი გააბოლა.
- ჩააქრე რა ეს სიგარეტი, როგორ შეგიძლია ასე ინადგურებდე საკუთარ თავს?! - გაბრაზდა ევი და ხელით მოიშორა კვამლი.
  დამიანეს ევის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, საკუთარ თავს უსმენსო თითქოს, მერე თქვა:
- ეკა ძალიან ერთგულია ოჯახის მიმართ, მან ბევრი რამე გააკეთა, ბევრ ცუდ დროს გაუძლო.
ევის გაეღიმა:
- მესმის, და ახლა ფიქრობს, რომ მან ყველაფერი გააკეთა შენთვის და შენ არ გაქვს უფლება, რომ ის მიატოვო. ის ელოდება როდის დაგღლის ეს თამაში და ისევ მას მიუბრუნდები. ურჩევნია, საკუთარ თავს ატყუებდეს.
- ეს ყველაფერი უკვე მკლავს. მინდა, რომ ყველაფერი ვუთხრა.
- არც იფიქრო.
- ამის დრო ვიცი, მაინც მოვა, დღეს თუ ხვალ, მე მას სიმართლეს ვეტყვი.
- რა არის სიმართლე?
- არ ვიცი რას, მაგრამ მინდა, რომ ვთქვა და ასე მგონია, რომ დავმსუბუქდები, რომ ორივესთვის ასე აჯობებს.
- არა! - ისევ გადაჭრით თქვა ევიმ, - ეკა არ წავა. არ გაგშორდება. ის შენზე მოკედლებულია და ვერ წარმოუდგენია, არ იცის, როგორ იცხოვრებს უშენოდ. გაგიბრაზდება, გაგებუტება, მაგრამ მაინც გაპატიებს. გაპატიებს, მაგრამ არ დაივიწყებს და ეს ამბავი სულ იქნება თქვენ შორს, რა საჭიროა კიდევ მეტი ტკივილი მიაყენო? ჩვენ ბავშვები არ ვართ, ჩვენ უკვე ზრდასრულები ვართ და ვიცით, რომ ჩვენი ამბავი უნდა დასრულდეს, რომელიმე ჩვენგანს უნდა გვეყოს გამბედაობა და შეჩერდეს. ასე სჯობია.
- ასე ვისთვისაა უკეთესი?
- ალბათ, ყველასთვის.
- ყველასთვის, მაგრამ არა ჩვენთვის! -დამიანემ მხარზე მოხვია ხელი, მკერდზე მიიკრა ქალი, თავზე აკოცა და ჩურჩულით უთხრა: იმხელაა შენი სიყვარული, როცა მიდიხარ დედამიწა ცარიელდება, სიმარტოვე ნისლივით მედება თვალებში და სიარული მიჭირს. მინდა, ხმა მოგაწვდინო და გაგაგებინო როგორ მტკივა უშენობით დანამცეცებული სხეული, მაგრამ სიტყვები სუსტია. ისინი ვერ უძლებენ ჩემი დარდის სიმძიმეს და იჩოქებიან. დრო მომეცი, მე ახალ სიტყვებს გამო ვიგონებ, მე ახალ ენას შევქმნი შენთვის... შენი სითბო ხელისგულებზე მაქვს დაპნეული, ღამღამობით ჩამოვჯდები ხოლმე სიზმრების ნოხზე და ზამთრის ბეღურასავით ვკენკავ. ჩვენი ამბები არც საზღვრებს სცნობს და არც წეს-კანონებს, რადგან ეს გრძნობა ამ მიწის არაა, ზეცამდე სწვდება - ახლა ამ წუთას, უზენაესად მიყვარხარ. უკიდეგანოა შენი სურვილი... შენ, ჩემი ნაწილი ხარ, ჩემი სულისა და ხორცის ნაწილი...
- მაპატიე! - თქვა მცირე ყოყმანის შემდეგ ევიმ და თვალი აარიდა კაცს.
- რა გაპატიო? - დაეჭვებით იკითხა დამიანემ.
- თუ შეგიძლია, მაპატიე შენი ნახევრობა, ეს უშეღავათო სიყვარული მაპატიე, ჩემო...
  ისევ დუმილი ჩამოდგა. ახლა უფრო ტანსრული და ძლევამოსილი. მძიმე სხეულით დააწვა გულზე კაცს და ისე ატკინა მკერდი, ამოიგმინა.
- ისე რა იქნებოდა მართლა ადრე შევხვედროდით ერთმანეთს? - შეეკითხა დამიანე, სანამ მანქანაში ჩასხდებოდნენ.
- ახლა, ალბათ, შენი ცოლი ვიქნებოდი, - უთხრა ევიმ და მანქანა დაქოქა.
- შენ ახლაც ჩემი ცოლი ხარ და ეს არ დაგავიწყდეს, იცოდე! - უთხრა დამიანემ და თითი დაუქნია. ორივეს გაეცინა.
  მანამდე კი, რამდენიმე თვით ადრე, ევიმ და დამიანემ იქორწინეს.  ევი სამზარეულოს მაგიდასთან იდგა და კარტოფილს თლიდა. თან მხრით შეემაგრებინა ტელეფონი და დამიანეს ესაუბრებოდა. იმ დღეს მანქანა გაუფუჭდა დამიანეს და ხელოსანთან იყო. მანქანის ნაწილთან დაკავშირებით რაღაცას უყვებოდა ევის და უცბად შეეკითხა:
- ცოლად გამომყვები?
- კი, - ისე უპასუხა ევიმ, რომ არც დაფიქრებულა.
  მერე რამდენიმე წამიანი დუმილი ჩამოწვა, ევი იმაზე ფიქრობდა, არ მეგონა ამ გადაწყვეტილების მიღება თუ ასე მარტივად შემეძლო, არც კი დავფიქრებულვარო. დამიანე კი იმაზე, რამდენ რამეს შევცვლიდი ცხოვრებაში, ეს კითხვა რომ წლების წინ დამესვაო სწორად ამ ქალისათვის.
  იმ ღამეს ევი გახდა სხვისი ქმრის ცოლი, დამიანე იწვა თავის ლამაზ ცოლთან და მათ ჰქონდათ პირველი ღამე, ასე შორიდან, ასე ხელუხლები და ასე ხელშესახები. ისინი გრძნობდნენ ერთმანეთის შიშნარევ, სურვილჩამწყვდეულ ხელებს, გრძნობდნენ ათრთოლებულ ტუჩებს, ვნებისაგან დახორკლილ კანს და მაშინ, როცა სხვადასხვა საწოლში იწვნენ, ბედნიერებისაგან ღიმილს ვერ მალავდნენ, რადგან არასდროს არავინ ყოფილა ასე ახლოს.
  ფიქრი, ეპოვნათ გზა, უაზრობა იყო, ამიტომ შეწყვიტეს ძიება და მიენდვნენ ტალღებს. ევიმ იცოდა, ზღვა ერთ ხანს დაარწევდა თავის გასაოცარ სხეულზე და მერე წაიღებდა წყალი, წაიღებდა და დაძირავდა, მაგრამ არ შეეძლო, არ შეეძლო სხვაგვარად მოქცევა. რადგან, ამ თავდავიწყებისათვის სიკვდილიც ღირდა.  მიენდო დროს. დრო კი არ იცოდა რას ჰპირდებოდა და ფიქრობდა ადამიანის ყოფის უსაზღვრო შესაძლებლობებზე, ფიქრობდა უშეღავათო სიყვარულსა და სურვილზე, რომელსაც შეეძლო სამყაროს კარის გაღება და სხვა სამყაროში გადასვლა. ფიქრობდა, ამ სხვა სამყაროს შესაძლებლობებზე... არა! არ შეიძლებოდა სხვაგვარად. არა! სამყაროს არ ჰქონდა უფლება ასე მოჰქცეოდა მათ, სამყარო ვალდებული იყო მათთვის სხვა რეალობა შეეთავზებინა. 
  და მათ დაიწყეს სხვა ცხოვრება, სხვა პლანეტაზე.  ევი გათხოვდა და ყველაზე ბედნიერი იყო სამყაროში ეს ქორწინება. და დილაობით, როცა ევი იჯდა ფანრჯის რაფაზე და გიტარას უკრავდა მისთვის, დამიანე იწვა და შეჰყურებდა თვალებში, ხვდებოდა, რომ ქალს ჰქონდა ყველაზე ღრმა თვალები, მას ჰქონდა ყველაზე თბილი ღიმილი და ის საუკეთესო იყო ცხოვრებაში. უყვარდა სიგიჟემდე, უყვარდა ყველასა და ყველაფერზე მეტად და აკვირვებდა ეს სიყვარული, რადგან არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე: რატომ?!
  სულ უფრო მეტი ხდებოდნენ ერთმანეთისთვის. უფრო მეტი ვიდრე ვნება იყო, კიდევ უფრო მეტი, ვიდრე სიყვარული, მეგობრობაზეც მეტი. და მათ გულწრფელად სჯეროდათ, რომ დედამიწაზე სხვა არავის შეეძლო ისეთი ძლიერი სიყვარული, რომ ასე ძლიერ, არავის, არასდროს ჰყვარებია.
  ასე გახდა ევი ცოლი და მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება სულ სხვაგავარად წარმოედგინა, მათ მაინც შექმნეს ზღაპრული ოჯახი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები