ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2022


დედას- მარიამობას

გახსოვს, დედა, როგორ გეშინოდა
ომის, შიმშილის და ბნელი ღამის?
თხილის ნაჭუჭს როგორ ვუზოგავდით
ღუმელს,  როგორ ჩატყდა აივანი.
სანთლის ნამწვებს როგორ  აგროვებდი
და ბნელ ჯიხურს, შენი ცრემლით  დამზრალს
როგორ  შერჩა  მხრებზე, როგორც პლედი-
თეთრი სიხარულის გადარაზვა.
ჯიხურს ვამბობ, თორემ ერთი მომცრო
ქოხი შეკრა მაშინ მამაჩემმა,
ზედ გზისპირზე  იდგა,  მეციხოვნედ,
ავი ჟამისაგან გადამრჩენად.
ტყვიაც მოხვედრია, ტანკის გრუხუნს
მინაც  დაუბზარავს, ჩაულეწავს.
როცა ჩვენ გვეძინა, მის სიღრმეში
იმედს ჩუმად ქსოვდი.  იმ ერთ მერცხლად
სწორედ  შენ გვყავდი და ფრთხილ გაზაფხულს 
მოსვლა რომ არ სურდა, შენ  მოგყავდა.
იდექ კედელს უხმოდ მიყრდნობილი,
ცრემლის  ბილიკებით ცივ  ლოყაზე...
ახლა აღარა ხარ. არ გადარდებს
ძლიერ დამქანცველი ფაციფუცი.
დღემდე  ვერ ვიშორებ უცნობ ლანდებს.
ვერც  შენს ხმაჩაწეულ განცდებს ვუძლებ.
მარიამობისთვის სარეველებს,
შენი  საფლავიდან  გავცლი  თივად.
თუ ჩემს სიახლოვეს  გაიელვებ
სუნით- ვაშლის მდნარი  კარამელის.
ფერით- გაცრეცილი,  თხელი თითბრის,
გეტყვი, როგორ მიჭირს უდედობა,
როგორ უსაშველოდ  მყვარებიხარ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები