ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
24 მარტი, 2011


გარიგება

                                           

პატარა ქალაქის ხმაურიანი ბაზრის შესასვლელთან ჩია მხატვარი თავის ნახატებს სდარაჯობს...
დღეს ერთი მაინც თუ გაყიდა – ფუნჯებს შეიძენს, ზეთის საღებავს და დახატავს წუხანდელ სიზმარს...
ზმანებით მასთან სტუმრად იყვნენ რენესანსის დროინდელი მხატვრები, ჰოლანდიური სკოლის უდიდესი შემოქმედები, იმპრესიონისტები, რუსი მარინისტები და სხვანი და სხვანი – სათითაოდ ართმევდნენ ხელს და 
ულოცავდნენ მათ დასში მოხვედრას. თავს დაფნის გვირგვინი უმშვენებდა...
  სწორედაც რომ აღწერის ღირსი სიუჟეტია – ეს სიზმარი მას - დიდების აცხადებაში  დაეხმარება –
დღეს ერთი მაინც თუ გაიყიდა...
„– რა დამიჯდება ეს ნახატი?“– კაცის ხმა ესმის.
მელოტი, მსუქანი მედუქნეა – სამ სართულად დაუთვალა ღაბაბი.
მის მზერას თვალს აყოლებს და ხედავს – მედუქნე მის ერთ–ერთ ყველაზე დიდ
ნატურმორტს არ აცილებს თვალს. მართლაც რომ კარგი გამოუვიდა: მწიფე ატმები, ვაშლები,
დახეთქილი ბროწეულები, ნესვი, საზამთრო, მრავალფეროვნებისთვის ტროპიკული ხილის
რამოდენიმე სახეობაც ჩასვა კალათში (ნუ დავუკარგავთ დამსახურებას და ამ მხრივ ქართველ
მენატურმორტეთა შორის ნამდვილად ნოვატორია)  აქა – იქ ქარვისფერი ყურძნის მტევნებიც
მოსჩანს,– პირდაპირ ნამდვილი გეგონება. მადისაღმძვრელი ნახატია  და მედუქნესაც აღუძრა მადა.
წაიღებს, დაკიდებს თავის დუქანში, მომსვლელებს პირზე ნერწყვს დაუყენებს, ცდუნებას ვეღარ
გაუძლებენ და საქმე წინ–წინ წაუვა. ნელ–ნელა ღაბაბის მეოთხე სართულს გაიჩენს.
„ასეა, ბიძია – ყველაფერი შენი საქმის სამსახურში უნდა ჩააყენო“ – ფიქრობს მედუქნე.
„–ჰა, რას აფასებ?“ – ხმამ მეტი სიმტკიცე მიიღო.
–„ხუთასი ცრემლი“
–„ხუთასი ცრეეემლიიი???“
–„კი, ჩემო ბატონო“
–„რა ამბავია, ოქროსია თუ?!“
ეწყინა მხატვარს. მედუქნე მიდის.
„ რა გესმის შენ? რა იცი შენ?! „ – თვალს ავლებს თავის ნამუშევარს –  „ როგორ ოსტატურად
დამიხატავს აქ ეს ვაშლები, პირდაპირ ჩაკბეჩა მოგინდება ან ეს საზამთრო – შუა აზიურს თუ
ჩამოუვარდებოდეს,თქვან და ფუნჯის ამღები აღარ ვარ ხელში. შენ კი არა, მწერების მოგერიებას
ვერ ავუდივარ აქ მე – როგორც ნამდვილს –  ისე ეტანებიან“ – ფიქრით უწყრებოდა გამვლელს.
თავის მხრივ მედუქნე ვერ ფარავდა უკმაყოფილებას. შეშფოთებული საქმოსნის იერით მიარღვევდა ხალხის ტალღას:
„ გადამრევს ეს ხალხი, ხელის განძრევა არ უნდათ. დაჯღაბნიან რაღაცას და ამასაც საქმეს
ეძახიან – თან გამდიდრებაც არ მოუნდათ?! ხუთასი ცრემლიო, გავგიჟდი კაცი!!! არადა, კარგად
მოუხდებოდა ჩემს დუქანს... მაინც ვიყიდი – ჩემს ფასს შევაძლევ და დავითანხმებ!!! „ – ერთიანად
შემობრუნდა და  ჩამწკრივებული ნახატების რიგს აუყვა ისევ.
მედუქნის დანახვაზე მხატვარს გულში ეცინება – მაინც ვერ წაუვიდა მის ნიჭს და ტალანტს და მაინც მოდის.
–„ არა, ცუდი ნახატი არ არის ნამდვილად, მეტსაც გეტყვი აგერ – ეს ატამი მშვენივრად გამოგსვლია.“
მხატვარი ცოფდება. არ იმჩნევს. ჩუმად ზის.
–„ მაგრამ, ერთი ატამის გულისთვის ხუთასი ცრემლი როგორ გავიმეტო?!“– პირველი ნაბიჯი გადადგმულია.
–„ მერე, შედი ეგერ ბაზარში  და ორ ცრემლად ათი ნამდვილი მოგივა“– არც შუხედავს ისე გამოსცრა მხატვარმა.
ასეთ სიმტკიცეს მედუქნე ალბათ არ მოელოდა, მაგრამ რაკიღა გადაწყვიტა – არ მოეშვება.
– „ ორას ცრემლს მოგცემ და დამითმე!“
–„ რამდენს მოგცემოოო???“
–„ორასს“– ხმას ჩაუწვრილა მედუქნემ.
მხატვარს რომ ამ დროს ხმები აღმოხდა, იმის აღწერას ჩემნაირი გამოუცდელი მწერალი სიტყვით ვერ შეძლებს.
– „ორასი ცრემლი მარტო ჩარჩო ღირს, იცი შენ მაგი?! ამდენი შრომა ჩამიდია, ამდენი ოფლი დამიღვრია –
ერთი ამ მტევნებს შეხედე –ნამდვილისაგან თუ გაარჩევ!!! ამ ბროწეულებს რას უწუნებ?! ვაშლებს უყურებ?!
იქნებ კალათის ფორმა არ მოგწონს?! ხუთააააასიიიი ცრემლიიიი – ფეხს არ მოვუცვლი ამ ფასს, იცოდე!
ამ ერთ ნახატზე იმდენი ხილი მოვათავსე – კი ღირს ეს ფული.“
-“ ორასი ცრემლის დამიტოვე ეგ ხილი მერე, დანარჩენები ამოშალე....“
–„?????????“
მედუქნემ კიდევ რაღაც უთხრა – იყო პასუხიც. ასე კარგა ხანს  იკამათეს...
*  *  *
მეორე დილით მხატვარი ორასი ცრემლით ჯიბეში – ფუნჯებს არჩევდა თავისი შემოქმედების
კულმინაციური ნამუშევრისთვის. გახსენებთ, ის უნდა შეუდგეს იმ დიდებული სიზმრის ტილოზე
გადმოტანას  –  სახელდებული მხატვრების გარემოცვაში, ავტოპორტრეტი უნდა შექმნას დაფნის გვირგვინით...
პატარა ქალაქის დუქნის კედელზე კი საკმაოდ უცნაური ნატურმორტი ჰკიდია: ვაშლები, დახეთქილი
ბროწეულები, ატმებიც, ყურძნის მტევნებიც, ერთი – ორი ტროპიკული ხილიც მოუთავსებიათ
მრავალფეროვნებისთვის. მაგრამ კალათის უკან უცნაურად მოშიშვლებული სივრცეა. პირადად მე ამ
ნახატზე აუცილებლად მივუჩენდი ადგილს საზამთროს და ნესვს, შეიძლებოდა მეტი სისავსისთვის,
ატმებიც დამემატებინა, მსხალიც მაკლია გულს. უცნაური ხალხია ეს მხატვრები – ცოტა მეტად გარჯილიყო
და ვინ იცის მისი ნახატი იქნებ უფრო ძვირადაც გაყიდულიყო!!!



 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები