ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი-კირკიტაძე
ჟანრი: პროზა
26 მაისი, 2011


ყვავილების ნამქერი

გარეთ წვიმდა. სოფლის ეზო ამ დროს ადვილად ატალახდება ხოლმე. წვიმა ზაფხულში საუკეთესოა. ცხელი დღეების შემდეგ მოხრჩობილი მიწა სუნთქვას იწყებს. ალბათ თქვენც ბევრჯერ ჩაგისუნთქავთ მიწის გამაბრუებელი სურნელი. წვიმის დროს მიყვარს წერა და კითხვა. წვიმის დროს ვეტრფი მანდილოსნის მბრწყინავ მკერდს, წვიმის წვეთი, რომ ჩაცურებია მუცლის სიღრმეში. წვიმის დროს მიყვარს მუსიკა. წვიმა ჩემი ტრაგედიაა.

როგორც ვამბობდი ზაფხულის წვიმა გაჩაღებულიყო სოფელ წიწვნარში. აკაკი (პირადობის მოწმობაში დავითი) ფანჯარასთან იჯდა და ეზოს გაჰყურებდა. მის ფანჯრის წინ ძველი მსხლის ხე იყო. ხის ტოტები მესამე სართულს ზემოთ აჭიმულიყო. გემრიელი ნაყოფი ჰქონდა, უბრალოდ გვიან მწიფდებოდა ხოლმე. აქვე ფანჯარასთან რამოდენიმე მეტრის მოშორებით საქონლის ბინა იდგა. აკაკის ფიქრები უცნაურად აშლოდა. უკვე ზაფხულის მესამე თვე იყო ინას სიყვარული უწვავდა გულმუცელს. ვერ უმხელდა, არადა მგონი ინასაც მოსწონდა ან აკაკის ეჩვენებოდა ასე. ხვალ ინა უკვე ქალაქში წავიდოდა, აკაკი კი სოფელში დადიოდა სკოლაში. უკვე მეათე კლასში იყო, ერთი წელიც და ბოლო მოეღებოდა მის წვალებას.

აკაკიმ ძველ რადიოს დაუწყო წვალება და რაღაც არხი მოძებნა. ისმოდა ლამაზი წკრიალა ხმა: "ყვავილების ნამქერიიი... შესევია ლელიააანსს...". აკაკიმ დამწუხრებით ამოიხვნეშა, რადიო სწრაფად გათიშა და გაიფიქრა: "ოხ ჯანდაბა, ყველა ჩემ წინააღმდეგაა. ამინდი, მუსიკა, მანძილი." კი, ცხოვრება ზოგჯერ ლამაზად მწარეა.

ეზოში ბებო გამოჩნდა, რაღაც გადაეფარებინა თავზე და კიბეზე შეძლებისდაგვარად სწრაფად ამოდიოდა. სახიფათო კიბეა, ცოტა დამრეცი. ბებო სახლში შევიდა.

- ტიტუ ტიტუ, წეიღო ყოლიფერი წყალმა ბებია. რაია ეგი აა?.. ბიჭო სულ გადარიე ხო ის გოგო შენ?
- ვინ გოგო ბე?
- ვინ და ანჟელა მერკერი. დემნას გოგო, დამავიწყდა სახელი.
- ინა???
- ხო ხო მაგი. ეგერ გარეთ გელოდება ამ წვიმაში. რა ჯანდაბამ გადარია კიმარა.
- ახლა? ამ წუთას მელოდება?
- ხო გარეთაა მიდი შემეიპატიჟე, მე არ შემომყვა, სირცხვილია ბებია.
- ახლავე.

აკაკის არც საწვიმარი ჩაუცვამს ისე გავარდა გარეთ. წვიმდა კოკისპირულად. ბიჭს მოუსვენრობა ეტაკა. "ნეტა რა უნდა? ვითომ მეტყვის ყველაფერს? ანდა რა უნდა მითხრას, პირიქით მე უნდა ვუთხრა, ხო უნდა ვუთხრა!" ჭიშკართან თავითფეხებამდე სველი ინა იდგა და იღიმოდა. აკაკი მიუახლოვდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა.
- რა მოხდა ინა?
- არაფერი...
- ხომ ხარ კარგად?
- ხვალ მივდივარ.
- ვიცი.
- მერე??
- რა მერე ინა?
- არაფერი დაივიწყე.

გოგონას ცრემლები წასკდა ულამაზესი ნაცრისფერი თვალებიდან და გაიქცა. აკაკიც სირბილითვე მიყვა. ინა გორაკისკენ მიდიოდა. აქ უყვარდათ ხოლმე განმარტოება. გორაკიდან მთელი სოფელი ჩანდა. აკვირდებოდნენ სახლებს, ლაპარაკობდნენ ერთმანეთზე, მოპარულ ვაშლებს ახრამუნებდნენ. მოკლედ ეს მთელ სოფელში საუკეთესო ადგილი იყო.

ინა გორაკზე ავიდა და გაჩერდა. აკაკი ქოშინით დაყუდებულიყო მის უკან. წვიმა ალამაზებდა ბავშვებს.

- ინა...
- გისმენ აკაკი.
- იცი...??
- რა აკაკი?
- მე, მე... ერთი წლის მერე ქალაქში უნდა წამოვიდე სასწავლებლად. ხშირად გნახავ ხოლმე.

გოგონა შემობრუნდა. ღიმილი მოსდებოდა ტუჩებს.

- მომენატრები აკაკი.
- მეც მომენატრები ინა.

წყვილი ერთმანეთს ჩაეხუთა და მგონი არც თვითონ ახსოვთ რამდენ ხანს იყვნენ ასე წვიმაში, მარტოდმარტო გორაკზე, სადაც ჩუმი გრილი სიო აღვივებდა გრძნობას.

ოთხი თვის შემდეგ აკაკი გამოემშვიდობა ბებოს და ქალაქის ავტობუსში შეხტა. ისე გახარებული იყო ისე. ინა უნდა ენახა. "ჩავეხუტები ბევრჯერ და კიდე ჩავეხუტები" - ფიქრობდა თავისთვის. ავტობუსი ხმაურით მიჯაყჯაყებდა, მაგრამ აკაკის ოცნებებს ვერაფერს აკლებდა. წარმოიდგინა როგორ შეხვდება ინას. გოგონას უეჭველად გაუხარდება, კი კი აუცილებლად. მერე წავლენ სადმე პარკში, სეირნობით დაღლილები დაჯდებიან კაფეში, შეჭამენ ნამცხვარს და გაიხსენებენ მოპარულ ვაშლებს. ასე იქნება, აკაკიმ ხომ იცის.

ამ ოთხი თვის მანძილზე აკაკის გოგონასთან კავშირი არ ჰქონია, სულ უბრალო მიზეზის გამო, მისამართი არ იცოდა წერილი, რომ მიეწერა, მაგრამ არაუშავს იცოდა სად სწავლობდა ინა, მიაკითხავდა, დაელოდებოდა და გოგონებთან ერთად გამოიჭერდა.

სამი საათის ჯაყჯაყის შემდეგ ავტობუსი სადგურს მიადგა. აკაკიმ საფასური გადაიხადა და ავტობუსიდან ჩამოვიდა თუ არა მაშინვე გაიკითხა მეცამეტე სკოლის ადგილსამყოფელი. მალევე გაარკვია თუ სად სწავლობდა ინა. ისეთი აღელვებული იყო იმდენი აზრი (ალბათ ფულიც) არ ეყო ტაქსით წასულიყო. გარბოდა და არ იღლებოდა, ან და რა დაღლიდა. გულში ჩაესმოდა ნაზი სიმღერა: "ყვავილების ნამქერიიი... შესევია ლელიააანსს...". ლამაზია მსოფლიო, კი ზოგჯერ ლამაზია.

ბევრი სირბილის შემდეგ გამოჩნა სკოლის შენობა. აკაკიმ შეანელა სვლა და სცადა სული მოეთქვა. სკოლის გვერდით ტროტუარზე, მაღალ რკინის ღობესთან ჩამოჯდა და გაკვეთილის გამოსვლას დაელოდა. გავიდა რამოდენიმე წუთი, დახედა გაცვეთილ ფეხსაცმელს, მერე წინ გაიხედა, სხვას ლამაზი ეცვა. "მერე რა, ჩემი რაღაც სხვანაირია, თან ფერიც რა მაგარი აქ" - თავი ინუგეშა აკაკიმ. ზარი დაირეკა. წამში ბავშვები გამოცვივდნენ გარეთ. აკაკი ფეხზე წამოდგა, დახეული შარვალი შეისწორა და ღობეს მიეყრდნო. მოპირდაპირე მხარეს ნაცრისფერ პიჯაკში გამოწყობილი სიმპატიური ახალგაზრდა იდგა და ვიღაცას ელოდა. ეტყობა დიდი ფულის პატრონი იყო, ორი წუთის წინ სწორედ იმ თეთრი მდიდრული მანქანიდან არ გადმოვიდა? "ჩემი ინა მაგის გოგოს ალბათ ათასჯერ ჯობია" - ვერ ისვენებდა აკაკი. სწორედ ამ დროს გამოვიდა ინა სკოლიდან. ულამაზესი წაბლისფერი თმა მზის შუქზე ულაპლაპებდა. ახლა უფრო გალამაზებულიყო, უფრო თეთრი იყო, უფრო სათუთი. ინა გახარებული გაექნა და იმ სიმპატიურ ფულიან ბიჭს ჩაეხუტა. აკაკი ღობესთან აღარ იდგა, ქუჩის კუთხეში კი მუსიკოსი გიტარას აჟღარუნებდა: "ყვავილების ნამქერიიი... შესევია ლელიააანსს... მე, რომ გელი იცოდეე, ასე არსად გელიიიან...".


19.02.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები