ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2011


ჩემი ოთახი


ჩემი ოთახი, უჩვეულოდ მშვიდი აურით,
ემოციების სტოპკადრები ფოტოდ კედლებზე.
ნატვრა, მზადმყოფი შემთხვევასთან სამოგზაუროდ,
ლარნაკში ძველი გატაცება - ერთი ჰერბერი.
ნივთები, წლების უტყუარი ანაბეჭდებით,
ჭერზე კი შვილის გარდატეხის ჭინჭყლი ასაკი.
ჩემს სპილოსძვლისფერ ”საქალოში” დედის ბეჭდები
ისევე გრძნობენ თვალნავსიანს გიშრის ქვასავით...
ფანჯრის რაფაზე მარტოობა - ბერწი კაქტუსი,
მაგიდას თითქოს ზედ შეზრდილი თეთრი მუშამბა.
ხის ზანგის ქალს კი მონატეხი აქვს  ქვედა ტუჩი,
და მგონი, ასე,  რაღაც უფრო არა უშავს რა...
კედელზე სარკე, გამოხედვით, ოდნავ გამჭოლით,
”სულის სარკეში” წამკითხავი ყველა განწყობის.
ფანჯარასთან კი თავშექცევით მდგარი საწოლი,
ყოველ ღამე რომ მეკითხება ამბავს აწმყოდან...


მონადირის ნაამბობიდან

მალე დაიწყება მთად ჯიხვთა ბოტობა,
რქებს შეალეწენო ერთმანეთს მდედრისთვის.
მთაში ნაადრევად აცივდა, მოთოვა,
ქარაფზე თითქოსდა მდევარი ბედი ზის...
იცავენ ჯიხვები საჯიხვეს კოდექსებს,
შუნიც მას ერგება, ყოჩი ვინც გახდება.
მდედრის ხვაშიადის ხმა ყურში მოესმა
იმ ტყვიას, სულ სიკვდილს რომ უდგას თავდებად...
                    25.09.11 -ბირთვისი   



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები