ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2014


სამი მაიმუნი

მიძარუ

ბავშვი ვიყავი, მაშინ სათუთ ხელებში მქონდა ბროლის სამყარო,
ჩემზე თოთო, ჩემზე მარტივი, უნებურად რომ გადავარდა წრე
მაგიური, და ისე მოხდა, დაიმსხვრა, და არც ერთ სულიერს,
აღარ შეეძლო, რომ მიეცა მისთვის ის სახე, რასაც პირვანდელს
დავარქმევდით ყველა უკლებლივ.
მაშინ ცრემლები გაცილებით ნამდვილი იყო, მდუღარე,
ვიდრე მოსალოდნელ პერიოდების, ნიაღვართა და ნაკადულთა
მწლატე დინება.
თუმცა სამყარო ძველებური რბილი ქსოვილი, ლანდის გამტარი,
თვითნებური, თითქოს სენსორი, არც აპირებდა შეცვლილიყო,
ან შერყვნილიყო.
მე შევდიოდი მასში, მაგრამ არ ვარსებობდი.
ვხედავდი მხოლოდ ხალხის იმგვარ ტრანსმორმაციას,
რაც ძველ წესებზე დაყრდნობილი სულაც არ იყო,
და ქმედითობა, რაღაც უცხო ხელით, თუ ნებით
წარმოადგენდა მისწრაფებას განპირობებულს - საკუთარისთვის.
ხელს ვიფარებდი, თვალს ვითხრიდი, რადგან ეს ქცევა,
სწორედ ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნდა მაშინ, როცა
ვგრძნობდი, და არ ვიცოდი სიბრძნე, რომელიც
მისდაუნებურ იბადება ადამიანში, და ბოროტება
იმდენადვე შორს არის მისგან, როგორც ჩემიდან
ჯვარსგაკრული, ვინმე ზეკაცი.
ფართო მასებში, ანუ არა ერთსა და ორში - რაც შიში იყო
იმ ხალხისთვის, ვისაც საერთოდ, წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ
რამე დაეშვათ, რამე ისეთი, რასაც ვერც კი აკონტროლებდნენ,
ხოლო ეს ცოდნა ეძიებდა კუთვნილ ტერასას, და გამოხატვა
ჰპოვა სწორედ ისეთ სახეში, რომ ამჯობინებ თავდაყირა
კაცი დგებოდე.
წყეულიმც იყოს ესე სიბრძნე დაუნახავი. . .
რადგან მე თვალებს სწორედ მაშინ ვხუჭავ, როდესაც
თვალნათლივ სჩანს, რომ ესა თუ ის სიტუაცია,
რიგ შემთხვევების გამონაკლისს არ წარმოადგენს.
აი, ასეთ დროს სულ უბრალოდ, უსინათლო ვარ.

კიკაძარუ

ხოლო ეს სიბრძნე ხეტიალობს შავ - ბნელ შოსსეზე,
რადგანაც ყველამ კარგად იცის, რომ უსინათლოს,
უმახვილდება სმენა თავის გადასარჩენად.
ხოლო ბრმის გვერდით ადვილია თქვა ყველაფერი,
ისეთი ფორმით გააჩინა როგორც ბუნებამ,
და უშნო ფაქტებს შემოაკლო შელამაზება.
და ვერ ხვდებოდე, უსინათლო სიტყვებით ხედავს.
ხოლო სამყარო ძველებურად ფორმას კარგავდა,
თუმც იგი იყო მშრალ მიწაზე ახალ თოვლივით
ფხვიერი, თანაც ქმნიდა ისეთ შთაბეჭდილებას,
როგორსაც მთებზე გაწოლილი ნისლი მილებად.
უკანასკნელი ჩემთვის მხოლოდ სმენადი გახდა.
ცოცხალ თითებით ვკითხულობდი ათას ნაბოდვარს,
მე ვეხებოდი სამყაროს და ვერ ვუყურებდი.
ვუსმენდი მას და მისი სიტყვის არკი მჯეროდა.
მაიძულებდა, რომ ყურები მყარად დამეცო.
იქნებდა ბამბით, მაოცებდა ბოროტებიდან
გამომდინარე უცნაური ბგერების ტალღა,
რომელიც, მაინც გაანგრევდა ყველა მცდელობას,
ხალხი, რომელიც მაჩვენებდა თითით ასევე,
შიშს მინერგავდა, ჩირქს მცხებდა და მიღაღადებდა,
თუ მიქადიდა, აღარც ვიცი, რომ მე უთუოდ,
ადრე თუ გვიან გავსულიყავ არსებობიდან.
და გავიბზარე, რადგან უკვე ძალას კარგავდა,
საკითხისადმი მიდგომები, რომლებსაც ასე,
ინერციით თუ აქტიურად მე მივყვებოდი.
ვერც კი ხვდებოდნენ, რომ შემეძლო ყური დამეხშო,
მაშინ, როდესაც მოითხოვდა კონკრეტულობა.
წყეულიმც იყოს ყველა სიბრძნე ვერ მოსასმენი.
აი, მას შემდეგ დავყრუვდი და სხვას გავეთიშე.

ივაძარუ

ხოლო ეს სიბრძნე მიმორბოდა ქვაფენილებზე,
ყველაზე ახლო, და ყველაზე შორი რამ ჩემთვის,
სხეულდებოდა საბრალო და იფიტებოდა,
სუსტდებოდა და მე ვერაფრით ვეხმარებოდი.
შეიძლებოდა თხრობა ასეც დაწყებულიყო...
თუმცა ეს ჩვევა ხასიათზე გადაგრეხილი,
იმდენად გაჯდა სხეულში, რომ მოსაკლისებას
ძლივსღა ახერხებს გაფანტული მძლავრი გონება.
მიმართულება უცნაურად საალალბედო, არაფერს საზღვრავს,
მირჩევნოდა გამოვსულიყავ, და ყველას თვალწინ
სამარცხვინოდ, მათდა და ჩემდა, საკუთარ ხელით
ამომეძრო ენა პირიდან.
ძლიერდებოდა ზეწოლები, უძილობები,
თეთრ სამოსელში ვიღაც სახლში ბორიალობდა,
იქექებოდა, დაეძებდა წიგნებს თაროზე,
ინიციალებს სახელისას მისთვის უცნობის.
ძილად მისვლისას წრეზე ბრუნვა იყო მარტივი,
მეტად იოლი შვება მძიმე ჰაერისაგან
თავდასაღწევად აივანზე გასვლა და მორწყვა,
უკვე ისედაც მილიონჯერ მორწყულ ყვავილთა.
გრძნობა, რომ იცი, უამრავი რამ იცი, რადგან, მშვენივრად
გაჭრა შენმა თავის მოკატუნებამ. სიმართლის გესმის,
არც გაწუხებს დამშრალს და სპეტაკს, და თავისუფალს,
პირველ რიგში შენს თავთან მართალს,
ღელავ და გინდა, იძაბები, ამოთქვა იქნებ,
და გეძარღვება  კისერი და შუბლზეც გადაგდის
ცივი ოფლი თუ ცივი ფიქრი, ნეტავ, როგორმე,
ჩიხებით მაინც აუარო ამ საკითხს გვერდი.
ამიტომ იწერ სულ ყველაფერს, ბოლო წერტილსაც,
უკანასკნელი, მძაფრი სიტყვით  ცდილობ გამოთქვა,
და დაასრულო ის შეგრძნება, რომ რაც კი მოდი,
სულ სასიკვდილო კაცივით გსურს რაღაცის შექმნა,
თავს არ იკავებ, ვერ უწევდე იქნება კონტროლს
შენს ემოციებს, აკვირდები სიმშვიდით თანაც,
ძარცვას, სიყალბეს, კაცის კვლას და ათას რაიმეს.
ჰა! შენი სიბრძნე რომლისკენაც თავად ილტვოდი,
შუა გზაზე შეხვდი, არაფერი არ გიძებნია,
გაკვირდებიან რა ოინებს ფლობ უცხო კაცი.
მათ ეშინიათ შენი ღრმა და მტკიცე დუმილის.
იმ იარაღის, შენ, რომელსაც სურვილს ეძახი.
იყავი ჩუმად, დაიმუნჯე თავი პირნათლად.
წყეულიმც იყოს შენი სიბრძნე გამოუთქმელი.
ამგვარად, სიტყვა ამ ხახიდან არ ამოსულა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები