ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პროზა
15 თებერვალი, 2019


მელანქოლია

ხომ იცი ერთადერთი რაც გამომდის ლაპარაკია, გააჩნია ჩემთვის ვის ვესაუბრები აი იქედან გამომდინარე ვპულობ ოქროს შუალედს რათა კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო მასზე და ისიც მოგეხსენებათ ქალბატონო რომ თუ არ მაინტერესებს ადამიანი როგორ ვიქცევი ურთიერთობის გასაწყვეტად. მოკლედ არვიცი საიდან დავიწყო ან რა გითხრა რით გაგახარო ჭავჭავაძის არ იყოს უკვე იმდენი დრო გავიდა და ისე შეიცვალა ყველაფერი არვიცი, შენ მართალი იყავი მეთქი აბა როგორ გითხრა მაგრამ ვერც გამტყუნებ ქალის ბუნება ვიწრო არს...
    გამარჯობა... როგორ ხარ?... ხოო... არვიცი ალბათ მიცანი... მეცინება არ ვიცი საიდან დავიწყო, დიდი დრო გავიდა არა? ყველაფერი შეიცვალა და გამოიცვა და გარდაიცვალა და კიდევ ათასი ჯანდაბა. რა ხდება შენკენ ახალი? როგორ მიდის საქმეები?
    ჰეეიი... რავახარ? რამდენი ხანია არ გვისაუბრია... მომენატრე. გახსოვს ბოლოს რომ შევხვდით. ღმერთო ჩემო ძლივს დაგითანხმე რომ გამომყოლოდი შემდეგ გზა აგვერია და პარკში სეირნობის ნაცვლად მშენებლობაზე ამოვყავით თავი, საშინლად დაღლილები ვიყავით... როგორ არ გახსოვს? მე...
    ერთადერთი რაც შენში მომწონდა წიგნების განსაკუთრებული სიყვარული იყო. აი ეს გამოგარჩევდა სხვებისგან ქალბატონო და აი სწორედ ამან მიმიზიდა მე. რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ შენზე მე პირადად არ შემიძლია ვთქვა რომ უსაყვარლესი და უთბილესი ხარ მეთქი, პირიქით საშინელი, აუტანელი ხასიათის პატრონი მაგრამ მე... ეეე როგორ ძალიან მიყვარდით ქალბატონო...
    სასხვათაშორისოდ დაგირეკე, ოღონდ არ გამითიშო... ვიცი ვიცი, ბევრი სულელური რამ გავაკეთე მაგრამ ჩემი ბრალი არა... არა არა რა თქმა უნდა არც შენი მაგრამ.... არვიცი არც მე და არც შენ საბრალდებულო არაფერი არ გვაქვს... მომისმინე! ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული სკიპერის მსგავსად ვერ ვაკონტროკებდი თავს გესმის? როცა გიყვარს შეუძლებელია საკუთარ თავს კონტროლი გაუწიო... გეფიცები არ მინდოდა გაღვიძებისას პირველი შენი სახელი გამხსენებოდა, გეფიცები არ მინდოდა სულ შენზე რომ მეფიქრა, არ მინდოდა რაღაცნაირად მაინც რომ დაგკავშირებოდი, არ მინდოდა მომეწერა, არ მინდოდა დამერეკა შენი დანახვაც კი არ მინდოდა ღმერთმანი მაგრამ ეს მაინც ხდებოდა და თან ჩემგან დამოუკიდებლად, ხელი თავისით იღებდა ტელეფონს და თითები თავისით კრეფდა წერილს, ტუჩები თავისით იწყებდა მოძრაობას და ღიმილს როცა გხედავდი. როგორ გითხრა... შენთვის ჩვეულებრივი ასფურცელას ზღაპარია ჩემთვის კი იცი ეს რა იყო? უდიდესი სიხარულიცა და ტანჯვაც.
    ხო კარგი ვიცი, აგიფეთქე ტელეფონი და რამჭირს ასეთი გაუჩერებლობა, კი ბატონო თქვენ ყოველთგვის მართალი ხართ, ოდესმე შეგწინაღმდეგებივართ ქალბატონო? ხოდა ამ ერთხელ ერთი წუთი დამითმეთ, განა ისეთი არაფერი მაგრამ მაინც, ხომ ხვდები... ფარდობითობის ამბავია... ვიღაცისთვის მარადისობა დროში განფენილ ქაოსს ჰგავს ვიღაცისთვის კი ერთ წუთში ჩატეული ბედნიერებაა. და მაინც მე ხშირად ვნანობ იმას რასაც ვერ ვაკეთებ, ხოლო რაც გამიკეთებია იმის გამო ჯერ სინანულის განცდას არ შევუწუხებივარ.
    ჩემო ღვთიურო და მისტიკურო არსებავ... გახსოვს ერთხელ რომ მითხარი პიტერ პენივით ხარო? რამდენი ვიცინე არა დიდად იუმორის გრძნობა არ გაქვს მაგრამ შენში სითბოს გასაღვივებლად ზოგჯერ უაზროდ მოქცევაც მიწევდა... ნუ გეცინება... ძალიან საყვარელი ხარ

    ..........................................................................
   
    ქარი ქრის, ქარი ქრის... ქარი ქრის ფოთლები დახტიან ქარდაქარ, რკალად ხრის ხეთა რიგს რკალად ხრის მიპასუხეო ჩქარაო ჩქარაო...
    იცი... ბევრჯერ მიფიქრია რა მოხდებოდა რომ საერთოდ არ შევხვედროდით ერთმა... ხო კაი შეგხვედროდი აი რა მოხდებოდა იმდენჯერ მიფიქრია ამაზე რომ... რავიცი. ძალიან ბევრი რამ მასწავლა ჩვენმა... შენთან ურთიერთობამ, თითქოს ერთიორად გავიზარდე და ის ცანცარა ბავშვი აღარ ვარ... მგონი სამადლობელოც კი მაქვს შენთვის.
    გახსოვს... მე მახსოვს და მოგიყვები რა პრობლემაა... მეოთხე კლასში ქაღალდისგან გაკეთებულ იდიოტურ ყვავილებს რო გჩუქნიდი... მერე ვაფერადებდი და ამბავი. რა ლამაზი დრო იყო, ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში რომ უყურებ რა ბედნიერებაა არა?
    ჰიუგო ამბობს უპასუხო სიყვარული ყოველთვის დიდი და წრფელიაო. დროის უქონლობისგან შექმნილ ვაკუმში სული მეხუთება. ვგრძნობ დაძინებისას როგორ მტიკა სული, ეს პროცესი განსაკუთრებით მაშინ იწყებს გაღვივებას, როცა დღის თვალს ღამის თვალი ცვლის და თავს მარტოსულად ვგრძნობ.
    ჩემ შესახებ რა მოგიყვე, ისევ ჩავიჭერი გამოცდებში და არ მეღირსა სტუდენტის ორდენის ტარება. თუმცა ეს შენ რაში განაღვლებს. სიმართლე, რომ გითხრა დიდად მეც არ ვიკლავ თავს ამაზე ფიქრსა და დარდში. იქნებ საერთოდ არ არის ეგ ჩემი საქმე. ზოგისთვის ოთხი გამოცდის ბარიერის გადალახვაა ბედნიერება ჩემთვის კი იცი რა? აი ღამით სოფელში კოცონი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და რომ წევხარ მიმობალახებულ მიწაზე და სადღაც ამერიკაში რომ იხედები და ფიქრობ დაუსრულებლად, მდორე სიმღერა, თუნდაც კარუსო, მსუბუქი ალკოჰოლი, ღერი სიგარეტი. აი ეგაა ცხოვრება, იახტები დაქირავებული ავიალაინერები და ძვირადღირებული ნივთები ჩემთვის ცაში ასროლილ გროშის ტრიალს ჰგავს.
    და მაინც რამდენი დრო გავიდა და ამბავი მაგრამ ხომ არის რაღაცეები რაც არ იცვლება რაც ისევ ისეთივეა როგორიც იყო... ალბათ არვიცი
    დრო, ციდან ჩამოცვენილ ფანტელების ტრიალს მაგონებს, თავიდან უსასრულობა გგონია, რომ უყურებ თუ როგორ იბლანდება ერთმანეთში მილიონობით მტვრის ნამცეცები და ტრიალებს და ტრიალებს და ტრიალებს, გაუთავებლად. მერე ნელ-ნელა, აუჩქარებლად დედამიწისკენ მოემართებიან, სულ თავისით, არანირი ძალისხმევა არაა საჭირო. თეთრი, ფაფუკი ფანტელების ტრიალი, ერთი მეორეს მიჰყვება, მეორე მესამეს და ასე დაუსრულებლად, მაგრამ ეს ყველაფერი ილუზიაა. ილუზიაა ცხოვრებაც, თითოეული წუთი ილუზია ჩემო ერთგულო მეგობარო.
    ხო კარგი, კარგი.
    ჯანდაბა... ყურმილი არ აიღო, მე კი გაუთავებლად ვურეკავდი და ყოველ ჯერზე თავიდან ვაწყობდი სიტყვებს გონებაში, რა იდიოტობა... არასრულფასოვნების კომპლექსი და ჯანდაბა. კი მაგრამ დღეს ხომ ჩემი დაბადებისდღეა, დღეს ჩემი მეოცე დაბადების დღე იყო დედამიწაზე. რას არ მოესწრება ადამიანი არა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები