ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
27 ნოემბერი, 2019


სისხლში მოცეკვავე VI (დეტექტიური ჟანრი)

თავი 21

პოლიციამ განყოფილებაში ევა ვაგნერი დაიბარა.
_ მისის ვაგნერ, თქვენს პირველ ქორწინებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით გვინდა, მოგმართოთ.
_ დიახ, გისმენთ.
_ როგორ გაიცანით დეივიდი და შეხვედრიდან რამდენ ხანში იქორწინეთ?
_ ჩვენი საერთო ნაცნობის ნახატების გამოფენაზე შევხვდი, ერთ-ერთ გალერეაში, მანჰეტენზე. ძალიან მალე დავქორწინდით, გაცნობიდან შვიდ თვეში.
_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა...
_ ყველაფერი კარგად იყო, ვიდრე... – მღელვარება დაეტყო ახალგაზრდა ქალბატონს.
_ ვიდრე?.. გააგრძელეთ, _ უთხრა კრისტოფერ გრეიმ.
_ ჩემი შვილის დაღუპვის შემდეგ ნარკოტიკებს მივეძალე და საზოგადო ცხოვრებას ჩამოვშორდი. დეივიდს ვერ გავამტყუნებ, ყოველდღე გაბრუებულს და არაჯანსაღ გონებაზე მყოფს მხედავდა. ჩვენი ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა. აღარც ერთი ვგრძნობდით თავს ბედნიერად.
_ ბავშვი როგორ გარდაიცვალა?
_ მძიმე ინფექციური დაავადებით – ტეტანუსით.
_ სამწუხაროა.
_ როდის დაშორდით თქვენს მეუღლეს?
_ ბავშვის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ წელში.
_ მას შემდეგ შერიგება არც ერთს გიცდიათ?
_ არა.
_ მკურნალობის კურსს დღემდე გადიხართ?
_ დიახ, მაგრამ სამ წელზე მეტია, რაც ჰეროინს აღარ მოვიხმარ.
_ დღემდე ძველი გრძნობები გაქვთ ყოფილი მეუღლის მიმართ, თუ შეძელით მისი დავიწყება?
_ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მას თავის ცხოვრება აქვს, მე _ ჩემი.
_ შეიძლება მნიშვნელობა თქვენთვის არა, მაგრამ ჩვენთვის ჰქონდეს.
_ მაშინ გეტყვით, რომ მე ახალი ცხოვრება დავიწყე და მეგობარი მამაკაცი მყავს. თქვენ რა, გგონიათ, რომ მთელი ამდენი ხანი მხოლოდ დეივიდზე ვფიქრობ და მეტი არაფერი  დამრჩა ცხოვრებაში გასაკეთებელი?
_ დეივიდზე ნაწყენი ხართ?
_ ნაწყენი რატომ უნდა ვიყო?
_ მასზე საუბრისას აღელდით და ხმას აუწიეთ. შეიძლება მიზეზი გაქვთ, რომ მასზე გაბრაზებული იყოთ, ჩვენთვის ცნობილია, რომ ოჯახური ცხოვრების დაშლის ინიციატორი სწორედ თქვენი ყოფილი მეუღლეა.
_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე დეივიდს ვერ გავამტყუნებ, მისი აბსოლუტურად მესმის. ის ყველანაირად ეცადა, რომ ჩვენი ქორწინება შეენარჩუნებინა, მაგრამ ჩემი ბრალია, მე ვერ ავიყვანე თავი ხელში და მივედით ამ შედეგამდე. ეს უკვე წარსული ამბავია და რაც არ უნდა იყოს, მაინც ძალიან მტკივნეული გასახსენებელია ჩემთვის.
_ ვინ არის თქვენი მეგობარი მამაკაცი?
_ პიტერ პენი, – ცალყბად უპასუხა ევამ, _ არ ესიამოვნა პოლიციელის მხრიდან პირადი ცხოვრების დეტალებში ღრმად ჩაძიება.
_ ევა ვაგნერ, სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე და მინდა შეგახსენოთ, რომ არც მეგობრების თავშეყრის ადგილას ხართ. ჩვენ მკვლელობის საქმეს ვიძიებთ და თქვენი აქ ყოფნა შემთხვევითი არ არის, ალბათ, მიზეზიც გვქონდა, რომ დაგვებარებინეთ.
_ ჩემს მეგობარ მამაკაცს გარი ბერნარდი ჰქვია.
_ რას საქმიანობს?
_ პროფესიით ფარმაცევტია და ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მუშაობს.
_ შეგიძლიათ, გვითხრათ, კონკრეტულად რომელ კომპანიაში მუშაობს?
_ ეს მისი სავიზიტო ბარათია, – ჩანთიდან ამოიღო ევამ და დეტექტივს გადასცა.
_ გმადლობთ!
_ კიდევ გაქვთ ჩემთან კითხვები?
_ იცნობდით თქვენი ყოფილი მეუღლის მეორე ცოლს?
_ ლიზას? არა, ის მხოლოდ გაზეთში მყავდა ნანახი, პირადად არასოდეს შევხვედრივარ.
_ სად იყავით 9 დეკემბრის დილას?
_ ბოსტონში. ჩემი მეგობრის ქორწილს დავესწარი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. იქ 8 დეკემბერს ჩავედი, სასტუმროში გავჩერდი და ნიუ-იორკში 10 დეკემბერს, დილას დავბრუნდი, რადგან კარგად მახსოვს, 12 დეკემბრისთვის ჩვენი ოჯახის გალერეაში საკმაოდ სერიოზული და ცნობილი ხელოვანების გამოფენა იმართებოდა და მინდოდა, მეც იქ ვყოფილიყავი.
_ რა ჰქვია თქვენს მეგობარს?
_ დანიელ ბელტონი, _ სტუდენტობის დროინდელი მეგობარია.
_ ქორწილი როდის ჰქონდა?
_ 9 დეკემბერს.
_ იმ დღეს, რომელ საათზე გახვედით სასტუმროდან?
_ სასტუმროს დატოვება ორჯერ მომიწია. დილით სალონში ვიყავი ჩაწერილი და შემდეგ ისევ უკან დავბრუნდი. მეორედ დაახლოებით 15:00 საათისთვის, _ ქორწილში წავედი. 
_ რომელ სასტუმროში დაბინავდით?
_ “Four Seasons Boston”.
_ გასაგებია. კარგი, ამ ეტაპზე ჩვენ შეკითხვა არ გვაქვს, შეგიძლიათ წაბრძანდეთ.
_ ჩემზე გქონდათ ეჭვი? გეგონათ, რომ დეივიდს ცოლი მე მოვუკალი? _ სევდიანი თვალებით შეხედა ქალმა გამომძიებელს.
_ მისის ვაგნერ, ჩვენ იმას ვაკეთებთ, რასაც ჩვენი სამსახური მოითხოვს. გასაუბრება არ ნიშნავს იმას, რომ ვფიქრობდეთ, აუცილებლად თქვენ ხართ დამნაშავე.
_ დიახ, გასაგებია.
_ კარგად ბრძანდებოდეთ.
_ დროებით, მისტერ გრეი.
დეტექტივმა მისის ვაგნერი კარებამდე მიაცილა და სამუშაო მაგიდას დაუბრუნდა, სადაც კომპიუტერში ევას წარსულის შესწავლას და მის მიერ მიცემულ სავიზიტო ბარათზე არსებული მონაცემების გადამოწმებას შეუდგა.





თავი 22

ამანდა ჰანცინგერი მოხუც დედასთან ერთად ხანდაზმულთა თავშესაფრის ეზოში, ხის სკამზე იჯდა. დასუსტებული და დანაოჭებული დედის თითები თავის გრძელ მტევნებში მოექცია და ეფერებოდა. მოხუცი ქალისთვის ალცჰაიმერის დაავადებას იმდენად წაეშალა მეხსიერებიდან ყველაფერი, შვილს უაზრო სახით უყურებდა და ეკითხებოდა:
_ შენ ვინ ხარ?
_ დედა, მე ვარ, ამანდა. შენს სანახავად მოვედი.
_ ამანდა ლამაზი სახელია, მაგრამ მე შვილი არ მყავს.
_ იქნებ გამიხსენო, გთხოვ. შენ ხომ ერთადერთი ადამიანი იყავი, რომელმაც იმ საშინელ ობოლთა თავშესაფარს მომწყვიტე, სახლში წამომიყვანე, შემიყვარე და საკუთარი შვილივით გამზარდე?
_ ჰო? მე გაგზარდე? – გაოცებული სახით შესცქეროდა გოგონას.
_ ჰო, დედა. შენ გამზარდე. არ გახსოვს? შვიდი წლის ვიყავი, როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს.
_ არ მახსოვს, მატყუებ, ხომ?
_ დედა...
_ დედას ნუ მეძახი, მე შვილი არ მყავს.
_ გთხოვ, მომისმინე. ამდენი ხანი შენს სანახავად მოვდიოდი, არ მინდა, ისე წავიდე, რომ გული არ გადაგიშალო. ვინ იცის, შეიძლება ვეღარასოდეს გნახო. – გოგონას თვალები აუწყლიანდა. მერე ძალა მოიკრიბა და დაიწყო:
_ ძალიან მძიმე ადრეული ბავშვობა მქონდა, მუდამ ადამიანების სიყვარული მაკლდა, ამიტომ სულ სიცივეს ვგრძნობდი და გარშემომყოფებისგან ყოველთვის ყურადღების დეფიციტს განვიცდიდი. კარგად ვიცოდი, რომ ჩემს არსებობას არავისთვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ჩემს ცხოვრებაში ღმერთისგან გამოგზავნილი საჩუქარი ხარ, რომელმაც წრფელი გულით შემიყვარა და ზრუნავდა ჩემზე. მინდა, ყველაფრისთვის მადლობა გადაგიხადო და ისე ჩაგეხუტო, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი ხოლმე. – გოგონამ ცრემლები ვეღარ შეიკავა და მოხუც დედას ყელზე შემოაჭდო მკლავები. ქალი დაიბნა, “უცნობი” ახალგაზრდა შეეცოდა და უნებურად, თანაგრძნობის ნიშნად თავადაც მოჰხვია ხელები. ამანდამ გული რომ იჯერა, გააგრძელა: _ ახლაც ისევე მჭირდები, როგორც მაშინ, როცა ობოლთა თავშესაფრიდან გზააბნეული და შეშინებული თვალებით გამომიყვანე. მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ ეს დეიდაც ისეთივე უგულო არ იყოს, როგორც სხვები-მეთქი, მაგრამ არა, გამიმართლა. კარგად მახსოვს, როდესაც ბალეტზე შემიყვანე, ძალებს არ ვიშურებდი, რომ შენთვის იმედი არ გამეცრუებინა. დღემდე მომყვება კომპლექსი და სულ იმის შიში მაქვს, თუ საუკეთესო არ ვიქნები, შეუმჩნეველი დავრჩები და ისევ არავინ მომაქცევს ყურადღებას. ამის გამო, ბევრი შეცდომაც დავუშვი, რაზეც ახლა პასუხი უნდა ვაგო. გთხოვ, გამიგე, თუ ჩემზე ოდესმე ვინმემ ცუდი გითხრა, არ დაუჯერო, ცუდი გოგო არ ვარ, უბრალოდ მინდოდა, რომ სხვებს შევემჩნიე, დავეფასებინე და შევეყვარებინე. თავს არ ვიმართლებ, არა, რა თქმა უნდა, ჩემს ცოდვებს გამართლება არ აქვთ, მაგრამ მინდა, შენ მაინც იცოდე, რატომ ვიქცეოდი ასე.
_ რა თქვი, რა მქვიაო? ამანდა, არა? მე რომ ამანდას არ ვიცნობ? – უაზრო და არაფრისმთქმელი სახით შესჩერებოდა მოხუცი ქალბატონი ახალგაზრდა გოგონას.
ამანდამ ქალბატონს თმაზე ხელი გადაუსვა და თბილად გაუღიმა, ცისფერი თვალებიდან მომდინარე ცრემლებმა გოგონას ღაწვები ისე დაუსველა, ჩამოშლილი გრძელი თმა სახეზე მიეკრო. დიდ ხანს ეხუტებოდა დედამისს და ვერ ელეოდა. შემდეგ ჩანთა გახსნა, თეთრი შოკოლადი ამოიღო და ქალს მიაწოდა:
_ ნახე, დედა, შენ ხომ თეთრი შოკოლადი გიყვარს?
_ შოკოლადი? _ თვალები გაუბრწყინდა მოხუცს, – თეთრი შოკოლადი მომიტანე? რა კარგი გოგო ხარ. გამახსენდი, შენ ის ხარ, ვისაც ჩემთვის შოკოლადი მოაქვს ხოლმე, – ამჯერად ღიმილით შეხედა ქალმა შვილობილს.
_ ვიცოდი, რომ გაგიხარდებოდა, – თბილი ხმით უთხრა ხანდაზმულს და საკუთარი ხელით გაასინჯა.
ამანდა ნახევარი საათი დარჩა დედობილთან, მერე ბოლოჯერაც დაუკოცნა ლოყები და თავშესაფრის ეზო დატოვა. ჭიშკრიდან გასვლისას, კიდევ ერთხელ შეხედა და თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა:
_ არა უშავს, როცა ასეთ მდგომარეობაში გხედავ, ისიც მყოფნის, რომ თეთრი შოკოლადის დანახვაზე, გული სიხარულით გევსება და ჩემ მიმართ სითბოს ამჟღავნებ. სჯობს, ასე მაინც დაგამახსოვრდე, ვიდრე საერთოდ არა, დედა, – გოგონამ ცრემლები მოიწმინდა და იქაურობა დატოვა.



***
ცოტა ხანში, პატრიკის მანქანა მიჩიგანის შტატიდან სწრაფად მიაპობდა საავტომობილო მაგისტრალს ამანდასთან ერთად.






თავი 23

მილერების შინამოსამსახურე ქალბატონი თამარი, სამი კვირით წასულიყო საქართველოში და მისი არყოფნის პერიოდში, სახლში ისეთი აურზაური იყო, ლუსიმ გადაწყვიტა, თავად დაელაგებინა ყველაფერი. დილიდანვე ცუდ გუნებაზე გაიღვიძა, იცოდა, რომ წინ დიდი, დამღლელი დღე ელოდებოდა და ფეხს ითრევდა საწოლიდან წამოდგომაზე. კარებზე ზარის ხმა გაისმა.
_ ვინ უნდა იყოს? ნუთუ დეივიდს სახლის გასაღების წაღება დაავიწყდა? – გაიფიქრა და საძინებლის ფანჯრიდან გაიხედა, რომ სტუმარი დაენახა.
კართან ახალგაზრდა, საკმაოდ დახვეწილი გარეგნობის და მოხდენილად ჩაცმული ახალგაზრდა ქალბატონი იდგა. ლუსიმ სტუმარი იცნო, ხალათი შემოიცვა და კარის გასაღებად წავიდა:
_ ევა, შენ აქ საიდან? – გაოცებული სახით უყურებდა მოსულ სტუმარს.
_ ქალბატონო ლუსი, როგორ ხართ?
_ კარგად, შენ როგორ ხარ?
_ მეც კარგად, გმადლობ.
_ შემოდი, შემოდი, – ხელით ანიშნა სტუმარს.
_ დეივიდი სახლშია?
_ მალე დაბრუნდება, სავარჯიშოდ არის წასული.
_ კარგით, მაშინ დაველოდები.
_ ყავას ხომ არ მიირთმევ?
_ არა, გმადლობთ.
_ არც ჩაის? გუშინ ვაშლის ღვეზელი გამოვაცხე, შენ ხომ გიყვარს?
_ კარგი, მაშინ პატარა ნაჭერს მივირთმევ ერთ ფინჯან ჩაისთან ერთად.
_ რა თქმა უნდა, ახლავე დავბრუნდები.
რამდენიმე წუთში ქალბატონი ლუსი დაპირებულ ღვეზელთან და ფინჯან ჩაისთან ერთად სამზარეულოდან გამოვიდა.
_ დიდი მადლობა, – ღიმილით გამოართვა ევამ.
_ არაფერს, ვიცი, რომ ჩემი გაკეთებული ვაშლის ღვეზელი ძალიან გიყვარს, – თბილად გაუღიმა ლუსიმ.
_ აქ არაფერი შეგიცვლიათ, ავეჯის წყობა, დიზაინი, – ყველაფერი იგივენაირად გამოიყურება, როგორც მაშინ, როცა თქვენი რძალი ვიყავი.
_ ხომ იცი, ცვლილებები არ მიყვარს.
_ დიახ, ვიცი.
_ მითხარი, ყველაფერი რიგზეა? ხომ არაფერი გიჭირს?
_ დეივიდთან მინდა საუბარი, რაღაც მაქვს სათქმელი.
_ გასაგებია, მაგრამ ცოტა არ იყოს, შენი მოსვლა გამიკვირდა, ხომ გესმის?..
_ დიდი ხანია, არ მინახავს და ამიტომ გიკვირთ, რატომ მოვინდომე მასთან შეხვედრა, ასეა ხომ?
_ სწორედ ასეა.
_ ეს ლიზას ეხება.
_ მართლა? რამე იცი? გთხოვ, არ დამიმალო, – აღელვება დაეტყო ლუსის.
_ არა, უბრალოდ, მასზე მინდა დაველაპარაკო.
_ მეგონა, ახალ რამეს გავიგებდი. უკვე ისეთ დღეში გვაქვს ნერვები, აღარ ვიცით, რა გზას დავადგეთ.
_ მესმის, დიდი ტკივილია.
_ ჰმ, – ამოიოხრა ქალბატონმა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი შვილი უკვე მეორედ დაისაჯა უსამართლოდ ცხოვრებაში. ჯერ პატარა ენდრიუს ამბავი, შემდეგ მისი მეორე მეუღლე და ჯერ არ დაბადებული ბავშვი. – ცრემლები წამოუვიდა ლუსის.
_ ლიზა ორსულად იყო? – გაკვირვებულმა შეხედა ყოფილ დედამთილს.
_ დიახ, გაკვეთის შემდეგ, სამედიცინო ექსპერტებმა დასკვნაში დაწერეს, რომ დაახლოებით სამი კვირის ორსული იყო.
_ რა სამწუხაროა, – შეწუხებული სახე მიიღო ევამ, – წარმომიდგენია, რას განიცდის დეივიდი.
_ ჩემს ყველაზე საშიშ მტერსაც არ ვუსურვებ იგივეს.
ამასობაში დეივიდი შემოვიდა და როდესაც მისაღებ ოთახში დედამისთან მოსაუბრე ევა დაინახა, თვალებს არ დაუჯერა.
_ დეივიდ, როგორ ხარ? – გაუღიმა ახალგაზრდა ქალბატონმა.
_ არა მიშავს, თავად? – მოკლედ უპასუხა დეივიდმა.
_ ვიცი, გიკვირს ჩემი ნახვა, მაგრამ არ შემეძლო არ მოვსულიყავი და...
_ ჩემთან საუბარი რატომ მოინდომე? – სიტყვა გააწყვეტინა ევას.
_ კარგი, მე დაგტოვებთ, – ფეხზე წამოდგა ლუსი და ოთახიდან გავიდა.
_ პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ ძალიან ვწუხვარ იმ ამბავთან დაკავშირებით, რაც შენს მეუღლეს შეემთხვა. ლიზას საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ დამიბარა.
_ მერე?
_ რამდენიმე კითხვა დამისვეს, ჩემს ცხოვრებაში იქექებიან.
_ მერე?
_ მერე ის, რომ ფეხებზე მკიდია, რას ფიქრობს პოლიცია, მაინც ვერაფერს მიპოვის, მაგრამ შენ სხვა ხარ ჩემთვის, ამიტომ თვალებში მინდა ჩაგხედო და გითხრა, ლიზა მე არ მომიკლავს.
_ სულ ეს იყო, რის თქმასაც აპირებდი?
_ დეივიდ, მინდოდა, შენთვის მეთქვა, ურჩხული არ ვარ, მხოლოდ ნარკომანი ვარ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე სასიკვდილოდ გამემეტებინა.
_ მაგას გამოძიება დაადგენს, აქ მოსვლა კი საჭირო არ იყო.
_ ჩემი არ გჯერა ხომ? ამის დედაც... – ნერვებმა უმტყუნა ევას.…
_ ევა, მე უკვე აღარავისი მჯერა, გესმის? აღარავის ვენდობი! ახლა წადი, გთხოვ, დამტოვო, – ისევ გააწყვეტინა სიტყვა.
_ ჩემი რატომ არ გჯერა?
_ ევა, სამსახურში მაგვიანდება. შხაპი უნდა მივიღო და წავიდე.
გაბრაზებულმა ევამ ჩანთა აიღო და ქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნით, სწრაფად გაუყვა კარის გზას.

  თავი 24

კრისტოფერ გრეიმ დეტალურად შეისწავლა ევა ვაგნერის წარსული და ახლანდელი საქმიანობა, მაგრამ ვერაფერი ნახა საეჭვო. ერთადერთი, რაც აფიქრებდა, მისი საბანკო ანგარიშიდან მეგობარი მამაკაცის სახელზე გადარიცხული საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელსაც ევა იმით ხსნიდა, რომ მას გარკვეული პერიოდით ასესხა. დეტექტივმა მეტი ინფორმაციის გასაგებად გარი ბერნარდს სამსახურში მიაკითხა.
_ გამარჯობა, მისტერ ბერნარდ. პოლიციის განყოფილებიდან ვარ, დეტექტივი კრისტოფერ გრეი.
გაკვირვებული სახით შეხედა პოლიციელს გარიმ:
_ გამარჯობა. უკაცრავად, მაგრამ არ მახსოვს, რამე დამეშავებინოს.
_ თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს.
_ დიახ, გისმენთ.
_ იცნობთ ევა ვაგნერს?
_ ასეთი სახელი და გვარი პირველად მესმის.
-თავად ევა ძალიან კარგად გიცნობთ, ისე კარგად, რომ საყვარლებიც კი ხართ.
_ სისულელეა.
_ ისიც სისულელეა, რომ ამ ქალბატონმა მისი ანგარიშიდან 65 000 დოლარის ოდენობის თანხა გადმოგირიცხათ?
_ იცით, მე... – ენა დაება გარის.
_ გისმენთ.
_ მე ცოლი მყავს და არ მინდა, ჩემი და ევას ურთიერთობა გაიგოს. მხოლოდ ამის გამო დავმალე, რომ საყვარლები ვართ.
_ თუ ყველაფერს მომიყვებით, რისთვის გადმოგირიცხათ ეს თანხა ევამ, მაშინ გპირდებით, რომ თქვენი მეუღლე ვერაფერს გაიგებს.
_ ხელზე ვითამაშე და წავაგე, ევამ კი დროებით მასესხა.
_ ვისთან წააგეთ?
_ სამწუხაროდ, მათი ვინაობის დასახელება გამიჭირდება.
_ რატომ?
-რადგან არ ვიცნობ და შესაბამისად, არც მათი სახელები ვიცი.
_ სად ითამაშეთ?
_ ბრონქსში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში.
_ შეგიძლიათ, იმ სახლის მისამართი გვითხრათ?
_ დიახ, მობილურში უნდა მქონდეს და ახლავე ვნახავ, – მობილურში მისამართის ძებნა დაიწყო და როდესაც იპოვა, პატარა ფურცელზე ამოიწერა და დეტექტივს გადასცა.
_ ვისთან წააგეთ? აღმიწერეთ ყველა მათგანი.
_ ორ შავკანიან მამაკაცთან ვითამაშე. ერთი მაღალი, გამხდარი, მეორე კი მასზე ოდნავ დაბალი და სათვალეებით. ორივეს სპორტული ტანსაცმელი ეცვა.
_ რაიმე დამახასიათებელი ნიშნები ხომ არ ჰქონდათ?
_ უკაცრავად, მაგრამ ვერ მიგიხვდით, რას გულისხმობთ დამახასიათებელ ნიშნებში?
_ მაგ: ჩვევა, უცნაური მიმიკები, გარეგნული ნიშნები.
_ დიახ, ერთს სახეზე იარა ჰქონდა. აი, მეორე კი სათვალეებს ატარებდა. ეს უკანასკნელი ხშირად იკიდებდა ცხვირზე ხელს და თამაშის სტრატეგიების გათვლისას ნერვიულობისგან აწვალებდა, _ ასეთი ჩვევა ჰქონდა.
_ შეგიძლიათ, აღმიწეროთ რა ეცვათ?
_ მაღალს წითელი სპორტული ფეხსაცმელი და ნაცრისფერი სპორტული ტანსაცმელი, ხოლო სათვალეებიანს _ თეთრი სპორტული ფეხსაცმელი და მწვანე სპორტული ტანსაცმელი.
_ გასაგებია. კარგი, სულ ეს იყო, რისი გაგებაც მინდოდა.
_ ...და დეტექტივო, ჩემი მეუღლე ნამდვილად ვერაფერს გაიგებს?
_ შეგიძლიათ, არ ინერვიულოთ, _ ჩაეცინა კრისტოფერს.
_ გმადლობთ!
_ დროებით.
_ კარგად ბრძანდებოდეთ!
კრისტოფერ გრეიმ ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია გადაამოწმა, მაგრამ მისტერ ბერნარდის მიერ ნათქვამი სიმართლე აღმოჩნდა და ევას მიერ მის ანგარიშზე საეჭვოდ დარიცხული დიდი ოდენობის თანხის გახარჯვის ისტორია ნამდვილად დადასტურდა, ის წაგებულ თანხას უკავშირდებოდა.


გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები