თავი 25
რამდენიმედღიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, პატრიკის მანქანა მანჰეტენზე მდებარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებას მიადგა. ამანდა ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების და ემოციების გარეშე გადავიდა, ლიზას ნივთებით გატენილი პარკი ხელში აიღო და პატრიკთან დაუმშვიდობებლად პოლიციის შენობაში შევიდა: _ გამარჯობა, ლიზა მეტრეველის საქმესთან დაკავშირებით ვარ მოსული. მინდა, იმ პიროვნებებს შევხვდე, რომლებიც მის მკვლელობას იძიებენ, – ცივად უთხრა გოგონამ ოფიცერს. _ აქ დაბრძანდით და მოიცადეთ. ახლავე შევატყობინებ გამომძიებლებს. _ გმადლობთ! რამდენიმე წუთში დეტექტივი გრეი გამოჩნდა. _ ამანდა ჰანცინგერ? _ დიახ, დეტექტივო. თქვენთან მინდა საუბარი, – მოკლედ მოუჭრა გოგონამ და ფეხზე წამოდგა. _ რა თქმა უნდა, გისმენთ. _ აქ ვისაუბროთ? _ არა, გამომყევით, – გაუღიმა დეტექტივმა. ცოტა ხანში, ამანდას ლიზას ყველა კუთვნილი ნივთი და სასცენო აქსესუარი მაგიდაზე მოეღიავებინა და თითოეულის დაკარგვის ისტორიას ჰყვებოდა. _ ესე იგი, რა გამოდის, ამბობთ, რომ მკვლელი არ ხართ, მაგრამ იქურდეთ? _ დიახ, სწორედ, ასეა, _ თავი დახარა გოგონამ და ტუჩზე იკბინა. _ ამ ფურცელზე რა წერია? _ კრისტოფერმა მაგიდიდან ქაღალდი აიღო და ამანდას ხელით დაწერილ ტექსტს დაუწყო კითხვა. _ ამ ფურცელზე ყველა ის მარშრუტი და ნაცნობების სახელები და გვარებია, სადაც და ვისთანაც ლიზა სიკვდილამდე, რამდენიმე ხნით ადრე დადიოდა. _ გასაგებია, – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა გამომძიებელმა და ნიკაპი თითებით მოისრისა, – აი, თურმე საათობით რატომ იდექით მისი საცხოვრებელი კორპუსის წინ. ეს ინფორმაცია რად გინდოდა, რატომ აგროვებდი? _ არ ვიცი, ალბათ იმისთვის, რომ ლიზას ცხოვრება, სუსტი და ძლიერი წერტილები შემესწავლა. _ და საბოლოოდ რას მოგცემდათ ეს? _ იქნებ მომეკლა კიდეც. _ ანუ თქვენ ამბობთ, რომ მისი მკვლელობა ჩაფიქრებული გქონდათ? _ ...მაგრამ დამასწრეს, – თავი ასწია და თვალები გაუსწორა გამომძიებელს. კრისტოფერი გაკვირვებული უყურებდა გულახდილ ამანდას და ვერ იჯერებდა, რასაც ახლა მის წინ მჯდომი აღიარებდა. წინა საუბრიდან განსხვავებით, გოგონა საგრძნობლად შეცვლილი და მოტეხილი იყო. _ ამანდა ჰანცინგერ, აცნობიერებთ, რას ამბობთ, ან რად შეიძლება დაგიჯდეთ თქვენი აღიარება, თუ დადასტურდა, რომ ეს მოპარული ნივთები მართლაც ეკუთვნოდა გარდაცვლილ ლიზა მეტრეველს? _ დიახ, ვაცნობიერებ, – ისევ იკბინა ქვედა ტუჩზე და პატრიკზე გაბრაზებულმა ღრმად ამოიოხრა.
თავი 26
სცენა ღამის წყვდიადში ჩაკარგული მთვარის მკრთალ შუქს მოეცვა. კაპულეტების გვარის უმშვენიერესი წარმომადგენელი, ჯულიეტა სასახლის აივანზე იდგა და ფიქრებთან განმარტოებულიყო. მოულოდნელად, რომეო მონტეგი გამოჩნდა. შეყვარებულის დანახვაზე, გოგონას თვალები გაუბრწყინდა, სცენის დეკორაციებს მოსწყდა და პარტნიორთან შესახვედრად წამოვიდა. ჯულიეტას როლის შემსრულებელი, ლიზა მეტრეველი, მაყურებლის წინაშე თეთრი, გამჭვირვალე სამოსით წარმდგარიყო და ნაზი, მსუბუქი მოძრაობებით გამოხატავდა რომეოს გამოჩენით გამოწვეულ სიხარულს. ორივე მოცეკვავე შეუდარებლად გადმოსცემდა ახალგაზრდა შეყვარებულების სპეტაკ გრძნობებს და თითქოს, კლასიკური მუსიკის ბგერებიც მათთან ერთად აცეკვებულიყვნენ და ლამაზად იბნეოდნენ დარბაზის სივრცეში. ტანმაღალი და ნავარჯიშევი სხეულის ბალერონი ბუმბულივით იტაცებდა ლიზას ჰაერში და მაყურებლის მოსანუსხად, ძლიერი მკლავებით ურთულესი საცეკვაო ილეთების შესრულების საშუალებას აძლევდა პარტნიორს. ბალერინა თამამად აგრძელებდა ჯულიეტას როლის მორგებას და ბალეტის მოყვარულების გულებს იპყრობდა. ხანდახან აქა-იქ ისმოდა “ბრავოს” შეძახილები და ტაშით გამოხატული, მოცეკვავეების პროფესიონალიზმისგან გამოწვეული მაყურებლის ემოციები. ვერონა. ანტიკური პერიოდის იტალია. კაპულეტების სასახლის ბაღი. სცენაზე შექსპირის ტრაგედიის “რომეო და ჯულიეტას” ულამაზესი ეპიზოდი გაცოცხლებულიყო... შორიდან, თეთრ პუანტებზე შემდგარი ლიზა ნაზად მოფარფატე პეპელას ჰგავდა, რომელიც თავის გულის სწორს ულამაზესი გრძნობების ეიფორიაში ჰხვევდა. თითქოს ტანზე ადნებოდა თეთრი სამოსიც... ეს რა უბედურებაა, ისევ სისხლი?!.. ბალერინა ჯულიეტას როლს მოსწყდა და ახლა დარბაზში მჯდარი ერთი მაყურებლის წინაშე აღმოჩნდა. ლიზას თავადაც უკვირდა, მოულოდნელად რატომ შეიცვალა ვითარება, მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა. გაოცებული უყურებდა სხეულიდან გადმომდინარე სისხლს, ჭრილობაზე ხელს იკიდებდა, რომ როგორმე შეეჩერებინა და ცეკვა გაეგრძელებინა. ისევ იბრძოდა, ძალიან ცდილობდა... ვიღაცას შეშლილი სახით გაეღვიძა და რომ დარწმუნდა, ღამის მორიგი კოშმარი იყო, სუნთქვაგახშირებული დასწვდა ტუმბოზე მდგარ წყლის ჭიქას, ხარბად დალია და შიშისგან შეპყრობილი საწოლზე კანკალით მიესვენა.
თავი 27
ლიზა მეტრეველის საქმის გამოძიება ნელ-ნელა ჩიხში შედიოდა. ხელმეორედ გადაიხედა ყველას ჩვენებები, გადამოწმდა ალიბებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი კვლავ არაფერი ჩანდა, რაც საქმეს წინ წასწევდა. _ საქართველოდან დიმა მიქავაზე ქართველი კოლეგებისგან პასუხი მოვიდა, – შეჭმუხნილი სახით ამცნო დეტექტივებს ფერგესმა. _ რას გვწერენ? – იკითხა რებეკა ფულერმა. _ დამაიმედებელს არაფერს. დიმა მიქავას ჩვენთვის საინტერესო პერიოდში საზღვარი არ გადაუკვეთავს, ასე, რომ ეს მკვლელობა მისი ჩადენილი არ არის. არც კრიმინალური წარსული აქვს და არც მისი ფინანსური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ვინმე დაექირავებინა და ლიზა მოეკლა. _ მაშინ რა გამოდის? ხელჩასაჭიდად მხოლოდ ლიზას ბოლო ჩანაწერი გვრჩება? – იკითხა დებორამ. _ საქმეს ის ართულებს, რომ ისიც არ ვიცით, ეს სიმბოლოები როგორ გავშიფროთ. ექსპერტების აზრით, ის ლიზას შექმნილი ანბანია, რომლის მნიშვნელობაც ალბათ, მხოლოდ თავად იცოდა, – მღელვარებით წარმოთქვა მარკმა. _ დამშვიდდით, იმედი არ უნდა დავკარგოთ. ამ გახმაურებულ მკვლელობას აუცილებლად გამოვიძიებთ, – ჩაერთო კაპიტანი. _ მგონია, რომ ლიზას ბოლო ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. იმდენად სერიოზულს, მსხვერპლმა საკუთარ მშობლიურ ენაზეც კი ვერ გარისკა, რომ დღიურში ჩაეწერა და გადაწყვიტა, დაფარულ სიმბოლოებში გადაეტანა. _ თქვა მარკმა. _ თავისთავად, ასეა, – დაუდასტურა ყველამ. _ ნეტა, რა საიდუმლოს მალავდა გარდაცვლილი, რომ ამის გამო გზიდან ჩამოიშორეს? – ჩაფიქრდა კაპიტანი. _ იმედი მაქვს, ამ საიდუმლოს ფარდას ავხდით. სხვა ინფორმაცია უნდა შევაგროვოთ, უნდა მოვძებნოთ პიროვნებები, ვისაც შეიძლებოდა ამ ანბანის თუ სიმბოლოების შინაარსი სცოდნოდა, – თქვა რებეკამ. _ ჯერ ექსპერტებს ამ სიმბოლოებზე მუშაობა არ დაუსრულებიათ, უნდა ვაცალოთ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ და საბოლოო დასკვნა გამოიტანონ. პარალელურად კი ლიზას დღიურზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, შესაძლოა, რამე ვიპოვოთ, – თქვა რიჩარდ ფერგესმა. არც ისეთი მყარი იმედის მომცემი აღმოჩნდა ეს შეხვედრა დეტექტივებისთვის, მაგრამ კაპიტანს ეტყობოდა, რომ ფარ-ხმალს არ ყრიდა.
თავი 28
სათანადო გამოძიების შემდეგ, სასამართლომ ამანდა ჰანცინგერს ჩადენილი ქმედებისთვის რამდენიმეწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალ-გაზეთები ახალი სტატიებით აჭრელდა. არ ცხრებოდნენ ტელევიზიებიც. სწორედ ის მოხდა, რისიც ამანდას ეშინოდა და მთელი ამდენი ხნის განმავლობაში გაურბოდა.
*** _ დეივიდ, პატრიკი ვარ, როგორ ხარ? _ არა მიშავს, პატრიკ, შენ როგორ ხარ? _ შენთან მინდა შეხვედრა. – ნაღვლიანი ხმით უპასუხა მამაკაცმა. _ მოხდა რამე? ხომ კარგად ხარ? _ ერთ საათში, სადაც ვხვდებით ხოლმე, იმ ბარში დაგელოდები და ყველაფერს იქ მოგიყვები. – მოკლედ უთხრა და გათიშა. დეივიდი ათი წუთით ადრე მივიდა ბარში და ბარმენს კათხა ლუდი შეუკვეთა. მალე მეგობარიც გამოჩნდა. _ პატრიკ? – დაბნეული თვალებით შეხედა მამაკაცს, აშკარა იყო, რომ მეგობარი მასთან სერიოზულ თემაზე სალაპარაკოდ მისულიყო. _ დეივიდ, ბოლოს რაც ბარში ლიზაზე მითხარი, მას შემდეგ ვუთვალთვალებდი ამანდას და იმაზე ფიქრი არ მასვენებდა, რომ შეიძლებოდა, შენი მეუღლის მკვლელობაში ყოფილიყო გარეული. _ მერე? _ ერთ ღამეს, ამანდას მანქანით ავედევნე. გული მიგრძნობდა, რომ ლიზას სიკვდილის ამბავთან მიმართებაში, მთლად სუფთა არ უნდა ყოფილიყო. მოულოდნელად მისი მანქანა სტეიტენ აილენდში, რომელიღაც ტყესთან ახლოს გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა და პარკით ხელში ბილიკს გაუყვა. ჩუმად გავყევი და დავინახე, რომ რაღაც ნივთებს უპირებდა განადგურებას. დარწმუნებული ვიყავი, სამხილებს ანადგურებდა და მეგონა, რომ იქ ლიზას მკვლელობის იარაღიც აღმოჩნდებოდა. ასანთს რომ გაჰკრა, მაშინ შევაჩერე და იარაღით ვაიძულე, ნივთები პარკში უკან ჩაელაგებინა და პოლიციის შენობაში გამომყოლოდა. _ მოიცადე, თუ სწორად გავიგე, ამანდას დაპატიმრება შენი მოწყობილია? _ ჰო... _ თავი დაუქნია მამაკაცმა და გააგრძელა: _ მთხოვა, რომ ვიდრე პოლიციაში წავიდოდა, დედამისთან შეხვედრის უფლება მიმეცა. _ მერე? _ დედამისი მოხუცებულთა თავშესაფარში ყოფილა, არ ვიცოდი. ამანდა 50 წლის ასაკში უშვილებია და გაუზრდია. ამ ამბავს დეტალებში აღარ ჩავძიებივარ, მაგრამ... _ რა იყო, ხომ არ ნანობ, რაც გააკეთე? _ არა, საიდან მოიტანე? დამნაშავე იყო და ის მიიღო, რაც დაიმსახურა, მაგრამ ჩემი ეჭვები არ გამართლდა, შენი მეუღლის სიკვდილთან კავშირი არ დაუდგინდა. _ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ფიქრები არ მასვენებს, ვის უნდა მოეკლა? რაში აწყობდათ მისი მოშორება? _ ვერ გეტყვი, დეივიდ, მაგრამ მინდა იცოდე, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. შენი და ლიზას სულის წინაშე თავს ვიდანაშაულებდი, რომ შესაძლებელი იყო, ჩემი ნათქვამი ბოროტ ადამიანებს თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ახლა კი სინდისთან მართალი ვარ. _ გმადლობ, რომ გვერდში დამიდექი და ეცადე, გამოძიებას დახმარებოდი. _ იმედი მაქვს, ნამდვილ მკვლელსაც მალე იპოვიან და საკადრისად აზღვევინებენ. _ ვნახოთ. – ჩაფიქრებულმა დაუწყო ლუდის ბაკალს ხელში ტრიალი.
თავი 29
დაახლოებით 16:00 საათი იქნებოდა, როდესაც ნათია მეტრეველის მობილურზე ნიკა ხურცილავასგან ზარი შევიდა. _ გისმენთ. _ გამარჯობა, ნათია, როგორ ხართ? ნიკა ხურცილავა ვარ, ლიზას მეგობარი. _ გამარჯობა, ნიკა, არა მიშავს. შენ როგორ ხარ? – გაკვირვებული მიესალმა და თავადაც მოიკითხა, ხმაზე ეტყობოდა, რომ არ ელოდებოდა მის ზარს. _ იცით, თქვენთან საქმე მაქვს და ასე ტელეფონით ვერ გეტყვით, სჯობს, პირადად შეგხვდეთ. _ ახლა სამსახურში ვარ, ალბათ გვიანობამდე მომიწევს დარჩენა, დიზაინერის შეკვეთაზე ვმუშაობთ და აუცილებლად დათქმულ დროში უნდა ჩავეტიოთ. ვწუხვარ, მაგრამ არა მგონია, დღეს მოვახერხო შენთან შეხვედრა. _ ეს ლიზას ეხება. _ ლიზას? რამე ახალი გაიგე? _ რომ შეგხვდებით, ყველაფერს მაშინ აგიხსნით. _ ხვალ საღამოს დამირეკე და რამეს მოვახერხებ, აუცილებლად გნახავ. _ შევთანხმდით.
*** მეორე დღეს, დაახლოებით ღამის 23:00 საათზე ნიკა და ფაბიანა ნათიას ბინაში ესტუმრნენ. _ შემოდით, – გაუღიმა სტუმრებს და მისაღებ ოთახში შეიპატიჟა. _ ნათია, თქვენი დახმარება რომ არ გვჭირდებოდეს, ასე გვიან არ შეგაწუხებდით, – უთხრა ნიკამ. _ დიახ, ყურადღებით გისმენთ. _ ეს ფაბიანაა, ჩემი მეგობარი გოგონა, იურიდიული სკოლის საუკეთესო სტუდენტია. მისი მომავალი პროფესია კრიმინალური საქმეების შესწავლას ითვალისწინებს და ასე, რომ მისთვის უცხო არ არის, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, უფრო მეტიც, როგორც შეძლებს, სურს, რომ თქვენი შვილის მკვლელობის საქმეში გამოძიებას დაეხმაროს. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩვენ ლიზას დღიურის ასლი გვაქვს, რომლის წაკითხვის შემდეგ ფაბიანას ბევრი კითხვა გაუჩნდა და... _ ანუ, კერძოდ გსურთ, რომ ამ საქმეს ხელი მოკიდოთ? _ დიახ, სწორად მიგვიხვდით. _ ამ საქმეს ალბათ თანხაც დასჭირდება. _ არა, თანხებს ჩვენ გავწვდებით. ჩვენი ინტერესი, რომ მკვლელის ვინაობა გავარკვიოთ, ყველაფერზე მაღლა დგას. ამ საქმეში ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ თქვენ და დანარჩენებმა, ვისთანაც ხელი მიგიწვდებათ, ჩვენთან ითანამშრომლონ. _ ანუ, თუ სწორად გავიგე, დახმარებას მთხოვთ, რომ ხალხს დაგაკავშიროთ. _ ხალხთან დაკავშირება კიდევ არ არის პრობლემა, რამდენადაც ჩვენთან თანამშრომლობა. ხომ გესმით, ახალგაზრდა სტუდენტებს შესაძლოა, არავინ გვენდოს და პირადი ცხოვრების დეტალები არ გაგვანდოს. _ გასაგებია. ეგ მე მომანდეთ. ვისთან გინდათ დაკავშირება? _ ჯერ თქვენთან გვაქვს კითხვები. _ რა თქმა უნდა, გისმენთ. ნიკამ ფაბიანას ყველაფერი უთარგმნა. გოგონას სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაუარა. _ ნიკა, მე შემიძლია ინგლისურადაც ვესაუბრო ფაბიანას, შენ რომ თარგმნით არ დაიღალო, – შესთავაზა ნათიამ. _ ძალიან კარგი, მაშინ დავიწყოთ, – უთხრა ნიკამ. ფაბიანამ ჩანაწერების რვეული გადაშალა და ნათიას მიუბრუნდა: _ პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის და შევეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო, რომ სიმართლემდე მივიდეთ. დღიურიდან ჩანს, რომ გამომდინარე იქიდან, ლიზა ემოციური პიროვნება იყო, თქვენთან განშორებამ ძალიან იმოქმედა მასზე და ცოტა გულჩათხრობილიც გახადა. ყველას არ უყვებოდა, რაც აწუხებდა და დღიურის არსებობაც სწორედ ამ ფაქტს ადასტურებს. ბევრი რამ გადაჰქონდა ნაწერებში და ასე თავისუფლდებოდა მოძალებული ფიქრებისგან და გრძნობებისგან. მე მაინტერესებს, ვიდრე თქვენ ამერიკაში წამოხვიდოდით, ლიზას ადრეც ახასიათებდა მსგავსი ტიპის რაღაცები? _ ანუ, მეკითხებით ადრეც აკეთებდა თუ არა ჩანაწერებს? _ დიახ. _ არასოდეს შემინიშნავს, რომ ლიზას სადმე ჩანაწერები გაეკეთებინოს. ძალიან გახსნილი და გულღია ბავშვი იყო. ყველაფერს მიყვებოდა, მეგობრებივით ვიყავით. განსაკუთრებით მაშინ შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა, როდესაც მე-7 კლასში გადავიდა. მივხვდი, რომ მას, როგორც ბავშვს, ისე ვეღარ მივუდგებოდი. ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ზოგჯერ რჩევებსაც კი მაძლევდა და ბევრჯერაც გამითვალისწინებია. ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო. _ კარგი. როგორი ინტერესები ჰქონდა? _ ცეკვა ბავშვობიდან უყვარდა, მონაცემებიც ხელს უწყობდა. მე და ჩემმა მეუღლემ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, საბალეტო სასწავლებელში შეგვეყვანა და არც შევმცდარვართ. _ ცეკვის გარდა რა უყვარდა, რითი ერთობოდა? _ მეგობრებთან ყოფნა, თამაში და გართობა უყვარდა, როგორც ყველა ბავშვს. _ განსაკუთრებული ინტერესები არაფერი ჰქონდა? მაგალითად, მსოფლიო დამწერლობების, სიმბოლოების, უძველესი კულტურის ერების, ცივილიზაციების, ტომების?.. _ არც საქართველოში და არც ამერიკაში მსგავსი არაფერი შემინიშნავს, რომ იეროგლიფებით ან დამწერლობებით და მსგავსი ტიპის თემებით დაინტერესებულიყო და მათი შესწავლით დაკავებულიყო. _ შეგიძლიათ, მისი საუკეთესო მეგობრები დაასახელოთ? _ სკოლაში მარიკოსთან მეგობრობდა და კიდევ რამდენიმე გოგოსთან, მგონი გვანცა და ნინო ერქვათ. ხატვის წრეზე დამყავდა და იქიდან გაიცნო ანანო, რომელთანაც ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დედამისსაც ვიცნობდი, ვმეგობრობდით კიდეც. ჩვენი შვილებიც ასე დაახლოვდნენ. კიდევ ჩვენი მეზობლები სოფო და საბა მახსენდება, მათთანაც ახლოს იყო. აი, სხვებს კი ნამდვილად ვერ ვიხსენებ. _ ანანოს მეც ვიცნობ, ლიზა სწორედ მის დაბადების დღეზე გავიცანი. _ საუბარში ჩაერთო ნიკა. _ მახსოვს, ნიკა. ლიზა შენზე რამდენჯერმე მესაუბრა, _ დაამატა ნათიამ. _ მოკლედ, სულ ეს არის თქვენი შვილის მეგობრების სია, ვისი გახსენებაც შეგიძლიათ? – გააწყვეტინა ფაბიანამ. _ დიახ, თუ კიდევ ვინმე გამახსენდება, აუცილებლად გეტყვით. ფაბიანამ ყველას გვარი ჰკითხა, რომ საქართველოში ჩასვლისას მათი მოძებნა არ გასჭირვებოდათ. საბედნიეროდ, ნათიას გვარებიც ახსოვდა და მეგობრების საცხოვრებელი მისამართებიც, რადგან შვილის მეგობრები ბევრჯერ სახლამდეც ჰყავდა მიყვანილი თავის მანქანით. ახალგაზრდები იმაზეც შეუთანხმდნენ, რომ თუ საქმეს დასჭირდებოდა, ნათია საქართველოში გადარეკავდა და მათზე იტყოდა, რომ ლიზას ბიოგრაფიულ წიგნზე მუშაობდნენ.
*** _ აბა, რას იტყვი, ფაბიანა? – ჰკითხა ნიკამ ნათიასთან შეხვედრის შემდეგ. _ არც თუ ისე უნაყოფოდ ჩაიარა ჩვენმა საუბარმა. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ძვირფას ინფორმაციას მივაგენი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, –კმაყოფილი სახით გაიღიმა. _ ძალიან კარგი. ახლა რა ვქნათ? _ ახლა, მე სახლში წავალ, შენ კი არ ვიცი, რა გეგმები გაქვს. ტესტისთვის უნდა მოვემზადო, წინ დიდი სამუშაო მელოდება. ნიკამ ფაბიანა სახლამდე მანქანით მიაცილა. უკან ბრუნდებოდა, როდესაც ნათიას მესიჯი მიიღო, სწერდა, რომ ლიზას მეუღლე კერძო გამოძიებასთან თანამშრომლობაზე დაითანხმა.
*** რამდენიმე დღეში, ფაბიანა და ნიკა დეივიდს დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე დაითანხმეს. დეივიდმა ისინი მედისონ ავენიუზე მდებარე პატარა რესტორანში დაიბარა. _ გმადლობთ, რომ შეხვედრაზე დაგვთანხმდით, – ხელი ჩამოართვა ახალგაზრდა წყვილმა დეივიდს. _ გმადლობთ თქვენ, რომ ამ საქმით დაინტერესდით. რას შეუკვეთავთ? _ მე სიცილიურ პიცას და ერთ ჭიქა ლიმონათს ავიღებ. _ ღიმილით მიუგო ფაბიანამ. _ ნიკა, თქვენ? _ მხოლოდ სალათს და წყალს ლიმონით. _ კეთილი, _ გაუღიმა დეივიდმა და მიმტანს ანიშნა, რომ შეკვეთის მისაცემად მზად იყვნენ. როგორც კი მიმტანი გაისტუმრეს, ნიკამ აღარ დააყოვნა და დეივიდს სიტყვით მიუბრუნდა: _ მისტერ მილერ, ჩვენ თქვენი პირველი ქორწინების შესახებ გვინდა გესაუბროთ. _ რა თქმა უნდა, გისმენთ. _ თქვენს პირველ მეუღლეს ევა ერქვა, არა? _ დიახ, ევა ვაგნერი. _ როდის დაშორდით ერთმანეთს? _ ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ. _ რა მიზეზით? _ მე და ევა ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით. ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი მე ვიყავი. _ შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ მიზეზი? _ ჩვენი შვილის სიკვდილის შემდეგ, ევამ ამ დიდ ტკივილს ვეღარ გაუძლო და შვება ნარკოტიკებში იპოვა. თავდაპირველად, ვცდილობდი, რომ მდგომარეობიდან გამომეყვანა და დავხმარებოდი, მაგრამ არ მისმენდა, ზოგჯერ რამდენიმე დღით იკარგებოდა, არ ვიცოდი, ღამე სად რჩებოდა, ვიღაც მეგობრები გაიჩინა, რომლებთანაც საერთო ინტერესები გამონახა. მალე ჩვენი ურთიერთობა დიდ ფარსს დაემსგავსა და აღარც ერთი ვიყავით ერთად ბედნიერი. _ როდესაც განშორება გადაწყვიტეთ და ევას ამის შესახებ უთხარით, როგორი რეაქცია ჰქონდა? _ ჩვეულებრივად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიიღო. თავადაც ხვდებოდა, რომ ასე ურთიერთობის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. _ მას შემდეგ თუ გეკონტაქტებოდათ? _ არა. _ არც უცდია, რომ ურთიერთობა აღგედგინათ? _ არასდროს. _ არც მის შესახებ იცოდით არაფერი? _ საერთოდ გავწყვიტეთ კავშირი. _ დაშორების შემდეგ პირველად როდის ნახეთ? _ ცოტა ხნის წინ, ჩემს სახლში მოვიდა. _ რა მიზეზით? _ როგორც ჩანს, პოლიცია მისი პიროვნებით დაინტერესდა. მას ეს არ მოეწონა და დედაჩემის სახლში მოვიდა, რომ ვენახე და ეთქვა, ლიზა მე არ მომიკლავსო. _ სხვა ხომ არაფერი უთქვამს? _ სხვა არაფერი. _ კარგი, ახლა ლიზაზე გვინდა, გკითხოთ: _ ბოლო დროს, რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ მისთვის? _ ერთადერთი, რაც მახსოვს, ვიდრე ფლორიდაში წავიდოდი, ცოტა აღელვებული იყო, მაგრამ რომ ვკითხე, მითხრა, რომ ისეთი არაფერი, გადაღლილი ვარო. სწორედ ამიტომ, შობის შემდეგ დასასვენებლად ვაპირებდით წასვლას, რადგან ექიმმაც უთხრა, რომ დასვენება სჭირდებოდა. მერე კი გავიგე, რომ ორსულად იყო. ალბათ, ეს იყო მისი უცნაურობის მიზეზი _ თუ რა თქმა უნდა, ამას უცნაურობას ვუწოდებთ. _ ლიზას ნივთებს სად ინახავთ? _ რომელ ნივთებს? _ მის სამკაულებს, ყოველდღიურ მოხმარების ნივთებს და ა.შ. _ ჩვენს ბინაში, ჩემბერის ქუჩაზე. _ შეგიძლიათ, თქვენი მეუღლის ნივთები გვაჩვენოთ? _ დიახ, რა თქმა უნდა. როდის შეძლებთ წამოსვლას? _ ახლავე. _ არ არის პრობლემა, წავიდეთ. ბინაში ყველაფერი ხელუხლებელი იყო. ახალგაზრდებმა დათვალიერება საძინებლიდან დაიწყეს. ტანსაცმელი, სამკაულები, პარფიუმერია, ნივთები – ყველაფერი დაათვალიერეს, მაგრამ სამწუხაროდ, დღიურში ნანახის მსგავსი, უცნაური სიმბოლოების მატარებელი ნივთი ვერაფერი აღმოაჩინეს.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კეთილი, გავზრდი თავების მოცულობას :)))
კეთილი, გავზრდი თავების მოცულობას :)))
3. კიი, ჯობია მეტი დადოთ ხოლმე. ამ თავში ფაქტიურად არაფერი მომხდარა და დამთავრდა უკვე.
მოკლედ, გელოდებით ქეით გრინ. კიი, ჯობია მეტი დადოთ ხოლმე. ამ თავში ფაქტიურად არაფერი მომხდარა და დამთავრდა უკვე.
მოკლედ, გელოდებით ქეით გრინ.
2. შევეცდები, ქალბატონო მზია :))) შევეცდები, ქალბატონო მზია :)))
1. ვახ, რა საინტერესოა, იქნებ მეტი გამოაქვეყნოთ ხოლმე :)))
ვახ, რა საინტერესოა, იქნებ მეტი გამოაქვეყნოთ ხოლმე :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|