ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
13 დეკემბერი, 2020


ქარაფებზე მოსიარულე (IV)

ეითანის ნიშნობა
ახლახან ჩემი მამიდაშვილის, ეითანის ნიშნობიდან დავბრუნდით. პატარა ძმა ყურს იტკიებდა და ძალიან ურჩობდა. დედამ და მამამ ექიმისგან გამოწერილი ყურის წვეთები ჩააწვეთეს. ნახევარი საათი იტირა და როგორც ჩანს, ჩაეძინა. სახლში ისეთი სიწყნარეა, როგორც სამარეში. მხოლოდ ქუჩაში მოძრავი მანქანების ხმა შემოდის და ფიქრებში გატაცებულს უკან მაბრუნებს. ძილი მერევა, მაგრამ სადარდებელი სწონის. მინდა, ჩემი დღევანდელი შთაბეჭდილებების შესახებ დავწერო. მერე რვეულს ისევ საგულდაგულოდ გადავმალავ, ოთახში შუქს ჩავაქრობ და მეც დავიძინებ.
ნათესავებს შესაკრებად საკმაოდ კარგი მიზეზი გვქონდა და ყველამ მოვილხინეთ. წყვილიც ბედნიერი ჩანდა და იმედით სავსე თვალებით იყურებოდა. წესების მიხედვით, უფლება არ აქვთ ქორწილამდე ხელით შეეხონ, ამიტომ შორს ისხდნენ და ერთმანეთს მორცხვად შესციცინებდნენ თვალებში. მჯერა, ლამაზი ცხოვრების მოლოდინი აქვთ.
რაც მსოფლიო ლიტერატურის გაცნობა დავიწყე, ლამაზ ცხოვრებას ყველგან სხვადასხვა კრიტერიუმებით ზომავენ. ებრაელებში ის ბევრი ბავშვით ახმაურებული სახლით, მშვიდი, რელიგიური და ნაკლები პრობლემებით სავსე ცხოვრებით ისაზღვრება. პრობლემებში ძირითადად ჯანმრთელობის გაუარესება, ოჯახში შექმნილი უბარაქობა და უსიყვარულობა იგულისხმება. ეითანიც და მისი საცოლეც ჯანმრთელები არიან, ფინანსური პრობლემებიც მეტ-ნაკლებად მოგვარებული აქვთ- არცერთის ოჯახი ცხოვრობს სიდუხჭირეში და რაღა დარჩა? იმედი მაქვს, ერთმანეთს შეეჩვევიან და მათ შორის სიყვარულიც დაიბადება.
უცნაურია, რომ ბოლო დროს სიყვარულზე ფიქრებმა გამიტაცეს. მალე გათხოვების ასაკში შევალ და ახლავე ვიცი, ჩემი სიყვარული არც შექსპირის რომეო და ჯულიეტას, ან კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსის, არც შაჰ-ჯაჰანი და მუმტაზ-მაჰანის და მითუმეტეს, არც დანტეს პაოლო და ფრანჩესკას თავგადასავლებს არ დაემსგავსება. უნდა ვაღიარო, ტრაგედიებისადმი ლტოლვა არც არასოდეს მქონია, მაგრამ ჩამოთვლილი წყვილების მსგავსად, ძლიერ სიყვარულზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს.
ჰასიდიზმში ყველა წყვილს ქორწინების მსგავსი ისტორია აქვს, რომელიც არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. მე კი ვისურვებდი გამორჩეული ისტორიის შექმნას, რომელშიც უსიყვარულო კავშირის ტყვეობაში არ აღმოვჩნდებოდი.


ჰანუქა და საშობაო სამზადისი
მამაჩემმა ჰანუქის აღსანიშნავად წელს ახალი, ძვირფასი მენორა* იყიდა. დედამ ფანჯარასთან დადგა, ისევე როგორც ეს სინაგოგაში ხდება და ახლა მთელი ოჯახი სულმოუთქმელად ველოდებით დღესასწაულის დადგომას. ჰანუქა ოცდახუთ ქისლევს იწყება და რვა დღე გრძელდება, ტევეთის თვის ორ ან სამ რიცხვამდე. იგი ძველი წელთ აღრიცხვით მეორე საუკუნეში დაწესდა მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად. მანამდე ტაძრის ტერიტორია ბერძნულ-სირიული არმიისგან და მათი მოკავშირე ებრაელებისგან იყო დაკავებული. ჰანუქის დღეებში მზის ჩასვლის შემდეგ სასანთლეს თითო სანთელი ემატება და ასე ივსება საბოლოოდ რვა სანთლით.
ამ დღესასწაულს მეორენაირად სინათლის დღესასწაულს უწოდებენ. რვა დღის განმავლობაში ხშირია შეკრებები, წვეულებები, სიმღერები და თამაშები. ტრადიციის მიხედვით, სუფრაზე უნდა იყოს ტაფაზე გამომცხვარი კარტოფილის ხრაშუნა ბლინები, ძროხის ან ხბოს ხორცით მომზადებული ბრისკეტი, კუგელი, ჟელეთი სავსე დონატები და შოკოლადის მონეტები. როგორც წესი, ჩემი ძმები მუსრს ავლებენ ტკბილეულობას და ხშირად ხდებიან დედაჩემისგან დატუქსვის ობიექტები, მაგრამ ვინ უსმენს? მაქსიმუმ ერთი საათი შეიკავონ თავი და შემდეგ ისევ ეპარებიან ხოლმე.
ჰანუქას დღესასწაული და ქრისტიანების საშობაო სამზადისი ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. 
ნიუ-იორკის ქუჩები ყველგან ფიფქებით, ბრჭყვიალებით, სათამაშოებით, ნაძვის ხეებით და სანტა კლაუსებით ირთვება. ამას წინათ ინტერნეტში ერთ-ერთ სტატიას გადავაწყდი, რომელიც ბრუკლინის იტალიური უბნის “Dyker Heights” -ის შესახებ გვამცნობდა. თურმე უბანი საშობაოდ ზღაპარს ემსგავსება. სახლები საუცხოო დეკორაციებით გამოირჩევა და ყოველწლიურად ასიათასამდე მნახველს იზიდავს.  სახლების მეპატრონეები ორიგინალურ მორთულობასა და ულამაზესი სანახაობების მომზადებაში ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. იქ მაცხოვრებლების უმეტესობა პროფესიონალ დეკორატორებს მიმართავენ და საშუალოდ ათასიდან ოციათას დოლარამდე ხარჯავენ. სახლები და ეზოები უზარმაზარი მარხილებით, სანტებით, ირმებით, ანგელოზებით, მაკნატუნებით, მოცეკვავე თოჯინებით, დისნეის მულტფილმების პერსონაჟებითა და ათიათასობით ნათურით ირთვება.
განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევიან 81-დან 86-მდე პერიმეტრში არსებული ქუჩები. ტრადიციული საშობაო სანახაობა უკვე დიდი ხანია გრძელდება და იდეის ავტორები და სულის ჩამდგმელები იტალიური წარმომავლობის ქალბატონი ლუსი და მისი მეუღლე ანგელა სპატები არიან. ისინი მეთერთმეტე და მეთორმეტე ავენიუებს შორის, ოთხმოცდამეოთხე ქუჩაზე 1152 ნომერში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, მათი სახლი ყოველ შობას ძალიან გამორჩეულია.
უბნის მაცხოვრებლები ყოველ სეზონზე სულ მცირე, ერთი საინტერესო დეკორაციით ავსებენ საშობაო კოლექციას და წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობენ დამთვალიერებლებს. ეს თავბრუდამხვევი და დაუვიწყარი სილამაზე მადლიერების დღის შემდეგ იწყება და დაახლოებით ექვს კვირამდე გრძელდება.
როგორ მინდა მეც მქონდეს უფლება ამ სანახაობას დავესწრო, მაგრამ...



დამარხული ნიჭი
უცნაურ შინაგან ძალას ვგრძნობ, რომელიც მაწვალებს და სხეულიდან გამოსვლას მთხოვს.  მიწაში დათესილ მარცვალს ვგავარ, რომელიც გამოსახეთქად და ფესვების გასადგმელად ემზადება. თავადაც ვერ ამომიხსნია რატომ, მაგრამ როდესაც ფერებს ვხედავ, მთელი სხეული მათკენ მიისწრაფის და მინდა სხვადასხვა სახის, ზომის, თემატიკის ნამუშევრები შევქმნა.
ჩემს ძმებთან ერთად დროის გაყვანის მიზნით, ფურცლებზე ხშირად დამიხატავს პეიზაჟები, გამიკეთებია აპლიკაციები და ყოველთვის ვატყობდი, ასეთი სახის სამუშაოები უზომო სიამოვნებას მანიჭებდნენ, მაგრამ იმასაც ვხვდები, ეს არ მაკმაყოფილებს. რაღაც უფრო მეტი მინდა, რომელიც სამოყვარულო სახის გასართობს გასცდება და ტილოზე გადაინაცვლებს. როგორ ან ვისთან გავამხილო, რომ ხატვა ისე მჭირდება, როგორც ნაპირზე გამორიყულ თევზს წყალში დაბრუნება? ვერავის ვეტყვი. რა აზრი აქვს? ვერ გამიგებენ და მეტყვიან, ნამდვილი ჰასიდივით უნდა მოვიქცე და ჩემი ემოციები და შესაძლებლობები ბევრად უფრო საინტერესო და საჭირო საკითხებს მოვახმარო. არადა, შიგნიდან რაღაც არ მასვენებს და ტკივილამდე მაწვალებს. თითქოს ჩემში დიდი წრე ტრიალებს და ამ სურვილს ზედ იხვევს. სურვილი იზრდება, მასზე დასახვევი მასალაც სულ უფრო იბურდება და ყველაფერს მიგლიჯავს. სხეული მეხევა და თავს სანაგვე ურნაში გადასაგდებად მომზადებულ უსარგებლო ქაღალდად ვგრძნობ.
ამას წინათ მხატვრულ მიმდინარეობებს ვეცნობოდი. მომეწონა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებული ავანგარდიზმი, ციურიხში წარმოქმნილმა დადაისტურმა მიმდინარეობამ განსაკუთრებულად მომხიბლა, არც ექსპრესიონიზმმა და იმპრესიონიზზმა დამტოვა გულგრილი, მაგრამ სულ სხვაა სიურრეალიზმი, რომელშიც მხატვრისა და სამყაროს შორის დამყარებულ იდუმალ კავშირს ვამჩნევ, სადაც ერთგვარი კვლევა-ძიების შედეგად გამოჟონილ პროდუქტს გარკვეული ხნის შემდეგ ტილოებზე ვხედავთ.
მხოლოდ მე არ ვარ ასე. სხვებიც არიან თემში, რომლებიც ჩემსავით მალავენ საკუთარ თავს და მისწრაფებებს. ჩემი მეგობარი რაკელი ბიონსეს ფანია. ამას მხოლოდ მე მიმხელს, რათა უფროსებმა ცუდი საქციელისთვის არ გაკიცხონ. ღამ-ღამობით, როდესაც ოჯახის ყველა წევრი იძინებს, ტუალეტში იკეტება, სმარტფონზე ყურსასმენებს ამაგრებს და ისე უსმენს. მის ოთახში დებს სძინავთ და მათ ემალება. არ უნდა, რომელიმე მათგანმა დაინახოს და მშობლებთან დაასმინოს. სკოლიდან რომ ვბრუნდებით, გზაში ბიონსეს რეპერტუარიდან დაბალ ხმაზე მღერის. შეუდარებელი ხმის ტემბრი და შესრულების მანერა აქვს. ამბობს, რომ ცეკვავს კიდეც, მაგრამ მისი ცეკვა არასოდეს მინახავს.
კიდევ კარგი, მასსავით ტუალეტში ჩაკეტვა არ მიწევს. ზოგჯერ გათენებამდე ვკითხულობ წიგნებს, ვუყურებ ფილმებს, ბევრს ვფიქრობ და თუ ხასიათზე ვარ, ჩანაწერებს ვაკეთებ. ამდენი ხანი ერთ პატარა, უფანჯრო ოთახში ვერ გავძლებდი.
მიყვარს ღამე. რამდენ საიდუმლოს მინახავს...
ალბათ, რაკელსაც უყვარს იგი...


ზღვა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი
რაც უფრო ვეცნობი ლიტერატურას, მით უფრო მომწონს ზღვა და მისი დატვირთვა ავტორების შეხედულებების მიხედვით. ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, ის ბუნებაზე მეტია და პერსონაჟივით მნიშვნელოვანი. მიყვარს მწერლები, რომლებიც ხეებს, ზღვას, ყვავილებს, ქარს, თოვლს, წვიმას, ბალახსა და ბუნების დანარჩენ ქმნილებებს სულიერებივით მოიხსენიებენ, მაგრამ ყველაზე მეტად წყალი მიზიდავს.
ზღვა- ხანდახან მზესთან მოსაუბრე, მშვიდი, თავმომწონე და ლიცლიცა, ხან კი ქარიშხალთან მოთამაშე, ძლიერი, მშფოთვარე და დამღუპველი.
სამყაროში ჩასახული მეორე სამყარო, სადაც მიწის მსგავსად, სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ენაცვლება. 
ზოგჯერ მგონია, ზღვა არასოდეს იქნებოდა ბოროტი, ადამიანები რომ არ აბინძურებდნენ. მის სახლში განსაწმენდელად შედიან, უტოვებენ ჩადენილ ცოდვებს, ჩუქნიან ტკივილს, წყენას, ბოღმას, ბრაზს და ნაკლებად ფიქრობენ, რომ ის ამას არ გრძნობს. მერე მიდიან, სადღაც მიდიან და ძარცვავენ მისთვის საყვარელი ლურჯი სამოსისგან. ითმენს ზღვა, ბევრს ითმენს, მაგრამ ადამიანები არ ჩერდებიან, ყოველდღე ბილწავენ და აშავებენ. მისთვის სიბინძურეს უფრო იმეტებენ, ვიდრე სიწმინდეს. გული უსივდება და ჩქარი რიტმით უფეთქავს. გაცხარებეულია. ცდილობს დაგროვილი ჭუჭყი მოაგროვოს, დიდ და მძიმე ტალღებად შლეგიანივით ათრიოს და ნაპირზე მოსულმა ერთიანად მოგვაფურთხოს. ეს ჩვენი დატოვებულის უკან დაბრუნებაა. არავის სჭირდება სხვისი სათრევი ჭირ-ვარამი. ზღვასაც კი!..
ასე ბრაზობს რამდენიმე დღე, სანამ ტკივილი არ დაუცხრება და გაბრაზება არ გადაუვლის. შემდეგ ისევ სიწყნარეს უმეგობრდება, ცასავით კრიალა სამოსს იბრუნებს და მშვიდ სუნთქვას და სტაბილურ გულისცემას აგრძელებს.
კაცობრიობა ვერც იაზრებს რამხელა ისტორიული საგანძურები აქვს ზღვას ფსკერზე გაშენებული. რამდენი რამ იცის დაკარგული ხალხის, გემების, თვითმფრინავების, სხვადასხვა ნივთებისა და ამბების შესახებ. თევზების და წყლის დანარჩენი ბინადრების როგორ შემშურდეს? ცოტა სასაცილოც კი არის, მაგრამ აშკარაა, მათ ნებისმიერ ჩვენგანზე მეტი აქვთ ნანახი და ისეთ რაღაცებზე ფლობენ ინფორმაციას, რაზედაც წარმოდგენა არ გვაქვს.
ეჰ, ზღვას რომ მემატიანე ჰყავდეს, მსოფლიო ისტორიის წიგნებს უამრავი ფურცლები შეემატებოდნენ.
არა მგონია, პოსეიდონის უსიტყვო სამფლობელო ვინმემ ოდესმე ამოხსნას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მისი ღვთაების მსგავსად, ძლევამოსილი, გამოუცნობი, დაუმორჩილებელი და მეამბოხეა.
რომ მკითხონ, რომელი სტიქია ვიქნებოდი, წყალს დავასახელებდი... 

აღელვებულმა ვივიენმა კითხვა შეწყვიტა. აყრილ-დაყრილი აზრების დასალაგებლად თავი უკან გადახარა და ჭერს მიაშტერდა. რამდენიმე წუთი ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღიურის მთავარი პერსონაჟის ტყავში შეძვრა და ჰასიდების ყოველდღიურობაში ჩაეფლო. საინტერესო იყო მათი ცხოვრება. მტვერსასრუტივით შესრუტული ამბებიდან გონებაში სხვადასხვა ოთახები ააგო, საიდანაც ერთმანეთში გადადიოდა და რუკაზე მიჯაჭვული ტურისტივით თითოეულ კუთხე-კუნჭულს ეცნობოდა.
დღიურიდან მიღებული ემოციები რომ გაიქარვა, ტელევიზორი ჩართო. გვიანი იყო, თავის შესაქცევი ვერაფერი ნახა და “Voice”-ის ბოლო ჩანაწერებს მიუბრუნდა. ნანახმა პროგრამამ დიდად ვერ დააინტერესა და მალევე გამორთო. დღიურს უყურებდა, უნდოდა წაეკითხა, მაგრამ ხვდებოდა, კარგი ამბებით არ გაგრძელდებოდა და დროს წელავდა. საბოლოოდ ცნობისმოყვარეობამ დაჯაბნა და რვეულს მიუბრუნდა:

ნეითანი
დღეს თუ ამ დღიურთან რამე მომიყვანდა, მხოლოდ ჩემს გათხოვებაზე ბჭობა. დედ-მამამ სრულ გაურკვევლობაში ჩამაგდო. მაჭანკალს ვიღაც შეძლებული ოჯახის შვილი შეუთავაზებია მათთვის და გადაწყვიტეს, ჩემი აზრი მოისმინონ. წესით, უნდა მიხაროდეს. ყველა გოგონა ოცნებობს ოჯახის შექმნაზე, შვილების ყოლასა და ქმარ-შვილთან ერთად ლამაზი მომავლის მოწყობაზე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე ეს სწორედ ის არის, რაც მინდა.
ოჯახი, რომელიც ჩემი კანდიდატურით დაინტერესდა, გვარად უნგერია. მას ბორო პარკსა და უილიამსბურგში საცხობების ბიზნესი აქვს. სავარაუდო საქმროს ნეითანი ჰქვია. დედა მირჩევს, გავიცნო. დასხდებით, ილაპარაკებთ, იქნებ, ერთმანეთს გაუგოთ და ყველაფერი ისე წავიდეს, თქვენ რომ ვერც წარმოიდგენდითო. მამას მოსწონს, სინაგოგიდან იცნობს. ამბობს, კარგი ბიჭია, არაფერი დაეწუნებაო.
ძალიან განვიცდი. ხელის გულები გამეყინა, თითებს ძლივს ვამოძრავებ და ამ ტექსტსაც გაჭირვებით ვწერ. გული გაორმაგებით მიცემს და ლამის არის, სხეულიდან ამოფრინდეს.
ნეტა, სადმე რამე მინიშნებას მივაგნო, როგორ მოვიქცე? მგონი, სჯობს, გავიცნო. ახლა ისეთ ასაკში ვარ, დღეს ნეითანს შემომთავაზებენ, ხვალ კიდევ ვიღაცას და ეს არასოდეს დამთავრდება. გაბედე სარა და თქვი კი. ბოლოსდაბოლოს, თუ არ მოგეწონება, იტყვი არას და ის ბიჭი თავისი გზით წავა, შენ-შენით. შეიძლება ნეითანსაც არ მოვეწონო და მანაც არა თქვას. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.


შეხვედრა ნეითანის დედასთან
სამი დღის წინ ნეითანის დედას შევხვდი. ისე ვნერვიულობდი, მთელი მუცელი მგვრემდა. როგორც კი დავინახე, ვიგრძენი, როგორ გავწითლდი. ჩემი თავის შემრცხვა, თორემ მინდოდა გავქცეულიყავი. ხელებმა და ფეხებმა კანკალი დამიწყეს, აზრები გონებიდან წამერთვა და ცივი ოფლი მასხამდა. ვიფიქრე, ვიღაც არანორმალური არ ვეგონო-მეთქი და თავი ხელში ავიყვანე, მივესალმე და გავუღიმე.
-მეც შენსავით ვნერვიულობ, არ გეგონოს, რომ მხოლოდ შენ ღელავო,-დამამშვიდა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
ჩვენი საუბარი ზოგად თემებს მოიცავდა. ნახევარზე მეტი აღარც მახსოვს რა ვილაპარაკეთ. თავდაპირველად მშობლებზე დაიწყო საუბარი და მეც ასე თუ ისე ავყევი. მერე ძმებზე დამისვა რამდენიმე კითხვა და ისე ავლაპარაკდი, ვეღარ მაჩერებდა. მოვუყევი მათი სიცელქის, საყვარელი თამაშებისა და სკოლის ამბების შესახებ. შემდეგ ინტერესები გამომკითხა. მგონი, სულ ეს იყო. დეტალები მართლა აღარ მახსოვს.
გუშინ მაჭანკალი მშობლებს დაუკავშირდა და უთხრა, ნეითანის მშობლები თანახმა არიან, მათმა ბიჭმა სარა გაიცნოსო. დედაჩემმა საქმის კურსში ჩამაყენა. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, როგორი ადამიანია. იქნებ სულაც არ არის კეთილი, მზრუნველი, გულწრფელი და ისეთი, როგორ საქმროსაც ჩემს წარმოდგენებში ვხატავდი.

პირველი პაემანი
ჩვენი პაემანი დედაჩემის მამიდის სახლში შედგა. ერთმანეთის მოპირდაპირედ, მაგიდასთან დავსხედით. გარეგნულად მაღალი, გამხდარი, ქერა, თხელი სახის ცისფერთვალება პიროვნებაა. თავდაპირველად, თავს უხერხულად ვგრძნობდი, თუმცა ნეითანმა მალევე შემიქმნა მასთან ყოფნის კომფორტი და საუბარი სასიამოვნო გახადა. ჩვენს ბავშვობაზე ვისაუბრეთ, ოჯახებზე, სკოლაზე. უფრო მეტად და სიღრმისეულად ვერ გავეცნობოდით ერთმანეთს, ამის საშუალებას ადათ-წესები არ გვაძლევს.
საუბრისას ნეითანს შევატყვე, იუმორთან კარგი დამოკიდებულება აქვს. ეს პლიუსად ჩავუთვალე. მასთან ორსაათიანი შეხვედრა სახალისო აღმოჩნდა.
მოსაწყენ ადამიანს ნამდვილად არ ჰგავს.
მშობლებმა შემდეგ კვირაშიც დამრთეს მისი ნახვის ნება. ვეცდები, უკეთესად გავიცნო, რადგან მეორე შეხვედრა გადამწყვეტია და ორივე ჩვენგანის პასუხი ერთად ყოფნის ბედს გადაწყვეტს.


ქაოსი
ყველაფერი დაჩქარებული წესით წარიმართა. დღიურამდე მოსვლას და შთაბეჭდილებების გადმოღვრას წესიერად ვერც ვასწრებ. მე და ნეითანმა მეორე შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს შევეფერებით.
ვიცი, „შევეფერებით“ ხმამაღალი ნათქვამია. ორჯერ ორსაათიანი შეხვედრის შედეგად ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ჩვენს თემს ახასიათებს. რა უნდა მოასწრო ფორმალურად მოგდებულ ოთხ საათში? ნურავინ შემედავება, ეს დრო ადამიანებს ერთმანეთს ვერ გააცნობს!
უცხო კაცს მივყვები ცოლად და ამიერიდან მას მხოლოდ ქორწილის დღეს, შვიდი თვის შემდეგ ვიხილავ. რამდენი რაღაცის დაწერა და ყვირილი მინდა, მაგრამ ასეთია მესერებით შემოღობილი თემის წეს-ჩვეულებები და სამწუხაროდ, ვერავინ შეცვლის.
მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გადაწყდა, თვალწინ ნეითანის სახე მიდგას და ვცდილობ, წარმოვიდგინო როგორი მეუღლე და მამა იქნება, ან მე როგორ გავართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობებს? გამჩენს ვთხოვ, ჩემი მშობლებივით კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ნეტავ, ხასიათებით მამაჩემს ჰგავდეს. მასსავით თბილი, მეოჯახე და ოჯახის წევრების მიმართ პატივისცემით და სიყვარულით განმსჭვალული იყოს.
ჩემს გარშემო შექმნილი ქაოსის შრეებში ვიძირები და იმასაც ვერ ვხვდები, სად გავიქცე. მხოლოდ ფლატე და ქოხი მაბადია. ამ დღეებში იქაც გადაუღებლად წვიმს, ყველაფერი იტბორება და თავის შეფარება შეუძლებელია. გაჩერდი, ცაო! განა ვერ ხედავ, რომ წლობით ნაშენები მოსასვენებელი თავზე მემხობა? სიამოვნებით ავიღებდი ნემსს და წვიმის სადინარებს ამოგიკემსამდი.


ფურიმი
ხვალ ფურიმია და განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობაა ჩვენს ოჯახში. დედ-მამამ ჩემი ძმებისთვის კოსტუმები უკვე შეიძინეს. მსვლელობა რომ დაიწყება, ყველა გამოვეწყობით და სხვებს შევუერთდებით. არავის ეცმევა ყოველდღიური ტანსაცმელი. ეს დღე ერთადერთია, როცა დიდსაც და პატარასაც ამაღლებული განწყობა და მხიარულების პიკი აქვს.
ესთერის წიგნში მოთხრობილია თუ როგორ გადაურჩნენ სპარსეთში მცხოვრები ებრაელები განადგურებას. ფურიმის დღესასწაული ამ მოვლენის აღსანიშნავად დაწესდა.
იყო ერთი კარისკაცი ამანი, რომელიც სპარსეთის მეფე ახაშვეროშთან მსახურობდა. როდესაც მორდეხაიმ მის წინაშე ქედის მოხრაზე უარი განაცხადა, ძალიან გაღიზიანებულა და მეფე დაარწმუნა, განკარგულება გაეცა, რის თანახმადაც ნებისმიერ მსურველს ებრაელების განუსაზღვრელი რაოდენობით გაწყვეტის უფლება ენიჭებოდა.
ამანის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რადგან ბრძენმა ებრაელმა მორდეხაიმ და მისმა ნათესავმა, სპარსეთის დედოფლად წოდებულმა ესთერმა ხელი შეუშალეს ამ საზარელი საქმის სისრულეში მოყვანას. ესთერმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, სამეფო ეტიკეტის დაარღვია, ახაშვეროშთან მიწვევის გარეშე გამოცხადდა და ნადიმზე დაპატიჟა, რათა იქ ებრაელი ხალხის შეწყალება ეთხოვა და გადაწყვეტილების შეცვლაში დაერწმუნებინა. ასეც მოხდა, მეფემ ამანის ინტრიგების შესახებ შეიტყო და ყველაფერი ისე შემობრუნდა, მორდეხაისთვის გამზადებულ სახრჩობელაზე თავად ამანი ჩამოკიდეს. ებრაელებს კი თავდაცვის უფლება მიენიჭათ, რის შემდეგაც სასტიკი შეტაკებები წავიდა და საბოლოოდ, სპარსეთის იმპერიაში მყოფმა ებრაელებმა სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს.
სიმართლე ვთქვა, როგორც ყველა, ასევე მეც დიდი მოლოდინებით ვუცდი ფურიმს. ამ დღეს მთელი თემი კალაპოტდაკარგულ მდინარეს ემსგავსება, რომელმაც სიმშვიდეს უღალატა და თავგზაარეული გზას ზვირთებად მიაპობს.
კარგად შეზარხოშებული და ფერად კოსტუმებში შემოსილი ჰასიდები ქუჩებში ცეკვა-თამაშისთვის გამოიშლებიან და იქმნება მთელი გნიასი და წარმოდგენები.
ზოგი მანქანებს სხვადასხვა წარწერებით გააფორმებს და მხიარული სიმღერებით ჩამოივლის. ბავშვები ყველაზე მეტად გაერთობიან. საჩუქრებს მიიღებენ და ბევრ ტკბილეულსაც გეახლებიან. ჰო, მართლა, წელს პირველად „ამანის ყურები“ უნდა გამოვაცხო. ეს დღე ამ ნამცხვრის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს.


ქორწილის მოლოდინი
ვცდილობ, გონება სხვადასხვა თემებისკენ მივმართო და შიშმა არ გადამფაროს, მაგრამ არ გამომდის. როგორ არ ვიფიქრო და ვინერვიულო? პატარა ამბავი არ არის ერთ ჭერს შეჩვეული სხვაგან გადახვიდე და შენთვის უცნობ ადამიანთან დაიწყო არა მარტო ცხოვრება, არამედ სექსუალური ურთიერთობა. წესით სექსუალური აქტის შესახებ არაფერი უნდა ვიცოდე. ამისთვის სპეციალური განმანათლებლები არიან, ქორწილის წინ მოდიან და ყველაფერს დაწვრილებით გიხსნიან, თუმცა ჩემთვის ეს საჭიროებას დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. მომიწევს, უმეცარი გოგოს როლი მოვირგო და ვინც არ უნდა იყოს, დიდი გულისყურით მოვუსმინო.
ისე, ძველი ებრაული სიბრძნე მახსენდება, რომელსაც „ციდან ნაკურთხი ხუმრობა“ ჰქვია.
ახალგაზრდა ჰასიდი, სახელად მეირი, თავის რებეს-რავ დოვ ბერს მეჟერიჩიდან ესტუმრა. მეირს დიდი გასაჭირი ჰქონდა - უსახსრობის გამო ცოლად არავინ მიჰყვებოდა.
-წადი შენს გზაზე მშვიდობით და დათანხმდი, ცოლად ის გოგონა მოიყვანო, რომელსაც პირველს შემოგთავაზებენ!- უთხრა რებემ.
წავიდა მეირი, გზაზე შემოაღამდა და ღამის გასათენებლად ერთ პატარა სასტუმროში შეჩერდა. მაგიდასთან ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ, ღვინოს სვამდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ. მხიარულმა კამპანიამ მოწყენილი მეირი მალე შეამჩნია. მას უგუნებობის მიზეზი გამოკითხეს და გაიგეს, რომ ის თავისი რებესგან ბრუნდებოდა.
-რებეს კურთხევა ვთხოვე, რათა უზენაესმა საცოლე მაპოვნინოს. მან მირჩია, პირველივე შემოთავაზებას დავთანხმებოდი.
ამ სიტყვების გაგონებაზე ერთმა მოქეიფემ წამოიძახა:
-რა კარგია! მე ვიცი საშენო პარტია. ჩემი უმცროსი და შეირთე, მზითევში ასი მანეთი აქვს. თუ თანახმა ხარ, მოდი, ახლავე მოვილაპარაკოთ.
სინამდვილეში, მაჭანკალს არავითარი და არ ჰყავდა. საუბარი იმ სასტუმროს მეპატრონეს ქალიშვილზე იყო, სადაც ეს მოვლენები ვითარდებოდა.
მეირი თანახმა იყო. მაჭანკალი ქალთან გაიქცა და უწყინარ ხუმრობაზე ისიც დაითანხმა.
მხიარულმა თავყრილობამ არაყი შეუკვეთა და ლეხაიმის* ფონზე მეირს ყველა დანიშვნას ულოცავდა.
ნასვამი ახალგაზრდები სიცილით იგუდებოდნენ. უცებ ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლს შეშა დაამატა და მთელი სერიოზულობით თქვა:
-მოდი, ქორწილიც ახლავე გადავიხადოთ. აი, ეს კი ძალიან მაგარი იქნება!
ყველა დაფაცურდა, სუფთა სუფრა იშოვეს, ბოლოები ჯოხებზე დაამაგრეს და საქორწინი ბალდახინიც* მზად იყო. ჰასიდმა ქეთუბა თავისი ხელით დაწერა და მხიარულად მოხითხითე გოგონა მოშესა და ისრაელის კანონების მიხედვით, ცოლად გამოაცხადა.
უწყინარი თავყრილობა ღრეობაში გადაიზარდა. ახალგაზრდა ჰასიდმა ხმაურს ვეღარ გაუძლო და ღამე არაებრაელი გლეხის ოჯახში გაათია.
დილით მეირი სასტუმროში ისევ დაბრუნდა, მის მეპატრონესთან მივიდა და ჰკითხა: -როგორ ბრძანდებით, პატივცემულო სიმამრო?
-ეს ვინ არის? რაზე მესაუბრება?- გაიკვირვა კაცმა.
-მამა, გუშინ ამ ყმაწვილმა ძალიან გაგვამხიარულა. ხუმრობა გვინდოდა და ტყუილი ნიშნობა და ქორწილი მოვაწყეთ! არც დაიჯერებ, გუშინ რამდენი სასმელი გაიყიდა.
-უგუნურებო!-მუშტი დაჰკრა მაგიდას,- კარგი, დავუშვათ, ამ სულელებმა არ იციან ქეთუბისა* და საქორწინო ცერემონიის მნიშვნელობა, მაგრამ შენ რა დაგემართა? იეშივაში* სწავლობ, ხომ უნდა გცოდნოდა, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი?!
ცოტა რომ დამშვიდდა, ახლადგამომცხვარმა სიმამრმა მეირს გაყრის წერილი მოსთხოვა და შეწუხებისთვის ოც მანეთს დაპირდა. მისდა გასაოცრად, ახალგაზრდა უარზე იყო. მეირმა აზრი არც თანხის გაორმაგების შემდეგ შეიცვალა.
-ეს ნაბიჯი რებეს მითითებით გადავდგი, მისი რჩევის გარეშე, გარიგებასაც არ ჩავშლი! მოდი, წავიდეთ რებესთან!- ამბობდა მეირი.
მივიდნენ რებესთან და ყველაფერი მოუყვნენ.
-ორმოც მანეთს ვთავაზობდი და უარი მითხრა!-დასძინა სიმამრმა.
-ნება მომეცი, საქმე ახალგაზრდასთან განვიხილო,- უთხრა რებემ.
რამდენიმე საათის შემდეგ რებე გამოვიდა და სასტუმროს მეპატრონეს მოახსენა:
-მეირი თანახმაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ათას მანეთს გადაუხდი. ჰო, მართლა, შენი გოგონასთვის ძალიან კარგი კანდიდატურა მყავს. თავს ვდებ, რომ ის ახალგაზრდა, ვისზეც გელაპარაკები, ნასწავლი, ღვთის მოშიში ებრაელია და ბევრი კარგი თვისება აქვს.
-რებე, თქვენს ნებისმიერ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით მივიღებ -გაუხარდა სასტუმროს მეპატრონეს.
-ჩემს კანდიდატს ერთი ნაკლი ჰქონდა -უფულობა, მაგრამ ახლა მას ფული აქვს. სულ ახლახან ათასი მანეთი მიიღო. ასე, რომ მგონი საკითხი გადაჭრილია! შენს ქალიშვილს არ სჭირდება გაყრა და ახლიდან გათხოვება. დამიჯერე, ეს ქორწინება ზეციდანაა კურთხეული!
სასტუმროს მეპატრონემ რებეს რჩევა მთელი გულით მიიღო და სიძე სახლში წაიყვანა. ბედნიერი წყვილი სიყვარულსა და თანხმობაში დიდხანს ცხოვრობდა.


იყოს ჩემს ჩანაწერებში, ქორწილამდე ხშირად გადავხედავ ხოლმე, იქნებ მეც ვირწმუნო, რომ მეირის და მისი საცოლის მსგავსად, ჩემი და ნეითანის ქორწინებაც ასეთივე ნაკურთხია.


***
სათაურსაც ვერ ვარქმევ დღევანდელ ჩანაწერს. რა მინდა? რისთვის მოვედი დღიურამდე? რატომ ვწერ? რას ვწერ? საერთოდ არაფერი ვიცი რა ხდება ჩემს თავს.
ორ დღეში ქორწილი მაქვს. სხვა სახლში გადავალ საცხოვრებლად, სხვა გარემოში და მეყოლება ქმარი. მე უბრალოდ სარა აღარ ვიქნები. გათხოვილი ქალის სტატუსი მექნება და ისეთი ცხოვრება მომიწევს, როგორც ჩემს თემშია მიღებული.
არც იმის იმედი მაქვს, რომ ამ რვეულთან შეხება კიდევ მექნება. ეს რომ ნეითანმა მიპოვოს, ზუსტად ვიცი, რასაც აქ ვწერ, ძალიან არ მოეწონება. ხომ არ დავწვა და გავაქრო? იქნებ სჯობს, ახალი ცხოვრება ძველი ნარჩენების გარეშე დავიწყო?


ახალი კერა
მეგონა აღარასოდეს მომინდებოდა დღიურის ფურცლების გადაშლა, მაგრამ...
ერთ ხანს ამ რვეულს ცეცხლის ალისთვისაც ვიმეტებდი და წინა ჩანაწერში კიდეც აღვნიშნე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავბედე ამის გაკეთება. ალბათ, იმიტომ, რომ მიყვარს საიდუმლოებები, გამოცანები და სიმძაფრეებთან ერთად ცხოვრება. თავისებური ხიბლი აქვს, როდესაც გეშინია, არ შემოგისწრონ, არ დაგინახონ, არ გაგიგონ...
ეს დღიური აუცილებლად უნდა არსებობდეს, არ მინდა გავანადგურო, რადგან ჩემს შესახებ სიმართლეს ღაღადებს. მინდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ ვიღაცამ მიაგნოს და ერთმა ადამიანმა მაინც იცოდეს როგორი იყო ნამდვილი სარა. ვერ მოვკლავ აქ მცხოვრებ ჩემს თავს, მას შენიღბული ცხოვრებაც ჰყოფნის.
ქორწილის შემდეგ რამდენი ხანი გავიდა და მხოლოდ დღეს მოვიხელთე დრო, ჩემი მეგობრისთვის მომეკითხა. ამ რვეულს მეგობარს ვუწოდებ, რადგან ბევრი რამე შეუძლია მოისმინოს, გაიზიაროს, თანამიგრძნოს და არავისთან მამხილოს. თან ვწერ, თან გულში ვიხუტებ და მიხარია, რომ დავუბრუნდი. როგორ მომნატრებია წერა. იმდენი რამ დამიგროვდა სათქმელი, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.
ქორწილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, დასაწუნი არაფერი სჭირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი ტრადიციულად წარიმართა. მამაკაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა დიდებულად მოილხინეს.
დედაჩემმა ქორწილის მეორე დღეს თმა გადამპარსა. ახლაც მახსოვს რეაქცია, როდესაც სარკეში ჩავიხედე და საკუთარი თავი თმის გარეშე დავინახე. სიმახინჯისგან შეძრულს სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა. დავყურებდი ჩემს წაბლისფერ, ხვეულ თმას ნაგვის ურნაში ჩასაყრელად ცოცხით როგორ აგროვებდა და გული მეკუმშებოდა.
-არ მოიწყინო. თალმუდის* მიხედვით, გათხოვილ ქალს ერთი ღერი თმის გამოჩენაც არ შეუძლია. ის სხეულის სიშიშვლედ ითვლება და უღირსი საქციელია,- სერიოზული სახით თქვა და საქმეს რომ მორჩა, თავზე შაიტელი* მომარგო.
საოცარმა პროტესტის გრძნობამ შემიპყრო. ეს უსამართლობა იყო და ჩემი ნების წინააღმდეგ წასვლა, რომელსაც სატმარული წესები მაიძულებდა. მას შემდეგ ვიპარსავ და რამდენჯერაც ხელში სამართებელს ავიღებ, იმდენჯერ მახსენდება ჩემი გრძელი თმა. როგორ მიხდებოდა...
სამწუხაროდ, მხოლოდ თმის შეჭრა არ არის, რაც გათხოვების შემდეგ ჩემი სურვილის წინააღმდეგ ხდება. ყოველთვე, როდესაც ქმართან სექსუალური ურთიერთობის დამყარების წინ მიკვაში* განსაწმენდელად ჩავდივარ, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ვერ ვხვდები, რა მაქვს განსაწმენდელი. ამას რომ თავი დავანებოთ, არც სხვა დროს მიმიწევს მისკენ გული. მისი შეყვარება ჯერ კიდევ ვერ მოვასწარი და ეს ყველაფერი ძალადობად და სხეულის გათელვად მიმაჩნია. სწორედ ასეთი ძალადობით ჩაისახა ჩემი პირველი შვილი, რომელსაც ოთხ თვეში ველოდები.
მახსოვს ის ღამე, როცა ნეითანის წინაშე სულ მარტო აღმოვჩნდი. თვალებს ვერ მისწორებდა. კედელზე ჩამოკიდებულ სურათს შეხედეო - მითხრა. მეც ავხედე. მასზე ჩვენი რაბი იყო გამოსახული.
-რაბის სურს, რაც შეიძლება, მეტი ბავშვი გავაჩინოთ. არ შეგვიძლია თორას* და მისი სურვილის წინააღმდეგ წავიდეთ. თითოეული ახლადშექმნილი ოჯახის მისიაა, სამყაროს შეჰმატოს ბევრი ებრაელთა სულიო- სულ ეს იყო რაც მითხრა.
ასე დაიწყო ჩვენი ერთმანეთთან ხორციელი დაკავშირება, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა იმ ლამაზ ისტორიებთან, რომლებსაც მეტწილად წიგნების და ფილმების მეშვეობით ვეცნობოდი.
ნეითანისთვის რაბის სიტყვა კანონია და მისგან წარმოთქმულ არცერთ სიტყვას არ გადაუხვევს. არასოდეს ავიწყდება ლოცვა, სინაგოგაში სიარული, რელიგიური რიტუალების წესები და ზოგადად ყველაფერი, რასაც მამაკაცები ჩვენი რელიგიის შესაბამისად ტვირთულობენ.
რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, მოწესრიგებული ადამიანია, ყურადღებიანი და ორგანიზების ნიჭით დაჯილდოებული. ბიზნესსაც კარგად უძღვება. ამგვარი თვისებების პატრონისთვის ეს არც არის გასაკვირი, თუმცა ეს დეტალები იმ მუხტს არ კრავს, რაც მის სიღრმეებში ჩამახედებს და უკეთესად გამაცნობს. ჩემგან ამ ეტაპზე მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს და როგორც მამაკაცი ოდნავადაც არ მიზიდავს.

მენორა-სასანთლე
ლეხაიმი - სადღეგრძელო
ბალდახინი -ბოძებზე დამაგრებული მდიდრულად მორთული ქსოვილის ჩარდახი
ქეთუბა- საქორწინო ხელშეკრულება
იეშივა -ორთოდოქსი ებრაელების სასწავლებელი დაწესებულება
რაბი, რაბინი, რებე-იუდაურ რელიგიაში ღვთის მსახური, მასწავლებელი, მოძღვარი
შაიტელი- პარიკი
თალმუდი- რაბინების მიერ შედგენილი მოძღვრების კრებული
მიკვა- წყლით სავსე პატარა აუზი, რომელშიც გათხოვილი ებრაელი ქალები განწმენდის მიზნით, მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან მეშვიდე დღეს ჩადიან.

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები