*** ვივიენმა ჰონოლულუში ჩასვლიდან პირველივე დღეს გეგმა შეიმუშავა და სიუჟეტებისთვის ჩანართების გასაკეთებლად რამდენიმე ადგილის გადასაღებად ოპერატორთან ერთად წავიდა. ოლივერი სარასგან გამოხმაურებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუა. სასტუმროს პატარა ნომერში ჯდომა მოიბეზრა და ღამის ქალაქის დასათვალიერებლად მარტო გავიდა. გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა უკვე მოთმინებას აკარგვინებდა. სანაპირო ზოლი ბარ-რესტორნებით იყო სავსე. მუსიკასთან ერთად ტურისტების კისკისი და მხიარული განწყობა ეფინებოდა არემარეს. ხმაურიან სიტუაციას განგებ აარიდა თავი და მაღაზიებისკენ აიღო გეზი. სარა ოთახში ჩაკეტილიყო, მოუსვენრად დადიოდა და საკუთარ თავს გრძნობებში გარკვევას აიძულებდა. ტელეფონს რამდენჯერმე დახედა, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნიდა, ხელში აეღო და ოლივერისთვის დაერეკა. -რატომ მიდიხარ საკუთარი სურვილების წინააღმდეგ? განა თემი იმისთვის არ დატოვე, რომ შენ თავს კარგავდი? რა განსხვავებაა მაშინდელ სარასა და ახლანდელს შორის? არც არაფერი. -ჩაესმოდა შინაგანი ხმა. -შეცდომის დაშვების მეშინია. -მაშინ ნურც პრეტენზია გექნება, როცა ცხოვრებაში შენივე გამოისობით აღმართულ კედელს შეასკდები და თავს დაიშავებ. სინანული არ იყოს! -ვიცი, ხანგრძლივი ორჭოფობა და საკუთარ თავთან წინააღმდეგობა ზოგჯერ ჩემს სისუსტეზე მიუთითებს. ხანდახან ადამიანმა შიში გვერდზე უნდა გადადოს და შეცდომაც დაუშვას, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ ვარ. ვცდილობ, სურვილებს თავისუფლება მივცე და წნეხის ქვეშ არ მოვაქციო. -ოლივერი მთელი არსებით გიზიდავს. ყოველ ჯერზე, როცა მასთან მარტო რჩები, შენი გრძნობა ლაკმუსის ქაღალდივით მჟღავნდება. ის გიყვარს და არ გინდა, რომ აღიარო! -ამ ალიაქოთს სიყვარული ჰქვია? -დიახ. ასე ვეღარ მოიქცევი. ჩამოუყალიბებელი ადამიანის შთაბეჭდილების დატოვებას სჯობს, ამ გაურკვეველ ურთიერთობას წერტილი დაუსვა. -არ მეთმობა. -მაშინ იცი, როგორც უნდა იმოქმედო. ქალმა ოთახში წინ და უკან სიარულს თავი დაანება და ტელეფონს ხელი დაავლო. -მიდი, სარა. ნუღარ წვალობ, გაბედე!- საკუთარ თავს შეუძახა და ოლივერის ნომერს დაუწყო ძებნა. ოლივერი მის ზარს არ პასუხობდა. შეცბა, არ მოელოდებოდა. ვივიენს დაურეკა. ვერც მისგან შეიტყო ვერაფერი. ქვედა სართულზე ჩავიდა და ოთახის კარზე დაუკაკუნა. ჩქამიც არ ისმოდა. სასწრაფოდ პირველ სართულზე დაეშვა და გარეთ გავიდა. დამსვენებლებით გადატვირთულ ტროტუარებზე უგზო-უკვლოდ დადიოდა და ეძებდა: -სად ხარ?- ბუტბუტებდა და სხეულში გაჩენილი დაჭიმულობა უმძაფრდებოდა. ქუჩებში მოდებული მხიარული შეძახილები და ჟრიამული საშინლად მოქმედებდა მასზე. მიუხედავად იმისა, ოლივერისგან იცოდა, ღამის ქალაქის დასათვალიერებლად გასვლას აპირებდა, ცუდი წინათგრძნობა არ ასვენებდა და სიმწრისგან ღრიალი უნდოდა. დიდი ხანი ეძებდა, მაგრამ თვალიც ვერსად მოჰკრა. ისევ სასტუმროს ოთახში მიაკითხა. კვლავ არავინ გამოჩნდა კართან. თავის ოთახში ავიდა, აივანზე სკამი გაიტანა და ოლივერის ჩაბნელებული ოთახის განათებას დაელოდა. შუაღამე იყო, როდესაც ნომერში შუქი აინთო. სარას სახეზე ღიმილი გაუკრთა, თუმცა მალევე უსიამოვნო აზრმა გაუელვა და თვალებში სიმკაცრე ჩაუდგა: -სად იყავი, ოლივერ? - თავისთვის წაიბურდღუნა და ქვედა სართულის კიბეები წამებში ჩაირბინა. ოლივერი დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც მისი ყურადღება სარას გაბმულმა კაკუნმა მიიქცია. ქალი ოთახში შევარდა და შეჩერდა. მამაკაცმა ოთახის შუაგულში მღელვარედ მდგომ სტუმარს შეხედა და გაოგნებულმა ჰკითხა: -რა სახე გაქვს? -მაინც როგორი? -პატარა ბავშვები რომ ცუდ სიზმარს ნახავენ და მშობლების ოთახში დასამშვიდებლად შედიან, სწორედ ეგეთი. -შენთან ერთად სეირნობა გადავწყვიტე და ვერ დაგიკავშირდი. რომ არ მიპასუხე... -არ თქვა, რომ ჩემზე ნერვიულობდი,-ხელი ჩაიქნია ოლივერმა. -რატომ არ მპასუხობდი? -მთელი საღამო გელოდე. მეც მაქვს ჩემი მოთმინების ზღვარი. -გასაგებია. მიწყრები. -დავიღალე შენი გულგრილი დამოკიდებულებით. -უკვე აღვნიშნე, წამოსვლა მინდოდა და იმიტომ გირეკავდი. -როდის დარეკე? როცა ქალაქის ბოლოში ვიყავი გასული, არა? -ურთიერთობის დათბობას ვცდილობ, შენი საქციელი კი მაგიდის აყირავებას ჰგავს. -ხვალ დატვირთული დღე გვაქვს. სჯობს, გამოიძინო და მოემზადო. -ჰო, შენ უკეთესად იცი, ჩემთვის რა სჯობს. - წარმოთქვა ნაწყენმა ქალმა და ოთახი დატოვა.
*** ღამე ფიქრებში გაიცრიცა. სარა უძილობისგან დამძიმებული თავით წამოდგა, საუზმე მიირთვა და კაბებით დატვირთული ჩემოდნები სასტუმროს მეორე სართულზე, მოდების ჩვენებისთვის განკუთვნილ სივრცეში ჩაზიდა. მოსამზადებელ ოთახში რამდენიმე დიზაინერი თავის მოდელებთან ერთად ტრიალებდნენ. ტანდაბალი და ჩაფსკვნილი ორგანიზატორი ღიმილიანი სახით შეეგება. სარა წინასწარ მეილზე გადაგზავნილ ინფორმაციას არ დასჯერდა და საღამოსთვის გათვალისწინებული წესები დაწვრილებით გამოკითხა. მანაც ყველაფერი დაუზარებლად აუხსნა. ბოლოს ტანსაცმლისთვის გამოყოფილი ადგილისკენ მიუთითა და დანარჩენი დიზაინერების დასაკვალიანებლად გადაინაცვლა. სარამ ძვირფასი კაბები საკიდებზე გადაიტანა, სიამაყით შეავლო თვალი თითოეულ ნამუშევარს და სანამ ოლივერის და მის მიერ დაქირავებული მოდელები გამოჩნდებოდნენ, მთავარი დარბაზის სანახავად წავიდა. -დიდებულია!-განცვიფრება ვერ დამალა საგანგებოდ მომზადებული დარბაზის დანახვაზე და პოდიუმზე ავიდა. ამაღლებული ადგილიდან მწკრივებად გაწყობილ სკამებს გადახედა და წინასწარ წარმოიდგინა მისგან შექმნილი სამოსით აღფრთოვანებული მოდის მოყვარული საზოგადოება. უმალ კმაყოფილება დაეტყო. კიდევ ერთხელ მიმოავლო იქაურობას თვალი და ღონისძიების წინამოსამზადებელ სამუშაოებს დაუბრუნდა. ოლივერი უკვე მისულიყო და საქმეს შესდგომოდა, თუმცა უხასიათობა სჭამდა და ეს ფაქტორი შრომისუნარიანობაზე აისახებდა. სარამ დახმარება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. -ასეთი აღრენილი რატომ დადიხარ?- ვეღარ მოითმინა და ხმას აუწია ქალმა. -ყველაფერი ჩაივლის და მერე ვილაპარაკოთ,- ისე უპასუხა, მისკენ არც გაუხედავს. -გამარჯობა, მეგობრებო. ვიცი, ცოტა ადრე მომივიდა მოსვლა, მაგრამ ვიდრე აქ აურზაური ატყდება, მე და ჩემი ოპერატორი მოსამზადებელი სამუშაოების რამდენიმე კადრს გადავიღებთ,- მობუზღუნე წყვილს საუბრის გაგრძელება არ აცალა ვივიენმა. გადაცემისთვის საუკეთესო კადრების შესაქმნელად ხელი რომ შეეწყოთ, ოლივერი და სარა მოდელებს მიუბრუნდნენ. ვივიენის გამოჩენამ დაძაბული ურთიერთობა ოდნავ გაანეიტრალა ვიდრე ოპერატორი სამუშაოებს დაასრულებდა, სარა პოპულარული მოდის ჟურნალიდან ფოტოსესიისთვის რამდენიმე მოდელთან ერთად გაიწვიეს. “Face”-ის ჯგუფი დროებით შეყოვნდა და ლოდინი მოუწია. უკან დაბრუნებულმა სარამ აღშფოთებით აღნიშნა, რომ მის კოლექციას ხუთი კაბა აკლდა. -რას ნიშნავს, ხუთი კაბა გაკლია?- შეიცხადა ოლივერმა. -აქ დავტოვე, ოლივერ. ამდენი ხალხის თვალწინ როგორ უნდა აორთქლებულიყო? -კამერები გვაქვს?- აქეთ-იქით მიმოიხედა ვივიენმა. -ეს გასახდელი ოთახების სივრცეა. კამერებს ვერ ნახავ,- მიუგო სარამ. -სასწრაფოდ ორგანიზატორი უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში. დროს ნუღარ დავკარგავთ,-ოლივერმა სარას ხელი ჩაჰკიდა და მასთან ერთად სწრაფად გავიდა ოთახიდან. შექმნილი ვითარებით შეწუხებულმა მენეჯერმა დიზაინერს ბოდიში მოუხადა და აღუთქვა, ყველაფერს გაარკვევდა, მაგრამ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ტანსაცმლის გაუჩინარების ამბავი კვლავ მისტერიად რჩებოდა. -ხუთი კაბის ამარა ვარ დარჩენილი. ნეტა გამაგებინა, რომელმა სულწაწყმედილმა იქურდა?- ცხარობდა ვივიენთან და ოლივერთან მარტოდ დარჩენილი სარა. -კარგად გაიხსენე. რამდენი მოდელითა და კაბით გახვედი ფოტოსესიისთვის და როცა წახვედი, ვინ იდგა ტანსაცმლის საკიდებთან?- თავისებური გამოძიება დაიწყო ვივიენმა. -სამი მოდელი გავიყოლე. მხოლოდ სამი კაბა ჩამოვხსენი საკიდებს. ვინ იდგა ახლოს, ყურადღება არ მიმიქცევია. -ესე იგი, სულ სამი. -დიახ. -მეტი არ წაგიღია და არც არავის მოუწოდებია? -არა. ვივიენმა გონება დაძაბა, ოთახებში აქა-იქ მოსიარულე დიზაინერებს დაუწყო დაკვირვება და ბუნდოვნად აღიდგინა რამდენიმე მომენტი. მოულოდნელად სარას და ოლივერს მიუბრუნდა და თხოვნით მიმართა: -შეგიძლიათ, სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს გადახვიდეთ და ყავის მაღაზიაში ყველა ჩვენგანისთვის ყავა შეუკვეთოთ? -მე არ მინდა,-მაშინვე თქვა სარამ. -ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. ენერგიის მოსვლაში დაგვეხმარება. პატარა საქმე მაქვს. ჩემი ოპერატორიც თქვენთან ერთად წამოვა და სანამ ყავას მოამზადებენ, მეც შემოგიერთდებით. იქ მოვიფიქროთ რამე. როგორც კი ვივიენმა ყველა გაუშვა, თავმომწონედ მდგომი ქერა დიზაინერისკენ წავიდა: -გამარჯობა,- ისეთი მზერით მიაჩერდა, ქალმა მოჩვენებითი სიმშვიდე დაკარგა. -გამარჯობა,- თავადაც მიესალმა და ოდნავ დაიძაბა. -საიდან ხარ? -კალიფორნიიდან. -წესით უნდა მცნობდე. -რა თქმა უნდა, თქვენ ბევრი გცნობთ. -ძალიან კარგი. ახლა იმაზე მიპასუხე, სად გააქრე სარა ჰოროვიჩის საღამოს კაბები? -რას კადრულობთ? -მე თუ შენ? -ეს ცილისწამებაა! -კარგი ერთი. დაგინახე, როგორ ჩამოხსენი საკიდებიდან სამოსი და სადღაც გაიტანე. მეგონა, დაგავალეს. შენ კი სხვა ჩანაფიქრი გქონია. თუ არ გსურს, ჯერ აქ, შენს კოლეგებთან და მერე „Face”-ში შენი სახელის ცუდად გაჟღერებით მთელ ქვეყანაში სახელი გაგიტეხო და კლიენტები დაგაკარგვინო, როგორც წაიღე და გადამალე, ისევე შენი ხელით დააბრუნე. -როგორ დამინახეთ? -კატის მხედველობა მაქვს,- თვალები დაუბრიალა. -მითხარით, რომ არავის ეტყვით. -თუ მაქსიმუმ თხუთმეტ წუთში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, ვერავინ გაიგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ამბავი ისე დასრულდება, როგორც ვთქვი. -იმედი მაქვს, სიტყვას შეასრულებთ და სირცხვილის კორიდორში არ გამატარებთ. -ღირსი ხარ, მაგრამ ვივიენ კარტერი არასოდეს გადაუხვევს თავის სიტყვას,- დაბეჯითებით უთხრა და ზურგი შეაქცია.
*** -ჩემი ყავა სად არის? -კარგ ხასიათზე მყოფი ვივიენი მოწყენილ მეგობრებს გვერდით მიუჯდა და სავსე ჭიქას დაუწყო ძებნა. სარამ მისთვის გადანახული ყავა და ლიმონის ნამცხვარი მიაწოდა. -ოჰო, ჩემი საყვარელი ნამცხვარიც ჰქონიათ. -რამე მოხდა? - ვივიენის გამხიარულება უჩვეულოდ მოეჩვენა ოლივერს. -რა უნდა მომხდარიყო? -რა ვიცი,-მხრები აიჩეჩა ოლივერმა. -ახლა კარგად მომისმინეთ. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ვერ ვუარყოფ, მაგრამ მხოლოდ ვიშვიში კარგს არაფერს მოგვიტანს. გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ კაბები არ გამოჩნდა, სარა დანარჩენი სამოსით უნდა წარდგეს სტუმრების წინაშე. -ხუთი კაბა ცოტაა,-სევდიანი თვალებით გახედა სარამ. -გასაგებია, მაგრამ ცამეტ საათზე მეტი იმისთვის ვიფრინეთ, რომ „ლუზერებად“ გამოვაცხადოთ თავები? კარგი, მე მეგობარი ვარ და კიდევ გაგიგებ, მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცს რაღას ვაწვალებდით?-ოპერატორს გადახედა ვივიენმა. -მეც იგივეს ვფიქრობ. ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო,- თავისი აზრი გამოთქვა ოპერატორმაც. -ვიცი, რთულია შენს მდგომარეობაში ყოფნა და ისიც ვიცი, მაქსიმალისტი ხარ, მაგრამ არაფერს ყოველთვის სჯობს მინიმუმი,- ოლივერიც აჰყვა დანარჩენებს. საბოლოოდ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე დაიყოლიეს. სასტუმროში მიბრუნებულებს ათივე კაბა ადგილზე დაუხვდათ. ვიდრე სარა სიხარულით გამოწვეული აგონიისგან მოსასულიერებელი გახდა, ვივიენი გესლიანად მომზირალი ქურდისკენ აპარებდა თვალებს და გულში გამარჯვებას ზეიმობდა.
*** ჰონოლულუს მოდის კვირეულის პირველმა დღემ გარკვეული ხარვეზებით ჩაიარა, მაგრამ შიდა სამზარეულოში წარმოჩენილ პრობლემებს გარეთ არ გამოუჟონავს. საღამოს გახსნაზე სარა ოლივერის საჩუქრით წარდგა და რამდენიმე კომპლიმენტიც დაიმსახურა. -განა ჩემთვის გაიმეტებს რამეს,- ოლივერის გასაგონად თქვა ხუმრობის ხასიათზე მოსულმა ვივიენმა და სარას თვალი ჩაუკრა. -არ დაიჯერო, იგონებს. - ოლივერი სიცილით მიუბრუნდა სარას. -არც მჯერა,-მხარი აუბა სარამ. ვივიენი მოწინააღმდეგე ბანაკის მზვერავივით შეჰყურებდა წყვილს და თავისთვის ეღიმებოდა. როგორც სარამ, ასევე ოლივერმაც კარგი გამოხმაურებები მიიღეს. კმაყოფილი და იმედით აღსავსენი ეცნობოდნენ მოდის სამყაროს ცნობად სახეებსა და დიდი კომპანიების წარმომადგენლებს. მოულოდნელად ვივიენმა დაღლილობა მოიმიზეზა, მეგობრებს მოუბოდიშა - ვეღარ დავრჩებიო და სანამ წავიდოდა, სარას წინასწარ შერჩეულ ღია კაფეში მეორე დღისთვის ვრცელ ინტერვიუზე შეუთანხმდა. დიდხანს აღარც სარა და ოლივერი დარჩენილან. რამდენიმე დაინტერესებულ სტუმართან საკონტაქტო ინფორმაცია დატოვეს და შიმშილის დასაცხრობად ვაიკიკის სანაპიროზე ჩამწკრივებულ ბარ-რესტორანთა შენობებს გაუყვნენ.
*** რეკომენდაციების მიხედვით, ერთ-ერთი ბარი შეარჩიეს და ადგილობრივი კერძი „ლაულაუ“ შეუკვეთეს. ოკეანიდან მონაბერი გრილი ჰაერი სასიამოვნოდ ელამუნებოდათ სახეზე ღია ცის ქვეშ გაშლილ მაგიდებთან. ადგილობრივ მომღერალთა ბენდი ჰავაური კულტურის მხიარული მუსიკით გარშემომყოფების განწყობაზე ზრუნავდა. -სარა, არ ვიცი ჩემს წინადადებას როგორ მიიღებ, მაგრამ ვფიქრობ, ორივე ჩვენგანის ბიზნესი რომ გავაერთიანოთ, უფრო მეტ კლიენტს მოვიზიდავთ, - საქმიანი სიტყვა წამოაყენა ოლივერმა. -მოიცა, ეგ როგორ? -დაინტერესების შემთხვევაში, შემიძლია ეს თემა ფორმალური მხარეებით ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილო, მაგრამ ჯერ მთავარი ის არის, დაინტერესდე. -ვიფიქრებ. არ არის გამორიცხული, ამ მაცდუნებელ წინადადებაზე დაგთანხმდე. -თუ ასე მოხდება, მაღაზიაში სივრცესაც გამოგიყოფ და სასაქონლე მიწოდების მრავალფეროვნებით საერთო კლიენტურის მოზიდვაზე ვიზრუნებთ. -ესე იგი, შენი ფეხსაცმელი და ქამრები, ჩემი - საღამოს ტანსაცმელი. -შეგიძლია, თანდათან ყოველდღიურ სამოსზეც გადახვიდე. -ურიგო აზრი არ არის. -მეჩვენება, თუ დაღონებული ხარ? ასეთ სერიოზულ თემას უხალისოდ უდგები. ქალმა მის წინ მჯდომ მამაკაცს თვალი გაუსწორა და გაბედულად უთხრა: -მართალი ხარ, რაღაც მაწუხებს. -გუშინდელი საუბრის გაგრძელება და კამათი თუ გინდა... -არა! დამაცადე!- შეაჩერა სარამ, -თუ არ ამოვთქვი, საკუთარი გრძნობები მიწის ქვეშ მიყოლებს. ოლივერი სმენად გადაიქცა. -მას შემდეგ, რაც სიყვარულში გამომიტყდი, ერთი დღეც არ ყოფილა, შენზე, ჩემზე და ამ ურთიერთობის სავარაუდო განვითარებაზე არ მეფიქრა. -მერე? რა გადაწყვიტე? -როგორც კი შენს სიახლოვეს ვგრძნობ, მაშინვე ვიწრო შუკებში შევდივარ და ისე ვიჭედები, უკან გამოსვლა მიძნელდება. -ძალიან არეულად ლაპარაკობ. -შენთან ყოფნა მინდა. ვნანობ ყველა უშენოდ გატარებულ წუთს. ოლივერი სიტუაციის ამგვარ შემობრუნებას არ მოელოდებოდა. ბედნიერების ნაპერწკლები შეეყარა, საყვარელ ქალს თბილად გაუღიმა და ორივე ხელი გაუწოდა. სარამ ნერვიულობისგან აკანკალებული ხელები ჩასჭიდა და თავადაც გაუღიმა. -მარტონი რომ ვიყოთ, ვერც კი წარმოიდგენ ახლა რას გიზამდი. -გავისეირნოთ, თუ ვიცეკვოთ?-ეშმაკურად შეხედა ქალმა. -შენ როგორ გინდა? -ორივეზე თანახმა ვარ. -მაშინ გავისეირნოთ,- მამაკაცმა მიმტანს ანიშნა, რომ ანგარიში წარედგინა. ვიდრე ოლივერი ვახშმის თანხას გადაიხდიდა, სარა ვერანდის მოაჯირთან დადგა და საეჭვოდ შეცვლილ ცას დაუწყო თვალიერება. სადღაც შორს, ელვამ მუქი ფერები გაფანტა. -რას უყურებ?- წასასვლელად მომზადებულმა ოლივერმა ხელი წელზე მოჰხვია და ქალის სურნელის შესაგრძნობად სახე ახლოს მიუტანა. -მგონი, წვიმას აპირებს,- ჩურჩულით თქვა სარამ. ოლივერმა ღაწვებზე ნაზად აკოცა: -წავიდეთ? ქალმა მორცხვად დაუქნია თავი და მასთან ერთად გარეთ გავიდა. ახლადშემდგარ წყვილს აღარც ტურისტების გამაყრუებელი ხმაური და სიცილ-კისკისი ესმოდა, აღარც ჰავაური მუსიკა. ორივე ერთ განზომილებაში იყო, სადაც ვერავინ მიწვდებოდა. ოლივერმა სარა გულზე მიიკრა: -ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამაბედნიერე. ქალს მამაკაცისგან გადმოღვრილი სითბო ესიამოვნა და გაიყურსა. იდგნენ ჩუმად, უსიტყვოდ და ერთმანეთის გულისცემას ყურს უგდებდნენ. რეალობაში ამინდის შეცვლამ დააბრუნათ. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა წვიმის თქეში მოიტანა და ქუჩები წალეკა. აქა-იქ გამოკვეთილი გრაგნილები ცას ბზარავდნენ. სადღაც ახლოს მეხიც გავარდა. ერთიანად დასველებულები სასტუმროს მიმართულებით გაიქცნენ. როგორც კი ოთახში შევიდნენ, ტანსაცმელი შემოიძარცვეს და ერთმანეთის შიშველი სხეულები მჭიდროდ შეიგრძნეს. დაგროვილი გრძნობები ჰაერში აჭრილი ფეიერვერკებივით გასკდნენ. მათი თავდავიწყება აბურბურებულ ცეცხლს ჰგავდა. ალივით იღებდა სხვადასხვა ფორმებს და სიყვარულისფრად ხატავდა ფიგურებს.
*** სარა დათქმულ დროს და ადგილას ვივიენთან შესახვედრად მივიდა, მაგრამ ოპერატორთან ერთად ჯდომა და ლოდინი საეჭვოდ გაიწელა. სასტუმროში მისულმა ადმინისტრატორს მის ოთახში დაარეკინა, მაგრამ არ პასუხობდა. რამდენიმეხნიანი ძებნის შემდეგ შეუძლოდ მყოფი საკუთარ ოთახში იატაკზე დაცემული ნახეს. მოკუნტული ქალი ჰაერის უკმარისობას და კისრის, მხრების, ზურგისა და მუცლის არეში ტკივილს უჩიოდა. -ვინმემ სასწრაფო დახმარება გამოიძახოს,- შეშლილივით იკივლა სარამ და ოფლით დაცვარული შუბლი ხელით მოუწმინდა. ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი ადგილზე მივიდოდა, ოლივერმა მეგობარი ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა. გაფითრებულმა ვივიენმა თვალები ძლივს გაახილა, სუსტი ხმით უთხრა მადლობაო და ისევ დახუჭა. -ვივიენ, ცოტაც მოითმინე. ექიმები გზაში არიან. - თავს არ ანებებდა სარა. ტკივილისგან შეწუხებულ ვივიენს ძალიან უჭირდა მეტყველება, მაგრამ მის საპასუხოდ თავს ძალა დაატანა: -უფალს თუ ვჭირდები, წინ ვერავინ დაუდგება. გამგზავრება არ მინდა, მაგრამ... -ასე ნუ ამბობ!- შეაჩერა სარამ. -სიკვდილის არ მეშინია, არც მას დავუხრი თავს და მამაცურად წავყვები. -გაჩუმდი, გთხოვ. ვივიენმა გამშრალი პირი მოკუმა, დიდხნიანი პაუზა გააკეთა და ცოტა ხანში კვლავ გააგრძელა: -ჩემი დღეების ცხენებივით თქარუნი დასასრულს უახლოვდება. სიკვდილის კარიბჭეს მიუახლოვდნენ და დაიჩოქეს... მინდა, სიცოცხლის ბოლო წამს შევძახო შეჩერდეს, მაგრამ რომელ ძლევამოსილ მოკვდავს შეუჩერებია, რომ ვივიენ კარტერს გამოუვიდეს? - იბრძოლე! არ დანებდე! ოთახში კვლავ სიჩუმე ჩამოწვა. გაფერმკრთალებული ვივიენი წყალში ჩაგდებული შაქარყინულის თოჯინასავით თვალსა და ხელს შუა დნებოდა. ბოლოს მაინც მოახერხა და ალუღლუღდა, თუმცა გაბიდნული სიტყვები ბოდვას უფრო წააგავდა: -თვალწინ ჩემი სოფლის მზესუმზირის ყანა იშლება. ორი თვის ადრიანთან ერთად შავგულა ყვითელ ყვავილებში ვსეირნობ და კრიალა ციდან ჩამომავალ ოქროსფერ მზის სხივებთან ერთად ვეთამაშები. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ხელში მიჭირავს და მის სურნელს ვგრძნობ. რა ტკბილია. სარამ თავი გააქნია. ღვარად გადმომდინარე ცრემლებმა ლამის გაგუდეს: -არ გაგიშვებ. -მზესუმზირებში ყოფნა ყოველთვის მიყვარდა...-ესღა ამოთქვა და მეტი ვეღარ მოახერხა. ამასობაში ოლივერი ექიმებს შემოუძღვა. სარას გაესაუბრნენ, პაციენტი გასინჯეს და დრო აღარ დაუკარგავთ, საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
*** დრო უსასრულოდ იწელებოდა. საავადმყოფოში მყოფი სარა, ოლივერი და ოპერატორი ძალზედ მძიმე პერიოდს გადიოდნენ. მედიკოსები ყველაფერს აკეთებდნენ მომაკვდავის სიკვდილისთვის ხელიდან გამოსატაცებლად, მაგრამ ვერაფერს ხდებოდნენ. ვივიენი მზესუმზირების ყანაში სიარულს აგრძელებდა და უკან აღარ იხედებოდა. ხანდახან ჩერდებოდა, საყვარელი ყვავილებისა და მშობლიური მიწის სურნელს შეიგრძნობდა და მერე ისევ უშიშრად მიაბიჯებდა. ვერაფერი აჩერებდა. ვეღარც სარას ძახილი, ვერც ოლივერის ნერვიულობა და მითუმეტეს, მის მიმართ გაუთქმელი გრძნობებით შეპყრობილი ოპერატორის გული. ექიმებმა სიკვდილის მიზეზად მიოკარდიუმის ინფარქტი დაასახელეს... ვივიენ კარტერის მოულოდნელი დაღუპვის ამბავი მედიის მეშვეობით ვირუსივით მოედო ამერიკულ საზოგადოებას. ვრცელდებოდა მისი გადაცემებიდან ამოჭრილი საუკეთესო მომენტებით შეკრული ვიდეო კოლაჟები. პირდაპირ ეთერში იხსენებდნენ კოლეგებიც...
*** დაკრძალვის დღეს უამრავი ადამიანი გამოეთხოვა უკანასკნელი სიტყვებით ვივიენს, მაგრამ სარას გულში ჩამწვდომმა ტექსტმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა: -მე სარა ჰოროვიჩი ვარ. ვივიენის მეგობარი და კოლეგა. მასზე საუბარი ძალიან მიჭირს. არც არის გასაკვირი, რადგან ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. იგი მოიხსენიეს როგორც კოლეგა, ნათლია, ნათესავი, მაგრამ ბევრმა არაფერი იცის მასზე, როგორც დედაზე და მეგობარზე. წესით, პირველ მათგანზე შვილი უნდა საუბრობდეს, მაგრამ მე ვცვლი, რადგან ის აქ არ არის და სამწუხაროდ, ვერც მოვა. მიზეზი ერთია- ვივიენი დაკარგულ შვილზე უგონოდ შეყვარებული დედა იყო, რომელიც სიცოცხლის ბოლო დღემდე ეძებდა და სიკვდილის სარეცელზე უგონოდ მყოფიც მასზე ბოდავდა. ერთმანეთი ჩემი ცხოვრების ტრაგედიამ გაგვაცნო. შვილები უსამართლოდ ჩამომართვეს და დედის სტატუსის გარეშე დამტოვეს. ვივიენმა პრობლემა გულთან მიიტანა და გვერდში დამიდგა. მას შემდეგ ერთი წუთითაც არ მომშორებია. მყინვარივით ცივი იყო. ვერ ვიტყვი, რომ გრძნობების გამოხატვა უყვარდა, მაგრამ მისი იმედი ნებისმიერ დროს შეგეძლო, გქონოდა. საქმით ყოველთვის გიმტკიცებდა სიყვარულს. იმ დღეს, როდესაც სასამართლო დარბაზში ჩემი შვილების დაბრუნების საკითხი წყდებოდა, ის ვერ მოვიდა. ზუსტად ვიცი, რატომ. წინასწარ დაიზღვია თავი. უმძიმესი იქნებოდა იმის მოსმენა, თუკი მოსამართლის მიერ გამოტანილი ახალი განაჩენითაც კვლავ ბავშვების გარეშე დავრჩებოდი. შვილები დავიბრუნე და ამაში გარკვეული წილი ვივიენს მიუძღვის. რატომღაც მეგონა, დადგებოდა დღე, როცა თავადაც დაიბრუნებდა შვილს და მეც მივულოცავდი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გული მასსავით ძლიერი არ აღმოჩნდა... მშვიდობით, მეგობარო. არასოდეს დამავიწყდები და ძალიან მომენატრები! “ ოლივერმა საყვარელი ქალი იქაურობას დროებით გაარიდა. სარიტუალო სახლიდან გასულებს კართან ვივიენის ერთგული ოპერატორი დაუხვდათ. თავჩაღუნული იდგა და თვალები მიწისთვის გაეშტერებინა. წყვილი რომ დაინახა, მიუახლოვდა და სარას ჩახლეჩილი ხმით უთხრა: -ვერ გავუძელი შენს სიტყვებს და გარეთ გამოვედი. როგორ მინდოდა მეც მეთქვა რამე, მაგრამ ისევე ვერ გავბედე, როგორც მისი სიცოცხლის მანძილზე ჩემი სიყვარულის გამომჟღავნება. მიუწვდომელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, არც კი ვიცი რას მიპასუხებდა, ამიტომ ეს ფაქტორი მახევინებდა უკან. - აღსარებასავით ნათქვამი გამოუვიდა. ეტყობოდა, გულიდან დიდი ლოდი გადააგორა. შემდეგ ამოიხვნეშა, სარას შეხედა და სიტყვა გააგრძელა: -ვივიენის დედობის ამბავი ჩემთვის ახალი იყო, არაფერი ვიცოდი. მახსოვს ის დღე, როცა შენ ჰყავდი გადაცემაში სტუმრად მიწვეული. გადაღების დასრულებისთანავე თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახის კარი შეგლიჯა და რეტდასხმულივით შევარდა. იმდენად ცუდად იყო, ფეხზე ძლივს იდგა. დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ არავინ გაიკარა. ახლა ვხვდები, რატომ ჩავარდა ასეთ დღეში. სარამ და ოლივერმა ვერაფერი უთხრეს, მხოლოდ ნაღვლიანი თვალებით უთანაგრძნობდნენ ფორმაშეცვლილი სიყვარულის ამარა დარჩენილ ჭირისუფალს. ან კი თავადაც სანუგეშებლებს, რითი უნდა ენუგეშებინათ?
*** ვივიენის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში პირადი ადვოკატისგან გაირკვა, რომ უკანასკნელი სურვილის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლის განმავლობაში მარკუს ოზოლას ვერ მოძებნიდა, დაგროვილი ქონების უკანასკნელი ცენტიც კი ობოლთა თავშესაფრებსა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფონდებს გადაერიცხებოდა. ასეც მოხდა და პრეტენზია არავის გამოუთქვამს...
*** მეგობრის სიკვდილით შეძრულმა სარამ სამსახურიდან ერთკვირიანი შვებულება აიღო. მთელი დღეების განმავლობაში მოლბერტთან იჯდა, მზესუმზირების ყანას ხატავდა და ამაში პოულობდა შვებას. საღამოობით ოლივერი სასეირნოდ თუ გაიტყუებდა და მძიმე გუნება-განწყობას სიყვარულით უცვლიდა. სახლში შესვლისთანავე იგივე მეორდებოდა -განუწყვეტლივ ესმოდა მომაკვდავი ვივიენის ბოდვა და სიტყვებით დახატული სურათის ზეგავლენის ქვეშ ექცეოდა. მალე მზის სხივების ქვეშ მდგომი ქალის სილუეტიც გამოსახა, რომელსაც ჩვილი ბავშვი ხელებით მაღლა აეწია და შესცინოდა. ულამაზესი ნახატი იქმნებოდა. ანას რჩევებს ზედმიწევნით ითვალისწინებდა და გამოფენაზე წარსადგენად ყოველ დღე ხვეწდა.
*** სარას შვებულების დასრულების შემდეგ ტელევიზიაში დაბრუნება ძალიან ერთულებოდა. საბოლოოდ საკუთარ სურვილებს შეეწინააღმდეგა და მისვლა გადაწყვიტა. ლიფტიდან გასვლისთანავე თვალები ვივიენის კაბინეტისკენ გაექცა. ყველაფერი ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო. საზარელი და უკიდეგანო სიცარიელე იყურებოდა. ტანში გასცრა და მაშინვე თავის ოთახისკენ წავიდა. კოსმეტიკური საშუალებები გამოალაგა და სამუშაო განრიგს გადახედა, მაგრამ თავში ერთი სიტყვაც არ შეუვიდა: -ეშმაკმაც დალახვროს! რა დავაშავე? მეტისმეტად ვისჯები. კმარა! მუდმივი ტანჯვის რეჟიმში ყოფნა უნდა დასრულდეს! - ხელში აღებული ფურცელი უჟმური სახით მიაგდო და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დასაწერად ოთახიდან გავარდა. გული დასწყდათ, როდესაც სარას გადაწყვეტილების შესახებ მოისმინეს, მაგრამ მის ნებას წინ ვერ აღუდგნენ. უკანასკნელად გახედა შენობას, რომელთანაც არაერთი კარგი მოგონება აკავშირებდა და წარსულის კიდევ ერთი ფარდა ცხოვრების ამ ეტაპსაც თეატრის სცენაზე დაშვებულივით ჩამოაფარა.
*** ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ სარა დროის უმეტეს ნაწილს ოლივერთან ერთად ატარებდა. თავისუფალმა დრომ საკუთარი თავის სხვა მხრივ შესწავლის სურვილი გაუღვივა. აღმოაჩინა, რომ უყვარდა გირჩების შეგროვება და დეკორატიული მიზნით გამოყენება, ტანგოს ცეკვა, მანქანის ტარება, ტირის თოფიდან სროლა და რბილი სათამაშოების მოგება, გულიანი და ხმამაღალი სიცილი... მათი ურთიერთობა ყოველ დღე მეტ სიმტკიცესა და სიღრმეს იძენდა. დაინახეს ერთმანეთის დადებითი და უარყოფითი თვისებები, მაგრამ ის უარყოფითიც სწორედ ისევე მიიღეს, როგორც დადებითი. მიაგნეს სიყვარულის ფერს, გემოსა და ფორმას. ისწავლეს საყვარელი ადამიანისთვის ცხოვრება და კიდევ ბევრი რამ, რაზეც სარას და ოლივერის ერთ მთლიანობად გადაქცევამდე წარმოდგენა არ ჰქონდათ. გეგმავდნენ მომავალს, ბიზნესის გაერთიანებას და ცხოვრებას ახალი იმედებით შეჰყურებდნენ.
*** მანჰეტენის შუაგულში არსებული სიუზან ელის ხელოვნების გალერეა ცხრა მხატვარს მასპინძლობდა. სარა უფრო მეტ სტუმარს ელოდებოდა, ვიდრე პირველ გამოფენაზე და ამჯერადაც არანაკლებ ღელავდა. ოთხი ნამუშევარი გამოფინა. მათ შორის იყვნენ ბოლო დროის ნამუშევრები - „ზეციური იდუმალება“ და „ქალი ჩვილით მზესუმზირებში“. ოლივერი და ანა პირველები იყვნენ, რომლებმაც გალერეის გახსნისთანავე გამოჩნდნენ და რიგით მეორე გამოფენა მიულოცეს. სტუმრები ჯერ კიდევ კანტიკუნტად ირეოდნენ, როდესაც შეკრებილებს ჯეიმსი და მიაც დაემატნენ. სარას ნახატები პირველად ნახეს. აღნიშნეს, რომ არამხოლოდ თანამედროვე ხელწერა და ღრმა შინაარსობლივი მხარეები გააჩნდა, არამედ ფერთა საფეხურეობრივი გადასვლების არაჩვეულებრივი ფლობაც. ყოველივე ეს კი მის მრავალმხრივ განვითარებასა და ნიჭზე მეტყველებდა. -მადლობა, რომ მოხვედით და ნამუშევრები შემიფასეთ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს,- კმაყოფილებით აღნიშნა სარამ. -ასეთ საღამოებს ვერ გამოვაკლდები. მთელი ჩემი ოჯახი ხელოვნების დიდი მოტრფიალეა,-მიამ წამოზრდილ მუცელზე დაისვა ხელი,- სხვათაშორის, ცოტა ხანში ჩემი და და მისი ახალი შეყვარებულიც შემოგვიერთდებიან. ახლახან ველაპარაკე და სადღაც აქ, ახლომახლო უნდა იყვნენ. ერთმანეთი ჰიპსტერების* ჯგუფში გაიცნეს. გეცოდინება ალბათ, ეს სუბკულტურა ხელოვნებას ძალიან აფასებს. -დიახ, გამიგია. -საიდუმლოდ უნდა გითხრა, ჩემი და ყურებამდეა შეყვარებული იმ ბიჭზე. მე და ჯეიმსმა დღეს უნდა გავიცნოთ. წარმოგიდგენია? ის ვეგეტარიანელია, ჩემი და - ვეგანი. ლამის მთელი დღე დამჭირდა ოთხივე ჩვენგანისთვის შესაფერისი რესტორანი მომეძებნა. ფასებს რომ თავი დავანებოთ... -მოდიან. იქნებ გაჩუმდე,- იდაყვი მიჰკრა სიტყვად გადაქცეულ მიას ჯეიმსმა. ახალგაზრდებმა განსხვავებული გარეგნული იმიჯით მაშინვე მიიქციეს იქ მყოფების ყურადღება. სარას გაეცნენ და ნახატების დათვალიერება მისი ნამუშევრებით დაიწყეს. -მზესუმზირებს ჰყიდით?- ბევრი არც უფიქრია ახალგაზრდა მამაკაცს, ნახატის ყიდვის სურვილი გამოთქვა. -არცერთი ნამუშევარი არ იყიდება,- მორიდებული ტონით მიუგო სარამ. -სამწუხაროა, ჩემი ბინის ინტერიერს ყვითელი ფერი ძალიან მოუხდებოდა.-გულდაწყვეტილმა ხელი გრძელ წვერზე დაისვა და კვლავ ნახატს მიაპყრო თვალი. -მოდი, სხვა მხატვრების შემოქმედებასაც გავეცნოთ. შეიძლება იქიდან აარჩიო რამე,- წინადადება წამოაყენა მიას დამ. -ამ ნამუშევარს იმაზე დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მზისკენ მომზირალი ყვითელი მზესუმზირები და ქალი ჩვილი ბავშვით, რომელიც სწორედ ისე იქცევა, როგორც თავაწეული მზესუმზირები, ძალიან სიმბოლურია. -მართლა? მაინც რის სიმბოლოს ხედავთ ამ ნამუშევარში?- ჩაეძია სარა. -მზე, ქალი ახალი სიცოცხლით ხელში და ყვითელი ფერი სხვა რა უნდა იყოს, თუ არა დედამიწაზე არსებული სიცოცხლის არსებობა და გამუდმებული წრებრუნვა? -და თუ აქედან ერთ-ერთი ცოცხალი აღარ არის? -მაშინ ავტორს კიდევ უფრო დაუტვირთავს ეს ნამუშევარი. სიკვდილისა და სიცოცხლის წრებრუნვა აუსახავს. ქალი ნაცრისფერში ამიტომ შემოსეთ? ჰო, რა თქმა უნდა, როგორ ვერ მივხვდი. ჩათვალეთ, კიდევ უფრო მომაწონეთ,- მწვანე თვალები და თეთრი კბილები შეანათა ახალგაზრდამ. -მე კი შენნაირი დამთვალიერებელი მომწონს. ვისაც ჩემს მსგავსად ფერებით შეუძლია სამყაროზე ფილოსოფიური ფიქრი. -ამ სიტყვებს შევიფერებ და დიდად მადლიერი დაგრჩებით, თუ მსგავსს მაინც დამიხატავთ. სარას გაეცინა: -ადამიანის დაყოლიების შესანიშნავი ტაქტიკა გქონია. -შევთანხმდით? -რა მითხარი? მარკუსი მქვიაო, არა? -დიახ. -კარგი, მარკუს. ვერ შეგპირდები, მაგრამ აუცილებლად დავფიქრდები. -ეს ჩემი სავიზიტო ბარათია. თუ ოდესმე ინდი-როკის მოსმენას მოისურვებთ, ამ ბარში მიხილავთ. ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ,- თეთრი ბარათი გადასცა მამაკაცმა. -შებმის ტაქტიკა გრძელდება. მოდი და ამნაირ კლიენტს კერძო შეკვეთის მიღებაზე უარი უთხარი,-ხითხითი დაიწყო ჯეიმსმა. -მადლობის მეტი არაფერი მეთქმის,- ესიამოვნა სარას. -მარკუს, სხვების შემოქმედებასაც გავეცნოთ,- გაუმეორა მიას დამ და დანარჩენი ნახატების დასათვალიერებლად გაიყვანა. -ნამეტანი კარგი ვიღაცაა,- გახალისებულმა სარამ ბარათს დახედა და სიცილი პირზე შეახმა. ყინულივით დავლილმა ცივმა ჟრუანტელმა ყველაფერი გაუქვავა სხეულში და წამით შებარბაცდა, მაგრამ გონს მალევე მოეგო და კედელს მიეყრდნო. -სარა, კარგად ხარ?- ხელი წაატანეს ოლივერმა და ანამ. -მარკუს ოზოლა! მარკუს ოზოლა!- აკანკალებულმა ორჯერ წარმოთქვა და ბარათი გაუწოდა. ანა ვერაფერს მიხვდა, სამაგიეროდ მიამ იტაცა პირზე ხელი და დასთან ერთად ნახატების თვალიერებაში გართულ მარკუსს გახედა: -შეუძლებელია! სახე შეეცვალა ოლივერს და ჯეიმსსაც. -მწვანე თვალები აქვს. ისეთი, როგორც ვივიენს ჰქონდა,- ამოილუღლუღა სარამ. -ის, რომ სახელი, გვარი და თვალის ფერი დაემთხვა, არაფერს ცვლის. უამრავი მარკუს ოზოლა შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში,- სიტუაციის განეიტრალება დაიწყო ოლივერმა. -ეგ არის! რომელიმე თქვენგანმა იცოდით, რომ ვივიენის შვილს ცერა თითზე დიდი ფორმის ხალი ჰქონდა? უარის ნიშნად ყველამ თავი გააქნია. -ბარათს როცა მაძლევდა, შევნიშნე. ამდენი დამთხვევა შეუძლებელია. მისი ასაკიც გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ გალერეაში ჩვენს წინ მშვიდად მოსეირნე მარკუს ოზოლა და ვივიენის ადრიანი ერთი და იგივე პიროვნებაა. -რას არ გავიღებდი, რომ ეს გაუგებრობა თავიდან ამეცილებინა,- ფერი დაკარგა მიამ. -ახლა კარგად მომისმინეთ! ასე ხელაღებით და დაუდასტურებელი ფაქტებით ამ ახალგაზრდას ვერაფერს ვეტყვით. ჩემი აზრით, სანამ ბოლომდე კარგად არ დავადგენთ, ზედმეტი არაფერი უნდა წამოგვცდეს,-თქვა ჯეიმსმა. -ჰო, რა თქმა უნდა,- დაეთანხმა ოლივერიც. სარა ახალგაზრდებისკენ წავიდა, მაგრამ ოლივერი წინ გადაუდგა: -რა ჩაიფიქრე? -მინდა, უკეთესად გავიცნო. -თავი დაანებე! -რატომ? -შეიძლება ისეთი რამ წამოგცდეს, რაც საჭირო არ არის. -საუბარს მასწავლი? -არ გასწავლი, მაგრამ როდესაც ადამიანი რაღაცას განიცდის, გონებას ფილტრაციის უნარი უჭირს. სწორედ ასე დაგემართა ვივიენის დაკრძალვის დღეს და მისი საიდუმლო გაამხილე. -არაფერი დამიშავებია. ხალხს შვილზე უზომოდ შეყვარებულ დედად გავაცანი. -შენ იგი გათქვი! მართალია ბოროტი განზრახვა არ გქონია, მაგრამ საიდუმლო, საიდუმლოა! -არ ვთვლი, რომ რამე დავაშავე. -მე ვთვლი და მეორე შეცდომის დაშვების უფლებას აღარ მოგცემ! -შენ არ გაქვს უფლება, რამე მიბრძანო! -ატყობ, რომ ვჩხუბობთ? და რისთვის? წესიერად ისიც არ ვიცით, ეს ბიჭი ვივიენის შვილია თუ არა. სარა შეეცადა დამშვიდებულიყო, მაგრამ შინაგანი არეულობა სახეზე მაინც თავისებურ კვალს ტოვებდა. მალე მარკუსმა და მიას დამ ნახატების დათვალიერება დაასრულეს და გალერეადან გავიდნენ. მიამ და ჯეიმსმა სარას ბოდიში მოუხადეს, რომ მეტი ხნით ვეღარ დარჩებოდნენ და მათ გაჰყვნენ. -შეიძლება, სახლში წავიდე?- სარამ სასოწარკვეთილებით ჰკითხა ანას. -ძალიან მესმის შენი, მაგრამ არა!- მოკლედ უთხრა და ანიშნა, მასთან მისული დამთვალიერებლებისთვის გაეღიმა. სტიქიასავით მოვარდნილი მწუხარება მთელი საღამოს განმავლობაში ფანდით დაწნულმა ხალისმა გადაფარა. ეს იმის მსგავსი იყო, როგორც ცეცხლგამძლე კედლებში აბრიალებული ხანძრის დამალვა, მაგრამ რაც მთავარი იყო, ღიმილს არ იშურებდა... ხელოვანი ქალბატონი ხელოვნების ნიმუშებთან თავს იწონებდა და ადამიანებს ხელოვნურად იმას აწვდიდა, რასაც მისგან ელოდებოდნენ...
*** სარას ეჭვები გამართლდა. იმ საღამოსვე გაირკვა, რომ მარკუსის მშობლები ლატვიიდან იყვნენ და სწორედ იმ წელს ჩამოვიდნენ მასთან ერთად ამერიკაში, რა ინფორმაციაც თავის დროზე ვივიენს გააჩნდა. საგონებელში ჩავარდნილი მეგობრები მაგიდის გარშემო ისხდნენ და ვერაფერი გადაეწყვიტათ. -რა ვქნათ?- მია ნერვიულად აწკაპუნებდა გრძელ ფრჩხილებს მაგიდაზე. -მე ვფიქრობ, სიმართლე უნდა გამოაშკარავდეს!- მყარ აზრზე იდგა სარა. -უმჯობესია, თუ მარკუსი საერთოდ ვერაფერს გაიგებს,-რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ოლივერს. -გადაირიე? ხვდები, რას ამბობ?- გაწიწმატდა სარა. -ჩვენ არ ვიცით, როგორი რეაქცია ექნება, როდესაც ვეტყვით, რომ მისი მშობლები სინამდვილეში მხოლოდ გამზრდელები არიან და არანაირი ბიოლოგიური კავშირი არ აქვთ მასთან. ძალიან არ მინდა, ვიღაცას ცხოვრება ავურიო, მითუმეტეს მაშინ, როცა ვივიენი ცოცხალი აღარ არის და შვილის კითხვებს პასუხებს ვეღარ გასცემს. -იქნებ სიმართლე იცის კიდეც და თავადაც ეძებს დედამისს?- ვარაუდი გამოთქვა ჯეიმსმა. -ამიტომ უნდა ვუთხრათ ვინ არის დედამისი. მას აქვს უფლება, იცოდეს ვივიენ კარტერის შესახებ და ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის სულიც იმსახურებს იმას, რომ თავისმა შვილმა მისით იამაყოს,- ისევ არ ცვლიდა აზრს სარა. -ასე იოლად ნუ უყურებ ამ ამბავს. საკმაოდ დელიკატური საქმეა. ადამიანი სათამაშო არ არის, ისე მოექცე, როგორც გაგიხარდება,- კიდევ ერთხელ სცადა მისი გადარწმუნება ოლივერმა. -რატომ მიშლი ხელს, ოლივერ? -აგიხსენი, რატომაც. -მაშინ რა არის გამოსავალი? -ამ ეტაპზე სიჩუმე. მარკუსი უკეთესად უნდა გავიცნოთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. -მე ჩემს დასაც ვერ ვეტყვი სიმართლეს. არ მაქვს იმედი, რომ ენას კბილს დააჭერს. არც მე მინდა, იმ ბიჭს ცხოვრება ავუწეწო,-მიაც ოლივერს ემხრობოდა. ჯეიმსმა თავი დაუქნია, გადაწყვეტილება მოუწონა მეუღლეს. -გამოდის, რომ მხოლოდ მე ვარ განსხვავებულ აზრზე. განზე მდგომივით დამტოვეთ.- ხელები გაშალა სარამ და სკამიდან წამოხტა. -ნუ ცხარობ! დაჯექი და დაგვეხმარე, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება მივიღოთ,- უსაყვედურა ოლივერმა. -სამი ერთის წინააღმდეგ. რაღაა აქ სამსჯელო? დარჩეს ისე, როგორც უმრავლესობას სურს.- გაბუტული ტუჩები გამობურცა და თავი შეიკავა, რომელიმე მათგანისთვის არ ეწყენინებინა.
*** სარას განსხვავებულმა აზრმა ვერ გაიმარჯვა, თუმცა როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩა და ყველაფერი გააანალიზა, ცოტათი გაუგო ოლივერს, მიას და ჯეიმსსაც. იმ დღის შემდეგ რამდენჯერაც მარკუს ოზოლა გაახსენდებოდა, შოლტივით ურტყამდა უსამართლობის შეგრძნება. ბევრჯერ დააპირა მასთან პირისპირ შეხვედრა. სასაუბრო სიტყვებიც დიდი სიფრთხილით შეარჩია, მაგრამ როგორც კი ოლივერისთვის მიცემული პირობა ახსენდებოდა, რყევას იწყებდა. მოთმინების ბოლო წერტილსაც რომ მიუახლოვდა, კედელზე დაკიდებული „ქალი ჩვილით მზესუმზირებში“ ჩამოხსნა, მარკუსს დაუკავშირდა და მასთან შესახვედრად გაეშურა. მარკუსი სტუდიოს ტიპის პატარა ბინაში ცხოვრობდა. გემოვნებით მოწყობილი ვინტაჟური ელემენტებით გაზავებული თანამედროვე სტილის ოთახები სიმყუდროვისა და სიძველის შეგრძნებას ბადებდნენ. კუთხეში მიწყობილი მუსიკალური ინსტრუმენტების სიუხვე მათი მფლობელის მუსიკასთან მჭიდრო კავშირზე მიანიშნებდა. ბიჭმა ნახატს დახედა და სახტად დარჩა: -ეს ის არის, რაც გალერეის კედელზე ეკიდა? -დიახ, ორიგინალი გახლავს. შენ ერთადერთი ხარ, რომლისთვისაც ჩემი ნახატი გავიმეტე და არ ვნანობ. -რით დავიმსახურე ასეთი პატივი? -განსაკუთრებული არაფერი ჩაგიდენია. უბრალოდ ვფიქრობ, ამ ნახატის ადგილი სწორედ შენს ბინაშია. -რამდენი უნდა გადაგიხადოთ? იმედი მაქვს, ძვირი არ ეღირება. -შენთვის უფასოა. -უკვე ძალიან მაოცებთ. რა თქმა უნდა, საჩუქარი კარგია, მაგრამ მე თქვენთვის არავინ ვარ. -ცდები! -ჰო? -შენ... შენ ჩემს შემოქმედებას იმდენად ღრმად ჩაწვდი, ასე ორიგინალურად მეც ვერ ვისაუბრებდი,- ნაძალადევი ტყუილი წამოროშა. -სიმართლე გითხრათ, ეს მიზეზი მაინც მეცოტავება ასეთი ნამუშევრის უსასყიდლოდ მიღებისთვის. -ჩათვალე, ჩემი მხრიდან შენდამი კეთილი ნების გამოხატვაა. -კი ბატონო, ასე იყოს. მადლობელი ვარ. -არაფრის. სულ ეს იყო, რატომაც მოვედი. წავალ, მეტ დროს აღარ წაგართმევ,- საუბრის გაგრძელება გაუჭირდა სარას. -როგორ გეკადრებათ? -არ გინდა ფორმალური საუბარი. ვერ ვიტან. - დავიმახსოვრებ. -დროებით,-წესიერად ვერ დაემშვიდობა, შურდულივით გავარდა სადარბაზოში და გული ამოუჯდა: -უკანასკნელი მოგონება, რაც შენთან მაკავშირებდა, შენს შვილთან დავტოვე, ვივიენ. მაპატიე, რომ სიმართლე ვერ ვთქვი. უნდა გამიგო. დანარჩენების მსგავსად, ვერც მე გავიმეტე ნერვიულობისთვის,- ძლივს წარმოთქვა და სლუკუნს უმატა.
**** მოსამართლის მიერ სასამართლოდან გადაგზავნილმა ოფიციალურმა წერილმა სარას ცხოვრება ასოთხმოცი გრადუსით შემოაბრუნა. უკვე ოფიციალურად შეეძლო შვილებთან შეხვედრა, მათზე ზრუნვა და თანაცხოვრება. ბავშვებთან შესახვედრად ოლივერმა წაიყვანა. როგორც კი ავტომობილი უილიამსბურგში შევიდა, ქუჩებში მოფენილი გრძელწვერა, შავპლაშიანი და შლიაპებიანი მამაკაცები გამოჩნდნენ. ალაგ-ალაგ ფეხით მოსიარულე მრავალშვილიანი და მკაცრი გარეგნული იმიჯიანი დედებიც შეიმჩნეოდნენ. არაფერი შეცვლილიყო, ცხოვრება იგივე რიტმით, ყოველდღიურობითა და ფერებით გრძელდებოდა... -ამ სახლთან გამიჩერე!- ნეითანის სახლზე მიანიშნა სარამ და ღრმად ამოისუნთქა. -წამოგყვები!- ოლივერმა ძრავა გამორთო და მანქანიდან გადასასვლელად მოემზადა. -არა, დარჩი!- მტკიცედ უთხრა და მანქანის კარი გააღო. -დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი წამოყოლა არ გინდა? -აბსოლუტურად! -კარგი, რა გაეწყობა? თუ რამეა, აქ ვარ. ქალი მხრებში გაიმართა და სახლისკენ წავიდა. კარი ბავშვებით გარშემორტყმულმა ნეითანმა გაუღო და მიესალმა. -დედიკო!- შესძახა სახეგაბრწყინებულმა ესთერმა და მკლავები ფეხებზე შემოაჭდო. იაკობიც ცქმუტავდა, მასაც უნდოდა დედას ჩახუტებოდა და ორივეს ერთად გარს უვლიდა. -შენც მოდი, ჩემო პატარავ!- სარა სიხარულისგან ცრემლებს ვეღარ იკავებდა და ბავშვივით ატირდა. საკმაოდ მძიმე საყურებელი გამოდგა ნეითანისთვის დედა-შვილების შეხვედრა და თვალს არიდებდა. ქალი ბავშვებს ვეღარ სცილდებოდა, მთელი ძალით ეკვროდა, თითქოს ვიღაც კიდევ უპირებდა წართმევას... -როგორც მოვილაპარაკეთ, ოთხ დღეში ისევ შენთან დაბრუნდებიან,-ცრემლიანი თვალებით ახედა სარამ ყოფილ მეუღლეს. -დიახ. -მათ მამა ჰასიდი ჰყავთ და როგორც მე, ისინიც ჰასიდთა თემში დაიბადნენ. არ იფიქრო, რომ ჩემი მხრიდან ზედმეტ სიტყვას გაიგონებენ, რომელიც რაიმე ნიშნით წარმოდგენებს შეუცვლის მათზე. -მჯერა. -წავიდეთ, შვილებო,- ქალმა ხელი ჩაკიდა ბავშვებს. ნეითანი კარში გასულებს დაეწია: -სარა! -გისმენ, ნეითან,- უკან მიიხედა ქალმა. -წარმატებებს გისურვებ! შენს ადგილას ვერასოდეს გავრისკავდი ამდენს! -მამაკაცის ხმაში სევდა იგრძნობოდა. -როდესაც ირღვევა დუმილი, მაშინ იწყება მიზნებისკენ მიმავალი ხმაური!- თავდაჯერებულად უპასუხა და მეც იგივეს გისურვებო - მიაყოლა. -შენი გამარჯვების საიდუმლო მხოლოდ სიჩუმის რღვევა არ ყოფილა. სარამ მრავლისმეტყველი მზერა შეავლო და სიტყვის გაგრძელებას დაელოდა. -შენი სიძლიერის უმეტესი ნაწილი დედა-შვილურ კავშირში იმალება! -შესაძლოა, ასეც იყოს,- ამაყად მიუგო და შვილებთან ერთად გარეთ გავიდა. უყურებდა ოლივერი ათმაგად ლამაზ, ორ მოკუნტრუშე ბავშვთან მომავალ, ბედნიერ ქალს და პირზე ღიმილი უთამაშებდა.
*** წარმტაცი და ყოვლისმკურნალი იყო „მაგედარი“. აღდგენილ ურთიერთობას სიამტკბილობის მტვერს აფრქვევდა...
დასასრული
ჰიპსტერი- ოცდამეერთე საუკუნის სუბკულტურის წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს, გაასწროს მის გარშემო არსებულ რეალობას და იქმნის განსხვავებულ იმიჯს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა თითოეულ მკითხველს იმისთვის, რომ დრო დამითმეთ, წაიკითხეთ და შეფასება დამიტოვეთ <3 მადლობა თითოეულ მკითხველს იმისთვის, რომ დრო დამითმეთ, წაიკითხეთ და შეფასება დამიტოვეთ <3
3. სასიამოვნოდ საკითხავი იყო, ზომიერად მძიმე თუ ღრმა.
დაველოდები ქეით გრინის სხვა ნაწარმოებს :)
სასიამოვნოდ საკითხავი იყო, ზომიერად მძიმე თუ ღრმა.
დაველოდები ქეით გრინის სხვა ნაწარმოებს :)
2. დამსახურებული 5,ნეტავ მეტი შემეძლოს <3
ძალიან კარგი ნაწარმოებია,აზრიანი,გამართული! ჩემთვის ლოგიკური დასასრულით <3 ქეით,ბევრ წარმატებას გისურვებ <3 დამსახურებული 5,ნეტავ მეტი შემეძლოს <3
ძალიან კარგი ნაწარმოებია,აზრიანი,გამართული! ჩემთვის ლოგიკური დასასრულით <3 ქეით,ბევრ წარმატებას გისურვებ <3
1. ძალიან კარგია. ცოტა კი დამწყდა გული, რომ მარკუსს სიმართლე არ გაუმხილეს. 5 ძალიან კარგია. ცოტა კი დამწყდა გული, რომ მარკუსს სიმართლე არ გაუმხილეს. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|