ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუჯარი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2009


უმისამართოდ...(ღია ბარათი)

ხანდახან ასეთ რამეებსაც ვწერდი...:)) რასაც წაიკითხავთ, ზუსტად ასე დაიბეჭდა გაზეთ ,,შანსში''...ეს მაშინ გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ გავბედე...:)

უფალო რედაქტორო!

ეს მცირე ბარათი არ გახლავთ უზადო პოეტური ნიმუში, სამაგიეროდ, მასში სიმართლე უხვადაა...სიმართლე, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს ვუმალავთ და ლამისაა, ამოვშანთოთ კიდეც ჩვენი ცნობიერებიდან...,,მოყვარეს პირში უძრახე, მტერს-პირს უკანაო'',-ნათქვამია...ამდენად, ამ პატარა პუბლიცისტირი პასკვილის უმისამართო ადრესატი, ჩვენ წიაღში რომ ,,ტრიალებს და იღვწის'', რაც უნდა მწარე და შემზარავი სიმართლე იყოს, ოდენ გვაიმედებს, უსინდისოდ გვატყუებს, უფრო მეტი, დაგვცინის და გვამასხარავებს კიდეც...მე, როგორც ქართველი და მოქალაქე, თავს ძალიან დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი,,გრანდებისაგან'', რომლებსაც ამ ღია წერილით, მსურს, შევეპასუხო და ადამიანთა უფლებების დეკლარაციიდან გამომდინარე, თავი დავიცვა...მოგეხსენებათ, სიტყვა ჩვენი ჯავშანია, სხვა, თავდასაცავი იარაღი ჩვენ არა გვაქვს....ისიც მინდა, მოგახსენოთ, უფალო რედაქტორო, რომ ე.წ. ,,თავისუფალი პრესის'' ზოგიერთმა საინტერესო წარმომადგენელმა(ვგულისხმობ გაზეთებს ,,ალიასა'' და ,,საქართველოს'') თავი შეიკავა პუბლიკაციის გამომზეურებისაგან იმ მოტივით, რომ შესაძლებელია, ამ ფაქტმა მავანთა და მავანთა (ე.ი.,,ჩინიანთა'')განაწყენება გამოიწვიოს და ავტორსა და რედაქციას(ე.ი. ჩვენ ,,უჩინოებს'')გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს...გარდა ამისა, ლექსების დაბეჭდვა მათ პრეროგატივად არ მიიჩნიეს...სიმართლე გითხრათ, ამგვარმა მოულოდნელმა განცხადებამ ,,თავისუფალი პრესის'' ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, კიდევ ერთხელ დამაფიქრა და შიშისაგან ,,გამბურძგლა''...მაგრამ, რას ვიზამთ, ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა''...-ბატონო ბონდო! ამ სიტყვებით გათამამებულმა მაინც გადავწყვიტე სწრაფი მოქმედების ,,ნაღმის'' თქვენ სწრაფი რეაგირების მქონე გაზეთში ,,ჩაფვლა''...თუ აფეთქდა,-ერთად ავფეთქდებით!...

მინაწერი:

მე თანახმა ვარ!
გაზეთ ,,შანსის'' მთავარი რედაქტორი ბონდო ქურდაძე
1996 წელი.

პ.ს. თქვენ ალბათ გახსოვთ ეს წლები...შევარდნაძისა და ,,მხედრიონის'' აღზევების პერიოდი...სწორედ, ამ დროს ქვეყნდება ეს ,,ღია ბარათიც'' და რომ არა ,,შანსის'' მთავარი რედაქტორის გამბედაობა,  ვერც გამოქვეყნდებოდა...სიმართლე გითხრათ, მეც ერთგვარი ტაქტიკა  გამოვიყენე და ,,ელგუჯა ენგურელის'' ფსევდონიმით დავბეჭდე... თავდაცვის მიზნით...თუმცა ფსევდონიმს ამოფარება მაინც ვერეფარს მიშველიდა, მაგრამ რატომღაც ასე ვამჯობინეთ... რეზო მიშველაძემ ამოიცნო მაინც და მითხრა, შენს ნაწერს გავსო...ეს არის პატარა ისტორია ამ ,,ღია ბარათთან'' დაკავშირებით და ვფიქრობ, დღესაც აქტუალურია ეს თემა...


უმისამართოდ....

(ღია ბარათი)

უნდა გახსენოთ დღეს ირონიით,
ვისაც ნიადაგ გეწვით სანთლები...
რომ, სამწუხაროდ. წმიდა მირონით,
თქვენ ვერასოდეს მოინათლებით!

არც რწმენა გინდათ, არც ეკლესია,
რწმენაც გაყიდეთ, როგორ ხატები...
ვით ვეღარ გუობთ კარგს და წესიერს,
თქვენ, უსამშობლო დიპლომატები?!

ვის უნდა თქვენი სიტყვა რიოში
(სიტყვას ამოდეთ ხოლმე აღვირი....)
არ მოგასვენებთ საიქიოშიც
უაზრო სისხლი,თქვენგან დაღვრილი.

იქნება ესეც გესმათ, ეგება,
ზურგზე რო ცოდვის გიმწიფთ კუზები...
სუყველას მაინც როგორ ერგებით
და ერთ ალაგას როგორ უძვრებით?!

არც შოთას უსმენთ და არც ილიას,
გონიც წაგერთვათ, მგონი, სრულებით...
არ მოგასვენებთ...(არ გეშინიათ?!)
თქვენგან სასტიკად განწირულები.

არ გეშინიათ?!..გმირთა სულებმა
ჩვენც მოგვათრია დღემდე წვალებით...
იუდას ვერცხლზე გაყიდულები,
ვართ მამულივით სვედამწვარები.

ერთობ ძნელია თქვენი გაგება
და ამიტომაც დარდით ვბერდები...
გუშინწინდელი ავაზაკები,
დღეს გახდით კანონშემოქმედები.

ვის უნდა თქვენი ბნელი კანონი,
გაჯერებული ბილწი ტყუილით...
დამშეულებს და უსახლკაროებს,
დაგვაწყებინოთ ლამის ყმუილი.

ქვეყნის ტკივილით ვითომ წუხდებით,
ბერწი თაობა...ქვეყნის ამკლები...
დღეს რომ ღიმილით თბებით ბუხრებთან,
ხვალ გელოდებათ ცივი საკნები.

მაინც როდემდე უნდა ატაროთ,
ამდენი კითხვა და თავსატეხი?..
აღარ გრცხვენიათ?-დიდს და პატარას,
რომ მოგვანატრეთ პურის ნატეხი.

მიკვირს, აქამდე როგორ გაძელით,
ამერ-იმერიც როგორ არბიეთ...
თქვენი ჩინები და სავარძლები,
ფეხზე ჰკიდია მიქელგაბრიელს.

ვეღარ გიშველით მეფის მუნდირიც
უცხო ვილა და თბილი ყებური...
გაგეჩხირებათ ყელში ბურთივით,
ხალხი, მრავალგზის გაბრიყვებული.

გაგიმართიათ ცოდვის ფერხული
და ერთმენეთის ქირდვა-ღალატი...
თქვენი ბრიყვული სახის შემყურე,
თანდათანობით გავჭაღარავდი.

სასაცილოა...ერთად საიდან,
ძველი ბოზები...დინჯი ახვრები?...
არ გეშინიათ?-დღეს რომ გაყიდეთ,
ხვალ იმ მიწაში დაიმარხებით?!

მათ სიბრძნეებსაც ხშირად ვისმენდით,
ვინც განტევების გახდნენ ვაცები...
საბრალოებო!...თქვენც ხომ ისეთი,
ხართ საქართველოს ჯარისკაცები!

და მძლავრობს ჟამი ამაოების,
დამისნეულდა ფიქრი გაბმული...
მაინც რას ფიქრობთ, მუცლის მონებო,
რომ არ გვექნება მალე მამული?!

დღეს თქვენში მრავალ ფლიდს და ტარტაროზს,
თავი ჰგონია ჯვარზე ვნებული....
მადლს თუ დაიტევს ნეტა ტაძარიც,
ურწმუნოების აშენებული?

დაპირებებით გადის ზამთარი,
ვერ აუდიხართ საქმეს ,,გრანდები''...
თანაც ჩუმ-ჩუმად იჭერთ თადარიგს,
თქვენ მომავალი ემიგრანტები.

ვცხოვრობთ კი არა, აღარც ვარსებობთ,
არც აგაღელვებთ ჩემი ბარათი...
კმარა!!!მოგვწყინდა ტაკიმასხრებო,
თქვენი სპექტაკლი და მასკარადი!

                                                        1996 წ.
                                                   

:)) ,,კმარა'' ნაციონალურმა მოძრაობამ მომპარა...არადა მე მეკუთვნის საავტორო უფლებები...რაკი მომპარეს, ახლა მე მათ გავუმეორებ: ,,კმარა!!!!""..:))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები