ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2009


არა იყო რა...

ოქროს ნაწნავი ჰორიზონტზე მიეწვა მზის სხივს,
ფურცლებადქცეულ მარტოობას ესაუბრები,
გაგიორმაგა სიცხეებმა ტკივილი სისხლის,
და მხოლოდ შენ ხარ შენი თავის მესაიდუმლე.

შორს კი თოვაა, ფანტელები ცვივიან თითბრის,
დაღლილ სულს ღაფავს ოცნებების დასალიერი,
მოდიოდი და არაფერი გხვდებოდა, თითქმის,
აგრძელებ, იცი, წინ უთუო დასასრულია.

რამდენი ბგერა,
რამდენი გზა,
რამდენი ცრემლი
ჩაყლაპა დრომ და ემოციაც გააბათილა,
ადრე ის ზრდიდა სიშორეს და შენ ბოლთას სცემდი,
დღეს თავადვე თმობ, მერე რა, რომ არაადვილად.

შენ გაზაფხულის ფოთლებივთ მწვანე გაქვს ფრთები,
სხვისი ნაყოფი მაგ კვირტებზე უფრო ბაცია,
ყველაზე მეტად ვინც გამკობდა და გაღმერთებდა,
ყველაზე უხვად შეძლებია, თურმე, გაცემა.

თუმც აღარ წუხხარ, ხავსს მოედო უშენოდ მტვერი,
და ქარმაც თავის მოტანილი თან გაიყოლა,
(ვიღაც ფეხებით დაუწურავს სხეულებს მტევნებს...)
არა იყო რა.
იყო,
მაგრამ არა იყო რა.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები