ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
2 ნოემბერი, 2009


თუ ვინმეს გეცნოთ...(ნამდვილი ამბავი)

             
წინმსწრებად მინდა გითხრათ,სანამ წერას დავიწყებდი,ვიცოდი,რომ პარალელს გაავლებდა მკითხველი ისეთ შესანიშნავ  ნაწარმოებთან,როგორიცაა"თავსაფრიანი დედაკაცი",მაგრამ მერწმუნეთ აღვწერე რეალობა..მეპატიოს ეს შედარებაც კი,რომელიც მოვიყვანე ..
    -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

  წუთში სამოცდაერთი წამი იმას ფიქრობდა,ვისთვის რა ესიამოვნებინა,ყველაზე წუხდა,ყველა ენაღვლებოდა,თუმცა იმასაც კარგად გრძნობდა,რომ გადამეტებული ყურადღებით მოსაბეზრებელი ხდებოდა.
              წინა ღამით ყურმოკული დიალოგი ნაწილობრივ  აღიდგინა გონებაში.შვილიშვილს ცოლი დაბალ ხმაზე გაცხარებული ეკამათებოდა,ქმარს სივიწროვეს უჩიოდა,უმტკიცებდა:საზღვარგარეთ ყველა ასე იქცევა და გაცილებით კარგად გრძნობენ თავსო.გამეხდა ქალი.
            ფიქრიდან ბადიშმა გამოიყვანა-ახალგაღვიძებული ჩვეულებისამებრ ფეხშიშველა შეტანტალდა დიდ ბებიასთან.გულში ჩაეკრა.ბავშვი ასაუზმა,კარში გასულს პირჯვარი გადაწერა.საკიდზე ჩამოკიდებულ შვილიშვილის სამოსს თვალი შეავლო-ცოლმა გაუკოპწიავა წინაღამეს.მათი ოთახიდან ჩუმი ფშვინვა ისმოდა.ახლადშეძენილი მემკვიდრე ფეხაკრეფით გამოიყვანა:დე,მოისვენოს პატარა დედამ-ღამის სიფხიზლეც ეყოფა,პატარას ყურადღება უნდა.ბოთლში ჩასხმული თბილი საკვებით დააპურა ჩვილი,შუბლზე აკანკალებული ხელი გადაუსვა,ქორფა თითებზე სათუთად მოელამუნა ფერგასული ტუჩებით და ისევ თავის პატარა საწოლში ჩააწვინა.
          ბებრული ცუხცუხით მემაწვნეს კიბეზე შეეგება-ასაკიანია,ჩემსავით მალე იღლებაო.დილა მშვიდობისა უსურვა,გულით დალოცა.რიდშერეული ღიმილით მაწვნის ქილები ნაგროვები პურის ნატეხებით სავსე ტომსიკაში გაუცვალა.ერთხელ კიდევ მიალოცა გულიანად.ქილები ფრთხილად გადგა კარგად დასანახ ადგილას-ქილიდან უყვარს მის საფიცარს მაწვნის ჭამა.
          თავის ოთახს მიაშურა.თვალი მოავლო იქაურობას.კედელთან მივიდა,ჩარჩოში ჩასმული სურათი ფრთხილად ჩამოხსნა  შეკრულ ფუთას ჩაამატა.გრძნობდა: დაშრეტილი იყო ყველა გრძნობისგან,მხოლოდ ეჩქარებოდა,იცოდა ვერავის გაუსწორებდა თვალს,ახლაც მათზე ფიქრობდა-არ უნდოდა პატიების თხოვნით სავსე მზერის დანახვა.ისინი ეცოდებოდა.კვლავ მათ ამართლებდა-ჩემხელა ქვა აღარ დაგორავს დედამიწაზეო.
          მისივე ხელით ჩამოქნილი სანთელი დაანთო ხატების წინ.მათი თავი შეავედრა უფალს.კიდევ ერთხელ დანანებით მოავლო იქაურობას თვალი- რვა ათეული წელი ამ კედლებში ქონდა გატარებული.
      ....სახლში მდუმარებას დაესადგურებინა.სივიწროვეში სიცარიელე გაწოლილიყო.უკვე მეორე დღე იყო სიტყვები დაჰკარგვოდა თითოეულს.ამაზრზენ სიჩუმეს ბავშვის ღუღუნი და ტელევიზორის ხმა არღვევდა.ეკრანზე სტიქიას ებრძოდა ხალხი.ოქტომბრის დასაწყისში ამხელა თოვლი მოსახლეობას არ ახსოვდა.სიცივე მართლა ძვალ-რბილში ატანდა.ოჯახის უფროსმა ტელევიზორს ხმა აუწია.ეკრანზე კადრი შეჩერდა.თვალები დაებინდა,კეფა აეწვა.ნაცნობი,უკვე მონატრებული სახე სინანულჩაყინული,ჩამქრალი თვალებით იცქირებოდა.
ყურს დიქტორის ხმა მისწვდა:
      -თუ ვინმეს გეცნოთ მოხუცი,გთხოვთ შემდეგ ნომრებზე დაგვიკავშირდით....

                                                                                                                      2.11.2009.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები