ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ოთანაძე
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2009


წრიულად

გრძნობ ისევ ისე, უღიმღამოდ თავს და იწყები,
ფიქრობ პოეტის ცხოვრება, რომ ბეწვის ხიდია,
ხიდი, გაბმული სხვა ნაპირზე გასვლის იმედით,
ხიდი, რომელსაც გულისყურით უნდა მისდიო.

კედლებთან შეყრა ოთახებში, მერე ფანჯარა,
(მასაც მობეზრდა შენი შუბლი, როგორც იარაღს,)
გიცვლის კადრებს და ცინიკურად შენს თავს აჯერებ,
შენს თავს აჯერებ - ყველაფერმა გადაიარა.

დღე უდღეობით იგუდება, ხეა  - მარაო
დაუნიავებს და აფხიზლებს ქუჩებს მიბნედილს,
დღისა და ღამის გასაყარზე ვარ და ვქანაობ,
ვარ და ვქანაობ, ღამეს ველი სულ სხვა იმედით,

რომ ჩანდეს გარეთ არაფერი, ჩანდეს სიბნელე,
თავს თუ ვამთავრებ, მე ვუყურო არავის მინდა ,
ასე ყოველდღე სიკვდილის წინ წუთით ვიბნევი,
და ბოლოს ისე გამოდის რომ მე ჩემს თავს ვინდობ.

გვერდზე გადავდებ მამაჩემის ციკლოპ "მაკაროვს",
ვზივარ დივანზე ვითვლი ტყვიებს - ლექსებს დასაწერს,
ქარმა სველ მინებს დღეები, რომ შემოაყაროს,
ისევ ვიჯდები, გაყინული თითქოს დამსაჯეს.

ღრუბლების უკან ატუზული მზეა ღლაპივით,
და კვლავ წრიულად, ვმეორდებით მე და  საათი,
ხიდი გავაბი, ჰორიზონტზე მოსჩანს ნაპირი,
მოსჩანს ნაპირი და ეს ღამეც დღეებს გაათევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები