ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2010


ისევ უსათაუროდ

თმაგაწეწილი სევდა
დადის შარაზე
ღამისგასათევს ეძებს,
კარი ჩარაზე!

***
სად მოვიძიო ძალა ცხოვრების,
შენი სახე თუ მემახსოვრება?!


***
როგორც ფრთადამზრალ ბეღურას,
შეშინებულს და დაზაფრულს,
მიწა უბეში ჩაისვამს-
გამოაზამთრებს გაზაფხულს.

***
ნისლი მოერიათ
მთებს როგორც ჭაღარა.
ალბათ, ამ ცხოვრებამ
ეს მთებიც დაღალა.

***
ბევრს გეტყვით მზერა,
თუ გსურთ მოსმენა
ლურჯი თვალების
მუნჯი გოგოსი.
არც მე არ ვიცი
ჟესტების ენა
მისი თვალების,
მესმის ლოგოსი.

***
ჰოი, დედაო, მე ბეჩავი,
ისევ მარტო ვარ.
ჩემი კუთვნილი ძუძუები
სულ სხვას აწოვე. 

***
უსმინე, უსმინე, ამ დილით
კვირტები კისკისით სკდებიან.
ასეთ დღეს ვერ მოვა სიკვდილი,
ასეთ დღეს თუ იბადებიან.

***
ყველაფერი და ყველა ამქვეყნად
პაწია გულით უყვართ პაწიებს.
დრო გაივლის და ამდენ სიყვარულს
ცხოვრება მათაც არ აპატიებს.

***
ცა ისე ახლოა,
ხელით შევეხები,
მიწას თუ წავართვი
დაბმული ფეხები.

***
მე ვხედავ ყვავილს,
სადაც სხვები ბალახს ხედავენ.
ვცხოვრობ თამამად,
გალიაში ვერ ჩამკეტავენ.
შევხვდები სიკვდილს
სიცოცხლისგან გაუხედნავი,
ოღონდ ჩემს თავზეც
გამაცინა ერთხელ, ნეტავი.

***
მუნჯი ზარივით უაზროა ჩემი ცხოვრება.
ტაატით, მაინც ჩამითრია ცოდვის მორევმა.
ჩემი სხეული სულს მიხუთავს სარკოფაგივით,
უფალო, შენთან წამიყვანე, დამდე პატივი.
თუ მაპატიებ, დავიღვრები მონანიებად
და მერე ისევ გამაჩინე, ოღონდ იებად,
პატარა გოგოს მივახარებ ზამთრის გასვლას და
მეპატიება, ყველაფერი მეპატიება!


***
სულის ამბოხების დროა,
მე კი მომერია სევდა,
ახლა დამხობილი როა
ერთდროს ის ზარიც ხომ რეკდა?!

***
ტერენტი არის ჩემი პოეტი,
გალაკტიონი ვშიშობ სხვისია,
და მეც არ ვიცი რისთვის მოვედი,
ან რისთვის მერგო წლები ნისიად,
ერთი კი ვიცი, რომ ლექსი ჩემთვის
სიკვდილია და კათარზისია,
და რომ ცხოვრება რაღაც დიდისთვის,
მხოლოდდამხოლოდ სამზადისია.

***
ამღვრეულ მტკვარში
თავს იხრჩობენ,
წვეთს მისდევს წვეთი-
ჩვენს უღმერთობას
თუ დასტირის
უფალი ღმერთი...
სიონის ზღურბლზე
თვალთმაქცური
მუხლის ხახუნით
ვერ დავარწმუნეთ,
რომ ვიკმარეთ
ერთი ჯვარცმული.

***
ვიბრძოდი როგორც სისხლიანი კორიდის ხარი.
მიფრიალებდა ბედისწერა წითელ კაპოტეს.
დიდიხანია აღარ მტკივა დაჭრილი მხარი.
მგონია, მომკლეს, გამთელეს და გადამაბოტეს.

***
ო, რად მესროლეთ უდიერად ხელთათმანები,
ო, ყვავილებო, ლამაზმანებო?
თქვენს ინტრიგების ნატიფ ქსელში ისევ გავები,
დუელში მიწვევთ, თუ მეზმანება ?

***
ჩემი სათქმელი ორ სიტყვაში
თუ ჩაეტია,
მესამე სიტყვა, დამიჯერეთ,
რომ,ზედმეტია.

***
მოვა შემოდგომა და
დამტოვებენ ჩიტები.
მერე გაზაფხულამდე
სულ ბრმა,
სულ ყრუ,
სულ მუნჯი
და სულ მარტო ვიქნები.

***
მივყვები...
ნეტა რა აქვს ამ ქუჩას,
ტკივილი ასე
რომ დამიყუჩა?!-
...ყვავის ალუჩა...

***
რამდენი წელი შემომაცვდა,
რამდენი წაღა...
ბოლოსდაბოლოს გიპოვნე და,
მინდიხარ?-აღარ!

***
მე არ მშურს ჩემი მეზობლის
ქოთნების "გერანიების".
იმას შეშურდეს ჩემი ტყის
და ჩემი ეზოს იების.

***
თეთრი ნუშის ხე
უცოდველი პატარძალივით
დგას, ეღიმება ნაზი ღიმილით...
მოვა ქარი და დაუტოვებს ტანზე იარებს,
და საცოდავი ნუშიც, ქალივით,
დიდი ტკივილით იმშობიარებს.

***
ისე გამწკრივებულან
სახურავზე კატები
და ისეთი დარია...
მტკვარი ადიდებულა.
მეც ჯებირებს ვასკდები.
მარტმა ხელი დამრია.

***
სცივა მაისს, ისე სცივა,
როგორც უქმროდ დარჩენილ ქალს.
ვის მიანდოს თავი, ორგულ,
ხის ტოტებზე გაფენილ ქარს?!

***
ამ გაზაფხულზე, შემოდგომის
ფერს რომ იმოსავს,
სად ეჩქარება ასე მიმოზას?

***
ისე სუფთად და ანკარად
ღიღინ-რაკრაკებს წაბლარა,
გულს რაც ღრუბელი მეყარა,
სულ მისხალ-მისხალ წამგვარა.


***
წვიმს და ერთი ხეც უკვე გაყვითლდა,-
ალბათ, სექტემბერს უნდა აამოს...
რა პომპეზურად, შემოდგომურად
ეპატრონება ჩემს ბაღს საღამო!



1987-97წწ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები