ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2010


კომედიანტ - პალიაჩი

ცხრა მთას იქით და ცხრა ზღვის გადაღმა,
თქვენ დაინახავთ შაპიტოს კარავს,
ცოდვილ გალიას თვალს მოჰკრავთ ალბათ,
შეხვალთ შიგნით და სმენას დაძაბავთ.


იქ დღემდე ერთად ზის ორი ბიჭი,
ორი კლოუნი, კამათი ისმის...
ერთი მთელი დღე მწუხარედ ტირის,
მეორეს მუდამ სახე უცინის.


მათგან უფროსი - კომედიანტი,
მისი ღიმილი ყურამდე ადის,
უმცროსს კი მუდამ აწუხებს დარდი,
იცნობდეთ, ჰქვია მას პალიაჩი.


თუ გსურს მკითხველო გაიგო რა სჭირთ,
რამ დააფიქრა ასე ჯამბაზი,
ცხრავე გააღე მაგ გულის კარი,
ყური დაუგდე და მერე წადი...


*          *          *
კომედიანტი :

- ძმაო მითხარი რადა ხარ მასე?
ნუთუ ვერაფრით გაგახალისებ?
რად ჩამოგტირის სულ მუდამ სახე?
მითხარი რამე, ვფიქრობ გაგიგებ.


თუ რამ გაწუხებს, მითხარი აქვე,
ერთად ვიქნებით ჭირშიც და ლხინშიც,
ძმა ვარ შენი და გთხოვ დამაფასე,
რადგან ვიცინი, არა ვარ გიჟი.


დაგეხმარები და მოვაგვაროთ,
სევდა-ნაღველი გადავაგოროთ,
სატკივარს მიწა თავზე ვაყაროთ,
დარდი ნიავ-ქარს თან გავაყოლოთ.


თუ ვერ შევძელი რომ გაგახარო,
წუხილით ძლიერ არ დაგაღონო,
სიტყვები მაინც წყალს გავატანოთ,
მეტი რა გზა გვაქვს ჩემო ბატონო?!


პალიაჩი :

- აბა რა გითხრა ჩემო ძმობილო?
გინდა ცხოვრების ჭირი ისმონო?
მისი ნამდვილი სახე იხილო?
მე ის ვნახე და აღარც ვიტირო?


თუ ქვეყანამ წინსვლა დააპირა,
და ომებში შვილიც კი გაწირა,
ანთებული გული მრავლად გვინდა,
მოღალატეს რომ ჩაესოს ხინჯად.


ჩვენს ქვეყანას გმირი ჰყავდა ბევრი,
მოღალატე? მათზე ერთით მეტი...
სამშობლოსთვის თავს სწირავდა ერი,
ორგული კი მთლიანობას ერჩის.


ყველა მმართველს ჰქონდა მინუსები,
გადავაგდოთ? ვინ გვყავს უკეთესი?
დავანგრიოთ ნაშენები ჭერი?
ჩვენ რა? ამით გაიხარებს მტერი.


გულის სიღრმეში ყველას ტახტი სურს,
და ერთმანეთი სხვაზე მეტად სძულთ,
ასე ნელ-ნელა ჩვენ გვაცლიან გულს,
და სახელმწიფოც ემსგავსება ჭურს.


სუფრაზე ყველა პატრიოტია,
თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია,
მოვლენ თავში და ყველა ნულია,
მათ მხოლოდ ჯიბის სისქე სწყურიათ.


”ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო ! ! !”
მოღალატეთა დედავ, გამზრდელო,
თავგანწირული ბიჭების მკვლელო,
შენ მარიამის კალთის წილხვედრო...


და დღეს კი ყორანს თავს აგლეჯინებ,
მაგ ცოდვებს ასე მოინანიებ?
საფლავის ქვაზე ვარდს ნუ დაიფენ,
ფეხზე ადექი და დაგვარიგე.


კომედიანტი :

- ვხედავ ძამიკო, არც მე ვარ ბეცი,
მრავლად მინახავს ”გველი”, ”წურბელა”,
მეც ვნახე ქვეყნად ცოდვილი ბევრი,
გააჩანაგეს ხე-ტყე, ბუნება.


ჩვენ გვეძახიან კლოუნ-ჯამბაზებს,
მათი ნიღაბი ჩვენს არ წააგავს,
თავად კი ნიღბით სახეს მალავენ,
დაატარებენ მის ქვეშ მხდალ ჯალათს.


ჯალათებს ქვეყნის თავისუფლების,
გაქცევაზე აქვთ სულ მუდამ თვალი,
ამოაჭამეს ერთურთს გულები,
დაჭრილ მეგობარს არ ასვეს წყალი.


ხალხო უკვე დავიღალე ამით,
მუდამ ერთსა და იმავეს ვამბობ,
ნუ გამოგაქვთ დასკვნა ერთი ნახვით,
”იისფერი თოვლი” აღარ გახსოვთ?


ვინა სთქვა რომ იყო იისფერი?
სხვა რამის თქმა არ შეეძლოთ განა?
მაგრამ ”თოვლი” დღემდე ისევ მღერის,
თქვენ ტაბიძეს გაკიცხავდით ალბათ.


ფიქრობთ რომ გიყვართ თქვენ ერთმანეთი,
მაგრამ მერწმუნეთ მხოლოდ გეგონათ,
არა გრცხვენიათ? ჩვენ ჯამბაზები,
გასწავლით როგორ უნდა გეცხოვრათ.


თქვენ არც კი იცით ტანჯვა რა არის,
სიყვარულს არქმევთ მრუშობის ნაგლეჯს,
მესამე წელი გავიდა ლამის,
რაც უიმისოდ ღამეებს ვათევ.


მხოლოდ ისაა ჩემი ქალღმერთი,
არც ერთი წამი არ მტოვებს ფიქრში,
ამ ჩემს ღიმილში სევდაა მეტი,
რადგან ვიცინი გგონივართ გიჟი?


ვიდექით ერთად, მე ის და დარდი,
და გავყურებდი მის თვალებს გუშინ,
მე მისი კოცნა, ჰაეროვანი,
ნაზად ჩავუშვი, ჩავმარხე გულში.


ის შეიძლება არც ლამაზია,
მაგრამ ჩემთვის დღეს ვიწამე ღმერთად,
ის შეიძლება თვით ჯალათია,
სახე სახის წინ, სახეს ვერ ვხედავ.


მაგრამ ვიცი რომ მიყვარს უზომოდ,
და უიმისოდ დღითიდღე ვკვდები,
თქვენთან საერთო ისა მაქვს მხოლოდ,
რომ ყველას ბოლოს მოგვიღებს ცელი.


ერთ დღეში იცვლით ათას ”სიყვარულს”,
ყოველ საღამოს თქვენს თავებს ებრძვით,
გულის კარები გიგავთ დაბზარულს,
სწორედ მაგიტომ მე მეზიზღებით.


მაგრამ არ ვტირი თქვენ გამო რადგან,
არც თქვენ განაღვლებთ ჩვენი ტკივილი,
და თქვენს ცოდვებზე ამაყად, ლაღად,
ირონიული ვიწყე სიცილი.


გინდა მსმენელო ვინ ხარ გაიგო?
და შენს წინაპარს რა ღვაწლი უძღვის?
მოყვარე მტრისგან როგორ არჩიო,
რადა ვართ ღირსნი აკაკის ფურთხის?


აბა გახედე დაჩრდილულ წარსულს,
დღემდე მერანი გაურბის ყორანს,
ყური დაუგდე ცოდვილ წიწამურს,
მამაშენმა ხომ ილია მოკლა?!


მოვკალით მამა საქართველოსი,
ყვავებს მივუგდეთ არწივი ლეშად,
დაჩოქილები შველას ველოდით,
"დიდი რუსეთი" ვიპოვეთ მხსნელად.


პატარა კახს კი დღემდე ჯვარს ვაცვამთ,
ჩვენ უანგარო შველას ველოდით,
იმდენს ვერ ვხვდებით, რომ ახლა რაც ვართ,
სხვა შემთხვევაში არც ვიქნებოდით.


თუმცა შეხედე ნაჯაფარ წარსულს,
ქართველ კაცს დღემდე სამშობლო სტკივა,
საუკუნეთა მანძილზე დაცულს,
სხვისი ადათი ჩვენ რას მოგვხიბლავს?!


სხვა ჩვენ სიმდიდრით რას გაგვაკვირვებს?!
კულტურით, ბრძოლით, მეომართ ჟინით...
მხოლოდ ერთს გირჩევ, არ დაგავიწყდეს,
მოღალატეც გყავს სისხლში და გმირიც.


როცა შეივლი სვეტიცხოველში
და ჯვრის მშვენება მკვდარსაც მოგხიბლავს,
არ დაივიწყო, ერთ კილომეტრში,
შენმა "ძმაკაცმა" მამა მოგიკლა.


ჩემზე რა გითხრათ? ვერ გაგახარებთ...
მოღალატეთა ქვეყნის ვარ შვილი...
მეც ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
და ჩემს სიკვდილში ყველას გაქვთ წვლილი...


*          *          *

ასე ბაასით დაჰქრის ნიავი,
მუდამ იცინის კომედიანტი,
ცოდვა ჩაკეტეს ბნელ გალიაში,
ცრემლი უსველებს თვალს პალიაჩის.


აბა რას იტყვი ჩემო მსმენელო?
შენც დღეს ერთ-ერთო მათგანო, მკვლელო,
ადამიანთა ერთობის მტერო,
უსიყვარულოდ მოკვდები მხეცო ! ! !


მაგრამ თუ ღმერთის წყალობა არის,
ამოიცანი თუკი შენს თავში,
კომედიანტი ან პალიაჩი,
მაშინ ტაბიძის ”თოვლი” კვლავ ბარდნის.


სხვას შენ ვერ შეცვლი, ეცადე მხოლოდ,
შენით ქვეყანა გამოასწორო,
იმედს ვიტოვებ რომ სხვას არ მონობ,
სიმწრით იცინი ან დარდით გლოვობ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები