ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
6 მარტი, 2011


le spektakle est fini !!! - წარმოდგენა დამ - თავ - რე - ბუ - ლია !!! - III ნაწილი

_ ვერიკო, შენი ჭირიმე, როგორ მომენატრე !
_ ისეთ რამეს ნუ მეუბნები, რაც ზოგადად კაცმა უნდა უნდა უთხრას ქალს. ისეთი რამ მითხარი, რაც  მხოლოდდამხოლოდ  შენ, ლექსო ახალაძემ უნდა მითხრა მხოლოდდამხოლოდ მე !
ლექსი დაფიქრდა:
_ მაგ შემთხვევაში, ყავა მოადუღე, შენნაირად ყავას მსოფლიოში არავინ ადუღებს და ლოგინისკენ „ჰერი, ჰერი !“. ყავა, თუ გინდა, ლოგინში მომართვი !
_ რა მართლა მატერიალისტივით იქცევი. მინდოდა  პოეზიაზე  გველაპარაკა.
_ ვერიკო, ჩემო სიყვარულო, პოეზია სიყვარულია.
_ ლერმონტოვს ვკითხულობდი და რაღაც ჩემთვის საინტერესო არმოვაჩინე.
_ შენი ამბავი რომ ვიცი, აღმოაჩენდი, აბა, რას იზამდი ?!  წამოდი, წამოდი, საძინებელში ვილაპარაკოთ და ყველაფერი მომიყევი.
_ ადრე სულ ლექსებს მიკითხავდი.
_ გინდა ლერმონტოვი გიკითხო, გინდ გალაკტიონი, ფინალი ერთია, ამიტომ დროს ნუღარ ვკარგავთ, წამოდი.
_ მე შენ პოეზიაზე გელაპარაკები, შენ კი...
_ შენთან ზუსტად ეგ „ლირიკული“  გადახვევა მომწონს პოეზიიდან სექზე და  სექსიდან  პოეზიაზე...
_ საზიზღარო ცხვირა ! ... საზიზღარო ცხვირა !
_ რატომ  „საზიზღარო „?! _ უკვირს ლექსოს _ მე რომ ქალების ამბავი ვიცი, მერე დაიწყებ, „ორმოც წელს გადაცილებული იყოვოოო“, „ლერმონტოვის გარდა არაფერი აღარ აინტერესებდაოო“  და ჩემი ბედის ამბავიც რომ ვიცი, ადგები და ერთ მშვენიერ დღეს „შავ სიაში“  მომაყოლებ. მითხარი, რატომ გავირთულო ცხოვრება?!.. მოიცა, მოიცა, მეც გამახსენდა ლერმონტოვის ერთი ლექსი :
                    „ ვნებააშლილი, თმაგაშლილი და ღვინით მთვრალი
                    ღამით მძინარეს თავს დამადგა ლამაზი ქალი“...
_  ეგ რომ ლორმონტოვი არ არის ?! _ იცინის ვერიკო.
_ ვერიკო, მომენატრემეთქი !



...
ლექსო მთელი თვე არ გამოჩენილა.
თემურისთან მისვლა არ უნდოდა, ლიზასთან მითუმეტეს. ნანა ქალაქიდან იყო გასული.
გასეირნება გადაწყვიტა.
წვიმდა.
ისევ სახლში დაბრუნდა.
შუქი არ იყო.
ციოდა.
ბუხარი დაანთო და ესკიზების გადარჩევა დაიწყო.
ის იყო, სამზარეულოში უნდა გასულიყო ჩაის ასადუღებლად, რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
... მთვრალი და ერთიანად სველი ლექსო კართან იდგა.
_ შემოდი.
_ წვიმს ! _ სველ ტანსაცმელზე ანიშნა ლექსომ.
_ მართლა?! არ მეგონა ! _ ვერიკო ერთნაირად იყო გახარებულიც, ნაწყენიც  და აფორიაქებულიც.
ლექსო ოთახში შევიდა და სავარძელში ჩაჯდა:
_ მაგარი მთვრალი ვარ !
_ რას ლაპარაკობ!  საერთოდ არ გემჩნევა!
_ ნუ მიჯავრდები, წვიმას შემოვაფარე თავი.
_ პალტო გაიხადე, სულ სველია.
_ აქ დაჯექი.
_ მოიცა, ჩაის ავადუღებ.
ვერიკომ პირსახოცი გამოიტანა და თმები შეუმშრალა.
_ გმადლობთ, ქალბატონო ვერიკო, მზრუნველობისათვის. ზოგადად, დიდ ყურადღებას  დაჩვეული არა ვარ, ამბობენ, კარგი რამეა და შეჩვევა იცისო.
ვერიკო მიხვდა, რაღაც მოხდა.
მაგიდიდან ჩანახატები აიღო.
_ არ მეგონა, თუ მოხვიდოდი.
_ ხატავდი?
_ ვაპირებდი.
_ თუ გინდა წავალ და მერე მოვალ. არ მინდა ხელი შეგიშალო.
ვერიკოს გაეცინა:
_ თქვენ მე არასდროს არ მიშლით ხელს, ბატონო ალექსანდრე, პირიქით !
_ რაკი თქვენობით მიმართვაზე გადახვედი, ესე იგი, უნდა წავიდე _ და სავარძელში უფრო მოხერხებულად დაჯდა _ კარგია, შენ საყვარელ საქმეს რომ აკეთებ.
_ არც მეგონა, ხატვას თუ დავიწყებდი, სულ მინდოდა, ყვავილების დიდი ბაღი მქონოდა და ბავშვებისათვის ზღაპრები დამეწერა.
_ წარმომიდგენია ვინ იქნებოდი, ამსტრიდ ლინდგრენისა და მამულაშვილის ნაჯვარი.
_ რატომ ხუმრობ ყველაფერზე?!
_ აბა შენსავით ყველაფერზე სერიოზულად ხომ არ ვიფიქრებ !
_ „ ადამიანი ფიქრისთვის გააჩინა ღმერთმა“!
_ რომელი დათა თუთაშხია შენა ხარ !
გაეცინათ.
ვერიკომ ჩაი გამოიტანა.
_ არ მინდოდა ასე მთვრალი მოვსულიყავი, მაგრამ არც ის მინდოდა, დღესაც მარტო დარჩენილიყავი. ისედაც ამდენ ხანს დაგტოვე მარტო.
_ სხვათა შორის მთელი თვეა უკვე _ რატომ დალიე ?!
_ მე კი აღარ დავლევ, ვერიკო, გენაცვალე, მაგრამ ისევ შენ დარჩები დაზარალებული. მოგეხსენება, ქართველ კაცს საქართველოსა  და ქალის სიყვარული  სიმთვრალეში ახსენდება.
ასეთი ლექსო ვერიკოს არ უნახავს. გაუკვირდა:
_ შენ რა, დღეს ცუდ ხასიათზე ხარ?!
_ დღეს მე საშინელ ხასიათზე ვარ !..  დათო გარდაიცვალა, გუშინ დავკრძალეთ !
_ დათო ?!..  როგორ ?!...
_ როგორ გარდაიცვლებიანხოლმე,  ვერიკო?!  ჩვეულებრივად !!  ინსულტით !
პაუზა ძალიან გაგრძელდა.
_ სმისაგან, არა ?!
_ ხოოო, რა ზუსტად გამოიცანი !  ზუსტად სმისაგან და არ დამიწყო ახლა, ვერიკო, შენი ჭირიმე, ეგენი იმდენი მოვისმინე, აღარ მინდა
._ არა, არაფერს არ დაგიწყებ.. მაგრამ რატომ არ გამაგებინეთ ?
_ არ იყო საჭირო.... ცხოვრება ეგეთი რამეა, თუ „ხუთოსანი“ არა ხარ, „საზოგადოება“  წითელ დიპლომზე უნივერსიტეტდამთავრებული კლასის ხელმძღვანელივით სულ თითს გიქნევს, ყველა პატარა შეცდომაზე წითელ ხაზს გისვამს და დიდ მსუქან ორიანსაც გიწერს „არადამაკმაყოფილებელი“. ვიდრე „ხუთოსანი“ იყო  და იმ კუკურისთან ერთად რაღაც „დიდ“ სამეებს აკეთებდა, ყველას სჭირდებოდა, როგორც წესია. მერე იმ კუკურიმ რომ კაი დიდ თანხაში გადაგდო, კაციშვილი არ მიეხმარა „თავის საქმეს თვითონ მიხედოს, ის კუკური არც ჩვენ მოგვწონდაო“... მოგწონდა რა, ფოტომოდელი იყო ?! ჰა, ვერიკო. ფოტომოდელი იყო?!..
_ კარგი, აღარ გინდა !
_ ვერიკო, შენი ჭირიმე, უნდა წავიდე და ნუ გამიბრაზდები... არ შემიძლია ერთ ადგილზე ყოფნა... უნდა წავიდე !..
_ სად უნდა წახვიდე, თავსხმა წვიმაა. დარჩი.
_ არ შემიძლია.
_ წვიმს, ლექსო, გადაიღოს მაინც. ჩაი დალიე, ცოტა გათბები.
_ არ მინდა ჩაი.
_ არ წახვიდე, ისედაც სველი ხარ, გაცივდები.
_ ნუ  გეშინია, არ მოვკვდები  _  ლექსო ადგა.
_ არ ვიცი, რა გითხრა.
_ არაფრის თქმა არ გინდა, მთავარია, რომ არსებობ და რაც ყველაზე მთავარია, ჩემს ცხოვრებაში არსებობ.
კორიდორში პალტო ჩაიცვა.
მობრუნდა.
რაღაცის თქმა უნდოდა.
მერე გადაიფიქრა.
ხელი ჩაიქნია და გავიდა.
ვერიკო მარტო დარჩა.



...
ტელეფონი აწკრიალდა.
_ გისმენთ.
_ ლიზა ვარ.
_ ააა! გამარჯობა, ლიზა !
_ სად დაიკარგე ?!
_ ცივა და არსად გავდივარ.
_ ახალი ხდება რამე ?
_ ისეთი არაფერი.
_ გუშინ კუკური იყო თემურისთან. გიკითხა „სად დაკარგეთ ის გოგო, ერთხელ კიდევ მაჩვენეთო“.
ვერიკომ ტელეფონის მაგიდის უჯრაში სიგარეტი მონახა,.
_ არ მინდა კუკურიზე ლაპარაკი.
_ უი, დედა. რა სულელი ხარ. თემურის კიდევ გააყიდინა ნახატები, დღეს წაიღეს.
_ ძალიან კარგი.
_ საღამოს შენთან  ვაპირებთ  გამოსვლას, ნახატების დათვალიერება უნდა.
_ ლიზა ! _  ვერიკომ ძალიან მკაცრად წარმოთქვა „ლიზა!“ _  არც ერთ შემთხვევაში კუკური და არანაირი კუკური, ხომ გასაგებია ?
_ თემურიმ თქვა...
_ არ მაინტერესებს რა თქვა თემურიმ, არც კუკურის ნახვა მინდა, არც ნახატებს არ ვყიდი, გამოფენისთვის ვმუშაობ და ასევე გადაეცი ორივეს, რომ სტუმრებს არ ვღებულობ, არ მცალია ! ხომ გასაგებია?!
_ კაი, კაი, ნუ ბრაზდები ! არ გცალია და ნუ გცალია..
_ ლიზა, გინდოდა რამე ?!
_ არა, არაფერი...  წუხელი, ასე პირველი საათი იქნებოდა ლექსო მოვიდა ჩემთან მთვრალი იყო, რავარი, თუ იცი ! ხომ იცი, ჩემი  ამბავი, ჩაიზე მივიპატიჟე. შენზე თქვა მიყვარსო ! უი, დედა, მოვკვტი კიღამე სიცილით. ჩაი გადამცდა ყელში, ლამის დევიხჩვე. კაი, ბიჭია, მარა დედა, რას გავდა ! გამოვაფხიზლე და მერე გოვუშვი სახლში...
ვერიკო, გაჩუმებული უსმენდა.
_ კარგად მოქცეულხარ !.. ლიზა, ახლა არ მცალია და სხვა დროს დარეკე !
_  დედა, დედა ! მთლად ჩაეშვა, მთლად ! რას გავდა, უნდა გენახა ! უკვე ნამდვილი ლოთია ! ამას წინად...
_  კარგი, ლიზა, ბოდიშს გიხდი, მართლა არ მცალია.
_ კაი, ვერიკო, გენაცვალე...
წინადადების დამთავრება არ დააცადა, ყურმილი დაკიდა.
საფერფლე მოძებნა.
ფანჯარასთან მივიდა.
ხატვის განწყობა უკვე დაკარგული  ჰქონდა.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები