ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წრიპა მორტენი
ჟანრი: იუმორისტული
25 მაისი, 2011


ჰარი პოტერის პესიმისტი ბებიები, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი და როგორ შეიძლება ვიშოვოთ ფული ამ ურაკრაღაცაზე....

დავიწყებ იმით, რომ ჩემთვის ერთგვარი კომერციაა ამ ამბის  თქვენთვის მოყოლა. თუ რატომ და რანაირად, ამას თანმიმდევრულად მივყვები და თქვენც მიხვდებით და ისიც, (ანუ მთავრი ვინცაა ამ საქმეში).მთავრი კი სწორედ ჩემი ბიოლოგიური და არის(თუ როგორ ამბობენ არ ვიცი) რომელიც ამ საიტზე მუშაობს კი არა და წერს რაღაცეებს და ამის პარალელურად სისხლს მიშრობს მე.(ხო ჰოროსკოპით წურბელაა მგონი)ხოდა გადავწყვიტე მეც შური ამ სახით ვიძიო მასზე.(შური ვიძიო რა,ფული გავაკეთო ანუ).

სანამ ჩემს მთავარ გეგმას გაგიმხელთ,მანამდე გაგეცნობით და მოგიყვებით ჩემი აუტანელი ცხოვრების შესახებ.ოჯახში ყველაზე პატარა ვარ,(პატარა რა,13 წლის ვარ მაგრამ მაინც პატარად მთვლიან,თან ყველაზე უბედურება ისაა, რომ 8 მარტს დავიბადე)ამის გამო ჩემს ყველა დაბადების დღეზე გოგოები სკოლაში  გაღუნულ იებს მჩუქნიან, წელს მშობლები დამპირდნენ მაგარ დაბადების დღეს გადაგიხდითო, შენი და მოაგვარებს ყველაფერსო. ვიფიქრე ფულს მომცემენ და ჩემ ძმაკაცებთან ერთად სადმე წავალთქო და რა გამიკეთა ჩემმა დამ იცით?! ჩემი მეგობრები რომ მოვიდნენ, მანქანაში ჩაგვსვა ყველა, სიურპრიზი მაქ თქვენთვისო და MCDONALD-ში წაგვიყვანა(3 სართულზე), შეკვეთილი ჰქონია ჰეფი-მილი ჩვენთვის და რო ავედით ბუშტებით დაგვხვდნენ. (არა, აი მაგას ნამდვილად ვერ ვაპატიებ ვერასდროს).ძმაკაცები დღემდე მეკაიფებიან.

დედა და მამა ორივე ძალიან დაკავებულები არიან, დილას სამსახურში წასვლამდე შავ პურზე მიწისთხილის კარაქს წამისმევს ხოლმე დედა, მერე ელექტროჩაიდანს შეაერთებს ჩაის გასამზადებლად და ახსენდება რომ სამსახურში აგვიანდება და თავქუდმოგლეჯილი გარბის. მამას საერთოდ ვერ ვხედვ, როდის გადის ან მოდის. ერთადერთი, რომ ვიღვიძებ ლოგინთან 5 ლარიანი კუპიურა მხვდება, რომელსაც სავარაუდოდ მამა მიტოვებს სკოლისთვის.(თქვენ არ იცით როგორ შემიყვარდა 5 ლარიანზე გამოსახული კაცი, მამაჩემიც კი მგონია ხოლმე), ეს ერთადერთია რაც მის თავს მახსენებს.

და რჩება სახლში ამ ამბის მთავარი მონაწილე ჩემი და(10 წლით უფროსია ჩემზე). როგორც კი კარების გაჯახუნების ხმას გაიგებს, წამოხტება ხოლმე ლოგინიდან, აჩრდილივით დაეხეტება ხალათმოსხმული და თმაგაწეწილი ოთახიდან ოთახში, სიგარეტს ღერი ღერზე ეწევა და ჩემთვის გაურკვევლ(ნინო ძოწენიძის ენაზე)  რაღაც საშინელ სიმღერებს (ვითომდა) ღიღინებს. სულ რაღაც 10 წუთი ,რომ დააკლდება 10-ს მაშინ ახსენდება, რომ სამსახურში მასაც აგვიანდება, შეხტება უცებ 18873534 სმ-იან ქუსლებზე, ტანსაცმელს ნახევარს გზაში იცმევს და თმაგაწეწილი, წივილ-კივილით სახლიდან გარბის. მთავარი ისაა, რომ ყოველთვის გზაში ახსენდება, სკოლაში სწორედ მისი წასაყვანი რომ ვარ და გასვლაზე უფრო მეტად ხმამაღალი წივილ-კივილით შემორბის და ზემაღალფარდოვანი სიტყვების ყვირილით, იდიოტური მორალის კითხვით და ჩემს ქურთუკზე მაგრად ხელჩაჭიდებული სახლიდან გავყავარ.

სამსახურიდან კი შემოსული არ არის ხოლმე ჯერ წესიერად, რომ ამოიღებს ჩანთიდან თავის laptop-ს და ეგრევ ამ ურაკრაღაცაზე(სახელი წესიერად ვერც დავიმახოვრე)შემოდის. რამდენჯერმე ჩართული დარჩა და მეც რათქმაუნდა დრო ვიხელთე და ჩემთვის საინტერესო ინფორმაციების ძებნა მის პირად წერილებში დავიწყე. ნეტა იცოდეთ რეები აღარ ვიპოვეეეეეეეეეეე.(ამას რათქმაუნდა არ დავაკონკრეტებ თქვენზეც იმდენი რამე ეწერა).აი ცალი თვალით მაინც, რომ ჩაგაჭყიტათ ნამდვილად მესამე მსოფლიო ომს ვერ ავცდებით.

შაბათ-კვირა ყველაზე საშინელი დღეებია ჩემთვის, როცა არც მშობლები არიან სახლში(როგორც ყოველთვის) და ჩემი დაც არ მუშაობს და თავის გადარეულ დაქალებს იღებს სტუმრად(ამ საიტელებიც მათ რიცხვში შედიან). უნდა ნახოთ რა ხდება ამ დროს ჩემს სახლში. აი სუფთა კომუნისტური გადმონაშთი. ჩართავენ შავ-თეთრ მუნჯურ ფილმებს(კლასიკაააო ამბობენ, რავიცი მე)და ბოლო ხმაზე ფხრიწინებენ. მერე უნდა მოგასმენინათ ფილმის გარჩევას რომ იწყებენ ან საიდან მოაქვთ ეგეთი სიტყვები აზრზე ვერ მოვდივარ, თავი მისკდება ხოლმე შუშანიკის წამება მახსენდება ეგრევე( ეგეც ხო რაღაც ეგეთ ენაზეა დაწერილი რავიცი მე). მარა აი გოგო რო „ტიტანიკზე“ ტირილს დაიწყებს ის სახლში შემოსაშვები ნამდვილად არაა მე თუ მკითხავთ.

მუსიკას საერთოდ სასწაულს უსმენენ ჯერ გრიგის მე-5 სიმფონიაო, მერე რაღაც ჯანდაბა „ყავის კანტატაო“, (არადა ღამე ოთახში ჩაკეტილები უეჭველი ვიცი  jumes blunt-ზე ცრემლად იღვრებიან). მერე შავკანიან ჟაზმენებს გადასწვდებიან და ნეტარი სახეებით და ყავის წრუპვით ყუჩდებიან. ყველაზე ღადაობაა კი ისაა მათ სიმყუდროვეს უცებ ერთ-ერთის ტელეფონის ზარი რომ არღვევს საოცარი Enrique iglesias-ის hero-თი. აი ამაზე უკვე სიცილს ვეღარ ვიკავებ ხოლმე და უნდა ნახოთ ეს წარმოსახვით ცოცხებზე ამხედრებული ჰარი პოტერის პესიმისტი(თუ რა ქვია აი იმას რა, კაცები რო არ ევასებათ)ბებიებივით რომ მომდგებიან ხოლმე.

ძირითადი საჭორაო თემა მაინც კაცებია.თუ ჩურჩული დაიწყეს და ნაცვალსახელებით ლაპარაკი ის,იმან,იმას,მას,მისთვის და ა.შ  ე.ი. თავიანთ შეყვარებულებზე თუ boyfriend-ებზე ლაპარაკობენ. თავის laptop-ზეც შეყვარებულის სახელი აქვს პაროლად გავიგე, მაგრამ რამდენიც ვცადე ვერაფერი სახელი ვერ გავარტყი არადა ბოლოს რა სახელები აღარ ვცადე:“გიმზერი“,“ჯურხანი“ და უარესები კიდევ...

მოკლედ ჩემი კომერციული გეგმის არსი იმაში მდგომარეობს,რომ ჩემმა დამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა სახლში, ბათუმში რაღაც ლექსების ფესტივალი(თუ რაღაც ეგეთი, რავიცი მე) იმართება და იქ მივდივართ ყველანიოოო. სავარაუდოდ 1 კვირა გრძელდებაო. უუუზარმაზარი ჩემოდანი ჩაალაგა და დილიდანვე გაუჩინარდა. (ხო სხვათაშორის გუშინ ღამე ჩამოვიდა 24-ში ანუ). მე რათქმაუნდა ეჭვი შემეპარა, ინტერნეტში რაღაცეები გადავქექე და აღმოვაჩინე, რომ 1 კვირა კი არა 2 დღე  იყო ეგ ფესტივალი. ის დანარჩენი დღეები აზრზე არ ვარ სად და ვისთან ერთად იყო (არ ვარ მაგ ამბავში დაინტერესებული პირი), მაგრამ აბა როგორ იქნებოდა ეს ამბავი საჩემსაკეთილდღეოდ არ გამომეყენებინა, თან როცა ზუსტად გუშინწინ apple touch-screen netbook-ი ვნახე, რომელიც ძალიან მინდა და თუ არ მიყიდიიიიიის ამ ამბავს მშობლებსაც მოვუყვები და მერე აქაც დავწერ ვინაა ჩემი და. აბა სად ის, მარტო მშობლები რომ გაიგებენ და სად კიდევ ამდენი ხალხი, უფრო გამომივა ეგ საქმე, მაგრამ რავიცი, მაინც თავს დავიზღვევ, აქ ხო არის დირექტორი ,(თუ რავიცი რას ეძახით საიტის პრეზიდენტს) და თუ ამის მერე აქ შემოსვლა ვეღარ შევძელი, ე.ი ჩემმა დამ გამისტუმრა იქით,მარილზეო თუ რაღაც ეგეთს, რომ ამბობთ ხოლმე (რავიცი მე) და იმედია რამეს იღონებთ. თუ შემოვედი ხომ ძალიან კარგი, ე.ი ჩემმა გეგმამ გაამართლა.

ხოლო რატომ იყო რევოლუციამდელი ბავში გონებაჩლუნგი, მგონი ჩემი დის მაგალითზე თავადაც უნდა ხვდებოდეთ.





((როცკ)) წრიპა მორტენი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები