ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2011


ციკლიდან: სლავური დღიურები უკრაინული სურათებით

გთავაზობთ ლექსების კიდევ ერთ ციკლს, რომელიც ჩემი უკრაინაში, კერძოდ, კიევში, ცხოვრების პერიოდს (2002-2008 წლები) ასახავს.
კიევმა, ამ ლამაზმა, სუფთა და ევროპულად კოპწია ქალაქმა, წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა ჩემზე...
ურაინამ და უკრაინელებმა კი უამრავი სითბო და სიყვარული მარგუნეს...
მინდა, რომ ჩემი იმდროინდელი ემოციების მონაწილედ შენც გაქციო, კეთილო მკითხველო!


უკრაინისთვის

უკრაინისთვის,
ყველაფერი უკრაინისთვის. -
კობზარი ამბობს, -
სადაც გინდ ვიყო,
სამშობლოვ ჩემო,
გიგზავნი ამბორს!..

ფეთქვას პოეტის
გულისცება
ყოველ გამვლელეში:
ქალაქად,
სოფლად,
შინ თუ გარეთ,
მთაში და ველში...

სუნთქავენ თავის
უკრაინით,
კულტურით,
ენით -
აი, რით დგანან დღემდე ფეხზე,
აი, რა შველით!..


                უკრაინელი

აი, ვიცანი ეს ხალხი როგორ და რანაირად,
ვცხოვრობდი როცა კიევში, მდინარე დნეპრის პირად.

იწონებს შოთა რუსთველის, იცნობს, ადიდებს, აქებს,
იმგვარად, როგორც ოსტატი ტაძარს მის მიერ ნაგებს.

ლამის ოდები შეუთხზას ქართულ ვაზსა და ღვინოს,
ხალისობს შენი ხალისით და შენი ლხინით ლხინობს.

ხელს გამოგიწვდის, მარჯვენას პატივისცემით გართმევს,
ჰიმნავს ქართველის ბუნებას და საზოგადოდ ქართველს.

არც საფერო სჭირს რაიმე, არც იძულებით სჩადის,
უბრალოდ, უყვარს ქართველი, ძმად და მეგობრად ჰხადის.



          წმინდა ვლადიმირის ტაძართან

სულზე სალბუნს მიიფენს, როგორც ნიავს დილის,
ვინც იხილავს დიდებულ ტაძარს ვლადიმირის.

ვინც შეერთვის ტრაპეზთან უფლის მორჩილ ფარას,
ვლადიმირის სიწმინდის მადლი დაიფარავს.

სინანულში ფრთხიალებ, როგროც ჩიტი ყუთში,
როგორც კი აღმოჩნდები შიგნით, ტაძრის გულში.

კიევს მდიდარს ლავრათა ოქროს გუმბათებით,
თითქოს ცად ასფრენი შეუსხია ფრთები...

თითქოს შენც მსუბუქდები, ნიავივით მიქრი,
მიწიერი ცოდვების და სიმძიმის იქით...


დნეპრო

დნეპრო, შე ზანტო და მდორევ,
როგორ სულ არ გევხარ არაგვს!
შენ არაგვის ცეცხლი არ გაქვს,
არაგვს შენი მდორვა არ აქვს!

დიდო, უტოლ-სწორ-უბადლოვ,
მაგრამ საკვირველად მშვიდო,
დედა-უკრაინის მადლი
უნდა სამუდამოდ ზიდო!

უფრო, შენ, დუნაის დაო,
ვინ ცნოს, რა დროიდან მდენო,
მარადისობასთან დაობ,
საუკუნეების მთენო...

არის უკრაინელ კაცში
შტრიხი ხასიათის შენის:
მასაც ეგ ბეჭედიო აზის,
მასაც ეგ სიდინჯე შვენის!

ჩვენ კი, ილტო-არაგვიანთ,
კლდეებზე რომ ვჩანჩქერდებით,
მედგარ ტალღებივით ვბორგავთ
და დუღილად ვიქარგებით...


კვლავ დნეპრი

ვეებერთელა მდინარე დნეპრის
დინებას მე ვერ ვუსწორებ მზერას,
ისიც არ ვიცი, როგორ მოძრაობს,
ან იმ სივრცეებს როგორ მისერავს!

წყნარია, მშვიდი, თითქოს უძრავი,
დინჯი, მდუმარე, მაგრამ ეტყობა,
რომ ამაყია და გამბედავი
და მორჩილებას ვერ შეეწყობა!..

ვრცელია მისი შავი ზეფირი,
ფართეა, ღრმაა, უკიდეგანო,
და შეუძლია ელვისებურად
რომ ტრამალებზე გადაექანოს.

მიდის, მიაპობს ჰორიზონტს სწორეს,
რა დაბერება, რის დაბერება,
ჩაუვლის სტეპებს, ყორღანებ მდორედ
და ზღვას პონტისას მიეფერება.


              ტარიგთა ქვეყანა

                                ვასილი სტუსის ხსოვნას

სიამოვნებით, უკრაინავ, მოგიძღვნი სალამს,
ნუ იჩოთირებ, უცხოელის ამ გულწრფელ ძახილს,
ვასილი სტუსის გიქებ სისხლში ჩაწებულ კალამს,
როგორც მამულის სადიდებლად შემართულ მახვილს!

მე მხიბლავს, მართლაც, თავდადება შენი შვილების,
და რომ არ გიქო ღირსეულნი, ვით შეიძლება?
ვინც ვერ გატეხეს თვით გულაგის ქარტეხილებით,
ვერ შეძლეს ვისიც მოსკალებმა ვერაფრით ძლევა!..

ამგვარ ხვედრისთვის მე ვაჟკაცი არ მენანება!
მეტიც: მამაღლებს საქციელი მისი გმირული!
შეურყეველი სულს ამშვიდებს პოეტის ნება,
სტრიქონით, საქმით სამშობლოზე გადაკირული.

და ამიტომაც, ო, ქვეყანავ, კობზარებისა,
რაკი ყოველთვის გყავს ტარიგი გვერდით მხლებელი,
მჯერა ახლოა ჟამი იგი მტერზე ძლევისა
და შენც დადგები, როგორც ციხე აუღებელი...


      პირველი თოვლი

აი, ზამთარიც: თეთრი, ლამაზი,
მოჰფინეს ფიფქთა ნაპირი დნეპრის...
ახლა კიევში არის თამაზი,
აპურებს სითბო თავისი თერგის...

მე კი ბაშტაზე შემოვრჩი ზამთარს,
პირველი თოვლის უეცარ ქათიბს,
სიცივე ლამის ძვალ-რბილში ატანს
და სხეულს ბასრი ლინგებით დათიბს.

უტყვად, მორჩილად დგანან ხეები,
აბეზრად, ანჩხლად ბობოქრობს ქარი,
აი, ყინვების მუნჯი ტყვეები,
აი, უსასოდ ჩამქრალი კვარი...

თოვს სხვანაირად, არა-ქართულად,
ზანტად, გულუხვად, მდორედ, ჯიუტად,
შემოაშენდა მრავალსართულად
ჭირხლის კოშკები ჩემს კაიუტას...

გარიყული ვარ სამშობლოსაგან,
ჩვენს შორის ზღვაა ახალი ყინულის
და მესმის ქართა ცივი ოსანნა
და მზაფრავს ყინვა უკრაინული.


      ნოემბერი კიევში

აღარ გამოიდარებს, აღარ გამოთბება,
იფურცლება სამყარო ფანტელების მთებად.

მკაცრად მოემართება გულქვა ნოემბერი,
ახლა ზამთრის ხელშია ირგვლივ ყველაფერი.

თოვლი მოსავს ველ-მინდვრებს, ტყეებს, ღრეებს, სერებს,
ერთურთს თეთრი სოფლები ცივ წერილებს წერენ.

უჩინარი ლაშქარი ხელში ყინვის დაშნით
იმუქრება ყველაფრის დაბზარვით და დაშლით.

თეთრი ფარავს სამოსი კიევს უბერებსაც
თავად დნეპრის განიერ და შორ ნაპირებსაც.

დიდებული ლავრისა გზაც ფიფქებმა მორთეს,
თეთრი ადევს წეზარი წაბლის ყვითელ ფოთლებს.

თოვლით მოფარდაგულა ფართე კრეშჩატიკიც,
ძველი, გრძელი, ლამაზი შენობების რიგიც.

გულიც დიდი გჭირდება და ნერვებიც რკინის
მხილველს ზამთრის ჭიშკართან მდგომი უკრაინის.

არა, ვეღარ დავრჩები, უნდა გაგეყარო,
ლამაზების სამშობლოვ, უკვდავების წყაროვ.

დგება ბოლო წუთები ჩვენი ერთად შეყრის,
მივალ... მიძღვის სიზმარი ჩემი თბილი ქვეყნის...
                       



        დავით გურამიშვილის
                  საგოდებელი

როგორც იქნა მოვედი, ღვთიურ საჩუქართან -
უსამშობლო პოტის სახლთან, ეზო-კართან.

კი, ეს მირგოროდია, ვდგავარ მე  მის ზღვართან,
როგროც ბავშვი მღელვარე, მობობოქრე ზღვასთან...

უკან დარჩა პოლტავა, ზმანებები ქართან,
ახლა აქ ვიმყოფები, მოგუგუნე ზართან!..

ეს დავითის ზარია, შორი მიწა-მყართან,
ზეცის თაღზე შებმული ახლოს, უფლის კვართთან...

ნელა-ნელა წკრიალებს, ძლიერდება თან-თან,
მიდის, მიემართება თაურთან და თავთან...

მიდის ლამისყანასთან, არაგვთან და მტკვართან,
მიდის საგურამოსთან, მამა-პაპის ძვალთან...

გული სევდით ივსება, ცრემლი დგება თვალთან,
ჰაუ, რა შორს დაფლულხარ იმ შენს მიწა-წყალთან.

შენ იქ გინდა, იქ, ახლოს, შენს ძირთან და გვართან,
უცდი შინ დაბრუნებას, გულნატკენი ათგან, -

ეს ასეა, მე ვიცი, სხვანაირად არ თქვან!..

                                                       

                      ოდა სილამაზეს

ფანდურს გურამიშვილისას ჩემი ფანდურიც მსურს შევრთო!
ამდენ საცთუნებელთაგან მიხსენ, დამიფარე, ღმერთო!..

ამდენ მარაოებს თმების, ამდენ აალვებას ტანთა,
როგორ ავუქციო მზერა, თუნდაც ამ სიბერის კართან?!

ამდენ ღიმილსა და სითბოს, ამდენ გამოხედვას ალურს,
ლამაზ უკრაინილ ქალთა ჯადოს თილისმებში მალულს.

არა, უნდა მდევდეს მარად თქვენი გამოხედვა აწი,
ასე მომხიბვლელნო მართლაც, სულ რომ გადამრიეთ კაცი!..

ქალი სხვაც მინახავს ბევრი, თმებიც, ფეხებიც და მზერაც,
მაგრამ უკრაინილ ქალთა მსგავსს არ შევხვედრივარ ჯერაც...

გზებო, მიმავალნო სახლში, უკვე აღარ ვიცი - გენდოთ?!
ღიმილს მივიყოლებ თქვენსას, გულზე სალბუნად რომ მედოთ...



ემიგრანტული საგა

                      თენგიზ ლობჟანიძეს

უცხოეთის ცის ქვეშ ქართველს მობინადრეს
მეტი სხვა რა გზა აქვს, დარდით უნდა დადნეს.

ცრემლი უნდა ღვაროს, აბა, რა ქნას სხვა მან,
თუკი მოაშორეს მამა-პაპის სამანს?!

ჩვენ ის ჯილაგი ვართ, ჩვენ იმ გორისა ვართ,
რომ სხვის მიწა-წყალზე სულ გამქცევებს ვგავართ.

უსამშობლოობას, უსაქართველობას
ვერა, ვერ ვიგუებთ, როგორც კრავი მგლობას!

არ გვახარებს სხვაგან თითქმის არაფერი,
ჩვენივ გვენატრება ხმელი მჭადის კვერი.

რაც არ უნდა კარგი მასპინძელი გვყავდეს,
სულში გვიხუტებდეს, სიყვარულით გვწვავდეს.

მაინც უბედურად მიგვაჩნია თავი,     
რადგან შორს გვყავს სისხლით, ხორცით ნათესავი.

რა ჯობია კიევს ლამაზსა და სათნოს,
მაგრამ მაინც დარდის მძიმე ფიფქი გვათოვს.

გვათოვს, გვეფინება თმა-წვერს სისპეტაკედ,
შუბლის ეტრატებზე გვაწერს მწუხრის საგებს.

არა, მტრებო ჩვენო, სულ ტყუილად ხარობთ,
ჩვენი ძვლები ქართლში უნდა ჩაიყაროს!

საბოლოოდ მაინც უნდა დავუბრუნდეთ
ჩვენს საყვარელ დედას, ჩვენს მშობლიურ ბუდეს.

რადგან მას ვეკუთვნით სულის მთელი კდემით,
რადგან უცხოეთშიც სამშობლოსთვის ვკვდებით...


მონატრების რობაი

ვტოვებ ყოველთვის მწუხარებით ილტოს ხეობას,
ჩამოშლილ სახლებს და კანტი-კუნტ მოსახლეობას,
როგორ გაძლებდა, მხარევ ჩემო, გული აქამდე,
რომ არ მაძლევდე ისევ შენვე ძალს და მხნეობას?..

ყოველ შეხვედრას განშორება მოსდევს მალევე,
ცრემლებს დედისას ტყის ფარდებიც ვერა მალავენ,
არ ვიცი, რითი ვუმკურნალო დედის ტკივილებს,
ვერც ვუმკურნალებ, სანამ მეცვე არ დამკრძალავენ...

მე იქ ვიწყები, იმ ჭართალის ჭალების ჭვავში,
მთებში, ტყეებში, ველ-მინდვრების ბისონის ჭავლში,
იქ არის ჩემი ხსოვნის მთელი ანა და ჰაე
და რომც მინდოდეს, ტვიფარს მისას ვერაფრით წავშლი.

აქაც, ძვირფასო ანარეკლნო, ჩემი ბალღობის,
მახლიხართ, როგორც ყოველ დაბლობს ახლავს მაღლობი,
უკრაინაშიც თქვენზე ვფიქრობ, თქვენ მენატრებით
და გულიც ჩემი თქვენით არის ოდენ ნალღობი...


მელანქოლიური რობაი

ეს მერამდენე დღეს ვათენებ უცხო მხარეში,
უცხო ქალაქში, უცხო ქართა შლეგურ თარეშში,
მაინც როდემდე უნდა გყავდე, ღმერთო ეულად,
მაცხოვრო ისევ დარდებსა და სიმწუხარეში?

ასეთი ცოდვა რა მიმიძღვის მე შენს წინაშე,
სამშობლოვ ჩემო, რომ არ მტოვებ მაგ შენს ბინაში?!.
ნუთუ ის გინდა, იობივით რომ მეც ვეწამო,
მაგემო მხოლოდ წუხილი და ცრემლის სიმლაშე?

იყოს,. ძვირფასო, როგორც გინდა, იმგვარად იყოს,
დაე, ეს გული სულ დანაცრდეს, სულაც დაიყოს,
სულ დანაწევრდეს განშორების ტკივილებისგან
და ცრემლმაც, როგორც თავსხმა წვიმამ, არ გადაიღოს!

ოღონდ მომავალს შენსას ვჭვრეტდე მე იმედიანს,
შენ დაგებედოს, თუკი ქვეყნად რამე ბედია,
თავს არა ვჩივი, ეს სიტყვებიც თითქოს არ მეთქვას,
ჩათვალე, თითქოს ჩემსკენ არც კი მოგიხედია!..


გაზაფხული მიტიაევოში

ვერც ეს წვიმები, ვერც ეს ქარები
და ვერც ღრუბლები, ცას რომ ბურავენ,
რომ გაუხსნია აპრილს კარები,
იმ კარებს უკვე ვერ დახურავენ.

ის მაინც მოვა თეთრი ბაფთებით
და მწვანე კაბის ნელი შრიალით,
შემოვა იგივ მისამართებით,
იგივ ეშხით და ორომტრიალით.

ცაც გაჯერდება ვარდით, ნუშებით,
დღესაც ხალისის დაფნა მოერთვის,
მხოლოდ მე ვივლი ისევ უშენოდ
და უნუგეშოდ, როგორც ყოველთვის...


პროტესტი აგვისტოს კიევს

აგვისტოს კიევს უხალისო მოჰყვნენ დღეები,
გეტყობა, სულო, ვერც აქ ნახე თავშესაფარი.
დუმან საზარლად ჩემს ფანჯრის წინ ალვის ხეები,
სულ ოდნავაც კი არ უტოკავთ ვერცხლის ფაფარი.

კვლავ მონატრების და დუმილის მშანთავს სახადი,
სიტყვა რა არის, ერთი სიტყვის ტქმაც კი არ მინდა,
ნეტავ მამყოფა ეხლა სადმე მთებში ახადის
და მერე...
თუნდაც სამუდამოდ სულ გამარინდა...


ნუ დაეჭვდები

ვერ გაიხსენებ ვერასოდეს
კიევს უჩემოდ...
ხალხს რაც არ უნდა გულგახსნილად
გული უჩვენო...

ვერა, ვერ მისცემ დავიწყებას
ნივკის კადრილებს,
იმ ლამაზ დღეებს ვერ გადიყრი,
ვეღარ გადილევ...,

მეც სამუდამოდ თან გამყვება
ანაბეჭდები,
შენთან შეხვედრის, შენთან ყოფნის -
ნუ დაეჭვდები!..


ხრეშჩატიკზე

მდუმარედ მისდევ
ხრეშჩატიკის ფარტო ხეივანს,
შენ ვერ აუბამ
მხარს ამ ხმაურს, აქ რომ ირევა,
ნაბიჯს მიათრევ,
ვით სჩვევია ფეხით ხეიბარს,
სევდიანი ხარ...
მოწყენილი...
და გეტირება...

მხიარულია ირგვლივ ყველა
და მოხალისე,
მხოლოდ შენა ხარ
უთვისტომო
და უთანადო...
ღიმილით მხოლოდ,
ერთადერთი,
შენ ვერ აღივსე,
ვერავინ ნახე,
რომ ტკივილი
შენი
გაანდო...


სხვათა ცა

სხვათა ცას შევყურებ - ეს ბოლო წლებია,
გარემოც და ხალხიც - უცხოა ყოველი...
მხოლოდ შენ მკლებიხარ, თუ რამე მკლებია,
სულ შენთან მოსვლას და შეხვედრას მოველი!

შენ კი, მე არც ვიცი, გახსოვარ, თუ - არა,
გჭირდები, თუ - არა, მელი, თუ არ მელი,
სიყვარულს შენ ჩემსას კვლავ ხვდები უარით,
არა ხარ შენ ჩემი მხსნელი და მფარველი!

და ასეც იქნება, ალბათ და ნამდვილად,
დავრჩებით შენ შენთვის, მე - ჩემთვის, ეულად...
შენ უარმყოფელი - ჩემი, სულ ადვილად,
მე - კაცი, ლოდინის კელაპტრად ქცეული...


სამდურავის ლექსი

ჩამოთოვს მალე უკრაინაშიც,
დგება ნოემბრის  დღეები ცივი...
სულ მართალი ვარ მე შენს წინაშე,
მაგრამ შენ გძულვარ და არ მიცინი!..

უცხოა ჩემთვის ჟოვტენი, ბაშტა,
კოზონი, კონჩა-ზასპა, ხვილია,..
მე მხოლოდ შენი ხატება შემრჩა
ხსოვნაში, თვალი რაც მიხილია!

მაგრამ არ გინდა შენ ჩემი ქნარი,
ვარ შენთვის, როგორც უცხო სხეული
და ამიტომაც სულ ერთი არის,
თუ სად ვიქნები გადათხეული...


საუბარი საკუთარ თავთან

აი, მაქვს რვეულიც, ფურცელიც, კალამიც
და ოლიმპიელთა გულუხვი სალამიც!

სინათლეც, სითბოც მაქვს, სასმელიც, საჭმელიც,
ოთახიც, რომელსაც ოთხი აქვს სარკმელი.

ჰაერიც, სასუნთქად ბაშტისა, ზღაპრულის,
ფიჭვების ბისონის ხავერდში ჩაფლულის.

სიწყნარეც, რომელიც არ გართმევს არაქათს,
მაგრამ წერის თავი რატომღაც არა გაქვს!..

არ ვიცი, რა მოგდის, ეს რა გემართება,
სად არის, რად კვდება შენი შემართება?!.

ის შენი ფრთაფართე, ფრთალაღი ხილვები
რა იქნენ, სად გაქრნენ, ვით თეთრი ირმები?!.

ეჰ, სულო ტანჯულო, ეს იქნებ ბრალია
იმისა, რაც გულმა ბალღამი დალია!

რაც უსამშობლობის გაწვიმეს წვიმებმა,
რაც ბედმა უცხოეთს წანწალი გინება!

იქნებ უსასრულოდ ძებნამ ლუკმა-პურის,
ამოთანადებამ ათას უსაქმურის...

გადარჩენისათვის იქნებ ბრძოლა-ომმა,
უცებ შემოგადგა მხრებზე შემოდგომა?..

ვერცხლი შეგირია ოქროს თავთუხებში,
მოგწვა, ამოგხარშა კუპრში ნადუღებში...

სრულად დაგიშრიტა მგოსნის ფანტაზია,
დელგმებს შეგალეწა მრავალათასიანს...

ვაი, თუ ასეა, მაშ რაღა გიშველის?
ხომ დარჩი მწყურვალიც, მშიერიც, შიშველიც!..

რადგან: სულს პოეტის რაც საზრდოდ ჭირდება,
ის საზრდო მაგ შრომით არ გაგიხშირდება!..


კიევური შემოდგომის რობაი

ვერავინ იტყვის, რომ ეს გული ცარიელია,
ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რარიგ ვრცელია,
ზღვა სიყვარულის დამტევია მისი თაღები
და ახლა როგორ ღიაა და დაუცველია!..

შენც შემოსახლდი მისი ფართე კამარის კართან,
როგორ გიგულო გრიგალებთან, ყინვასთან, ქართან,
აქ თავშესაფარს შენც იპოვი, ხმელო ფოთოლო,
აქ სიმშვიდეა, ამ სამყაროს მე თვითონ ვმართავ!..


ხრეშჩატიკზე

ლამაზი და მშვიდი არის გული კიევ-ქალაქისა,
სიყვარულის სხივებს გესვრის პირველივე დანახვისას.

ლამაზია ლამაზმანთა წყებაც აქ რომ იარება,
გნუსხავს მათი გამოხედვა, შემოჭრილი იარებად.

მისეირნობ ქვაფენილზე და, ვით ქართველს, გიხარია,
რომ რუსთველის ქუჩის აქვე, ახლოს ტკბილი ტიხარია!

რომ იგრძნობა კობზარების სიყვარული ქართველთადმი,
რომ ხედავ, რომ მზად არიან გიწილადონ ძმობის მადლი!

ამიტომაც, ლამაზმანთა მზერავ, გულს რომ ასე სერავთ,
ვეღარაფრით დაგივიწყებთ, ხსოვნიდან ვერ ამოგწერავთ!

და ვიმღერებ იქაც, ჩემთან, მთელი ქვეყნის გასაგონად
ამ სიმღერას, თქვენ რომ გიძღვნით, როგორც ყვავილების კონას!..



მოკითხვის ბარათი
        კიევს

კიევს ქარებით განახელებს
და დნეპრს მდუმარეს
ჩემს მოკრძალებას და მოკითხვას
კვლავაც ვუბარებ.

წმინდა სოფიოს ტაძარს ცისფერ
ქიტონით მოსილს,
შემოვლებია ჩემი წრფელი
მზერის სამოსი.

წაბლის მწკრივების მწვანე თაღებს,
ბაღებს ფართოებს
ჩემს მონატრებას და სიყვარულს
მი-მოვათოვებ.

ხრეშჩატიკს, მდიდარს ლამაზებით
მომხიბლველებით,
სადაც გინდ ვიყო, მოვიგონებ,
ვერ შეველევი...


                                                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები