ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2011


the End (წერილებიდან.ჟანრი "სხვა" )


გამძაფრებული გრძნობა მაქვს სიცარიელის,
აი,თითქოს, ყველა ცხოვრობს და მე, – ვარსებობ.
არადა, სულშიც რომ ვეღარ ვიტევ
ამ მკვდარი თევზებივით ამყაყებულ სიმარტოვეს?!
რაღაცნაირად, – მჭამს  და მეშინია.

ახლა, ბოლომდე მესმის ჩარკვიანის
„შენ ცხოვრობ და მე კი ვეღარ ვძლებო“,
რომ წერდა,
მესმის ბაძაღუასიც
– „ფანჯრებივით იღებიან ტკივილებიო“.

ყველა ტკივილი ის პატარა ფანჯარაა შიდა მხარეს რომ იღება
ქარის ყოველი დაქროლვისას.
ადამიანები – უდაბნოში მცხოვრები გზირებივით
მიეჩვივნენ ამ ქარიან ამინდებს თითქოს
და აი მე კი,
„მე კი ვეღარ ვძლებ“.

მუდმივი შიშის ზარივით რეკს რაღაც ჩემში,
მუდმივი სამაშველო სირენასავით გაჰკივის –
ეს ერთი შეხედვით არსაიდან გაჩენილი ქაოსი
და
ვერ ვლაგდები.

რა ბედნიერი ვიყავი თურმე,
სანამ საკუთარ თავს ვიპოვნიდი,
სანამ სარკეში დაჟინებული მზერით მოვითხოვდი
ჩემთვის მაინც დაენახებინა როგორი ვარ სინამდვილეში

და მას მერე კი,
თითქოს, სხვა ქალაქში ვარ,
ქალაქში რომელშიც
დრო თითქმის სულ არ გადის
და სწორედ ამიტომ იმხელაზე იწელება,
ერთ დღეში მოასწრებ
– დაიბადო,გაიზარდო,იცხოვრო და გარდაიცვალო.

ქალაქში სადაც
სიცარიელე ისეთი მძიმე ნაბიჯებით დადის,
ყურზე ხელი რომც აიფარო,
სახე რომც აარიდო, მაინც გიპოვნის.


დროშიც გავიყინე.
ან რაღაც კუდევ უფრო სხვაა.
ვერც გამიგია.
დღეეები წლებივით იწელება
და წუთები თვეებად მექცნენ.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში
ის რაც ერთადერთია, უცვლელი და მონოტონური –
საკუთარი გულის ფეთქვა მესმის ხოლმე,
როგორც მუსიკა,
რომელიც მთელ ფილმს ფონად გასდევს,
ზუსტად მასე ადევს ჩემს ცხოვრებას
გულის არითმიული მელოდია.

არავინაა ვინც მოვა და
თუნდაც მელოდიის მოსმენას მოისურვებს.
არავინაა ვინც ლექსებად დამიწყობს სიმშვიდეს.
არავინაა ვისთვისაც ძალა შემრჩა რომ ვწერო.
სიტყვას სიტყვაზე ვეღარ ვაბამ,
რა წერაზეა საუბარი...
რა პოეზია...
სასაცილოდაც აღარ მყოფნის ჩემი ლექსები.

დღეს მე ვმთავრდები.
ეს წერტილია .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები