ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
20 დეკემბერი, 2011


სიყვარული - მეძავი

არსებობენ ქვეყნად ისეთი საგნებიც, რომელთა წარმოშობა შიშს ჰბადებს ადამიანთა გონებაში, თუმცა ამის დასაბალანსებლად არსებობენ ასევე შიშები, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე სასურველნი არიან.
  ხანდახან გონებაში წარმოშობილი გრძნობა იმდენად სახიფათო ვარიაციებს იღებს, რომ ლამისაა სურვილის ამპლიტუდა გახეთქოს.
შიშის პირდაპირპროპორციულად იზრდება აკრძალული საგნის შეგრძნების ჟინი და გონება ტყვეობაში ვარდება ნებაყოფლობით.
სიყვარული ეს ხომ ზღაპრიდან აღებული უხეირო ქსერო-ასლია, რომელსაც ფერიც კი არ გააჩნია ჩვენს გარეშე. დიახ, იგი ფირივით მჟღავნდება გონებაში და ჩვენი ფანტაზიების წყალობით იძენს რეალურობის შტრიხებს.
და ამის ფონზე, მე ვარ ქალი, რომელსაც ჰაერიც კი ემძიმება სხეულში ჩასაგუბებლად, თუკი გონებაში ფერების თამაშით არ არის დაკავებული.
წარმოიდგინეთ, ეს ხომ ერთგვარი სიძვაა, - გიყვარდეს მაშინ, როცა გაღმერთებენ. ეგოიზმსაც უნდა ერიოს აქ ხელი, რადგან შეუძლებელია გრძნობა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუ მას საყრდენი არ გააჩნია და რიგ შემთხვევებში (ამის ნათელი მაგალითი მე გახლავართ) ეს ბაზისი საყვარელი ადამიანის თვალებია.
სიყვარულია, როცა სარკესავით ატარებ თვალებს და მხოლოდ მის მზერას ირეკლავ..
და მანამდე კი, სანამ გრძნობა შიშად გქცევია შენ ცდილობ ბოლო წვეთამდე დაიხრჩო მისით. აქ ხომ სულიერი ტრანსფორმაცია ხდება საყვარელ ადამიანში და საკუთარი პიროვნების სიკვდილი წარმოიშვება, რომელიც მრავალჯერადია. (დიახ, მხოლოდ შეყვარებულ ადამიანს შეუძლია თავი არაერთხელ მოიკლას).
საკრალურის მანტიით იმოსება გრძნობა და გგონია, სხეულით ურჩხულს ატარებ, რომელიც არ იცი სად გაიღვიძებს..
 




                                        აიწონა-დაიწონა


  ხანდახან იგი მეუბნება, რომ არის ჩემში რაღაც განუზომლად საშიში. ამის მოსმენა სევდიან ღიმილს მგვრის, რადგან ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დაინახოს მან ის, რასაც საკუთარი სულისქვეშ ვმალავ.
- შენში ფატალურობა მომწონს.
- გინდა თქვა, რომ შენი სიკვდილისფერია ჩემი თვალები?
ირიბად ვუღიმი და ილუზიისგან წარმოქმნილ ნაფაზს ვაბოლებ სახეში.
იგი არ ინძრევა, მშვიდად და დაკვირვებით მიყურებს და ცდილობს წარმოიდგინოს ჩემი ფიქრების კონტურები. მისი სურვილი იმდენად დიდია, რომ წუთით მგონია ხმამაღლა ვაჟღერებ აზრებს.
- ჩვენი შეხვედრის დრო ახლოვდება.
- ჰო, სულ რაღაც 8 წელი დარჩა.
  ..ეს მაშინ მოხდა, როცა ყოფითით გაბეზრებულებმა მომავალს რანდევუ დავუნიშნეთ. 10 წლის შემდეგ შეხვედრა ეს იქნებოდა რაღაც საოცრად შეშლილი და იმდენად საინტერესო, რომ ბევრი არც გვიფიქრია ამ საკითხზე.
უბრალოდ ავეკიდეთ იდეას, რომელიც სპონტანურად დაიბადა.
მას მერე შუალედები გაიწელა ჩვენს შორის და საუბრებმა მკვეთრად განსაზღვრული იერი მიიღო.
  არადა იცით როგორ ცხოვრობს? ქუდს დაიხურავს ოდნავ გვერდულად და სულ ფეხებზე ჰკიდია სხვისი იპოქონდრიები. ისეთია, ფართო ნაბიჯით რომ მიდის და კამათს არყისფერი ღიმილი ურჩევნია.
ბოლო ხანებია ერთფეროვნება ხუთავს და საკუთარ თავს უზნეოს უწოდებს.
მე არცერთ კითხვას არ ვუსვამ ამ თემაზე, რადგან ვიცი, ყველაზე ერთი პასუხი ექნება  - Хуй его знает!
არადა, ინფორმაცია მართლაც ერთგვარი სმოგია მისთვის. დღისა და ღამის ინტერვალებს შორის რომ იმჭვარტლება შემთხვევით.
- მე რომ კაცი ვყოფილიყავი წარმოგიდგენია? და შენ ქალი.
- მარტო შენთან დავწვებოდი, თუმცა ვიცი მიმატოვებდი.
- რატომ?
გაოცებული ვრჩები. ასეთი გულახდილობისთვის პატივსაც კი ვცემ გულში.
- არ ვიცი, ძალიან მეყვარებოდი ალბათ და მაგიტომ.
მას მერე ვფიქრობდი, ნუთუ შესაძლებელია მიატოვო ქალი მხოლოდ იმიტომ, რომ მას უყვარხარ?
მე ხომ ზუსტად ეს გრძნობა განმაწყობს ერთიანობისკენ და ამ დროს ასეთი განაცხადი.
ჯანდაბა, მასთან ყოფნის დროს ყველაფერი იმდენად მარტივია, რომ ასეთ საკითხზე ფიქრი მღლის.
ყოველთვის რბილ ტონებში აღვიქვამ, ალბათ ამიტომაც არ შემიყვარდა.








                                  ბიჭი, რომელიც უბედურია
                                    (ბედნიერად უბედური)


- ქეთ, მეშინია შენთან ურთიერთობის.
მას მოსწონს ასეთი განაცხადები. გონებაში ელვის სიჩქარით მიმოეცვლება იდეები და მათით აღტაცებული ხმამაღლა მიზიარებს თითქმის ყოველ მათგანს.
- შიში ეს ბუნებრივია, მით უფრო, როცა საქმე გრძნობას ეხება.
ვცდილობ ბანალური ვიყო, რადგან მგონია, ასე უფრო დამშვიდდება. ყოფითი ხომ ფანტასტიკურად კლავს ყველანაირ აღმაფრენას.
იგი ვერ წყნარდება. ასე იცის ხოლმე, უხდება ავადმყოფური აკვიატებები. ამ დროს ვერაღიარებულ გენიოსს ჰგავს, რომელსაც საკუთარი თავის სიძულვილი აქვს ჩვევაში.
- არა, არა. მე ვამბობ, რომ გრძნობა ეს როიალზე დაკვრაა. მოდის ადამიანი, ასრულებს მშვენიერ მელოდიას. შენ იხიბლები, ფიქრობ რომ ქვეყნად ყველაზე წარმტაცი პიანისტია. ამ დროს კი, ჩნდება სხვა და მასზე უკეთ უკრავს.. წარმოგიდგენია? შენი გამოჩენა თავდაყირა აყენებს ამ ყველაფერს.
საოცარი პასაჟები აქვს საუბარში და ამ კუთხით ხანდახან ისე წამაგავს, რომ მგონია მისი ერთგული მეგობარი უნდა ვიყო მხოლოდ, რათა ურთიერთობა არასოდეს გავწყვიტოთ.
  იშვიათად მინახავს ასეთი ადამიანი. იგი შეუცნობლად იტანჯება თავისი ჭკუით. ხუთავს საკუთარი მახვილგონიერება. იცით, ზოგჯერ მაოცებს მისი ნიჭი და საშინლად მინდა ამ ყველაფერს რეალიზება მოუხერხოს, რადგან იგი დიდი საფრთხის ქვეშ დგას რომ უბრალო ფანტაზიორი გახდეს.
- არავინ მინდა, ქეთი. წავიყვან ჩემს კატას სადმე და დავიკარგებით.
ისეთი ნაწყენი ხმით მეუბნება ხოლმე ამას, უნებურად მისი ჩახუტება მინდება. არადა, ზუსტად ვიცი, ჩემი პირველი წასვლიდან მას აღარ მოვნატრებივარ ისე, როგორც უწინ.
- შენ გგონია ჩემთვის ქალი ხარ? უბრალოდ შენ ერთადერთი ხარ ვინც ისეთ ტრაკს მიღებს, როგორიც ვარ. ხოდა თავში არ აგივარდეს!
ჯუჯღუნებს უმისამართოდ და მერე ისე მოწყალედ იღიმება, რომ მგონია ხოლმე, იუმორის ასეთი შეფუთვა მისი ტკივილების უებარი წამალია.
  შენ იმდენად ფიქსირებული არამდგრადობა ხარ, რომ ამის გამო ლამის გენიალურობამდე აღწევ. შენთვის ხომ გრძნობები ეს ერთგვარი თაშესაფარია, სადაც ყველა კუთხე-კუნჭულში სიმშვიდეს ეძებ და ამ იდეით აჟიტირებული ცდილობ თვალები დახუჭო...
  ჰო, შენ ჭკუა გიშლის გიყვარდეს საოცრად და მე კი, ვერაფრით შეგიყვარებ, რადგან შენ არ გაგაჩნია საიმისო გრძნობები რომ მიყიდო.
 





                                   
                                    თილისმად ქცეული
 


- რატომ ათენებ ხოლმე ღამეებს? ხომ იცი, ცუდია ჯანმრთელობისთვის.
- ვიცი.   
- მერე?
- მე ჩემი თავის მტერი ვარ.
და გეფიცები, ამ ერთი ფრაზით შემიძლია მთელი ჩემი ცხოვრება მოგიყვე.
ჰო, ვცხოვრობ ასე - ტკივილებს შორის ხიდად გადებული და ამ გადასასვლელს უამრავი ჩემი მე ატალახებს..
  მას თბილი თვალები აქვს და იმდენად დადებითი პიროვნებაა, რომ მის ფონზე უფრო მეტად აღვიქვამ საკუთარ უცნაურობას.
იგი ხშირად მიმეორებს რომ ჩემი გადარჩენა შესაძლებელია.. რომ არ ვარ დაღუპული. მას იმდენად სჯერა ამის, მგონია ხოლმე, თითქოს ჩემი დახმარება აქვს განზრახული. არადა საოცრად განვსხვავდებით. მე იმდენად წავაგავვარ ჭაობს, რომ ზოგჯერ საკუთარი სიმყრალე მირევს გულს. დავდივარ გვამებს შორის და ყოველღამე საკუთარ ლოცვებს ვკითხულობ. ამის ფონზე მისი ღიმილი იმდენად თბილია, მიკვირს, - როგორ მოვწონვარ ასეთი?
  შემდეგ მინუსისა და პლუსის მიდრეკილება მახსენდება ერთმანეთისადმი და ვფიქრობ, რომ ქვეყნად არანაირი განცდა არ ზის კანონზომიერებაში, რადგან ისინი ზუსტად მათ დასანგრევად არიან აღმოცენებულნი. ეს ჰიპოთეზაც კი ამის დადასტურებაა. მიდრეკილება ერთმანეთისადმი კანონზომიერებაა, რადგან განცდების ნაკლებობაა. ჰო, მე გახრწნილ სულს დავატარებ ყელზე შებმული ლოდივით და ვერ შემიძლია მიყვარდე ისე, როგორც შენ გსურს..
  იგი იმ პერიოდშია, როცა საკუთარი ძალების გჯერა და გგონია, ცხოვრება კარია, რომელსაც ადვილად შეაღებ. და რომ ტკივილი არაფერია თუ არა დროებითი ნერვების დაძაბუნება. მისი, ერთგვარად ყმაწვილური მიდრეკილება ოცნებისაკენ უფრო გვაშორებს, რადგან მე ყბადაღებული რეალობა ვარ. ყველაფერი მუქია, უბრალოდ მასში ფერად ფიგურებს ხედავ და არ აქვს მნიშვნელობა გრძნობა ორს შორის გადანაწილდება თუ მხოლოდ ერთს ექნება, მე მაინც მჭირდება შენი თვალებით დანახული სამყარო.
- გიჟი ვარ, ხო?
- არა, გიჟი არ ხარ, მაგრამ არასოდეს ვიცი მეორე წუთში რა დაგარტყამს თავში.
- ესე იგი გიჟი ვყოფილვარ.
- არა, შენ გიჟი არ ხარ.
და იმდენად არ გაგაჩნია ამ დროს არგუმენტები, რომ უსიტყვოდ გიჯერებ. მე ხომ ისე მწყურია ფერები..
ჰო, მე ავად ვარ საკუთარი თავით და ვერაფრით მიპოვნია შვება. შენს გვერდით ყოფნა კი ხანდახან ტკივილს ყრუდ მიყუჩებს.






                                  ილუზიებჩაცმული ბიჭი


- ჩუ.. არ თქვა არაფერი, მათ არ სძინავთ.
- ვის, მათ?
- ჩემს ილუზიებს..
მეტად საინტერესო ადამიანია. მას გონებაში უამრავი ოთახი აქვს და ამ მრავალ კარებს შორის მიმოიცვლებიან მისი ალტერ ეგოები. ისინი ილუზიებს დასდევენ, როგორც პეპლებს. მე ვუმტკიცებ, რომ მისი ყველა კარის გასაღები მაქვს და იმდენად მარტივად ვარსებობ მის გონებაში, როგორც გულში ჩალექილი პულსირება.
  არსებობენ ასეთი ადამიანებიც, რომელთაც რამდენიმე შრეებად აქვთ დატანებული პიროვნული გაორებები. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ კონცენტრირდნენ ერთში და საკუთარი თავის შეცნობის შემდეგ სხვებში განაგრძობენ დაკარგული თვისებების ძიებას. დანაკარგი არც აღინიშნება, უბრალოდ მათ ძიების პროცესი ხიბლავთ. ქრონიკული მოგზაურის სტატუსი საშუალებას აძლევთ სიახლეების ძიებით გაირთონ თავი, რათა ყველაზე მთავარი, - ჩაკეტილი კარის შიში დაივიწყონ.
მე მისი გონების დერეფანში ვდგავარ, მშვიდად ვეწევი სიგარეტს და ალტერ ეგოებს ვაკვირდები. მსგავსება იმდენად დიდია, ზოგჯერ ვფიქრობ ერთსა და იმავე ადამიანს ვუყურებ აჩქარებულ რეჟიმში. ეს არ მაოცებს იმდენად, როგორც ის ფაქტი რომ გასაღებების აცმა მიდევს ჯიბეში. არც კი ვიცი როგორ მოხდა ასე, მხოლოდ ის ვიცი, - მას ეს სიმშვიდეს გვრის.
  ჰო, მე ვიცი როგორ სუნთქავენ ადამიანები დახრჩობის წინ და ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩავუკეტო რომელიმე კარი. მას იმდენად სჯერა ჩემი, რომ ვფიქრობ, იქნებ განსაკუთრებულობა ეს ნიღაბია, რომელიც იმდენად შეზრდია ჩემს სახეს, რომ საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდები უკვე ამაში.
მისი ზეცნობიერი ფეტვივით მიმოფანტულია სხეულში და ჰგონია, რომ მარტოობას უზიარებს თავის ილუზიაგარეულ ფიქრებს, ის კი არ იცის, რომ მე დიდი ხანია მათგან სიზმრებს ვუკერავ.
  ჩარჩოები არ არსებობენ, მხოლოდ მათში მოხვედრა აქცევს მათ რეალურს. ამიტომაც არ მსურს დავიჯერო, თითქოს გადარჩენა სადმე არის. ეს სიკვდილის ტოლფასი იქნება.
იგი ჭაღარაშერეულ ღამეებს სიზმრის თაროებზე აწყობს და დიდხანს დადის თავის გონებაში, რათა ყველა კარი შეამოწმოს.
  ხანდახან ვფიქრობ, რა იქნება მე რომელიმე მათგანი რომ ჩავკეტო, იქნებ ამით იპოვოს შვება? შეეჯახო საკუთარ შიშს ნიშნავს, რომ ბრძოლის ნახევარი განვლო. შიშს მხოლოდ საკუთარი თავი კურნავს მხოლოდ.
ჰო, დაამარცხო ნიშნავს განკურნო და მეც ასე ვარ შენთან მიმართებაში. ვიცი, თუ გადაგარჩენ შენ აუცილებლად მოკვდები..
სამწუხაროა, რომ ილუზიებზე არ ვიყიდები..







                                    განსაკუთრებული იდიოტი


- ქეთი, რაც უფრო კარგად იქცევი მით უფრო ვერ გიტან და რაც უფრო ცუდად იქცევი, უფრო მომწონხარ.
- არ მომწონს, რომ ცდილობ დამინახო იმაზე ნაკლებად, ვიდრე გინდა.
- ჩვენი ურთიერთობა მენტალური ჭადრაკის ამბავია.
  მას მოსწონს, როდესაც ჩემგან ტკივილებს იღებს და ხანდახან ამისკენ ისე მიბიძგებს, რომ სიტყვის წარმოთქმასაც ვერ ვახერხებ ინტერვალებს შორის.
უხდება ასეთობა, თუმცა მჭლე ხორცის გემოს მიტოვებს, რომელსაც ეგზოტიკის მიზნით რამე პიკანტური საწებელა სჭირდება.
ჩვენი საუბრების ნაწილი მისი ფრუსტრაციით მთავრდება, რასაც ჩემი ხანგრძლივი დუმილი მოჰყვება ხოლმე. ამ დროს იგი მთხოვს არავის ვუთხრა, რომ ერთმა ალქაჯმა ასეთ დღეში ჩააგდო.
მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემდამი ამოუცნობი მიდრეკილება გააჩნია (რომელსაც ვერაფრით ვუწოდებ გრძნობას), რაღაც მაინც რჩება ბარიერად ჩვენს შორის, არადა მართლაც განსაკუთრებულია, თანაც იდიოტი.
მე კი საუბრებს შორის სულ ვეუბნები, - გონებით გამოწვეული არ ნიშნავს გონებრივს. მას კი სჯერა, რომ ტვინის ნეირონული კავშირი რომ არა, ახლა მისთვის რიგითი სახე ვიქნებოდი.
- ქეთი, შენ არაადეკვატური ხარ, არასტაბილური.
- იქნებ ეს არის მიზეზი იმ ყველაფრის მერე რომ მელაპარაკები?
და აქ დუმილი დგება. რაღაც დამუხტული სიჩუმის მსგავსი ფარდა ჰკიდია ჩვენს შორის, რომელიც შეხების შემთხვევაში დენს დაგვარტყამს.
მე მის თვალში ალქაჯი ვარ, თუმცა მეტად მრავალი კუთხით მხედავს.
- შენ სათუთი ხარ ცვილის ფიგურასავით, თანაც ნატიფი ფსიქიკური მორფოლოგიით, ასევე საშინლად ემოციური. და საერთო ჯამში ეს ყველაფერი საინტერესოა. ისე კი, რომ იცოდე, ძნელია ასე. ურთიერთობა არ გვქონდეს და მაინც სულ იზიდავდე ადამიანს, სიზმარშიც კი უძვრებოდე, როგორც სუკუბუსი.
  მისი არქიტექტურული ნიჭით ნაშენი იდეები იმხელა პათეტიკით წარმოითქმება ხოლმე, ხშირად მეფიქრება, - მართლა ასე დალაგებულად ცხოვრობს თუ უბრალოდ ამისკენ მიმართული სურვილი აბრმავებს მას?
იგი ადამიანია განსაზღვრული დეფინიციით და იმდენი ჩარჩო აქვს, რომ მის მაგივრად მე მეხუთება სული.
  საინტერესოობა გონებას აღაგზნებს, მაგრამ ვერანაირი იდეით ვერ შეცვლი გრძნობას. ის ყველა ჭკვიანურ განსაზღვრებას მტვრად აქცევს ხოლმე.
- მე მიყვარს ქეთი! და ვიშლებით.
ხანდახან სიყვარულითაც სრულდება ურთიერთობა.





                                                     
                                                          შ ე ნ


- ჩემი ცოდვა იკვებება შენივე ცოდვათა სიმცირით, მაგრამ არ გეგონოს ამის სიმცირის გამო ვერ ეზიარო ცოდვის ამ დიდ ოკეანეს. მთავარია გქონდეს სურვილი სიღრმის დანახვის და ვერ იპოვნი გადარჩენას, რადგან შენშია შენივე საკვები ცოდვა. ისე კი, უკვდავი არავინ არის, რადგან სიცოცხლეა თავად მომაბეზრებელი და თუკი უკვდავება გინდა, მაშინ ნუღარ იცოცხლებ...
  ასეთ დროს გადამწვარი გონება უარს აცხადებს გაფილტროს განცდები და სისხლში ისმის ექოდ მათი სურვილები.
- მე შენ მოგკლავ.. ეს არ იქნება ერთი სიკვდილი, შენ ბევრჯერ მოკვდები..
და ამ დროს ცვილივით მადნება ხელებში დრო.. რა უსუსურია ყველაფერი იმასთან შედარებით სხეულებს შიგნით რომ მიმოიცვლება. ჰო არ არსებობს სიცოცხლე ჩვენს გარშემო, ის ჩვენშია, ისევე როგორც თავად სიკვდილი და მე ვყვირი დუმილით, - მოკალი დრო.. დრო არ არსებობს!
- ნურასოდეს იფიქრებ იმაზე, რა იყო გუშინ, რადგან ეს საშინელ წარსულს გაგახსენებს.. ნუ იფიქრებ ნურც დღევანდელზე, იგი ყოველთვის გაფიქრებს გუშინდელზე.. არასოდეს შეეცადო მომავალზე ფიქრს, რადგან მომავალი შენს აღსასრულს შეგახსენებს. დრო არ არსებობს.. დრო სანამ შენშია არც შენ იარსებებ..
  მეგონა, რომ მისი სიტყვები ჩემს დუმილზე ამოტვიფრული ეპიტაფია იყო.
ვგრძნობდი, ყოველი უჯრედით ვგრძნობდი, რომ მხოლოდ მას შეეძლო ჩემი ყიდვა, რადგან ზუსტად ისე შეეძლო ვყვარებოდი, როგორც არასოდეს არავის.
- მე ღამით მოვალ, რადგან ღამე თავად ხარ. მეძებე ყველგან, ვერ მიპოვნი, რადგან შენში ვარ.. მომკალი ყველგან, შენ ვერ მომკლავ, რადგან შენში ვარ.. მიყურე ბნელი სიცივის ფერში, იქ დამინახავ, რადგან სიბნელე შენ ხარ, ამ სიბნელეში სიცივე მე ვარ. მე შენში ვსახლობ და არსად წავალ..
და იცოდე, მე არასოდეს მიძებნიხარ და არც დავიძინებ შენს მოლოდინში, რადგან სიბნელეს ვეყვარები, როგორც სიცივეს უყვარს სიბნელე.. ჩვენ არასოდეს ვეძებთ ერთმანეთს, რადგან ერთმანეთის გარეშე ვერავის ვაჩვენებთ ჩვენს სიძლიერეს.. ჩვენ არ ვეძახით ერთმანეთს, რადგან არ გვინდა უერთმანეთობა ვაღიაროთ.
  მე რა შემეძლო მეთქვა, გარდა იმისა, რომ ქვეყნად არ არსებობს შენი სინონიმი, რადგან შენ ჩემს არსებობას უდრიხარ.
  ბლანტად მიედინებოდნენ დღეები, რომელთაც მოლოდინად ვილექავდი თვალებში. და იცი? მხოლოდ მე შემიძლია მიყვარდე ისე, როგორც გსურს, რადგან შენ ერთადერთი ხარ, რომელმაც ჩემი ყიდვა შესძლო, დანარჩენი გრძნობა კი უბრალოდ ბუტაფორიაა.
  თუმცა, ბოლო ხანებია, საშინლად მეშინია ერთი რამის.. იქნებ ილუზიაა შენი სიყვარული და სულ რაღაც 30 ვერცხლად მიყიდე?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები