მეორე დღეს დილიდანვე უამრავი საქმე გვქონდა. სამმა კაცმა ოთხი მანქანა დავცალეთ და დავტვირთეთ. მუშაობის შემდეგ სხვებთან ერთად გუბურაზე ჩავედი. სულ რაღაც ოცი წუთი დავყავი და სამრეცხაოსაკენ გავწიე. როდესაც ტანსაცმელს ვიცვამდი ვასილევი მოვიდა ჩემთან და მკითხა, ასე ადრე რატომ მიდიხარო. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და თავის ტკივილი მოვიმიზეზე. მან ჩემს პასუხზე ეშმაკურად გაიცინა და მითხრა: _ სიმართლე თქვი, თავი გტკივა თუ მზეთუნახავთან გეჩქარება? _ ვინ მზეთუნახავთან? _ გავიკვირვე მე. _ ნუ ეშმაკობ. ყველამ იცის, რომ იულია გიყვარს. _ ვინ ყველამ? როგორ? _ დავიბენი მე. _ ასე... ყველამ. მთელი დღეები მის გარშემო რომ ტრიალებ, როგორ გგონია, გამოეპარება ვინმეს რამე? მაშინღა მივხვდი, ჩემმა უგნურმა ახირებამ სადამდე მიმიყვანა. სულაც არ მინდოდა საჭორაოდ გამეხადა თავი, სხვათა თვალში მრცხვენოდა უიმედო შეყვარებულის როლში ყოფნა და ვასილევთან საუბრისთანავე გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, თავი შემეკავებინა ჩემი გრძნობებისაგან და იულიას მოვრიდებოდი, ვყოფილიყავი მისგან შორს და საერთოდ დამევიწყა მისი არსებობა; მაგრამ, რადგან უკვე ჩაცმული ვიყავი, გუბურაზე არ დავრჩი და სამრეცხაოსაკენ გავწიე. სამრეცხაოს ეზოში ჭიშკრით შევედი, საწყობსა და საშრობს შორის გავიარე. მოულოდნელად წინ იულია შემეჩეხა. ერთი კი შევავლე თვალი და გვერდზე გადავუხვიე. ორიოდე ნაბიჯი გადავდგი და მან დამიძახა. შემოვბრუნდი, გამიკვირდა: აქამდე რომ უბრად მყავდა, ახლა რის თქმას აპირებდა. _ სალაძე, _ დაიწყო მან, _ არ გაინტერესებს გუშინ მედვედევს რა პასუხი გავეცი? _ არა, _ მოკლედ მოვჭერი მე და ტუჩები ამითრთოლდა. _ მე მას დავთანხმდი. მისი სიტყვები ზარივით გაისმა ჩემს ყურებში და თავში ქარბორბალასავით დამიტრიალდა. _ ასე რომ, სალაძე, ნუღარ დამდევ უკან, აზრი არ აქვს, _ დასკვნასავით დაუმატა მან. შევეცადე რამენაირად გულგრილი გამომეტყველება მიმეღო და ჩემი ეს ნიღაბი სიტყვებითაც გავამაგრე: _ გგონია, რომ ჩემთვის მნიშვნელობა აქვს შენს და მედვედევს შორის ურთიერთობას? მითუმეტეს, ვიცი, რომ შენ მასთან არ დაწვები. _ შენ ფიქრობ, რომ კაცთან არ ვწოლილვარ? _ ღიმილით თქვა მან და გააგრძელა, _ რატომ გგონია, რომ მედვედევთან არ დავწვები? _ რატომაც მდინარეზე არ დადიხარ! _ ვუთხარი მე და შევხედე. ის გაღიზიანდა, ღიმილი მოშორდა მის სახეს. _ რაო, რა ჭორი მოისმინე? რას ამბობენ ქალები? რატომ არ დადისო მდინარეზე? მზეს ემალებაო... არ უნდა გაშავდესო, პროვინციელი ველურიაო, თუ რას? _ არავინ არაფერს არ ჭორაობს, იულია, მარტო მე ვიცი, რატომაც არ დადიხარ მდინარეზე, _ წყნარად ვთქვი და მომეჩვენა, რომ ის გაწითლდა. _ გაღიმება სცადა, შემომხედა, შემდეგ თვალები დაბლა დახარა და ხვეწნის კილოზე მკითხა: _ რა იცი, სალაძე? პასუხად წელს ზემოთ გავიხადე და მისკენ ზურგით შევბრუნდი. როცა მოვტრიალდი, მას სახე ხელებში ჩაერგო და იმგვარად ცახცახებდა, როგორც შვიდი სექტემბრის ღამეს. ერთი კი ვიფიქრე, გავცლოდი, მაგრამ ვერ შევძელი, მივედი და დამშვიდება დავუწყე. მან ხელის მოძრაობით მაგრძნობინა, მომშორდიო და მეც დავმორჩილდი. თითქმის მთელი ღამე იულიას საძინებელ ფანჯარას ვუყურებდი, სადაც ძალიან გვიან, განთიადისას ჩაქრა სინათლე. მედვედევსა და საკუთარ თავს ვუდარებდი ერთმანეთს და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მოწინააღმდეგის უპირატესობა თანდათან უფრო საცნაური ხდებოდა. რაც უფრო ვწვრილმანდებოდი ჩემს აზრებში, მით უფრო უსუსური და საზიზღარი მეჩვენებოდა თავი. მეორე დილას, წესისამებრ, ექვს საათზე წამოგვყარა პრაპორშჩიკმა კარიმოვმა. მთელი დღე დაღლილობასა და უძილობას ვგრძნობდი. საწყობში მქონდა მიჩენილი სამუშაო. ერთმანეთისაგან ვაცალკევებდი საცვლებსა და ზეწრებს, ვკეცავდი და ცალცალკე ვალაგებდი. დამღლელი და მოსაწყენი საქმე იყო, არავითარ აზრს არ ვატანდი. ჩემი ფიქრები სხვაგან ქროდნენ და მექანიკურად ვასრულებდი მოძრაობებს. ხშირად ზეწრების წყობაში საცვლები შემიყვებოდა და გვიანღა თუ შევამჩნევდი, როცა აზრი რაღაცა წამით საქმეს დაუბრუნდებოდა. ცხელოდა. წელს ზევით გახდილი ვმუშაობდი. ოფლი წურწურით ჩამომდიოდა და ენაზე მოხვედრილი სიმლაშით მაგრძნობინებდა თავს. კარისაკენ ზურგით ვიდექი და ახალ წყებას ვიწყებდი. ვიგრძენი, ვიღაც მიყურებდა. ,,ალბათ პრაპორშჩიკია... დაე, დიდხანს მიყუროს, როგორ პატიოსნად ვმუშაობ~, _ გავივლე გულში და უფრო ენერგიულად გავაგრძელე მოძრაობა. ზურგი კი კვლავ გადმომცემდა სიგნალს, ვიღაც გვიყურებსო და როცა წყება ავათავე, შემოვბრუნდი. იულიას ისევ ის აჩემებული გალიფე შარვალი და შავი ალაგ-ალაგ დასველებული მაისური ეცვა. უძილო დაღლილი თვალები ჰქონდა. ჩვენი მზერა წამით შეხვდა ერთმანეთს და მე მოულოდნელობისაგან დავიბენი, თვალები დავხარე. ის ასე უჩუმრად იდგა. საშინლად აუტანლად მეჩვენა ყოველივე, თითქოს სიჩუმე მსჯიდა და ეს რამდენიმე წამი ჩემთვის უსაშველოდ გაიწელა. წონასწორობა ერთი ფეხიდან მეორეზე გადამქონდა, ხოლო ხელებით ქამრის ბალთას ვაწვალებდი. ,,იქნებ რაღაც საქმეზე შემოვიდა საწყობში, რას ვდგავარ ასე ბავშვივით~... _ გავიფიქრე და ვითომ სამუშაოს გასაგრძელებლად ზურგი ვაქციე. ხელები აღარ მემორჩილებოდნენ, უფრო სწორედ, ხელები უპატრონოდ იყვნენ დარჩენილნი, უაზროდ გადაჰქონდათ ზეწრები და საცვლები აქეთ-იქით. რამდენს ვცდილობდი უხერხულობა დამეძლია, მაგრამ უშედეგოდ. იულიამ მსუბუქად დამადო ხელი მხარზე, ზანტად შემოვბრუნდი და ერთხელ კიდევ შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს. ხელისგულით მომწმინდა ოფლი სახიდან და მკერდზე მომეკრა. ვერ გეტყვი, რომ ამ დღეს მე ბედნიერი ვიყავი, ეს სულ სხვა იყო, ვიდრე უბრალო ბენიერებაა! ეს იყო მოწყვეტა ყოველგვარი მიწიერისაგან და ჩაძირვა ნეტარების უსაზღვრობაში. ამ დღიდან შემეცვალა განწყობა, თითქოს ყველაფერი იოლი გახდა: ჭუჭყიანი საცვლების სუნი აღარ იყო ჩემთვის იმდენად აუტანელი და მზეც ისე მწვავედ აღარ აცხუნებდა, აღარ იყო დამღლელი სამსახური და სამრეცხაოს მავთულხლართებით შემოვლებული ეზო საპატიმროსავით აღარ აღიქმებოდა. ორივე ვცდილობდით ჩვენი ურთიერთობა სხვათა თვალისაგან დაგვემალა და ამას რამდენად ვახერხებდით, მიხვდებით, თუ გეტყვით, რომ ორი კვირის შემდეგ სამრეცხაოში ჩვენს შესახებ ყველამ იცოდა. ერთ დღეს იულიამ მითხრა, რომ ქაბულში ერთი ჩვენი ჯარისკაცი ავღანელ ქალზე დაქორწინებულა, შეუღლების ცერემონიალს თვითონ გენერალი გრომოვი დასწრებია და შესაძლებელი იყო ჩვენთვისაც ნება დაერთოთ, თუკი შევეცდებოდით. ამის შესახებ ვესაუბრეთ სამრეცხაოს უფროსს, პრაპორშჩიკ კარიმოვს. ის კეთილი კაცი იყო. ჩვენს თხოვნაზე ჯერ ბევრი იცინა, რატომღაც ეგონა, რომ ვხუმრობდით, შემდეგ, როდესაც მიხვდა, რომ ჩვენი სურვილი სერიოზული იყო, ხელები გაასავსავა და გვირჩია, დივიზიის მეთაურისათვის წერილობით მიგვემართა. გავუგზანეთ ჩვენი თხოვნა დივიზიის მეთაუარს. პასუხად სამი დღის შემდეგ სამრეცხაოში პოლიტგანყოფილების უფროსი მოვიდა და პრაპორშჩიკს ჩემთან გასაუბრება სთხოვა. ჩვენი საუბარი სხვა არა იყო, გარდა იმისა, რომ პოლიტგანყოფილების უფროსმა ნახევარსაათიანი პოლიტმეცადინეობა ჩამიტარა იმ თემაზე, რომ ქალი და საბჭოთა ჯარისკაცის საბრძოლო სულისკვეთება ერთმანეთთან შეუთავსებელი რამაა. შემდეგ გადავიდა ინტერნაციონალური ვალის შესრულების სახელმწიფო მნიშვნელობაზე, რომ ამ პროცესში თითოეული ჯარისკაცის ვალია ყურადღებიანობა, მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და არა რაღაც სხვა საგნებზე ფიქრი. როდესაც მე შევახსენე ქაბულში ჯარისკაცის ქორწინების ფაქტი, მან მხირულად გაიცინა და თითის დაქნევით მითხრა, ამ ქორწინებას პოლიტკური მნიშვნელობა ჰქონდაო. იულიაც ესაუბრა პოლიტგანყოფილების უფროსს, სთხოვა რომ ჩვენთვის საქორწინო შვებულება მოეცა, მან ოფიციალური ტონით უპასუხა, რომ იულიას, როგორც კონტრაქტში იყო გათვალისწინებული, წელიწადში ერთი სამკვირიანი შვებულება ეკუთვნოდა, ხოლო საველე პირობებში მყოფი სამხედრო ნაწილებიდან ჯარისკაცები შვებულებას არ იღებდნენ. იულიამ, როგორც შემდეგ გამომიტყდა, წინასწარ იცოდა, რომ ქორწინება ჩემს დემობილიზაციამდე შეუძლებელი იყო, მაგრამ მოთხოვნებით მას სურდა სხვათა თვალში ჩვენი ურთიერთობისათვის მრუშობის სახელი ჩამოერეცხა. საოცარი ის არის, რომ იულია არასოდეს დაინტერესებულა, თუ საიდან გაჩნდა ჩემს ზურგზე ტატუირება და ამგვარი კითხვა მისთვის არც მე დამისვამს, რადგან მეშინოდა, ჩემი ინტერესის გამოისობით ჩვენი ურთიერთობა არ დარღვეულიყო. ზუსტად პოლიტგანყოფილების უფროსთან საუაბრის დღეს მოვიდა სამრეცხაოში უფროსი ლეიტენანტი მედვედევი. როგორც შემდეგ გავიგე, ის წინა დღეს დაბრუნებულიყო ოპერაციიდან. სახეზე წითლად მოჰკიდებოდა მზე, საგულდაგულოდ გაპრიალებული ბათინკები ეცვა და სომბრეროს ფორმა- მიცემული პანამა ეხურა. დარწმუნებული ვიყავი, რომ იულიას სანახავად იყო მოსული, მაგრამ მან გეზი პრაპორშჩიკი კარიმოვის კაბინეტისკენ აიღო, ცოტა ხანს, სულ რაღაც ათი-თხუთმეტი წუთი დაჰყო და უკან გაბრუნდა. დღეს დარწმუნებით არ შემიძლია ვთქვა, პოლიტგანყოფილების უფროსის ხელი ერია თუ მედვედევისა, ფაქტი კი მოხდა: სამი დღის შემდეგ პრაპორშჩიკმა კარიმოვმა გამომიცხადა, რომ მოვიდა ბრძანება ჩემი 182-ე მოტომსროლელთა პოლკში დაბრუნების შესახებ. იულია დიდხანს ეხვეწა კარიმოვს, როგორმე თავისთან დავეტოვებინე, მაგრამ უშედეგოდ. კარიმოვს ამის გაკეთება არ შეეძლო. ნაშუადღევს ჩემს წასაყვანად მანქანა მოგრუხუნდა, თან მოიყვანა ჩემი შემცვლელი. ეტყობოდა სამიოდე დღის წინ იყო ჩამოსული. სახეზე ჩრდილოეთის ფერი ედო და გულუბრყვილო ინტერესით ათვალიერებდა შემოგარენს. იულიამ განშორებისას დამაიმედა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ჩემს უკან დასაბრუნებლად. როდესაც მანქანაზე ავდიოდი, მან თავი ვერ შეიკავა და აქვითინდა. ცრემლები მომადგა მეც. ვიდექი ძარაზე და ვიცქირებოდი უკან, სადაც სამრეცხაოს ჭიშკართან მდგომი იულია თანდათან პატარავდებოდა და ბოლოს ჰორიზონტზე მთლად გაქრა. შემთხვევითი არ იყო, რომ მე მედვედევის როტაში ჩამრიცხეს. საღამოს მოწყობაზე მან წარმადგინა ჯარისკაცების წინაშე. ერთდროულად სიბრაზისა და უხერხულობის გრძნობა დამეუფლა. მოკლედ უსუსურ მდგომარეობაში ჩამაგდო მედვედევის ჩემსკენ მომართულმა ცინიზმმა: _ მეომარო-ინტერნაციონალისტებო! თქვენ ერთი თანამებრძოლი კიდევ შეგემატათ... გაგი-კვირდებათ და იკითხავთ, საიდან, ჯერ ხომ წვევამდელების დრო არ დამდგარაო?! მე გეტყვით: სამრეცხაოდან დაბრუნდა. `სამრეცხაოს ვირთხებს~ რომ უწოდებენ, ერთ-ერთი იმათგანია. რამდენი ხანი გავა და თქვენ ქალს სიზმარშიც კი ვერ ნახავთ. ამ ,,ჩურკამ~ კი აქ დაქორწინებაც მოინდომა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხუმრობა ნუ გგონიათ! ეს მაშინ, როდესაც თქვენ სამშობლოს საგუშაგოზე დგახართ! მე ვთხოვე პოლკის მეთაურს, რომ ეს განებივრებული ახალგაზრდა ჩემს როტაში ჩაერიცხა. ვთხოვე, რადგან თქვენი იმედი მქონდა. თქვენ მას უნდა ასწავლოთ ჯარისკაცის ცხოვრება. გააგებინოთ, რა არის ნამდვილი სამსახური! _ ამით დაამთავრა მედვედევმა ჩემი წარდგინება, თითის წვერებზე შედგა, როტას თვალი გადაავლო. სახეზე ღიმილი გადაეფარა. ეტყობა, მოეწონა თავის გადაწყვეტილება. _ ფედოროვ! _ დაიღრიალა. მწყობრის უკანა რიგიდან მაღალი ჩაფსკვნილი რიგითი გამოვიდა. მოშვებული ქამარი, ჩამოფხატებული პანამა და თავხედი მანერები მიუთითებდა, რომ ის როტის ერთ-ერთი ყოჩი უნდა ყოფილიყო. _ ფედოროვ! პირადად შენ გევალება მისი აღზრდა! _ ბრძანა მედვედევმა, მწყობრს ზურგი შეაქცია და წავიდა. ალბათ მიხვდებით, რა მდგომარეობაში ჩავვარდი: ჯერ ისედაც ახალ მოსულს როგორ ექცევიან ძველები და მითუმეტეს, თუ ამას თან ერთვის მეთაურის წაქეზება. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ფედოროვთან ორთაბრძოლაში გავიმარჯვე, მაგრამ იმას კი მივაღწიე, რომ მას ჩემთან ჩხუბის ხალისი დაეკარგა. მედვედევმა უკვე ერთ კვირაში შენიშნა, რომ მე ბიჭებს შორის არც ისე უპრესტიჟო ადგილს ვიკავებდი და ჩემი ,,აღზრდა~ თავის თავზე აიღო. როგორც კი დავამთავრებდი სამზარეულოში მორიგეობას, ყარაულში მამწესებდა, ყარაულიდან მოსულს პირდაპირ როტის მედღევედ მაყენებდა. მიუხედავად ყოველგვარი ამისა, მე არ დავბეჩავდი ყოველთვის ვახერხებდი საკუთარი თავის მოწესრიგებას. მასთან შეხვედრისას ვცდილობდი კმაყოფილი და მხიარული სახე მიმეღო. ეს აღიზიანებდა მას. უკვე ორი კვირის შემდეგ ყოველგვარი საბაბის გარეშე სამი დღე-ღამე ჰაუპტვახტი გამომიცხადა. მაშინ კი ვერ შევიკავე თავი და მიზეზი ვკითხე. `ლამაზი თვალებისთვისო~ _ დამცინავად მიპასუხა. შაბათი დღე იყო... არ ვიცი, საიდან შეიტყო, იულია რომ უნდა მოსულიყო და მასთან შეხვედრას გამარიდა. სამრეცხაო ჩვენი პოლკიდან თხუთმეტ კილომეტრზე მდებარეობდა. ჰაუპტვახტიდან დავბრუნდი და იმავე ღამეს გავაპარე. არ მახსოვს, რამდენ ხანს მივრბოდი. რამდენჯერმე სიბნელეში ფეხი წამოვკარი რაღაცას და წავიქეცი. მორიგეს ეძინა. ჩუმად შევედი ეზოში. გვიანი იყო. იულიას ფანჯარაში ბნელოდა. ფრთხილად მივაწექი ნახევრად შეღებულ ფრთას. რაფაზე შევცოცდი, გადავედი, ასანთის ღერს მოვუკიდე. იულია პირქვე იწვა. წელს ზემოთ საბანი გადახდოდა. იასამნისფერმა პერანგმა წამით გაიელვა და ასანთი ჩაქრა. სინათლე ჩავრთე, მხრებზე ოდნავ შევეხე. ის გადმოტრიალდა, თვალები დაახამხამა, მოულოდნელობისაგან შეძახილი აღმოხდა და მისკენ დახრილს კისერზე მომხვია ხელები. რა ზანტად ვბრუნდებოდი!.. ფეხები თითქოს უკან მრჩებოდა. თვალწინ მედგა მედვედევი _ ჩემი მეთაური. წარმოსახვაში მე მას კისერს ვამტვრევდი, დანას ვუყრიდი, ფეხებს ვულეწავდი, თოკზე ვკიდებდი. ამგვარი ფიქრები სხვა დროს არ მომსვლია. ახლა კი, გაცხარებული ვიყავი, რადგან იულიამ შემომჩივლა, რომ მედვედევი კვლავ განაგრძობდა მასთან ღლაბურცს. მეთაურის ჩემდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება როტის შემადგენლობას არ გამოპარვია. პირველად ფედოროვმა მკითხა მიზეზი (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიჩხუბეთ, სხვებთან შედარებით დამიახლოვდა). მე პასუხს თავი ავარიდე. შემდეგ კვლავ მან განაგრძო: _ ამბობენ, ქალიაო შუაში მე თავის დაქნევით დავეთანხმე. მასზე ძალიან იმოქმედა. წამოხტა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად აგინა მეთაური. მედვედევს ჩვენს შორის ეტყობა ვიღაც ენის მიმტანი ჰყავდა, ამის შემდეგ ფედოროვიც აითვალწუნა. ნოემბრის ბოლოს პირველი ოცეული გაგზავნეს სოფელ დაშიში 23-ე საგუშაგოზე. მესამე ოცეულში ვირიცხებოდი, მაგრამ, რადგან მედვედევის სურვილი იყო, სამრეცხაოდან რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავი, პირველ ოცეულში გადამიყვანეს. ხიდის დაცვა გვევალებოდა. მხოლოდ ღამ-ღამობით ვმორიგეობდით. შემოგარენი სასიგნალო რაკეტებით გვქონდა დანაღმული, ამიტომ დარაჯობა დიდ ჯაფას არ წარმოადგენდა, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის უსაქმოდ ვიყავით. ასეთ ყოფაში კი დრო ნელა მიდის, ყველაფერი გბეზრდება, გაწუხებს ყოველდღიური ერთფეროვნება და ერთ დღეს შეიძლება აღმოაჩინო, რომ ლპები. გარშემო მხოლოდ ფიქრი და ოცნება გახვევია, რომელიც მოდუნებულ, უმოქმედო სხეულს ხრწნის, აავადებს. მითუმეტეს, რომ უკვე ზამთარი იდგა, განიჟებული წვიმები ებმოდა ერთმანეთს და ჯარისკაცებს სხვა არა დაგვრჩენოდა, გარდა საგუშაგოზე ჯდომისა და უაზრო ლაზღანდარობისა. იმდენად მომქანცველი იყო ეს ერთფეროვნება, რომ ხშირად მტრის ჩვენზე თავდასხმა მინატრია. ჩემი ფიქრების საგანი მუდამ იულია იყო. მხოლოდ იშვიათად თუ გამახსენდებოდნენ მშობლები და შინაურები, ჩვენი სახლი და ქუჩა. ბავშვობის მეგობრების სახეებიც ჩემს მეხსიერებაში თანდათან ფერმკრთალდებოდნენ, ილეოდნენ და მათ ადგილს იჭერდა იულია თავისი ყოვლისშემძლე ღიმილით, ფერმკრთალი დაღლილი სახითა და გაბუსხული ტუჩებით. მისი არსებობით იყო გაჟღენთილი ჩემი გონება, ჩემი სხეულის ყოველი ნერვი. ასე მწუხარედ გადაიარა ზამთარმა და დადგა გაზაფხული. თოვლი დადნა მთის მწვერვალებზე და დაიწყო დიდი ოპერაცია ფანჯშირის ხეობაში. ჩვენი ოცეული ნაწილში დააბრუნეს, ვუახლოვდებოდით ნაცნობ ადგილებს და გული თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა. გამოჩნდა სარემონტო ბატალიონი. ჯავშანტრანსპორტიორმა მარჯვნივ გადაუხვია, სადესანტო პოლკს გაუსწორდა და ქვევით დაეშვა. აგერ სამრეცხაოც. ეზოში ადამიანები გაურკვეველ წერტილებად იხატებიან. ალბათ მათ შორის იულიაც იყო... ერთი კვირა დავყავი ნაწილში. ამ ხნის განმავლობაში იმდენად დამტვირთა მედვედევმა როტის მედღეურობითა და სამზარეულოში მორიგეობით, რომ ერთხელაც კი ვერ მოვახერხე იულიასთან გაპარვა. 15 აპრილს ჩვენი ბატალიონი ფანჯშირის პროვინციაში გაამწესეს. ბრძოლით მივიწევდით წინ. ჯარისკაცებში სიყვითლე და ტიფი გაჩნდა. ამას დახოცილები და დაჭრილები დაემატა და რაღაც ორ თვეში ბატალიონი განახევრდა. კლდეებზე ცოცვისაგან ტანზე შემოგვაცვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ჯღანს დაემსგავსა. ტანსაცმლის ტილი გვაწუხებდა. შარვლის უბე და ნაკერები გათეთრებული იყო წილებით. პატარა მონაცრისფერო არსებები ირეოდნენ საქამრესა და ტოტებში. წვივზე გამიჩნდა მუწუკი, რომელიც არ შუშდებოდა. ორ კვირაში ერთხელ თუ ვახერხებდით პირის გაპარსვას. გაბურძგნილებს კისერზე მზისაგან ტყავი გადაგვძვრა. ჭუჭყისაგან საყელო გამხმარიყო და კისერს გვიხეხავდა. დუშმანები იბრძოდნენ ყოველი მწვერვალისათვის, იქ კი, იმ მთათა სისტემაში ათასი მწვერვალი იყო. ყოველდღე ახალ-ახალ პოზიციებს ვიკავებდით. მოწმენდილ ამინდში, როცა ავიაცია გვეხმარებოდა, ბრძოლა იოლდებოდა. ხოლო როცა ნისლით დაიბურებოდნენ ხეობები და მწვერვალები ბრძოლის მთელი სიმძიმე ფეხოსნებს გვაწვებოდა. იმ დღესაც წვიმდა, უხალისოდ წვიმდა, ნესტით იყო გაჟღენთილი ჰაერი. ერთ ვიწრო ხეობაში ვიყავით დაბანაკებულნი. მხოლოდ რაცია გვაკავშირებდა ბატალიონის შტაბთან. ცეცხლი გვენთო და სადილს ვიმზადებდით. ყველანი მოუთმენლად ველოდით_გვშიოდა. _ იპოვეთ შეშა. ცოტა მეტი შეუკეთეთ, _ ვერ ითმენდა მედვედევი. ამ ხნის განმავლობაში ის გამოიცვალა. მზე უფრო მოეკიდა, მწითური წვერიდან მოუჩანდა ასევე წითელი ყვრიმალები. ცხვირის წვერზე კანი აქერცლოდა. მხოლოდ ცისფერი, მოჭუტული, ქვეშიდან მომზირალი თვალები გავდნენ თავისთავს. არაფრით არ განსხვავდებოდა ჯარისკაცებისაგან. სამხრეებიდან ვარსკვლავებიც დაჰკარგვოდა თუ თვითონ აეძრო. პანამაზე კოკარდა მოღრეცოდა და მოშვებოდა. ბათინკებზე თასმები დასწყვეტოდა და რაღაცა თოკებით შეეცვალა. ჯერ სადილი მზად არ იყო, მეკავშირემ მოახსენა მედვედევს, ბატალიონის მეთუარი რაციასთან გიბარებთო. ათი წუთის შემდეგ დაბრუნდა. უკმაყოფილო იყო, იგინებოდა. გვიბრძანა ცეცხლი ჩაგვექრო და საბრძოლველად გავმზადებულიყავით. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე აღმართს მივუყვებოდით. წვიმას გადაეღო, მაგრამ მაღლობები კვლავ ნისლში იყო გახვეული. _ ხვალ დილამდე მაღლობები უნდა დავიკავოთ! _ გვაჩქარებდა მედვედევი. შეუსვენებლად მივდიოდით. თითოეულ ჩვენთაგანს სრული საბრძოლო აღჭურვილობა გვეკიდა ზურგზე და ტვირთის სიმძიმისაგან მხრები გადაგვხეხოდა. მედვედევმა ხუთი წუთით დასვენება გამოაცხადა. ბიჭებმა ტვირთი მოიხსნეს და იქვე ჩასხდნენ. მე მოშორებით კლდის ძირას მშრალი ადგილი შევნიშნე და იქით წავედი. მაღლიდან ნაცვენი სიპების ოღროჩოღროზე მივაბიჯებდი. რატომღაც შემოვბრუნდი, ბიჭებს გავხედე და უცებ წელზე მწვავე ტკივილი ვიგრძენი. რომ დავიხედე უშველებელი გიურზა ისევ ზედ მეკიდა. მოულოდნელობისაგან დავიყვირე, ხელის გაქნევით მოვიშორე და ავტომატის ჯერი მივუშვი. ნახევარი მეტრი გახოხდა და სიპზე გადაეკიდა. ყვირილზე ბიჭები მოცვივდნენ. მე თითებით დავუწყე ნაკბენს გამოწურვა. სანიტარმა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ წელსზემოთ გამხადა და ნაკბენზე იოდი მომცხო. ჭრილობა გამისივდა და მთელი წელი გამიკავა. ვეღარ ვმოძრაობდი, თავი მიბრუოდა, თითქოს კედელს იქიდან_მესმოდა ბიჭების ხმა. _ ჭრილობას გამოწურვა უნდა, _ თქვა ვიღაცამ. ფედოროვი ტუჩებითა და კბილებით დამაცხრა და ნაკბენიდან სისხლის წოვა დამიწყო. წამოდგომა ვცადე. კიდურები აღარ დამემორჩილა. ისევ პირქვე მივწექი. პირი გამიშრა და თვალები ამიჭრელდა. სისხლისფერი ფარდა გადაეკრა სივრცეს, საგნები ვარდისფერი ლაქებით დაიწინწკლნენ, ყურში ლითონის წკრიალის ხმა ჩამიდგა. უკვე ვეღარაფერს ვხედავდი და არაფერი მესმოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბნელეთში ვეშვებოდი და თითქოს უფსკრულიდან მისცესო ბანი, ყურში ისე ჩამესმა მედვედევის ჟღრიალა და გაწელილი ხმა. მისი სიტყვები, რომ მოვმკვდარიყავი, ალბათ, საიქიოშიც გამყვებოდა. _ ,,რა ნაცნობი ტატუირებაა, სალაძე... აი, მესმის საყვარლისადმი ერთგულება!~. ეს სიტყვები ყურში ათასჯერ გველის სისინივით გამიმეორდა. თავის წამოწევა ვცადე, ვერ შევძელი. წამით იულიას სახემ გამიელვა თვალწინ და გონება დავკარგე. გონზე რომ მოვედი, უკვე დაბინდებულიყო. ფედოროვს მხარზე მოვეგდე. ბარბაცით მიუყვებოდა აღმართს. მინდოდა შევხმიანებოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. თავი ტკივილისაგან მისკდებოდა. ძლივს შევძელი, იღლიაში მომეჭიდა ხელი. მან იგრძნო. `ცოცხალი ხარო?~ _ შემეკითხა. რაღაცა გაურკვეველი ბგერები ამომივიდა პირიდან. _ გონზე მოვიდა, _ გასძახა ფედოროვმა წინ და ქვაზე დამსვა. მინდოდა წამოვმდგარიყავი, მაგრამ ვერ შევძელი, ფეხები არ დამემორჩილა, თითქოს რაღაცა მსუსხავი გაუყარესო მთელ სხეულში. თავში ისევ მედვედევის სიტყვები მედგა: ,,რა ნაცნობი ტატუირებაა, სალაძე, აი, მესმის საყვარლისადმი ერთგულება~. ამ სიტყვებს მოეცვა მთელი ჩემი სხეული, შეებოჭა ყოველი ნერვი. ამას გუგუნებდა მთელი ჩემი გონება და ტვინში ნაღმების სტვენის ხმად ჩამესმოდა. _ ამხანაგო მეთაურო, თუ შეიძლება შემცვალოს ვინმემ, _ ჩამესმა ფედოროვის ხვეწნისმსგავსი სიტყვები. და მას რამდენიმე წამის შემდეგ მოჰყვა მედვედევის გაწელილ-გაბზარული ხმა: _ არავინ შეგცვლის, ფედოროვ! გიბრძანებ, დატოვო და წამოხვიდე! ის მაინც მოკვდება! ,,ის მაინც მოკვდება! ... მაინც მოკვდება!~, _ ახლა ეს სიტყვები აგუგუნდნენ ჩემს ყურებში და პასუხად მთელი ჩემი არსება ერთი სურვილის, სიცოცხლის გარშემო შეიკრა და შეიკუმშა. ,,ნუ მომკლავ, ქვეყნის შემქმნელო და ყოვლად ძლიერო~, _ ვეხვეწებოდი ღმერთს და თავს ძალას ვატანდი, გამეფანტა ჩემს თვალებზე გადაკრული სისხლისფერი, ჩემს ყურებში გამეფებული ლითონის ზრიალის ხმა. _ ამხანაგო მეთაურო, ნება მომეცით მივეხმარო! _ ვიცანი მე სალტიკოვი. _ გიბრძანებთ, დატოვოთ! ის ჩვენ ორი საათით მაინც დაგვაგვიანებს. ეს კი მთელი როტის დაღუპვას უდრის, _ კვლავ გაწელილად, ბედისწერასავით შეუბრალებლად გაისმა მედვედევის სიტყვები. ფედოროვმა ქვების გროვამდე მიმათრია, ჩემთან ერთად ჩაწვა და წინ, სადღაც სიბნელეში მდგომ მედვედევს გასძახა: _ არ ვასრულებ შენს ბრძანებას, მე სალაძესთან ვრჩები! მედვედევმა რაღაც წაიბურტყუნა, ჩვენი მისამართით გინებას მოჰყვა... _ ბრძანების შეუსრულებლობისათვის დაისჯებიო, _ თქვა, და როტას, წინო, უბრძანა. სალტიკოვი მოვიდა ჩვენთან. `მეც შენთან დავრჩებიო~, _ სთხოვა ფედოროვს. როგორ მინდოდა, რომ ჩემს გარშემო ყველა ყოფილიყო. თითქოს ჩემს სიცოცხლეს შეემატა სალტიკოვი, მაგრამ ფედოროვმა მოიშორა, წადი, მეთაურის ბრძანება შეასრულეო, დაიღრიალა. სალტიკოვი დაიხარა _ ჯერ მე მომეხვია, მერე ფედოროვს. ალბათ ეგონა, რომ ცოცხალს ვეღარ მნახავდა, ბოლოს ისევ მე მომეფერა და წავიდა. კიდევ ერთხელ ვცადე წამოდგომა, მაგრამ ვერ შევძელი. როგორც გადამთვრალს, ისე არ მემორჩილებოდნენ ფეხები. მთელი ორგანიზმი მიხურდა და ციებიანივით მაკანკალებდა. თანდათან მიწყდა ფეხის ხმა და ამ უკუნეთში უცხო და მიუვალ ადგილას მარტონი დავრჩით. ფედოროვმა კლდის ძირამდე მიმათრია, ფარაჯა გამიშალა, ხოლო ზემოდან ჩემი დამიხურა. როცა გამეღვიძა, ჯერ ისევ ბნელოდა. გულაღმა ვიწექი. ცა მოწმენდილიყო. პირველი, რაც დავინახე, იყო ნამგალა მთვარე, ვარსკვლავებით მოჭედილი სიშავე და ირმის ნახტომის ვერცხლისფერი ნახევარრკალი. თავი აღარ მტკიოდა _ გაბრუებული მქონდა, როგორც ნათრიაქალს. იდაყვზე წამოვიწიე. ხელი დამემორჩილა. წამოვჯექი. ფედოროვი ჩემს ფეხებთან სთვლემდა. წამოდგომა ვცადე, მოვახერხე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ტორტმანით. ჩემმა ფეხის ხმამ ფედოროვი გამოაღვიძა. მე ვერ ვხედავდი მის სახეს, მაგრამ მესმოდა ხმა, რომელშიც სასოწარკვეთილება იგრძნობოდა. ლაპარაკობდა გაცხარებით, ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ იგინებოდა. სიტყვების შინაარსს ვერ ვიგებდი, მაგრამ ემოცია, რომელსაც ის გადმოსცემდა, ჩემს დაბინდებულ გონებამდე როგორღაც აღწევდა და მე მისგან გადამედო სასოწარკვეთილება, თუმცა მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, ბოლომდე გაცნობიერებული არ მქონდა. _ შეგიძლია სიარული? _ მკითხა ბოლოს მან. მე პასუხი დავაგვიანე. _ შეგიძლია სიარული?! _ მეორედ უკვე ძალიან ხმამაღლა, გაჯავრებით იყვირა და მისმა ხმამ მე გამომაფხიზლა, საკუთარ მდგომარეობას მიმახვედრა. ტვინმა გამალებით დაიწყო მუშაობა და მე დამნაშავის კილოზე, ჩურჩულით გავეცი პასუხი: _ შევძლებ. _ შეძლებ, მაგრამ სიარულს არავითარი აზრი არა აქვს, სანამ კარგად არ გათენდება. რომ გათენდება, არც მაშინ მიეცემა აზრი. სად უნდა წახვიდე? დავედევნოთ როტას? სიბრიყვეა. მათ ექვსი საათით გაგვასწრეს. ბატალიონის შტაბი მოვძებნოთ? დავიკარგებით, გზა არ ვიცით. უკან დავბრუნდეთ? იქ ცარიელი მიწურები დაგვხვდება, თუ, რა თქმა უნდა, გზაში დუშმანებს არ გადავაწყდით. რად გვინდა ცარიელი მიწურები? როტა შეიძლება იქ საერთოდ არც დაბრუნდეს, ან დაბრუნდეს ერთი თვის შემდეგ, როცა ჩვენ უკვე შიმშილით დავიხოცებით. ამას ფედოროვი ჩემს გასაგონად არ ამბობდა. ის უფრო საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ის არ იყო მხდალი, გადაწყვეტილებასაც ყოველთვის სწრაფად იღებდა. მაგრამ ყველა ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ჭკუათამყოფელს გაუჭირდებოდა მოქმედების დაწყება. ისე დაგვათენდა თავზე, ვერაფერი მოვიფიქრეთ, თუმცა მე რაიმეს გადაწყვეტის არც თავი მქონდა და არც ძალა _ ბოლომდე ფედოროვს მივნდობოდი. გაშეშებული ვიჯექი სიპეზე. წამით ტკივილიც კი დამვიწყებოდა. არ ვიცი, რა გამომეტყველებით შევცქეროდი მეგობარს. მან შემომხედა, შეშფოთებული სახე გაუნათდა, ხელი დამარტყა მხარზე გადაიხარხარა და მითხრა: _ ნუ მიაქცევ ყურადღებას ჩემს ბუზღუნსა და გინებას. სულაც არ ვნანობ, რომ შენთან დავრჩი. მოწმენდილი ცა იყო. ხეობას ოხშივარი ასდიოდა. ბურუსი თანდათან იალაღებისაკენ იწევდა. ფედოროვმა ზურგჩანთა მხარზე მოიგდო. ჩემი კისერზე ჩამოიკიდა. `წავიდეთო~ _ მიბრძანა. `საით~? _ ენის წვერზე მომადგა შეკითხვა, მაგრამ გავჩუმდი. მივხვდი, რატომაც არ მომეთათბირა. ის ამ წუთიდან ჩემს მეთაურად თვლიდა თავს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე მისგან ვიყავი დავალებული, არამედ ასეთი ნატურა ჰქონდა. მეც ჯიუტი ვიყავი _ ვარსკვლავებიან მეთაურებსაც კი ვერ ვიტანდი, არათუ რიგითს. მაგრამ მან ხომ ჩემს გამო ამდენი რამ გააკეთა!.. უბრად გავყევი უკან. წელი ისევ გაკავებული მქონდა, მიჭირდა სიარული. შუადღეს საკმაოდ იყო გადაცილებული, ნაბანაკარზე რომ დავბრუნდით. ფედოროვმა ზურგჩანთები დაცალა. _ ყველაფერს გათვალისწინება უნდა, _ მეუბნებოდა ის, _ შეიძლება ჩვენებმა ერთი კვირითაც კი დააგვიანონ, ამიტომ საკვები შვიდ დღეზე უნდა გავანაწილოთ. მან სამი დღის ულუფა შვიდ დღეზე გაყო. კმაყოფილი და თვითდაჯერებული სახე ჰქონდა. _ თუ არ მოვიდნენ, შვიდი დღის შემდეგ რას ვიზამთ? _ ვკითხე მე. _ შენ რას მთავაზობ? _ ირონიული ღიმილით თქვა და მე არ დამელოდა, თვითონვე გასცა პასუხი, _ შეგვიძლია წავიდეთ და მთებში როტას დავუწყოთ ძებნა, შეგვიძლია სამხრეთისაკენ გავწიოთ, იქ სადღაც პოლკის შტაბია, მაგრამ სადაა, ჩვენ არ ვიცით. ჯობია, ისევ დაველოდოთ. შენ რას იტყვი? _ ალბათ ასე ჯობია, _ ვთქვი მე თუმცა მიმაჩნდა, რომ უმჯობესი იყო სამხრეთისაკენ გვევლო. ბანაკი დავათვალიერეთ, რამდენიმე ქილა თევზის კონსერვი ვიპოვე, რამაც ფედოროვი ძალიან გაახარა: _ აი, რა უნდა ვჭამოთ შვიდი დღის შემდეგ... _ ამ მდინარეში შეიძლება თევზიც იყოს, _ ვთქვი მე. _ არა მგონია, ძალიან პატარაა. _ ამაზე პატარებშიცაა, შეგვიძლია, საცდელად ეხლავე გადავაგდოთ ყუმბარა მორევში. _ არა, სარისკოა, ხმაურს ნუ ავტეხთ. ასნი კი არა ვართ! ნებისმიერი ერთი მაწანწალა დუშმანი გაბედავს ჩვენზე თავდასხმას და საერთოდ, ბანაკს უნდა გავეცალოთ, შორიახლოს უნდა დავიდოთ ბინა. ასეც მოვიქეცით, ბანაკიდან შორიახლოს მაღლობზე ნაპრალში მოვეწყეთ. აქედან ბანაკიც თვალსაწიერში იყო და კოცონი მთებიდან ღამითაც კი არ გამოჩნდებოდა. მდინარეში თევზი მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. ვფრთხილობდით, ამიტომ მორევში ყუმბარები არ გადაგვიყრია იმას ვჯერდებოდით რასაც ხელაობით ვიჭერდით. ასე გავიდა თხუთმეტი დღე. ჩვენს მდგომარეობაში ჩავარდნილი ალბათ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე უნდა ზრუნავდეს. ჩემი გონება კი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ იულიაზე ფიქრით იყო დაკავებული. ბრაზისა და ეჭვების კორიანტელით გამვსებოდა თავი: როგორ ნახა მედვედევმა იულიას ზურგზე ტატუირება? _ იქნებ შემთხვევით, იქნებ, ასე იყო, იქნებ, ისე... და ამ `იქნებს~ სხვადასხვა ვარიანტებს ვაბამდი. არ მინდოდა წარმომედგინა, რომ იულია მედვედევს დანებდა. ამ ეჭვს, რომელიც ღრმად იყო ჩემს არსებაში დაბუდებული, ვთრგუნავდი. ფედოროვი ჩვენს გადარჩენას მხოლოდ როტის დაბრუნებაში ხედავდა. მე კი როგორ მინდოდა მედევედევი აღარ მენახა... ცოდვა გამხელილი სჯობს, და არ მეწყინებოდა, თუნდაც მასთან ერთად მთელი როტა გაჟლეტილიყო. მეთექვსმეტე დღეს სისხამზე გამაღვიძა ფედოროვმა. აღელვებული ლაპარაკობდა: _ მგონი დავიღუპეთ. ზევით ფერდობებზე დუშმანებს მოვკარი თვალი. ისინი ბევრნი არიან და ქვევით ეშვებიან. მგონი შეგვამჩნიეს და ეხლა ალყას გვარტყამენ. დაფეთებული წამოვხტი და მივვარდი კლდის შვერილს, რომელიც ფერდობების მხრიდან გვიფარავდა. ფრთხილად გავყავი თავი და მთებს დავუწყე დაზვერვა. ფედოროვიც გვერდით მომიწვა: _ აგერ, შეხედე! რუხად რომ ჩანს კლდე, ოთხნი ერთად ჩამოდიან. ცოტა მარცხნივ, ბექი ეფარება ათამდე უნდა იყვნენ, საცაა გამოჩნდებიან. მე, როგორც იყო, გავარჩიე. დაახლოებით ორმოცნი იყვნენ, ჩვენს მოპირდაპირე მხარეს უშიშრად ეშვებოდნენ. _ გახედე, ნაღმსატყორცნს მოათრევენ. ნახევარ საათსაც ვერ გავუძლებთ, აქვე საფარში ჩაგვხოცავენ, _ ღელავდა ფედოროვი. _ არ უნდა ვაცადოთ მოახლოვება: ცეცხლი ჩვენ უნდა გავხსნათ, _ ვეღარ ვითმენდი მე. _ ცოტა მოვიცადოთ, იქნებ ისინი ვერც გვამჩნევენ. დუშმანები, ეტყობა, მართლა ვერ გვხედავდნენ, რადგან უშიშრად მოდიოდნენ. ნახევარი საათის შემდეგ პოზიციების დაკავება დაიწყეს. მათი განლაგებით უკვე საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ისინი ჩვენზე თავდასხმას არ აპირებდნენ და ელოდნენ ვიღაც სხვას, ხეობის ზემოდან მომავალს. ეს მხარე კი ჩვენთვის უჩინო იყო, რადგან მდინარეში კონცხად შესული კლდის ქიმი გვეფარებოდა. _ იქნებ ჩვენები ბრუნდებიან და მათ ჩაუსაფრდნენ. ჯობია, სროლა ჩვენ დავიწყოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენები გაფრთხილდნენ, _ ვთქვი მე. ფედოროვი ცოტა ხანს ჩაფიქრდა, ყოყმანობდა. _ არა, არ ივარგებს, _ იქნებ ჩვენები არ არიან. ხომ იცი, დუშმანებს ხშირად ერთმანეთშიც აქვთ ომი, მოვიცადოთ. ძალიან ნელა გადიოდა დრო. ამოვიღებდი მიზანში ყვითელჩალმიანს, რომელიც ნაღმსატყორცნის გვერდით იდგა და ისევ ვუშვებდი ავტომატის ლულას ძირს. შიში მთლად გამცლოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვსხლეტდი. უკვე ვხედავდი, როგორ დაგორდებოდა ბექობზე ყვითელჩალმიანი. მზე უკვე კარგად იყო ამოწვერილი, მტრის მხარეზე მოძრაობა რომ შეწყდა. ყვითელჩალმიანიც სადღაც მიიმალა, მხოლოდ ნაღმსატყორცნი დარჩა ძველ ადგილას. ჩასაფრებული კატის პოზაში გადავიდა მთელი ბანაკი. ეტყობა, მსხვერპლიც მოახლოვდა. ფედოროვმა ვერ მოითმინა, საფარიდან გამოვიდა და მარცხნივ ხვლიკივით გაძვრა სიპებს შორის. ნაშალზე იწყო აცოცება. რამდენჯერმე ქვები ჩამოიშალა და კინაღამ უკან არ ჩამოჰყვა. როგორც მიაღწია მწვერვალს. წამით ფეხზე წამოიმართა და შემდეგ უკან ისკუპა. ქვებთან ერთად ჩამოცურდა. სწრაფად მოირბინა ჩემამდე. _ ქვევით ჩვენები არიან. ომს ვიწყებთ! _ თქვა მან და ავტომატის მოკლე ჯერი გაუშვა. დუშმანებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, მაგრამ არა ჩვენი მიმართულებით. იგრიალა ნაღმსატყორცნმა, კვამლში შეზავებული წყლის წვეთები აიტანა ჰაერში. გამოჩნდა ყვითელჩალმიანი, უნდოდა ნაღმსატყორცნი კვლავ გაეტენა, მოკლე ჯერი გავუშვი. ყვითელჩალმიანი რამოდენიმე წამი ისევ ფეხზე იდგა, შემდეგ მოსწყდა და ბექობზე ჩამოსრიალდა ციგასავით. სხვა წამოეხმარა _ ელვის სისწრაფით მიიჭრა ნაღმსატყორცნთან და ლულაში ნაღმი ჩააცურა. თითქმის ერთდროულად იგრიალა ნაღმმა და ჩემმა ავტომატმა. ჩვენს ქვემოთ ცაში მტვერი და ხრეში აიტანა. ჩაიჩოქა დუშმანმაც, ნაღმსატყორცნის ლულას ჩაეხუტა. რაღაცა წამით შეწყდა ავტომატებისა და ტყვიამფრქვევების კაკანი და ქვევით შორიახლოს გაისმა ჩვენი ბიჭების ერთმანეთში არეული ყიჟინა, კვნესა და გინება. დუშმანები მიხვდნენ, რომ ნაღმსატყორცნი საცეცხლე ზოლში ედგათ და უკან მოფარებულში ჩააცურეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ის მთელი თავისი ძალით ამუშავდა და ნახევარი საათის განმავლობაში შეუსვენებლად ურტყამდა ჩვენს ქვემოთ ხეობას. _ დაიღუპნენ... ერთიც აღარ გადარჩება... _ ყურში ჩამყვირა ფედოროვმა. მე მისკენ შევბრუნდი. ოფლში შეზელილი მტვრით ჰქონდა გადათხუპნული სახე. _ სროლას აზრი არა აქვს, ვეღარავის ვხედავ, _ ვუთხარი მე და პაპიროსი მივაწოდე. _ ერთი მჭიდიღა დამრჩა. ვაზნებს უნდა გავუფრთხილდეთ, _ ჩამყვირა კვლავ ფედოროვმა. პაპიროსი გამომართვა, ზურგით მიეყრდნო ლოდს და მოუკიდა. დუშმანები ისევ იმ სიხშირით ისროდნენ... ქვემოდან კანტი-კუნტად, მოკლე ჯერებად თუ გაიგონებდი ავტომატის ხმას. _ ვერტმფრენები! _ გიჟივით იყვირა ფედოროვმა. ისინი მოფრინავდნენ! როგორი ლამაზები და ახლობლები მეჩვენნენ. ხუთნი იყვნენ!.. სამმა დუშმანების პოზიციების მაღლა იწყო მანევრირება. ცეცხლოვანი კუდებით ლაღად ეშვებოდნენ რაკეტები მტრის განლაგებაში. აღფრთოვანებული ვუცქერდი. ეს იყო დიდი შვება _ იმგვარი შეგრძნება, მორევში ჩავარდნილს ხელს რომ გამოგიწვდიან. ორმა სანიტარულმა ვერტმფრენმა ერთხანს მაღლა იტრიალა, ხოლო შემდეგ ხეობაში იწყო დაშვება. _ უკვე მორჩა. ჩავიდეთ ჩვენებთან, _ იყვირა ფედოროვმა, არ დამელოდა, წამოხტა და ქვევით დაეშვა მდინარისაკენ. მეც შორიახლოს მივყევი. უცებ ჩავირბინეთ, შემოვუარეთ კლდის შვერილს. ეს იყო სასაკლაო: პირველივე გვამი გამოღმა ვნახეთ. პირქვე ეგდო, წყალი აქანავებდა. ვერ ვიცანი, ვინ იყო. ფედოროვი ჩემზე წინ გავიდა გაღმა, ბექობი აირბინა და გაჩერდა. წუთში მეც მასთან გავჩნდი. ირგვლივ ეყარა ხორცის ნაჭრები, სისხლში აზელილი ჯავშან-იარაღი და ტანსაცმლის ნაფლეთები. თოფისწამლის კვამლითა და სისხლის ორთქლით იყო გაჟღენთილი ჰაერი. სალტიკოვი პირდაპირ ჩვენს ფეხებთან გულაღმა ეგდო. მუცელი მთლად გადახსნოდა და ორივე ხელი ზედ მიეფარებინა. ვერტმფრენებმა სწრაფად იწყეს დაბლა დაშვება. იმედმა ძალა მისცა დაჭრილებს. წამოიწივნენ. ზოგმა წამოჩოქებაც მოახერხა. შორიახლოს ყურბანოვი შეირხა. თვალები ცისთვის გაეშტერებინა. მარჯვენა მხარი სისხლში ჰქონდა მოსვრილი და მკლავი უსიცოცხლოდ ეკიდა. მარცხენა თითებდაგლეჯილ წითლად შეღებილ ხელს იქნევდა ჰაერში. ვერტმფრენები რატომღაც ისევ მაღლა აიწივნენ. დაჭრილებს ოხვრა აღმოხდათ. ხელები დაბლა დაუშვეს, მიწაზე მიესვენნენ. მალე ვერტმფრენებმა დაბლა იწყეს დაშვება. კვლავ წამოიწივნნენ დაჭრილები. უცებ თითქოს მიწიდან ამოძვრაო, მედვედევი გაჩნდა ჩვენს წინ. საფეთქლიდან წამოსულ სისხლს მარჯვენა თვალი ამოევსო. მარცხენათი განმგმირავად შემოგვხედა. _ თქვენ საიდან აქ, დეზერტირებო?! დაჭრილებს მიხედეთ! _ იღრიალა და მიწის პირამდე დაშვებულ ვერტმფრენისაკენ შებრუნდა. ,,რაღა ეს გადარჩა ცოცხალი~... _ ძლივს მოვასწარი ამის გაფიქრება, რომ მან უცებ ბეჭზე წაივლო ხელი, ჩვენსკენ შემობრუნდა და ჩაიჩოქა. სიმწრისაგან თვალები დაეხუჭა და სახე მოღრეცოდა. ციებიანივით უთრთოდა ნიკაპი, წამის შემდეგ თავი მძლავრად გააქნია, მარცხენა თვალი გაახილა და შემომხედა. მიყურებდა მრისხანედ, ზიზღით, ქვეწარმავალს რომ უცქერენ, იმგვარად. წამით მზერა ჩემს ავტომატზე გადაიტანა და შემდეგ ისევ გამიყარა თვალი თვალში. ისევ ავტომატზე... და მე მივხვდი, მას ეგონა, რომ მე ვესროლე. რამდენიმე ხანს პითონისაგან დაჰიპნოზებული კურდღელივით მის წინ ვიდექი. ბოლოს მას ძალა გამოეცალა და პირქვე დაემხო. ვერტმფრენმა ჰაერში აიწია. დაბლა დარჩა სისხლში გაბანილი ბრძოლის ველი. ძრავის გუგუნს ერწყმოდა დაჭრილების ოხვრა და გინება. სალონში იდგა სისხლისა და ოფლის სუნი. ილუმინატორიდან გამოჩნდნენ საბრძოლო ვერტმფრენები. ისინი კვლავ ბომბავდნენ დუშმანთა პოზიციებს. მედვედევი პირქვე იწვა თვალებდახუჭული, ტუჩები მკაცრად მოეკუმა, შუბლი ოდნავ შეეჭმუხნა, არც ერთი ნაკვთი არ უტოკდა და მე მეგონა, რომ ის გონზე არ იყო. სანიტარმა საფეთქლიდან სისხლი მოსწმინდა. _ ბეჭებშია დაჭრილი, _ ვუთხარი მე. ჩემს სიტყვებზე მედვედევმა თვალი გაახილა და ისევ დახუჭა. სანიტარმა მაკრატლით გაუჭრა გიმნასტურა. ეს მეტად მოულოდნელი იყო _ ვერ აღვწერ რა გრძნობა დამეუფლა და დღესაც ჩემთვის გაუგებარია, საიდან გაჩნდა მედვედევის ზურგზე იულიას ტატუირება. წამით არ დავუჯერე საკუთარ თვალებს და დავხუჭე. გამახსენდა ჩემი მისამართით ნათქვამი მედვედევის სიტყვები: ,,რა ნაცნობი ტატუირებაა, სალაძე! აი, მესმის საყვარლისადმი ერთგულება~... და სადღაც გულში ძალიან მწარედ გამეცინა. ალბათ, მაშინ ჩემს სახეზე ზიზღნარევმა ღიმილმაც გაირბინა. პირიდან რაღაცა გაურკვეველი ხმა აღმომხდა, რომელმაც დაჭრილების კვნესა გადაფარა. ჯავრისა და ბოღმის ბურანიდან მაშინღა გამოვერკვიე, როდესაც ვერტმფრენი მიწას შეეხო. ჰოსპიტალში ერთი ღამე გავათიეთ. მეორე დღეს კი ჩვენი პოლკელი პრაპორშჩიკი დაგვემგზავრა, რომლის დახმარებითაც მოვახერხეთ სამხედრო ნაწილში დაბრუნება. დაბინდდა და ორმოცი კაცისათვის გათვალისწინებულ კარავში მე და ფედოროვი მარტონი აღმოვჩნდით და მაშინ უკვე ბოლომდე გავიცნობიერე მომხდარი, თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, მედვედევის ზურგზე იულიას ტატუირებას უფრო განვიცდიდი, ვიდრე სალტიკოვის გამოფაშვულ მუცელს და ყურბანოვის დაგლეჯილ მკლავებს. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგღა გავახსენდით და პოლკის შტაბში გამოგვიცხადეს, რომ ჩვენის დაკომპლექტებამდე მე-2 როტაში გადავყავდით. შტაბიდან პირდაპირ იქით გავწიეთ. არაფერს განვიცდიდი, არაფერზე ვფიქრობდი. მთელი ორგანიზმი მოდუნებულ-მომჩვარული მქონდა. თავდახრილი მივყვებოდი უკან ფედოროვს. უცებ ის შემობრუნდა და ღიმილით მითხრა: _ გახედე, ის არ არის შენი მზეთუნახავი? ჩვენიდან ორმოცდაათ ნაბიჯზე იულია მოდიოდა. მე უცებ მთელ სხეულში ჭინჭრის სუსხისმაგვარმა რაღაცამ დამიარა, ერთხანს ნაბიჯის გადადგაც კი ვერ მოვახერხე და ადგილზე დავტორტმანდი. მომეჩვენა, რომ ეს მანძილი ძალიან, ძალიან გაიწელა. ის მოდიოდა ჯიქურ, აჩქარებული ნაბიჯით. თავი ოდნავ უკან გადაეწია, მკაცრი სახე ჰქონდა, ორ ნაბიჯზე გაჩერდა, ერთხანს ხმას არ იღებდა, ნიკაპი უთრთოდა, შემდეგ საჩვენებელი თითი ლამის მკერდზე მომადო და გამკივანი ხმით თქვა: _ შენ მოკალი საშა, არა?! კრეტინო, არამზადავ! მე მთლად გამოვლენჩდი. ხმის ამოღება ვერ მოვახერხე, უარის ნიშნად მხოლოდ თავი გავაქნიე და თვალები დაბლა დავხარე. _ შენ მოკალი, შენ! სიკვდილის წინ მან ყველაფერი თქვა. მძულხარ! მეზიზღები! _ ბოლო სიტყვები მან ამოიქვითინა და ზურგი მაქცია. მე თავბრუ დამეხვა, ჩავჯექი, იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი და თავი ხელებში დავმალე. ასე ვიყავი რამდენიმე ხანს, თავი რომ ავწიე, იულია უკვე თვალს მიფარებოდა. როგორც შემდეგ შევიტყვე, მედვედევმა ჰოსპიტალში ხუთი დღე იცოცხლა. სიკვდილამდე გონება არ დაუკარგავს და მას შემდეგაც კი, რაც მკერდიდან სხვა ყალიბრის ტყვია ამოუღეს, დარწმუნებული ყოფილა, რომ მე ვესროლე. იულია აღარ მინახავს. გადიოდა თვეები და რაც უფრო ფერმკრთალდებოდა მისდამი ლტოლვა, მით უფრო ტკივილად ვგრძნობდი ზურგზე ტატუირებას, რომელიც ჩემში, უფრო მედვედევის ასოციაციას იწვევდა, ვიდრე იულიასას... დემობილიზაციის წინ ფედოროვს ვთხოვე და სიგარეტით ამომწვა ეს სვირინგი _ ჩემი ჯარისკაცული სიყვარულის დამღა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. წუხელ წავიკითხე. ტატუირება, ჩემი ლექსის მერე ისე ძალიან მომინდა რომ წამეკითხა, ხოდა არც ვნანობ, ძალიან ვისიამოვნე კითხვის პროცესში. რა კარგი პროზაა.5+ წუხელ წავიკითხე. ტატუირება, ჩემი ლექსის მერე ისე ძალიან მომინდა რომ წამეკითხა, ხოდა არც ვნანობ, ძალიან ვისიამოვნე კითხვის პროცესში. რა კარგი პროზაა.5+
20. იშვიათად ვკითხულობ გრძელ მოთხრობას, ეს კი ბოლომდე წავიკითხე. ძალიან ცოცხალი ნაწერია, მიუხედავად იმისა, რომ სტილისტურად გასამართია. ამას საერთოდ ნიჭს ეძახიან. ამბავიც ორიგინალურია. აი, დეტექტივი კი არ მომეწონა. წარმატებები იშვიათად ვკითხულობ გრძელ მოთხრობას, ეს კი ბოლომდე წავიკითხე. ძალიან ცოცხალი ნაწერია, მიუხედავად იმისა, რომ სტილისტურად გასამართია. ამას საერთოდ ნიჭს ეძახიან. ამბავიც ორიგინალურია. აი, დეტექტივი კი არ მომეწონა. წარმატებები
19. გმადლობთ, არმენ, მედღეური შევასწორე მედღევედ. როტაზე თავი შევიკავე. ჩვენი ომგამოვლილი მწერლები ასე ხმარობდნენ. თანაც ასეული ასთან არის დაკავშირებული. როტაში კი შეიძლება 150–ც იყოს. ტატუირებაც დავტოვე, კიდევ ერთხელ ვნახე და ორივე მნიშვნელობით იხმარება. კიდევ და კიდევ მადლობა. გმადლობთ, არმენ, მედღეური შევასწორე მედღევედ. როტაზე თავი შევიკავე. ჩვენი ომგამოვლილი მწერლები ასე ხმარობდნენ. თანაც ასეული ასთან არის დაკავშირებული. როტაში კი შეიძლება 150–ც იყოს. ტატუირებაც დავტოვე, კიდევ ერთხელ ვნახე და ორივე მნიშვნელობით იხმარება. კიდევ და კიდევ მადლობა.
18. დამავიწყდა მეთქვა, პატარა სტილისტური შენიშვნა კიდევ მაქვს, - მოთხრობას ალბათ ,,ტატუ" რომ რქმეოდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ტატუ კონკრეტული ნახატია, ,,ტატუირება" უფრო ტატუს კეთების პროცესია და რადგან მოთხრობაში აქცენტი არა ამ პროცესზეა, არამედ უფრო ნახატზე, ალბათ ,,ტატუ" იქნებოდა უკეთესი. თუმცა ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია და არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეცვლით თუ დატოვებთ, მოთხრობა არაფერს დაკარგავს მაინც. წარმატებები და ღმერთი თქვენკენ! დამავიწყდა მეთქვა, პატარა სტილისტური შენიშვნა კიდევ მაქვს, - მოთხრობას ალბათ ,,ტატუ" რომ რქმეოდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ტატუ კონკრეტული ნახატია, ,,ტატუირება" უფრო ტატუს კეთების პროცესია და რადგან მოთხრობაში აქცენტი არა ამ პროცესზეა, არამედ უფრო ნახატზე, ალბათ ,,ტატუ" იქნებოდა უკეთესი. თუმცა ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია და არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეცვლით თუ დატოვებთ, მოთხრობა არაფერს დაკარგავს მაინც. წარმატებები და ღმერთი თქვენკენ!
17. ბრავო და ისევ და ისევ ბრავო! თქვენ ერთგულ მკითხველად მიგულეთ! ერთი შენიშვნა მაქვს,რომელიც მთლად შენიშვნად არ ითვლება, რადგან თქვენ საბჭოთა ჯარში იმსახურეთ და ალბათ არ იცით ამ სიტყვის ქართული მნიშვნელობა-მედღეურს (მგონი ასე გეწერათ მგონი, სად ეწერა, ვეღარ ვიპოვე ამხელა მოთხრობაში, რომ დამეზუსტებინა) დღევანდელ ჯარში მედღევე ჰქვია და იქნებ ჩაგესწორებინათ(როტასთან დაკავშირებით უკვე გითხარით). ძალიან კარგად წერთ და აწი ხშირად ვიქნები თქვენი გვერდის სტუმარი! წარმატებებს გისურვებთ!
პ.ს. კითხვისას ჩემი ჯარში ყოფნის დრო მახსენდება და არც ჩემში იწვევს ეს დრო სასიამოვნო ასოციაციებს იშვიათი გამონაკლისების გარდა. ბრავო და ისევ და ისევ ბრავო! თქვენ ერთგულ მკითხველად მიგულეთ! ერთი შენიშვნა მაქვს,რომელიც მთლად შენიშვნად არ ითვლება, რადგან თქვენ საბჭოთა ჯარში იმსახურეთ და ალბათ არ იცით ამ სიტყვის ქართული მნიშვნელობა-მედღეურს (მგონი ასე გეწერათ მგონი, სად ეწერა, ვეღარ ვიპოვე ამხელა მოთხრობაში, რომ დამეზუსტებინა) დღევანდელ ჯარში მედღევე ჰქვია და იქნებ ჩაგესწორებინათ(როტასთან დაკავშირებით უკვე გითხარით). ძალიან კარგად წერთ და აწი ხშირად ვიქნები თქვენი გვერდის სტუმარი! წარმატებებს გისურვებთ!
პ.ს. კითხვისას ჩემი ჯარში ყოფნის დრო მახსენდება და არც ჩემში იწვევს ეს დრო სასიამოვნო ასოციაციებს იშვიათი გამონაკლისების გარდა.
16. მომეწონა,თუმც სხვანაირ დასასრულს ველოდი,ალბათ ბანალური იქნებოდა, მაგრამ მაინც.... მომეწონა,თუმც სხვანაირ დასასრულს ველოდი,ალბათ ბანალური იქნებოდა, მაგრამ მაინც....
15. ეგ კი შეძელით, მეუდაბნოვე, თანაც ძალიან კარგად. :) ეგ კი შეძელით, მეუდაბნოვე, თანაც ძალიან კარგად. :)
14. მე მინდოდა ჭაბუკის მიამიტობა და ჯარისკაცის უსუსურობა მეჩვენებინა. რამდენად შევძელი არ ვიცი.
დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ. მე მინდოდა ჭაბუკის მიამიტობა და ჯარისკაცის უსუსურობა მეჩვენებინა. რამდენად შევძელი არ ვიცი.
დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ.
13. ძალიან კარგად იკითხება. სიმართლე გითხრათ, ვუთანაგრძნე სალაძეს, რომელმაც ამდენი გადაიტანა იულიას გამო და საბილოვოდ "დაჯილდოვდა" სიძულვილით. ფაქტია, რომ მედვედევი და იულია ადრე იცნობდნენ ერთიმეორეს და რაღა საჭირო იყო "სიყვარულობანას" თამაში სალაძესთან?! :) ამიხსენით, მეუდაბნოვევ. :) :)
პატივისცემით: ტენდი 5 ძალიან კარგად იკითხება. სიმართლე გითხრათ, ვუთანაგრძნე სალაძეს, რომელმაც ამდენი გადაიტანა იულიას გამო და საბილოვოდ "დაჯილდოვდა" სიძულვილით. ფაქტია, რომ მედვედევი და იულია ადრე იცნობდნენ ერთიმეორეს და რაღა საჭირო იყო "სიყვარულობანას" თამაში სალაძესთან?! :) ამიხსენით, მეუდაბნოვევ. :) :)
პატივისცემით: ტენდი 5
12. ვააჰ, ახლაღა გამახსენდა, რომ ამ ნაწერის პასაჟი მესიზმრა გუშინ :)
(მეტი რაღა უნდა ვთქვა :) ) ვააჰ, ახლაღა გამახსენდა, რომ ამ ნაწერის პასაჟი მესიზმრა გუშინ :)
(მეტი რაღა უნდა ვთქვა :) )
11. ნამდვილად საინტერესო, გაუგებარი, იდუმალი და უცნაურია ჯარისკაცული სიყვარულის ისტორია! გველის ნაკბენის დამუშავების მეთოდი ჯარისკაცებს პირველ დღიდანვე ასწავლიან მითუმეტეს ავღანეთში. ემოციურად დავიტვირთე, თუმცა ძალიან მომეწონა კარგად წერ! ნამდვილად საინტერესო, გაუგებარი, იდუმალი და უცნაურია ჯარისკაცული სიყვარულის ისტორია! გველის ნაკბენის დამუშავების მეთოდი ჯარისკაცებს პირველ დღიდანვე ასწავლიან მითუმეტეს ავღანეთში. ემოციურად დავიტვირთე, თუმცა ძალიან მომეწონა კარგად წერ!
10. ბოლომდე როგორ ჩავედი არც მახსოვს...ისეთი ინტერესით ვკითხულობდი...5555 ოღონდ ეს მედბედევი ვინ აღმოჩნდა იულიასი, მაინც ვერ მივხვდი მთლად დარწმუნებით...:) ბოლომდე როგორ ჩავედი არც მახსოვს...ისეთი ინტერესით ვკითხულობდი...5555 ოღონდ ეს მედბედევი ვინ აღმოჩნდა იულიასი, მაინც ვერ მივხვდი მთლად დარწმუნებით...:)
9. ძალიან მომეწონა კარგი ისტორიაა ნამდვილად....
და კარგად მოტანილი მკითხველამდე....
დასაწყისიც კარგია დადასასრულიც.... ძალიან მომეწონა კარგი ისტორიაა ნამდვილად....
და კარგად მოტანილი მკითხველამდე....
დასაწყისიც კარგია დადასასრულიც....
8. ძალიან მაგარია, ძმაო შესანიშნავად წერ, ვერ მოვწყდი ძალიან მაგარია, ძმაო შესანიშნავად წერ, ვერ მოვწყდი
7. დასასრული დასაწყისზე უკეთესია. ძალიან, ძალიან მომეწონა! დასასრული დასაწყისზე უკეთესია. ძალიან, ძალიან მომეწონა!
6. რამხელა ნაწერი წამიკითXია? :-O მშვენიერი თხრობა გაქვს,საინტერესო ისტორია იყო,საშინელი წარმოსადგენიც
რამხელა ნაწერი წამიკითXია? :-O მშვენიერი თხრობა გაქვს,საინტერესო ისტორია იყო,საშინელი წარმოსადგენიც
5. ველოდი და სიამოვნებით წავიკითხე.. არაფრისმთქმელი--5 ველოდი და სიამოვნებით წავიკითხე.. არაფრისმთქმელი--5
3. რა კარგია, დიდხანს რომ არ გვალოდინეთ...და საერთოდაც, კარგია! რა კარგია, დიდხანს რომ არ გვალოდინეთ...და საერთოდაც, კარგია!
2. რა კარგად წერს ეს ავტორი. შესანიშნავი მოთხრობაა. უმაღლესი შეფასება ჩემგან. რა კარგად წერს ეს ავტორი. შესანიშნავი მოთხრობაა. უმაღლესი შეფასება ჩემგან.
1. გაწაფულუ გულით, ხელით ნაწერი და და ძალიან კარგი. სულმოუთქმელად წავიკითხე. 5.
გაწაფულუ გულით, ხელით ნაწერი და და ძალიან კარგი. სულმოუთქმელად წავიკითხე. 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|