ანა მამაკაცს მკერდზე მთელი ძალით მიეკრა. რაც უფრო მეტად უჭერდა ხერხემალთან ხელებს, მით უფრო ნეტარებას გრძნობდა, გიჟურ ვნებას განიცდიდა. კაცი კატასავით კრუტუნებდა. ანას აგიჟებდა ეს ხმა. სამხრობას გადაცილებული იყო, რომ ჩაიცვეს. ქალი ჩქარობდა. მამაკაცს უნდოდა ცოტა ხანს კიდევ დაეტოვებინა. მის წინ დაიჩოქა, ხელები თეძოებზე შემოხვია, ნიკაპი მიაყრდნო, თავი მაღლა წამოწია და მუდარის თვალით შეხედა. _ დარჩი, გეხვეწები... კიდევ დარჩი, დატოვე ქმარი და სამუდამოდ ჩემთან დარჩი. არ ვიცი, რა მემართება, უშენოდ ყოფნა არ შემიძლია, _ ბუტბუტებდა კაცი. ქალმა მწუხარე სახით გაიცინა, თითები ქოჩორში შეუცურა, ბავშვივით გადაუსვა და დამარწმუნებელ კილოზე უთხრა: _ შენ ყველაფერი არ იცი. ეს არც ისე იოლია... _ არ გიყვარვარ... რომ გიყვარდე, ყველაფერს გააკეთებდი. _ ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ცოტა უნდა მოვიცადოთ. ქალმა მამაკაცის ხელები თეძოებიდან ნაზად მოიცილა, ჩანთა აიღო, ღიმილით დაემშვიდობა და ბინიდან გავიდა. ჯერ იფიქრა, ტაქსი გაეჩერებინა, მაგრამ ეს აზრი მაშინვე მოიშორა _ არ იყო მზად, სახლში ასე მალე მისულიყო. უნდოდა, ჯერ ემოციებისგან განტვირთულიყო. დროის მოსაკლავად ქუჩას ფეხით გაუყვა, მაგრამ ემოციები პირიქით, უფრო მეტად და მეტად იპყრობდნენ გულს. * * * მთელი ცხოვრება ხიფათისგან თავის დაძვრენაში გაატარა. მიზნისკენ მუდამ შეუპოვრად მიიწევდა და ყოველთვის ახერხებდა თანმდევ უსიამოვნებათა გვერდის ავლას. დღემდე რომანტიული არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად რეალისტიც კი იყო. სიყვარულზე თავისებური წარმოდგენა ჰქონდა, რომლის ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი აწ განსვენებულმა დედამისმა ითამაშა. კაცი მისთვის მხოლოდ არსობის პურისა და კომფორტის ნაყოფის მომცემი ხე იყო და მეტი არაფერი... მიაჩნდა, რომ მამაკაცთან ლოგინში მხოლოდ გასცემდა, სანაცვლოდ კი სხვა რამ უნდა მიეღო. ქმარიც ამ ნიშნით შეარჩია: თავისზე საკმაოდ უფროსი, ძველი შეძლებული ოჯახის შთამომავალი, დეტექტივების დიდოსტატი მალხაზ გაბოიძე წიგნის პრეზენტაციაზე გაიცნო. მწერლობის დიდად მოყვარული არ გახლდათ. პრეზენტაციაზე წინასწარი განზრახვით მივიდა. იცოდა, ავტორი ფულიანი ბერბიჭა რომ იყო და, ბედი სცადა _ წიგნი შეიძინა, ავტოგრაფი სთხოვა, თან ვნებიანად გაუღიმა და ხმაში მთელი თავისი მომხიბვლელობა ჩაატია: _ ბატონო მალხაზ, მე თქვენი დეტექტივები სიგიჟემდე მომწონს. თქვენ ახალი სიტყვა თქვით. დამნაშავეთა განსაკუთრებული ფსიქოტიპი შექმენით. საზოგადოებას სხვა კუთხით დაანახეთ პრობლემა. ვფიქრობ, თქვენი ნოველების წამკითხველს მართლმსაჯულებისადმი განსაკუთრებული გრძნობა ჩამოუყალიბდება. ეს ნამდვილად საზოგადოების აღზრდას ემსახურება. მაგრამ, ბატონო მალხაზ... _ ქალმა ამ დროს სერიოზულობის ნიღაბი მოირგო, თუმცა შეეცადა, მის თვალებს გულუბრყვილო იერი შეენარჩუნებინათ,_ რამდენიმე თქვენი პერსონაჟი არასტანდარტულად იქცევა. ისინი თქვენ დადებით გმირებად გყავთ გამოყვანილი, მაშინ როცა მათი ცხოვრება საზოგადოებისგან აღიარებული ნორმების ჩარჩოებში არ ჯდება. მინდოდა ამ პერსონაჟთა შესახებ მესაუბრა, თუ თქვენს ძვირფას დროს დამითმობდით... ანამ ეს სიტყვა წინა საღამოს მოამზადა. მთელი საათი ჯახირობდა _ წერდა, ხოლო შემდეგ ორი საათის განმავლობაში სარკის წინ რეპეტიციას გადიოდა. მწერალი მალხაზ გაბოიძე არც ისე გულუბრყვილო კაცი იყო, მაგრამ სხვა მხრივ უბრალო და თავმდაბალი ადამიანი, საკუთარ პროფესიაში მეტად პატივმოყვარე გახლდათ... იმდენად პატივმოყვარე, რომ, თუ ის ვინმეთი აღფრთოვანებული იყო, მხოლოდ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებით. ამიტომაც ანას სიტყვები მის პატივმოყვარეობას სალბუნივით მოეცხო, წიგნს ავტოგრაფი წააწერა, ორი თბილი წინადადებაც დაურთო, ტელეფონის ნომერიც მისცა და სთხოვა, აუცილებლად დამირეკეო. ასე დაიწყო მათი ურთიერთობა, რომელიც ერთი თვის თავზე ქორწინებით დამთავრდა. * * * ანა ტროტუარზე მიდიოდა, გარშემო ვერავის ამჩნევდა. მუდამ თავაწეულს, ახლა თავი ჩაექინდრა, მზერა საკუთარი ფეხებისკენ მიემართა, ქვედა ტუჩის შიდა კიდე კბილებშუა მოექცია, და გამალებით ფიქრობდა. არ გეგონოთ, რომ გადაულახავი პრობლემა მისთვის ქმარი იყო. იმ ადამიანთა კატეგორიას არ ეკუთვნოდა, რომლებიც საკუთარ ბედნიერებას სხვას სწირავენ. სულაც არ ადარდებდა, რას იზამდა უმისოდ ქმარი, არ ანაღვლებდა მისი გრძნობები, შეეძლო თუნდაც ამ საღამოს, ან ხვალ დილას გაყინული სახითა და ცივი გონებით განეცხადებინა: ,,ნახვამდის, მე შენთან აღარ მინდა ვიცხოვროო~, და მიეტოვებინა. ამისთვის აბსოლუტურად მზად იყო, მაგრამ მის ცხოვრებაში არსებობდა სხვა ადამიანი, რომლისგანაც თავის დაძვრენა გაუჭირდებოდა. ეს იყო მისი საყვარელი, პოლიციის კაპიტანი, უფროსი გამომძიებელი ირაკლი კორაული. თაგვი კიდევ შეიძლება დაუძვრეს კატას თათებიდან, ამ კაცისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. ანას ზუსტად წარმოედგინა ის რეაქცია, რომელიც ირაკლის ამ ამბის გაგების შემდეგ ექნებოდა: ის კეფასთან თმაში სწვდებოდა, თავისკენ მოქაჩავდა, თავს მაღლა აუწევდა, თავისი დაჭმუჭნული, ნაიარევი შუბლით შეუბღვერდა, შავი გამჭოლი თვალებით თვალებში ჩახედავდა და ეტყოდა: _ მე შენ რვაწლიანი სროკიდან გამოგაძვრინე, შენი დედა... და რას ბედავ, ბოზო! ანამ ეს სურათი იმდენად თვალნათლივ წარმოიდგინა, რომ კეფაზე თმის ძირები აეწვა. ,,არა, მან არ უნდა გაიგოს ეს ამბავი, თორემ დამღუპავს, ციხეში გამიშვებს, ან სულაც გამაქრობს~, _ ამ ფიქრებში იყო, ,,სტეილსის~ ფირმის მაღაზიას რომ ჩაუარა, ვიტრინაში მანეკენებს მოკრა თვალი და შებრუნდა. მაღაზიაში ნახევარი საათი დარჩა, ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე კაბა მიიზომა. არაფრის ყიდვა არ სურდა, უბრალოდ უნდოდა, ვინმეს გამოლაპარაკებოდა, განტვირთულიყო. კაბების მორგება და სარკის წინ პოზირება ამშვიდებდა, გამყიდველი ქალების ყალბი ემოციები ართობდა. ეს მისი ნაცადი ხერხი იყო: თითქმის ყოველთვის, როცა თავს კარგად ვერ გრძნობდა, მაღაზიებს დაივლიდა, ნივთებს დაათვალიერებდა, ფასს იკითხავდა, ტანსაცმელს მოიზომავდა, ძვირფასეულობას მოირგებდა, საკუთარ თავს საჩუქრად თუნდაც იაფფასიან ნივთს მიუძღვნიდა და იქიდან გამოსული უკვე სულ სხვა ადამიანი გახლდათ. ექვსი საათი იქნებოდა, მაღაზიიდან რომ გამოვიდა. საკმაოდ დამშვიდებულიყო. ,,სად წავიდე?~ _ საკუთარ თავს ეს კითხვა დაუსვა და გაახსენდა სადღაც წაკითხული თუ განაგონი: ,,ახლოს გყავდეს მეგობრები და განსაკუთრებით_მტრები~. გაიღიმა, გულში გაეცინა კიდეც. ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და დარეკა: _ ალო, იკა... მე ვარ, ძალიან მინდა შენი ნახვა... რატომ? არ იცი, რატომ? მომენატრე. ხატაში დაგელოდები... ორი საათი ბევრია. იქნებ მალე მოახერხო. ტელეფონი ჩანთაში ჩადო და ტაქსი გააჩერა. _ ზემო ვერა!.. _ ყოველგვარი შესავლის გარეშე უბრძანა მძღოლს და სავარძელზე მიესვენა. ათიოდე წუთში ადგილზე იყო. სადარბაზოში სწრაფი ნაბიჯით შევიდა. სამი სართული თითქმის სირბილით აიარა, გასაღები კარს სწრაფად მოარგო, შევიდა, ცოტა შეისვენა, შემდეგ ლოჯიის კარი შეხსნა და მისი მზერა სეიფს შეეჯახა. ,,ნეტა რას ინახავს აქ~? _ ეს ფიქრი ანას იმ დღიდან აეკვიატა, როცა პირველად შემოდგა ამ ბინაში ფეხი. ქალი სეიფს ფრთხილი, კატისებური ნაბიჯით მიუახლოვდა და დაეყრდნო. რკინის ცივი სიგრილე იგრძნო ხელისგულმა. ,,როგორ გავხსნა ეს ოხერი რკინა? როგორ~? _ ჰკითხა უკვე მერამდენედ თავს... ანამ იცოდა, რომ მისი საყვარელი ყველა შავ საქმეს აქ ინახავდა. გუმანით გრძნობდა, რომ ამ კაცისგან მისი ხსნის გზა ამ რკინის ყუთზე გადიოდა. შეეძლო გარიკასთვის ან პუშკინასთვის დაერეკა. ისინი წუთში გახსნიდნენ სეიფს, მაგრამ ქალს მათთან საქმის დაჭერა უკვე აღარ სურდა. ,,ნეტა სად ინახავს გასაღებს? რომელი კედლის ჭუჭრუტანაში დებს? იქნებ ღირდეს ბინა გადავჩხრიკო... კარგად მახსოვს გასაღების ასხმულაზე მას ამ სეიფის გასაღებები აცმული არ აქვს. ნამდვილად ბინაში ინახავს სადღაც~, _ფიქრობდა ქალი და თანდათან რწმუნდებოდა, რომ გასაღები ახლოს იყო... კომპლექსურად მიყვა: ჯერ ლოჯია გაჩხრიკა, ყოველი ნივთი ხელში გაატარა და აკურატულად დაუბრუნა თავის ადგილს, რათა ირაკლის მაძებრის თვალს არ ეგრძნო. შემდეგ სამზარეულოში გადავიდა, ყველა საგანი დაათვალიერა. საძინებელშიც ვერ მიაგნო და უკვე საათნახევარი იყო გასული, იმედგადაწყვეტილი და დაღლილი სავარძელზე რომ დაეშვა. ამ დროს მისი მზერა ჭაღმა მიიპყრო. ფეხზე ადგა, კარგად დააკვირდა და მოეჩვენა, რომ ხუფს, რომელიც ჭერზე ჭაღის საკიდს ფარავს, ნათითურები ეტყობოდა. სკამზე დადგა, ხუფს მისწვდა და შეანჯღრია. შიგნიდან ლითონმა გაიწკრიალა. გული მოლოდინმა შეუფართხალა. სკამიდან ჩამოვიდა, სამზარეულოდან დანა მოიტანა, ხრახნი დაუშვა, ხუფი ჩამოწია, ხელი ჩაყო და მის მღელვარებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გასაღები მოხვდა ხელში. ირაკლიმ არ შემომისწროსო, გაიფიქრა და ტელეფონს დასწვდა. _ ალო, იკა, საათნახევარია, ვზივარ და გელოდები. _ რაღაც საქმე გამომიჩინეს... კიდევ ცოტა დამაგვიანდება... დამელოდე. ,,კიდევ ცოტა, ალბათ, ერთი საათი მაინც იქნება~, _ გაიფიქრა ქალმა და გასაღები სეიფს მოარგო. სახეზე იმედგაცრუებულის იერი გადაეკრა, როცა იქ ორი საქაღალდის გარდა არაფერი დახვდა. სეიფის დაკეტვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა, საქაღალდე, რომელსაც ზევიდან `ბუხუტიძეების მკვლელობის საქმე~ ეწერა, გახსნა და ქაღალდებს დაუწყო თვალიერება. მოწმეთა, ბრალდებულთა და დაზარალებულთა ჩვენებები გახლდათ. პირველივე აბზაცის ჩაკითხვისთანავე დაინტერესდა, რადგან საქმე გახმაურებულ მკვლელობათა სერიას ეხებოდა. გაახსენდა, რომ სამი წლის წინ მთელი ქალაქი ამ ამბით იყო შეძრწუნებული და საათზე დაიხედა. ,,ამ ქაღალდებს მის მოსვლამდე ვერ ჩავიკითხავ~, _ გაიფიქრა და კვლავ ტელეფონს დასწვდა. _ იკა, საყვარელო, სად ხარ? _ დამელოდე... ერთ საათს აღარ გადავაცდენ, ჩემო კნუტო, _ მოესმა პასუხად. როცა საყვარელი მისი მისამართით ,,ჩემო კნუტოს~ ხმარობდა ეს ნიშნავდა, რომ კარგ ხასიათზე იყო. ,,იქნებ ასლების გადაღება მოვასწრო,~ _ გაივლო გულში, საქაღალდე დაკეცა, სეიფი დახურა და ქუჩაში გამოვიდა. `ბუხუტიძეების საქმე~ ნახევარ საათში დააკოპირა, შესანახად მაღაზიის გამყიდველს დაუტოვა, უკან დაბრუნდა, დედანი და გასაღები თავის ადგილზე შეინახა და საყვარელს მოთმინებით დაუწყო ლოდინი. ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, შინ რომ დაბრუნდა. ქმარი კაბინეტში ჩვეულ პოზაში იჯდა და წერდა. შევიდა თუ არა, მის წინ მაგიდაზე თეძო ჩამოდო, ორივე ხელი ქმარს კისერზე შემოაჭდო, გაიზმორა და თქვა: _ რომ იცოდე, როგორ დავიღალე, საყვარელო. მთელი საღამო ელენიკოსთან ვარ და მის წუწუნს ვუსმენ. _ ელენიკო ვინ არის? _ ქალის ხელებიდან თავი დაიძვრინა ქმარმა. _ კაი, ერთი... რამდენჯერ უნდა გაგაცნო? თხუთმეტჯერ მაინც არის ჩვენთან ნამყოფი. აი ის, ნამცეცას რომ ვეძახი... ვერ იხსენებ? კაცმა მხრები აიჩეჩა. ანამ მის მოძრაობას ყურადღება არ მიაქცია და ქაქანი განაგრძო: _ იცი? ქმარი ეყრება. ისედაც ნამცეცა იყო, ახლა მთლად დაპატარავებული მეჩვენა. ძალიან, ძალიან შემეცოდა. იცი, რა წარმოვიდგინე? თითქოს შენ გამეყარე და ტირილი მომინდა. თავი ყველაზე უბედურ ქალად ვიგრძენი. ხომ არ გამეყრები, საყვარელო? ხომ, მუდამ ჩემი იქნები? არც კი იფიქრო... იცოდე, არ გაგიშვებ... _ და ქმრის თავი მკერდზე მიიხუტა და თავზე ხმაურიანად აკოცა. მეორე დღეს ადრიანად გაეღვიძა, ქმარს ყავით გაუმასპინძლდა და სახლიდან გავიდა. ნახევარი საათის შემდეგ `ბუხუტიძეების მკვლელობის საქმის~ ასლებით ხელში უკან დაბრუნდა, თავის ოთახში განმარტოვდა და საქმის შესწავლა დაიწყო. ბოლოში რომ გავიდა, სამხრობის ჟამი იყო. ,,ნეტა რამდენი ჩაიჯიბა იმ ღორმა ამ ფაქტების დამალვაში?~ _ თქვა გულში და იმაზე ფიქრი დაიწყო, ამ საქმეში მისთვის სახეირო თუ იყო რამე. პირველი, რაც თავში მოუვიდა, ის გახლდათ, რომ საქაღალდე რომელიმე ჟურნალისტისთვის გადაეცა. გაზეთები განგაშს ატეხდნენ, დამნაშავეებს დაიჭერდნენ და ზედ მათ მფარველ ირაკლისაც მიაყოლებდნენ. ეს არ იყო ცუდი აზრი. ამით ანა ურჩხულს თავიდან მოიცილებდა, შემდეგ ქმარს ეტყოდა, ნახვამდისო, და თავისუფალი გახდებოდა. კაი ხნის ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ეს შეიძლება მის წინააღმდეგ შემობრუნებულიყო. ირაკლი ის ჩიტი არ იყო, ვერ გაეგო, საიდან გაჟონა მისმა საიდუმლომ. ანაზე შურს იძიებდა. ,,იქნებ მეორე საქაღალდეში ჩემი საქმეც იყო... რატომ არ ვნახე?~ _ გაჰკრა გულში და ის ოპტიმისტური განწყობა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა, გაუქრა და გულზე შიში და მწუხარება ლოდივით დააწვა. მეორე დღეს უთენია გაეღვიძა. ქმარს გადახედა, ,,როგორ მომწყინდა ამ კაცთან წოლა!~ _თითქმის ხმამაღლა უთხრა საკუთარ თავს, ზურგი შეაქცია და საბანი თავზე გადაიფარა. უცებ მისი გონება აზრმა გაანთა და კინაღამ `ევრიკაო~ იყვირა. იმდენად მძლავრი იყო განცდა, რომ ლოგინში ყოფნა ვეღარ შეძლო, ადგა, სამზარეულოში გავიდა, სიგარეტს მოუკიდა, ყავადანი ქურაზე დადგა და მოქმედების დეტალების დალაგებას შეუდგა. ,,ბრწყინვალეა, _ ბუტბუტებდა, _ შესანიშნავია, ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავ~... და ირაკლი შუბლგახვრეტილი და ქვაფენილზე გაგორებული წარმოიდგინა. ,,ახლა კი ვუპოვე გასაღები: ორივეს_ჩემ შტერსაც და იმ ბინძურ ღორსაც უმტკივნეულოდ მოვიშორებ~. ის საყვარელსა და ქმარს ამ სიტყვებით იხსენიებდა. ხანდახან ქმარს ,,ჩემო შტეროთი~ მიმართავდა. საყვარელს, რა თქმა უნდა, პირში ,,ბინძურო ღოროო~, ვერ აკადრებდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ამ კაცს ღორის გენები ჰქონდა. ,,ერთი გასროლით ორი კურდღელი~, _ აღტაცებული იძახდა და სამზრეულოში მიმოდიოდა. ქმარი მოგვიანებით ადგა. ანამ ისეთი სიხარულით გაუღიმა, თითქოს დიდი ხანია არ ენახოს და მონატრებული ჰყოლოდეს. ყავა მოუდუღა, სუფრა გაუშალა და ჰკითხა: _ რაზე მუშაობ, საყვარელო? კაცმა უხალისოდ ახედა და თქვა: _ რაზე უნდა ვმუშაობდე? დეტექტივს ვწერ. _ მერე, როდის ამთავრებ? _ არ ვიცი, გავიჭედე. _ იცი, მე მაქვს დეტექტივისთვის სიუჟეტი. ქმარმა გაკვირვებით შეხედა. ამ ბოლო დროს ანა მისი საქმიანობისადმი ნაკლებ ინტერესს იჩენდა და ეს ყურადღება ესიამოვნა: _ მომიყვები? _ მოგიყვები, _ თქვა ქალმა და ,,ბუხუტიძეების მკვლელობის საქმის~ მიხედვით შეთხზული სიუჟეტი მოუთხრო. _ კარგია... საინტერესოა, _ თქვა მალხაზმა და ანას კმაყოფილმა გაუღიმა. _ როდის დაიწყებ? _ ჰკითხა ქალმა _ თუ მომეხმარებოდი, შეიძლება დღესვე დამეწყო. _ მოგეხმარები, _ ყალბი აღტაცებით თქვა და შუბლზე აკოცა. სამი დღე სახლიდან არ გასულა, ქმართან ერთად იმუშავა, ზედ დაჰკანკალებდა და მის ფანტაზიას გასაქანს არ აძლევდა, არ უნდოდა, ნაწერი ,,ბუხუტიძეების მკვლელობის საქმეს~ ოდნავადაც კი დაშორებოდა. განსაკუთრებულ კატეგორიულობას სახელებისა და გვარების შერჩევაში იჩენდა. კაცმა ბოლო წინადადებას წერტილი დაუსვა, თავიდან ბოლომდე ერთხელ კიდევ ჩაიკითხა და კმაყოფილმა თქვა: _ ყოჩაღ, კარგი გამოვიდა. სიუჟეტი მძაფრია და მეტად რეალისტური. მალხაზი თავის ნაწარმოებებს ჟურნალ ,,ქართულ ნოველაში~ ბეჭდავდა, რომელიც თვეში ერთხელ გამოდიოდა და სწორედ მისი დეტექტივების წყალობით იყო პოპულარული. ქმრისგან როცა მოისმინა, რომ მათი შედევრის დაბეჭდვა მხოლოდ თვენახევრის შემდეგ თუ მოხერხდებოდა, გაოცებულმა იკითხა: _ უფრო ადრე არ შეიძლება? შენ ამბობ, რომ ეს ჟურნალი შენს კალამზე დგას და ნუთუ არ შეგიძლია, რომ უახლოეს ნომერში დაიბეჭდოს? კაცმა მხრები აიჩეჩა და ცოლს ღიმილით უთხრა: _ გინდა ამ ნოველის ავტორი შენ იყო? _ არა! _ შეშინებულმა იყვირა ქალმა, _ რა საჭიროა? ნოველა მალხაზმა რედაქციაში მეორე დღესვე მიიტანა და მოულოდნელად რედაქტორი უახლოეს ნომერში ჩასმას შეპირდა. ორი კვირის შემდეგ ჟურნალიც გამოვიდა. ანამ ის დილაადრიან შეიძინა, ხელის ცახცახით გადაფურცლა და როცა დარწმუნდა, რომ მისი ქმრის დეტექტივი ადგილზე იყო, მოლოდინით აღელვებული შეღამებამდე ქუჩაში დაეხეტებოდა. გადიოდა დღეები და, ანას გასაკვირად, არაფერი ხდებოდა. ქმარიც ჩვეულ რიტმში ცხოვრობდა და ამ ხნის განმავლობაში არც მისი საყვარელი შეუწუხებია ვინმეს. ერთი კვირის ლოდინის შემდეგ ქალმა დაასკვნა, რომ ჟურნალი ადრესატამდე არ მისულა და ბევრიც არ უფიქრია, მოქმედებას შეუდგა: კომპიუტერზე აკრიფა ტექსტი: ,,გვარაძე თემურ, წაიკითხე ჟურნალი ,,ქართული ნოველა~. იქ შენთვის საინტერესო რამეს ნახავ~. ბარათი კონვერტში ჩადო, მისამართი ,,ბუხუტიძეების მკვლელობის საქმიდან~ ასო-ასო გადმოწერა და ფოსტაში წაიღო. იმავე დღეს, რა დღესაც ,,ქართული ნოველა~ გამოვიდა, მალხაზს მეგობარმა, რამაზ საყვარელიძემ დაურეკა. ის კრწანისის რაიონში პროკურორის მოადგილედ მუშაობდა. მწერალთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა. მალხაზი მას თავისი დეტექტივების ყველაზე საუკეთესო შემფასებლად თვლიდა და ხშირად სთხოვდა კონსულტაციას კრიმინალისტიკურ დეტალებში. _ მალხაზ, შენი დეტექტივი წავიკითხე. საუბარი მინდა, თუ მოიცლი. ძმაო, აუცილებელი საქმე მაქვს, _ უთხრა რამაზმა. _ რას ჰქვია მოვიცლი, რამაზ. არავის სამსახურში არ ვარ, რომ გრაფიკი სხვამ შემიდგინოს. როცა გინდა, მაშინ შევხვდეთ. _ შესვენება პირველზე მეწყება. თუ მოახერხებ, ,,ნინიას დუქანში~ გამოიარე. პირველი სრულდებოდა, მალხაზი დუქანში რომ შევიდა. იქაურობა ხინკლის სუნით იყო გაჟღენთილი. ოცი დაუკვეთა. მყუდრო მაგიდა შეარჩია და დაჯდა. რამაზიც მალე გამოჩნდა თავისი წინ გამოწეული ღიპითა და ღაჟღაჟა ლოყებით. ერთმანეთი მოიკითხეს, ხინკლის მოხარშვამდე თითო ლუდი დალიეს და რამაზმა სიტყვა ჩამოაგდო: _ შენი დეტექტივი წავიკითხე. მეგობრები ვართ და პირდაპირ გკითხავ: ვინ მოგცა მასალები? _ რა მასალები? _ დაიბნა მალხაზი. _ სიუჟეტი ვინ მოგაწოდა? _ როგორ მიხვდი, რომ სიუჟეტი ჩემი არ არის? ჩემს სტილს არ გავს, არა? _ გადაიხარხარა მწერალმა. _ არა, მეგობარო... ამბავი, რომელიც შენ აღწერე, რამდენიმე წლის წინ სინამდვილეში მოხდა და თავს ნუ იკატუნებ. _ ეს არ ვიცოდი... სიუჟეტი ცოლმა შემომთავაზა, _ თქვა მალხაზმა და სახეზე ჩვეული გულახდილობა გამოეხატა, _ ეტყობა, ანამ მეგობარი ქალებისგან მოისმინა. _ ამ საქმეს ვაკე-საბურთალოს რაიონის უფროსი გამომძიებელი ირაკლი კორაული იძიებდა, ეჭვმიტანილებიც გამოიკვეთნენ, სწორედ ისინი, ვინც შენ მოთხრობაში გყავს დასახელებული. შემდეგ ძიება სხვა კუთხით წარიმართა და ჩიხშიც მოექცა. ის, ვინც ეს საქმე თავის თავზე აიღო, არა მგონია ამის გამკეთებელი იყოს... უბრალოდ, არც ჭკუა ეყოფოდა და არც სიმამაცე. მოკლედ, ყველამ იცის, რომ ეს საქმე შეთითხნეს. შენ ისე დაწვრილებით გაქვს ყველა წვრილმანი და მიზეზ-შედეგობრიობა აღწერილი, თანაც კონკრეტული სახელ-გვარებით, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ანას არ შეეძლო დაქალებისგან მოესმინა. შენ ვიღაც სხვამ მოგაწოდა ინფორმაცია... _ რას ამბობ, რამაზ! ჩემს გულწრფელობაში შეგაქვს ეჭვი? ამასობაში ხინკალიც მოიტანეს, ათ-ათს თითო კათხა ლუდიც დააყოლეს და რამაზმა გამომშვიდობებასავით თქვა: _ კაი, შენ იცი შენი საქმისა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დეტალები მხოლოდ ირაკლი კორაულს შეეძლო სცოდნოდა. ერთმანეთს დაშორდნენ და რამაზმა სიტყვა დაადევნა: _ თავს გაუფრთხილდი, ბიჭო! მალხაზს ეს სიტყვები არ ესიამოვნა. სახლში მისულს ანასთვის არაფერი უთქვამს და რამაზთან საუბრის დეტალებზე დიდხანს ფიქრობდა. მიაჩნდა, რომ რამაზის მისდამი ეჭვიანი დამოკიდებულება უბრალო ახირება იყო და სხვა არაფერი. ერთ კვირაზე მეტი გავიდა ამ ამბის შემდეგ. ცოლ-ქმარი გვერდიგვერდ სავარძელში იჯდა და ,,რუსთავი-2~-ის ღამის საინფორმაციო გამოშვებას ადევნებდა თვალს, როცა უფროსი გამომძიებლის ირაკლი კორაულის მკვლელობის შესახებ გადმოსცეს. ეკრანზე კადრიც გამოჩნდა: გამომძიებელი ქუჩაში სისხლში მოთხვრილი ეგდო. ანამ თავისდაუნებურად შეჰყვირა და მალხაზმა მის ხმაში დაიჭირა ერთმანეთში აზელილი სიხარული და დიდი შიში. _ რა მოგივიდა? _ შუბლშეკრულმა ჰკითხა ქმარმა. _ არაფერი... კაცი მოკლეს... _ თავი იმართლა აღელვებულმა ქალმა. მალხაზმა მეგობრის ნათქვამი და ირაკლი კორაულის მკვლელობაზე ცოლის რეაქცია ერთმანეთს დაუკავშირა და ამ უაღრესად მიმნდობი კაცის გონებაში რაღაც ეჭვისმაგვარი რამ გამოიძერწა. ამ დროს ტელეფონის ზარიც გაისმა. კაცმა ყურმილი აიღო. _ მალხაზ, რამაზი ვარ, ,,რუსთავი-2~-ს უყურებ? _ ვუყურებ. _ შენთან მოვდივარ, დამელოდე. _ გელოდები, რამაზ, _ თქვა თუ არა, კარზე ზარის ხმა გაისმა. ანა ქმრის გამომეტყველებით მიხვდა, რომ მან ყველაფერი გაიგო, შიშისგან აცახცახდა და მოიბუზა, ზარი მისთვის შვება იყო, წამოხტა და კარისკენ გაიქცა. თვალაკში არც კი გაუხედავს, გახსნა და ისინიც შემოვიდნენ. ორნი იყვნენ. სახეზე ნიღბები ეკეთათ და მოწინავემ ქალს გულზე პისტოლეტი მიაბჯინა. ანამ იკივლა, ამასობაში მალხაზიც გამოვიდა. _ ვინ ხართ? რა გინდათ? _ შეუპოვარ კილოზე იკითხა და თავდამსხმელებისკენ ჯიქურ წამოვიდა. მოწინავემ ქალი მოიშორა, ორი ნახტომით კაცთან გაჩნდა, მარცხენა ხელით კეფა დაუჭირა, მარჯვენით პისტოლეტი საფეთქელთან მიადო. _ შენა ხარ, არა, მალხაზა? _ უთხრა და ხელით მისაღებისკენ უბიძგა. ქალს პირი წებოვანი ლენტით აუკრეს და კაცს დაუწყეს დაკითხვა: _ მასალები სადა გაქვს? _რა მასალები?_მალხაზმა ვერ გაიგო, რას სთხოვდნენ. ამ დროს კეფაში პისტოლეტის ტარი მოხვდა და გაითიშა. გონს რომ მოვიდა, მაღალმა მას ცხვირწინ საქაღალდე მიუტანა. _ ეს საიდან გაქვს? მალხაზმა ცოლს გადახედა. ქალს უნდოდა ეყვირა და ნაცვლად ამისა ცხვირიდან სტვენის ხმა აღმოხდა. _ მოკალი ორივე! არ იცი, საიდან აქვს? _ თქვა დაბალმა, ამხანგი გვერდზე გაწია, ძირს დაგდებულს იარაღის ლულა წარბებშუა დაადო და დაახალა. დაბალი შემობრუნდა, ქალს თითები ნიკაპქვეშ შეუცურა, თავი მაღლა წამოუწია და ამ დროს ზედიზედ რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. ორივე ნიღბოსანი ძირს დაეცა. ქალმა კარისკენ გაიხედა. იარაღშემართული რამაზი ქოშინით წამოვიდა მისკენ, პირიდან ლენტი მოხსნა და მეგობრის გვამს მიაშურა. * * * საქმე გაიხსნა. ცხედრები დამარხეს. დამნაშავეები დაიჭირეს. პროკურორის მოადგილემ, რამაზ საყვარელიძემ ანას ქმრისა და საყვარლის მკვლელობის მოწყობაში დასდო ბრალი, მაგრამ სასამართლომ ბრალდების სუსტი არგუმენტები არ გაითვალისწინა და ქალი გაამართლა.
თვალცრემლიანმა და ძაძით შემოსილმა ქვრივმა სასამართლო დარბაზი თავჩაღუნულმა გაიარა, კიბეებს სწრაფი ნაბიჯით დაუყვა, ,,ოპელის~ მარჯვენა კარი გახსნა, სავარძელზე მოხდენილად დაეშვა, მარცხენა ხელით მანდილი გადაიწია, კაცს უმანკო ღიმილი შეანათა და თქვა: _ მე თავისუფალი ვარ, თავისუფალი, როგორც ჩიტი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. არაფრით ჩამოუვარდება პოს,დოილის,კრისტის და ა.შ... დეტექტივებს. ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღებაც შეიძლება! არაფრით ჩამოუვარდება პოს,დოილის,კრისტის და ა.შ... დეტექტივებს. ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღებაც შეიძლება!
24. ავტორო, ბრავო! უბრალოდ მე მხიბლავსსაზღვარგარეთული დეტექტივები მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: იქ პერსონაჯებ უცხო სახელებს და გვარებს ატარებენ. ავტორო, ბრავო! უბრალოდ მე მხიბლავსსაზღვარგარეთული დეტექტივები მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: იქ პერსონაჯებ უცხო სახელებს და გვარებს ატარებენ.
23. რა თქმა უნდა ქალს შეეძლო ეთქვა ძიებაში რო მას ქმრისთვის არანაირი სიუჟეტი არ მიუწოდებია და ვერც ვერავინ ვერ დაუმტკიცებდა რომ ტყუოდა რადგანაც ერთად-ერთი მოწმე ანუ ქმარი უკვე მკვდარი იყო და სასამართლოც რა თქმა უნდა თუ ობიექტური იქნებოდა მტკიცებულებების არ ქონის გამო ქალს სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლებდა. თუმცა ქალს ასეთი ფინალი აზრადაც არ მოსვლია. ეს მოთხრობაშიც ჩანს თუ კარგა წაიკითხავს მკითხველი. მაგრამ (ფორტუნა) ხშირ შემთხვევაში ასეთ უზნეო ადამიანებს (არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი ეს უზნეო პიროვნება) არ ღალატობს. ასე რომ მშვენიერი და გასაგები ნამუშევარია თქვენს წინაშე ბატონებო და ქალბატონებო. გილოცავ მეუდაბნოვევ. პატივისცემით: რა თქმა უნდა ქალს შეეძლო ეთქვა ძიებაში რო მას ქმრისთვის არანაირი სიუჟეტი არ მიუწოდებია და ვერც ვერავინ ვერ დაუმტკიცებდა რომ ტყუოდა რადგანაც ერთად-ერთი მოწმე ანუ ქმარი უკვე მკვდარი იყო და სასამართლოც რა თქმა უნდა თუ ობიექტური იქნებოდა მტკიცებულებების არ ქონის გამო ქალს სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლებდა. თუმცა ქალს ასეთი ფინალი აზრადაც არ მოსვლია. ეს მოთხრობაშიც ჩანს თუ კარგა წაიკითხავს მკითხველი. მაგრამ (ფორტუნა) ხშირ შემთხვევაში ასეთ უზნეო ადამიანებს (არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი ეს უზნეო პიროვნება) არ ღალატობს. ასე რომ მშვენიერი და გასაგები ნამუშევარია თქვენს წინაშე ბატონებო და ქალბატონებო. გილოცავ მეუდაბნოვევ. პატივისცემით:
22. კარგია....:) 5! კარგია....:) 5!
21. პერსონაჟის ხასიათი და ემოციები, აქ ესე ღრმად არ არის გათავისებული, როგორც წინა მოთხრობებში, მაგრამ ისტორია ძალიან საინტერესოა. "კაცს უმანკო ღიმილი შეანათა და თქვა"-აქ სიტყვა -უმანკო-ს ბრჭყალებში ჩასმა ხომ არ აჯობებდა? პერსონაჟის ხასიათი და ემოციები, აქ ესე ღრმად არ არის გათავისებული, როგორც წინა მოთხრობებში, მაგრამ ისტორია ძალიან საინტერესოა. "კაცს უმანკო ღიმილი შეანათა და თქვა"-აქ სიტყვა -უმანკო-ს ბრჭყალებში ჩასმა ხომ არ აჯობებდა?
20. წერის სტილმა, როგორც ყოველთვის, დამძაბა, თუმცა არ დავუღლივარ. ქალის ტიპაჟმა ,,თაღლითები" გამახსენა. მომეწონა სახეები და ხასიათები_ გამოკვეთილი არა მთლიანად, არამედ კონკრეტული შტრიხებით.
სწორად აღნიშნეთ, დეტექტივად ნაკლებად თუ ჩაითვლება, თუმცა არ ვთვლი, რომ რამეა გამორჩენილი ან ჩასამატებელი წერის სტილმა, როგორც ყოველთვის, დამძაბა, თუმცა არ დავუღლივარ. ქალის ტიპაჟმა ,,თაღლითები" გამახსენა. მომეწონა სახეები და ხასიათები_ გამოკვეთილი არა მთლიანად, არამედ კონკრეტული შტრიხებით.
სწორად აღნიშნეთ, დეტექტივად ნაკლებად თუ ჩაითვლება, თუმცა არ ვთვლი, რომ რამეა გამორჩენილი ან ჩასამატებელი
19. პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ ძველი მოთხრობები ბევრად ჯობია ამას. არის ძალიან ბევრი ნიუანსი, თავადაც სიუჟეტი...რაც არ მომეწონა. თუ დაინტერესდება ავტორი ვეტყვი კიდეც რა და რატომ. ვინმეს რომ ეთქვა მეუდაბნოვეს ნაწერია ესო არც დავიჯერებდი. წარმატებები. პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ ძველი მოთხრობები ბევრად ჯობია ამას. არის ძალიან ბევრი ნიუანსი, თავადაც სიუჟეტი...რაც არ მომეწონა. თუ დაინტერესდება ავტორი ვეტყვი კიდეც რა და რატომ. ვინმეს რომ ეთქვა მეუდაბნოვეს ნაწერია ესო არც დავიჯერებდი. წარმატებები.
18. აზგო, იმდენი დანაშაული შერჩენიათ ხახვივით. :)) აზგო, იმდენი დანაშაული შერჩენიათ ხახვივით. :))
17. კარგია! არის ადგილები სადაც სადაოა დამაჯერებლობა, , თუმცა მთლიანობაში მშვენიერია! " კაცი კატასავით კრუტუნებდა" ასეთ კაცს თავში ტაშტი უნდა ჩაარტყა!
კარგია! არის ადგილები სადაც სადაოა დამაჯერებლობა, , თუმცა მთლიანობაში მშვენიერია! " კაცი კატასავით კრუტუნებდა" ასეთ კაცს თავში ტაშტი უნდა ჩაარტყა!
16. საწყალი ქმარი :) საწყალი ქმარი :)
15. ჰარირამა, მართალი ხართ, ალბათ, არ ვიცი. ჰარირამა, მართალი ხართ, ალბათ, არ ვიცი.
14. ანას ზუსტად წარმოედგინა ის რეაქცია, რომელიც ირაკლის ამ ამბის გაგების შემდეგ ექნებოდა: ის კეფასთან თმაში სწვდებოდა, თავისკენ მოქაჩავდა, თავს მაღლა აუწევდა, თავისი დაჭმუჭნული, ნაიარევი შუბლით შეუბღვერდა, აი აქ მეუდაბნოევ , Mექანიკური მგონია და ჩასასწორებელია . ანას ზუსტად წარმოედგინა ის რეაქცია, რომელიც ირაკლის ამ ამბის გაგების შემდეგ ექნებოდა: ის კეფასთან თმაში სწვდებოდა, თავისკენ მოქაჩავდა, თავს მაღლა აუწევდა, თავისი დაჭმუჭნული, ნაიარევი შუბლით შეუბღვერდა, აი აქ მეუდაბნოევ , Mექანიკური მგონია და ჩასასწორებელია .
13. დიდი მადლობა ყველას. შენიშვნებიდან ზოგი ჩემთვის მისაღებია, ზოგი_არა. მისაღებია, როცა ლალი გაუწაფავი ხელით დაწერილს უწოდებს. მაგრამ მიუღებელია, როცა ამბობს ~ყალბია მონოლოგი როცა ავტოგრაფს თხოვს ქალი~, ეს მონოლოგი არ არის ეს დიალოგის ნაწილია და მართლაც ყალბია. ასეც მქონდა ჩაფიქრებული. ავანტურისტი ქალი, რომელიც წინასწარ ამზადებს სიტყვას, ყალბი უნდა იყოს. ჰარირამა, ვერ ვიპოვე ჩემს ნაწერში~მოღუშული შუბლით შებღვერა~. რაც შეეხება აზგოს, ვეთანხმები, მსგავსი სიუჟეტი ალბათ ბევრი არის, ხოლო დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მე კი ჩემს მოთხრობაში ამას ვერ ვახერხებ. დიდი მადლობა ყველას. შენიშვნებიდან ზოგი ჩემთვის მისაღებია, ზოგი_არა. მისაღებია, როცა ლალი გაუწაფავი ხელით დაწერილს უწოდებს. მაგრამ მიუღებელია, როცა ამბობს ~ყალბია მონოლოგი როცა ავტოგრაფს თხოვს ქალი~, ეს მონოლოგი არ არის ეს დიალოგის ნაწილია და მართლაც ყალბია. ასეც მქონდა ჩაფიქრებული. ავანტურისტი ქალი, რომელიც წინასწარ ამზადებს სიტყვას, ყალბი უნდა იყოს. ჰარირამა, ვერ ვიპოვე ჩემს ნაწერში~მოღუშული შუბლით შებღვერა~. რაც შეეხება აზგოს, ვეთანხმები, მსგავსი სიუჟეტი ალბათ ბევრი არის, ხოლო დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მე კი ჩემს მოთხრობაში ამას ვერ ვახერხებ.
12. ეს ანა პატარა მილედია. იმასაც ხომ უნდოდა დარტანიანისთვის თავისი მაზლი მოეკვლევინებინა და მერე თვით მილედის სატრფოს დარტანიანისთვის მოეგრიხა კისერი! მაგრამ განსხვავებებიცაა. ჯერ-ერთი დიუმას წიგნში ყველაფერი გასაგებია, ვინ რას შვება და რატომ შვება. მეორეც, იქ ბოროტებას (მილედის) ბოლოში მაინც მოეხაზა. ხოლო ამ ანას, პატიოსანი და უდანაშაულო ქმრის სიკვდილი შერჩა ტყემალივით. მეორე მხრივ, ვითომ ნესტან-დარეჯანსაც შერჩა ასევე უდანაშაულო ხვარაზმშას რომ წააგდებინა თავი, მაგრამ "სინამდვილეში" მან ეს ცოდვა გამოისყიდა ქაჯეთში ტყვეობით (და ტარიელმაც გამოისყიდა, ქე იცით როგორ). მოკლედ, მეუდაბნოევ, აღშფოთებით და კატეგორიულად მოვითხოვ ანას ქაჯეთში კი არა, უარეს ადგილზეც კი გამწესებას!
ეს ანა პატარა მილედია. იმასაც ხომ უნდოდა დარტანიანისთვის თავისი მაზლი მოეკვლევინებინა და მერე თვით მილედის სატრფოს დარტანიანისთვის მოეგრიხა კისერი! მაგრამ განსხვავებებიცაა. ჯერ-ერთი დიუმას წიგნში ყველაფერი გასაგებია, ვინ რას შვება და რატომ შვება. მეორეც, იქ ბოროტებას (მილედის) ბოლოში მაინც მოეხაზა. ხოლო ამ ანას, პატიოსანი და უდანაშაულო ქმრის სიკვდილი შერჩა ტყემალივით. მეორე მხრივ, ვითომ ნესტან-დარეჯანსაც შერჩა ასევე უდანაშაულო ხვარაზმშას რომ წააგდებინა თავი, მაგრამ "სინამდვილეში" მან ეს ცოდვა გამოისყიდა ქაჯეთში ტყვეობით (და ტარიელმაც გამოისყიდა, ქე იცით როგორ). მოკლედ, მეუდაბნოევ, აღშფოთებით და კატეგორიულად მოვითხოვ ანას ქაჯეთში კი არა, უარეს ადგილზეც კი გამწესებას!
11. რაღაც ადგილები დასახვეწი არი , და ეგ ყოველტვის ასეა:) მაგრამ მე ვთვლი რომ ჯანრის წესებიტ შესრულებულია(ვგულისხმობ მცირე მოტხრობა დეტექტივებს) და ამ მოცულობის მოტხრობას ზუჯსტად ასეთი შესრულება სჭირდება , ჩემის აზრით:) ხო, მარტლა შევცვლიდი მოღუშული შუბლით შებღვერას, მგონი არასწორია. დანარჩენი კი წარმატებებს ვუსურვებ ავტორს.:) რაღაც ადგილები დასახვეწი არი , და ეგ ყოველტვის ასეა:) მაგრამ მე ვთვლი რომ ჯანრის წესებიტ შესრულებულია(ვგულისხმობ მცირე მოტხრობა დეტექტივებს) და ამ მოცულობის მოტხრობას ზუჯსტად ასეთი შესრულება სჭირდება , ჩემის აზრით:) ხო, მარტლა შევცვლიდი მოღუშული შუბლით შებღვერას, მგონი არასწორია. დანარჩენი კი წარმატებებს ვუსურვებ ავტორს.:)
10. საკმაოდ ნორმალური მოთხრობაა. ვერ დავეთანხმები პირველი კომენტარის ავტორს, თითქოს არ ჩანდეს ვინ არიან მკვლელები. ცხადია, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ირაკლიმ მიზეზთა გამო ხელი დააფარა. თხრობის სტილი დინამიურია, სიუჟეტი ნორმალურად დამუშავებული და სულაც ვერ აღვიქვი "ჩერნავიკად", რადაც მიიჩნია ქალბატონმა ლალიმ. ერთი სიტყვით, მომეწონა. საკმაოდ ნორმალური მოთხრობაა. ვერ დავეთანხმები პირველი კომენტარის ავტორს, თითქოს არ ჩანდეს ვინ არიან მკვლელები. ცხადია, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ირაკლიმ მიზეზთა გამო ხელი დააფარა. თხრობის სტილი დინამიურია, სიუჟეტი ნორმალურად დამუშავებული და სულაც ვერ აღვიქვი "ჩერნავიკად", რადაც მიიჩნია ქალბატონმა ლალიმ. ერთი სიტყვით, მომეწონა.
9. ლალის დავეთანხმები - არ მომეწონა, არც ერთი ასპექტით! ლალის დავეთანხმები - არ მომეწონა, არც ერთი ასპექტით!
8. საუკეთესო შემთვხვაში ეს ეს არის ჩერნავიკი. უნდა კარგი მხატვრული დამუშავება ,ტიპაჯებს უფრო კარგად გამოკვეთა ძალიან ყალბია მონოლოგი როცა ავტოგრაფს თხოვს ქალი.და ასე ბევრი ნიუანსი არ მომეწონა უჰ წარმატებები:(
საუკეთესო შემთვხვაში ეს ეს არის ჩერნავიკი. უნდა კარგი მხატვრული დამუშავება ,ტიპაჯებს უფრო კარგად გამოკვეთა ძალიან ყალბია მონოლოგი როცა ავტოგრაფს თხოვს ქალი.და ასე ბევრი ნიუანსი არ მომეწონა უჰ წარმატებები:(
7. წავიკითხე. ნამდვილად არ შევუერთდები საერტო აღფრთოვანებას. ჩემთვის ''ყვირის'' აქ გაუწაფავი ხელი. მიმიტევეტ ამ აზრისთვის წავიკითხე. ნამდვილად არ შევუერთდები საერტო აღფრთოვანებას. ჩემთვის ``ყვირის`` აქ გაუწაფავი ხელი. მიმიტევეტ ამ აზრისთვის
6. არაა, ეს არ არის დეტექტივი, არმენ. ეს საშინელი რამეა. მეუდაბნოვე, გულწრფელად მეზიზღებიან მოღალატე ქალები და უფრო მეტად მეზიზღებიან ბრიყვი ქმრები, რომლების ცოლში ფარსს ვერ ხედავენ. და საერთოდ მეზიზღება არაგულწრფელობა, უნდობლობა და დაუნდობლობა. მაპატიეთ სიტყვა _ მეზიზღება. უჰ! :( შესანიშნავად დაწერილია. აი, შე-სა-ნიშ-ნა-ვად! ალბათ არის ასეთი სიტუაციებიც, როდესაც ქალი სამ კაცთან ერთნაირად თამაშობს. პატივისცემით: ტენდი 5 არაა, ეს არ არის დეტექტივი, არმენ. ეს საშინელი რამეა. მეუდაბნოვე, გულწრფელად მეზიზღებიან მოღალატე ქალები და უფრო მეტად მეზიზღებიან ბრიყვი ქმრები, რომლების ცოლში ფარსს ვერ ხედავენ. და საერთოდ მეზიზღება არაგულწრფელობა, უნდობლობა და დაუნდობლობა. მაპატიეთ სიტყვა _ მეზიზღება. უჰ! :( შესანიშნავად დაწერილია. აი, შე-სა-ნიშ-ნა-ვად! ალბათ არის ასეთი სიტუაციებიც, როდესაც ქალი სამ კაცთან ერთნაირად თამაშობს. პატივისცემით: ტენდი 5
5. ამოგვასუნთქეთ ავღანური ციკლის მერე...:) ა , ბატონო, "სულელი ქალი"... ამოგვასუნთქეთ ავღანური ციკლის მერე...:) ა , ბატონო, "სულელი ქალი"...
4. თვალისდაუხამხამებლად წავიკითხე.... +5! თვალისდაუხამხამებლად წავიკითხე.... +5!
3. ეს დეტექტიური ჟანრის მოთხრობა არ არის. ეს დეტექტიური ჟანრის მოთხრობა არ არის.
2. ახლა ჩემი შვილიშვილის რიგია. :)) ხვალ წავიკითხავ. :)
მე მიყვარს დეტექტივები. გუგლეში აღმოვაჩინე კოლომბო და ღმერთი უშველის მაგის გადამღებს, იმდენი სერიაა, სიცოცხლის ბოლომდე მეყოფა. :)
პატივისცემით: ტენდი ახლა ჩემი შვილიშვილის რიგია. :)) ხვალ წავიკითხავ. :)
მე მიყვარს დეტექტივები. გუგლეში აღმოვაჩინე კოლომბო და ღმერთი უშველის მაგის გადამღებს, იმდენი სერიაა, სიცოცხლის ბოლომდე მეყოფა. :)
პატივისცემით: ტენდი
1. დეტექტიური ჟანრის კარგი ნიმუში. თუმცა ალბათ დეტალების დაკონკრეტება არ აწყენდა. მაგ: ვინ იყვნენ ნიღბიანები და რატომ მოკლეს ანას ქმარი და საყვარელი? რათქმაუნდა მაქვს ჰიპოთეზები, მაგრამ დეტექტივს კონკრეტიკა უყვარს და როგორც წესი, დასრულებისას ყველაფერს ნათელი ეფინება ხოლმე, მე კი დასასრული არ მეყო. გულახდილად რომ ვთქვა, ავღანეთის ციკლის მერე ძალიან მეცოტავა ამ მოთხრობის წაკითხვა. ძალიან კარგად და ოსტატურადაა დაწერილი, ავტორი შესრულებაში ჩვეულ ფორმაშია, მაგრამ როგორც ყველა დეტექტივი, სრულიად უემოციოდ წამეკითხა და არაფერი დამიტოვა. მე ხომ ამ გვერდზე ძალიან ცოცხალ კადრებად მოტანილ ემოციურ ნაწერებს ვარ მიჩვეული. შესაძლოა ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულების ბრალია დეტექტივებთან, არ ვიცი. ძალიან არ მიყვარს ეს ჟანრი. ნებისმიერ შემთხვევაში ავტორის პროფესიონალიზმსა და მოწესრიგებულ ნაწერს დადებითად ვაფასებ. ზემოთმოყვანილი შენიშვნა შესაძლოა უმართებულოც იყოს და სხვა მკითხველს არ გაუჩნდეს კითხვა, არ ვიცი. ასეთ შემთხვევაში მომიტევეთ! დიდი მადლობა! 4
დეტექტიური ჟანრის კარგი ნიმუში. თუმცა ალბათ დეტალების დაკონკრეტება არ აწყენდა. მაგ: ვინ იყვნენ ნიღბიანები და რატომ მოკლეს ანას ქმარი და საყვარელი? რათქმაუნდა მაქვს ჰიპოთეზები, მაგრამ დეტექტივს კონკრეტიკა უყვარს და როგორც წესი, დასრულებისას ყველაფერს ნათელი ეფინება ხოლმე, მე კი დასასრული არ მეყო. გულახდილად რომ ვთქვა, ავღანეთის ციკლის მერე ძალიან მეცოტავა ამ მოთხრობის წაკითხვა. ძალიან კარგად და ოსტატურადაა დაწერილი, ავტორი შესრულებაში ჩვეულ ფორმაშია, მაგრამ როგორც ყველა დეტექტივი, სრულიად უემოციოდ წამეკითხა და არაფერი დამიტოვა. მე ხომ ამ გვერდზე ძალიან ცოცხალ კადრებად მოტანილ ემოციურ ნაწერებს ვარ მიჩვეული. შესაძლოა ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულების ბრალია დეტექტივებთან, არ ვიცი. ძალიან არ მიყვარს ეს ჟანრი. ნებისმიერ შემთხვევაში ავტორის პროფესიონალიზმსა და მოწესრიგებულ ნაწერს დადებითად ვაფასებ. ზემოთმოყვანილი შენიშვნა შესაძლოა უმართებულოც იყოს და სხვა მკითხველს არ გაუჩნდეს კითხვა, არ ვიცი. ასეთ შემთხვევაში მომიტევეთ! დიდი მადლობა! 4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|