ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
25 თებერვალი, 2012


საცოდავი კაცობრიობა _ I ნაწილი

ხელისგულზე მთელი ქვეყანა ედო.
ხელისგულზე დადებულ იმ მთელ ქვეყანას კუთხე-კუნჭულამდე ხედავდა და კაცობრიობა ეცოდებოდა.
“ შური, სიძულვილი, ღალატი, სიხარბე, ცინიზმი, ძალადობა, ფული, პოლიტიკა!..  აი, რა ამოძრავებს კაცობრიობას! ...“
ღმერთი კი არ იყო!
ჩვეულებრივი გიჟი გახლდათ, რომელიც ქუჩის მიმდებარე სკვერში იჯდა და სკვერის მოპირდაპირედ ჩამწკრივებულ მაღაზიებში შემსვლელ-გამსვლელს ათვალიერებდა.
„გულგრილობა,  პირფერობა, კარიერიზმი, გამომძალველობა...  აი, რითია კაცობრიობა დაავადებული ! „
გიჟს ამ უბანში ყველა იცნობდა, ის მაღაზიებში შესულ-გამოსულებიც, გამვლელ-გამომვლელებიც და სკვერში უსაქმოდ მოხეტიალენიც.
თვითონაც იცნობდა ყველას, ზოგს პირადად, ზოგს შორიდან და მშვენივრად იცოდა, ვინ რითი სუნთქავდა.
ამ უბანში გაიზარდა და აი, თითქმის დაბერდა კიდეც.
არა, გიჟს სიბერემდე, რასაკვირველია, ბევრი აკლდა, მაგრამ არც მთლად შორს იყო.
ხშირად იჯდა ამ სკვერში პირგაპარსული და სუფთად ჩაცმული. ხან ვინმეს გამოელაპარაკებოდა, ხან ჭადრაკს თამაშობდა.
ხანდახან რამოდენიმე დღე ან მთელი კვირა არ გამოჩნდებოდახოლმე. ამ დროს რომ გიჟი სახლში იყო გამოკეთილი ყველამ იცოდა, მაგრამ რას აკეთებდა _ არავინ... ისე კი, ყველას აინტერესებდა, რა უნდა გაეკეთებინა მარტოხელა გიჟს სახლში.
გიჟი კი ამ დროს ან ბიბლიას კითხულობდა, ან ათასჯერ წაკითხულ  დავით კოპერფილდს, ან შტრაუსს უსმენდა, ან ფროიდთან ჰქონდა გაცხარებული კამათი.
გიჟს ხალხი ეძახდა თორემ თვითონ სულაც არ თვლიდა თავს გიჟად.
საერთოდ, ლადო ერქვა!
რა მნიშვნელობა ჰქონდა, რას ეძახდა ხალხი!
მიუხედავად იმისა, ქალაქში ცხოვრობდა, ქალაქი არ უყვარდა. ამ არსიყვარულს ის შველოდა, რომ კერძო სახლი ჰქონდა და ორანჟერეა.
... და კიდევ, გირცებისაგან ნივთებს აკეთებდა. კალათებს, საყვავილეებს, სახილეებს. ვიღაც მოდიოდა თვეში ორჯერ და ლადოს ნახელავი მიჰქონდა.
ხალხი ამბიბდა, ამ ნახელავით დიდი ფული აქვს ნაშოვნიო. ლადოსთვის რომ გეკითხათ. უბრალოდ, ეს საქმე უყვარდა, როგორც ყვავილების მოვლა.
_  გიჟი ეძახე შენ ! იმხელა სახლი აქვს და მოსამსახურე ჰყავს და კარგ ხელფასსაც უხდისო. თან უკვე ამდენი წელია.
ლადოს ამაზედაც თავისი აზრი ჰქონდა :
_ მარტოხელა კაცი ხომ ვერ დარეცხს თეთრეულს და დაალაგებს სახლს?! ეგ კაცის საქმე არ არის. და როცა ვინმე გეხმარება, რატომ არ უნდა გადაუხადო?! უნდა გადაუხადო, თან ისე,  უნდა გადაუხადო, სიამოვნებით მოგაცილოს შენთვის არასასიამოვნო საქმე. თანაც წყნარი ქალია, ხელს არ მიშლის.
ხალხს არ ესმოდა, რაში არ უშლიდახელს ის ქალი, რა საქმე ჰქონდა ლადოს ამნაირი.
ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ცოლი ჰყავდა.
ერთხელ იმ ლამაზ ცოლს საძინებელში შეუსწრო თავის მეზობელთან ერთად.
მოულოდნელობისაგან ვერ მოიფიქრა რა ექნა და საძინებელში დადგმულ სავარძელში ჩაჯდა.
ეტყობა გაკვირვებისაგან თვალები დაუელმდა, რადგან ცოლიც ორად ეჩვენებოდა და მეზობელიც.
როგორი საქმეა, ორი ერთიდაიგივე ცოლი რომ გღალატობს ორ, ერთიდაიგივე მეზობელთან იმ საწოლში, საიდანაც დილით ადექი !
არაფერი უთქვამს არც ერთისთვის, არც მეორისთვის, საერთოდ არ ამოუღია ხმა.
სავარძლიდან ადგა, მიუხედავად იმისა, რომ შუა ზაფხული იყო, რატომღაც ყურებიანი ქუდი დაიხურა, კარი გაიხურა და წავიდა...
მერე, როგორც გაირკვა, თბილისიდან ხაშურამდე ფეხით ჩასულა. რამდენ ხანს მოანდომა ჩასვლას, არ ახსოვს, მაგრამ არც დღე დაუსვენია და არც ღამე, შეუსვენებლად იარა.
ხაშურში ბიძაშვილი ცხოვრობდა.
იმ  ბიძაშვილთან საწოლზე დაწვა და ვერ დაისვენა, ვერც დაიძინა,. ვერც იმ დღეს, ვერც მეორე დღეს და თითქმის მთელი თვე.ხანდახან გონება გაეთიშებოდახოლმე, თითქოს საფერთქლებში დენმა გაუარაო და ეს რაღაცნაირად უნაზღაურებდა უძილობას.
თუმცა აზროვნება არ დაუკარგავს.
ფსიქიატრთან უმკურნალეს.
ფსიქიატრიულშიც დააწვინეს.
ძილი, როგორც იქნა, მოურეგულირდა. ცოლის შესახებ კი ხმა არ ამოუღია არავისთან.
ან ვისთვის უნდა ეთქვა ცოლი მეზობელთან მღალატობსო, ვინ გაუგებდა?! კიდევაც რომ გაეგოთ, რას უშველიდნენ ?! ტყუილად დაცინვის საგანი გახდებოდა.
თან, რატომღაც ცოლზეც იფიქრა, „ხალხის ყბაში მტერი ჩავარდეს“, წავიდეს, თავისი ცხოვრება მონახოს“. ცოლთან განქორწინება კი გადაწყვეტილი ჰქონდა.
ვიდრე ლადო ფსიქიატრიულში იწვა, ცოლი მშობლებთან დაბრუნდა, გამოწერეს და მაშინვე განქორწინდნენ. მითუმეტეს, შვილიც არ ჰყავდათ და განქორწინება ადვილად მოხერხდა.
სასამართლოზე ცოლს ხმა არ ამოუღია. ცოლის მშობლები კი რაღაცას ითხოვდნენ, ლადოს კარგად არ ახსოვდა რას, მაგრამ რასაც ითხოვდნენ, ყველაფერი გაატანა. პლუს, ის საძინებლის ავეჯიც.
ასე დამთავრდა ლადოს ოჯახური ცხოვრება.
ვერავინ გაიგო რა მოხდა, რატომ წავიდა იმ დღეს სამსახურიდან ადრე, რატომ დაიხურა შუა ზაფხულში ყურებიანი ქუდი, რატომ იარა ხაშურამდე ფეხით  და გაგიჟდაო, თქვეს.
მთელ ამ უბედურებაში ბედნიერება ის იყო, რომ ლადოს სიგიჟე არავისთვის უბედურება არ ყოფილა. არც ცოლისთვის,  არც იმ ბიძაშვილისთვის, არც საკუთარი მშობლებისთვის და, რაც მთავარია, არც თვითონ ლადოსთვის, რადგან სულაც არ თვლიდა, რომ გაგიჟდა.
„ როგორ არ მეძინა, მეძინა. უბრალოდ, ისე არ მეძინა როგორც სძინავთხოლმე, ლოგინში.
ფსიქიატრიც რა, ჩვეულებრივი ექიმია და მეტი არაფერი !
ერთი ის აგონდებოდა ცუდად, ფსიქიატრიულში დაწოლისას თმები რომ გადაპარსეს.... ეს იყო სულ!
სამაგიეროდ ორანჟერეა ჰქონდა სხვადასხვა ფერის ვარდებით, ფურუსულებითა და კაქტუსებით.
ვარდების დამყნობა არ უყვარდა...
არც ხეხილის.
არა, დამყნობა როგორ არ იცოდა, მაგრამ არ უყვარდა, გენურ ინჟინერიას ადარებდა.
„რა საჭიროა დამყნობა?!
მიიღე ისეთი, როგორიც ღმერთმა მოგცა, მხოლოდ, მოუარე...  და სიყვარულით მოუარე!..  მორჩა!.. შენი დამყნობაც ეგ არის !“
ხალხს არ ესმოდა ლადოსი.
_ გიჟი რომ არ იყოს, რა ჯანდაბად უნდა, სათბური ვარდებით აქვს სავსე და არ ყიდის, ვერაფერში იყენებს. ჭკვიანი კაცი მაინდან კაი საქმეს დაატრიალებდა. ეგ კიდევ ისე, სილამაზისთვის უვლის ! _ ამბობდნენ ლადოზე.
_ საოცარია ადამიანი ! სულ ყიდვა _  გაყიდვაზე ფიქრობს, უნდა დღეს ძალიან ბევრი ჰქონდეს და ხვალ ორჯერ მეტი. ვიღას ახსოვს ესთეტიკა. სულ უკმაყოფილოა ღმერთის შექმნილით და რა არ გამოიგონა, კიდევ იგონებს და რაც ყველაზე დიდი საშინელებაა, კიდევ ბევრ რამეს გამოიგონებს, ისევ და ისევ ტავის საწინააღმდეგოდ... აი, მაგალითად... მაგალითად,  მაღვიძარა საათი! მერე რა ხმა აქვს! დილით გაგაღვიძებს, მერე საღამომდე ის ხმა გიდგას ყურებში და გაჟრჟოლებს. ეს იმ დროს, როდეცაც ღმერთმა მაღვიძარად ტოროლა შეჰქმნა. ითომ, მაღვიძარა ტოროლაზე უკეთესია?! ისე რა ვუთხარი მაგათ !
ქვეყანა რომ გადაბრუნებულიყო, ლადო დილით ჯერ კალენდრზე რისხვს გადახაზავდა, ხელ-პირს დაიბანდა, ისაუზმებდა და ორანჟერეაში შევიდოდა.
აქ უკვე ლადო საკუთარ სტიქიაში იყო.
ვარდებს ისე უვლიდა, როგორც შვილებს. ესიყვარულებოდა, ელაპარაკებოდა. ორაჟერეას დაასუფთავებდა, ისევ ხელ-პირს დაიბანდა,
ისადილებდა, ტანსაცმელს გამოიცვლიდა და სკვერში გადიოდა.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები