ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
28 თებერვალი, 2012


საცოდავი კაცობრიობა! _ II ნაწილი

თავის უბანში ერთი პატარა გოგო უყვარდა, ვარდებს უჭრიდა იმ გოგოს.
ლადოს და იმ გოგოს ნაცნობობა იმით დაიწყო, რომ ეს გოგო ერთხელ ლადოს ჭიშკარს მიადგა და დაუძახა.
ლადო ამ დროს ორანჟერეაში ყვავილებს წყალს უსხამდა და ისე გაუკვირდა, ვიღაცამ რომ დაუძახა, სარწყავი ხელიდან გაუვარდა.
მეზობლობაში ლადოს არავისთან ახლო ურთიერთობა აღარ ჰქონდა იმ შემთხვევის შემდეგ და მასთანაც  არავინ მოდიოდა.
გოგოს გახედა ჭიშკართან.
გამხდარი ბავშვი იყო, იქნებოდა ასე, თორმეტ-ცამეტი  წლის, წვრილფეხება, თავის ასაკთან შედარებით მაღალი, შუაზე მკაცრად გაყოფილი, კეფაზე დაწნული თმით, მაღალი წარბებით და ანგელოზივით თბილი ღიმილით.
იმ გოგომ თეფშით ნამცხვარი მოუტანა „მე გამოვაცხე და მიირთვითო“
ლადო დაიბნა, არ იცოდა რა ექნა და
_სახლში შემობრძანდითო_ შეიპატიჟა.
გოგო ეზოში შევიდა.
ლადომ ორანჟერეა დაათვალიერებინა.
გოგოს ისე მოეწონა ვარდები, ორანჟერეაში გაჩერდა და თვალები გაუფართობდა. არასდროს ენახა ასეთი ლამაზი ბაღი (ლადოს ორანჟერეაში პატარა შადრევანიც ჰქონდა), და ამდენი ფერის ვარდი. არც იცოდა, ამდენი ფერის ვარდები თუ არსებობდა, პატარა გოგო იყო!
ლადომ იმდენი ვარდი მოუჭრა, გოგომ ძლივს წაიღო, გარშემო ქაღალდიც შემოუხვია, ხელები არ დაეკაწროსო.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ლადომ ვინმეს ორანჟერეა აჩვენა და, და მითუმეტეს, ვარდები მოუჭრა.
პირველად მაშინ დასწყდა გული, შვილი რომ არ ჰყავდა.
„ალბათ რამხელა ბედნიერებაა შვილი,ისიც ასეთი ლამაზი... ბიჭიც, თუნდაც ბიჭი რომ მყოლოდა.  გოგო ოჯახის სილამაზეა, ბიჭი ოჯახის იმედი...“
მაგრამ მეზობლები ასე არ ფიქრობდნენ.
გოგოს მშობლებს კეთილი რჩევა მისცეს და მშობლებმა აუკრძალეს ლადოს ეზოში შესვლა.
ნამცხვარი კი მაინც მიჰქონდა, ლადოც ვარდებს უჭრიდა.
მაგრამ არც გოგოს მიჰქონდა ნამცხვარი იმის გამო, რომ ლადო ვარდებს მისცემდა და არც ლადო უჭრიდა ვარდებს იმის გამო, რომ გოგო ნამცხვარს უცხობდა.
ამაში იყო საქმე !
„შეიძლება მართლებიც არიან, ჩემთან შემოსვლას რომ უკრძალავენ, მაგრამ განა უფრო ადვილი არ იქნებოდა, მამა მოსულიყო მასთან ერთად?! ჭადრაკს ვითამაშებდით, რამეზე ვისაუბრებდით... პოლიტიკის გარდა...“
ეს ყველაფერი სამიოდე წლის უკან მოხდა.
ერთი წლის უკან კი ხაშურიდან იმ ბიზაშვილმა ჩამოაკითხა, ვისთანაც ლადო ფეხით ჩავიდა მაშინ.
ლადოს ესეც არანაკლებ გაუკვირდა.
ის შემთხვევა თითქმის ოცდაათი წლის უკან მოხდა და ამდენი წლის განმავლობაში იმ ბიძაშვილს ერთხელაც არ გახსენებია.  არა, ლადო არ ემდუროდა ამისთვის. იცოდა, მიწაზე მომუშავე კაცს რამდენი საქმე აქვს. თან ლადოს ჩამოსაკითხი და მოსახედი არც არაფერი ჰქონდა. ერთი-ორჯერ კი ჰყავდა ნანახი ნათესავების გასვენებაში.
_ ცხოვრება გაჭირდაო _ ბიძაშვილმა თქვა _ გაჭირვების გამო ხალხმა სინდისზე ხელი აიღოვო.
_ სინდისზე ხელი იმან აიღო, ვინც თავიდანვე უსინდისო იყო _ შეედავა ლადო _ თორემ სინდისიერი და წესიერი კაცი სინდისზე ხელს არ აიღებს ასე ადვილად.
_ ცუდი დროაო _ ბიძაშვილმა _ ლადო, ზალიან  ცუდი, წესიერი კაციც გაფუჭდება ამ დროში.
_ დრო ღმერთმა შექმნა სამყაროს შექმნის მეოთხე დღეს, ადამზე ორი დღით ადრე და ღმერთის შექმნილი რატომ იქნება ცუდი?!  ცუდი ხალხი ამართლებს თავის ცუდ საქმეებს დროით და ეგ არის. კაცმა თვითონ გააფუჭა დრო.
_ ადრე ხომ არ იყო ასე?! არ უჭირდა ხალხს და ამიტომ.
_ დალოცვილო, როცა არაფერი გიჭირს, მაშინ კაიკაცობაზე ადვილი რა არის ?! როცა გაგიჭირდება, მაშინ  უნდა დარჩე კაცად.
_ შენი შვილი რომ უყურებს, სხვისას ყველაფერი აქვს, კარგს ჭამს, კარგს სვამს, თვითონაც უნდა და ძნელია. მერე მოიპარავს ან სხვას წაართმევს, აბა რას იზამს?! ვერც გაამტყუნებ, უნდა იმიტომ!
_ შვილი ისე უნდა გაზარდო, სხვას არ უყუროს და იმით იყოს კმაყოფილი, რაც აქვს,  რაც. განა უფრო ძნელი არ არის, საკუთარ შვილს უსინდისოდ ცხოვრება ასწავლო ?!
_ ეჰ, ლადო... ლადო! შენთვის ადვილია ასე ლაპარაკი, შვილი შენ არ გყავს და ძირი. არც იმათი ბედია შენთვის საფიქრებელი და არც იმათი ჩაცმა-დახურვა.
ეს რა უთხრა, კაცო?!
„ შენ რა გიჭირს, შვილი შენ არ გყავს და ძირიო. მერე, შეღავათია ეგ?! განა უფრო დიდი გაჭირვება არ არის, კაცი რომ უშვილძიროდ უნდა გადაშენდე ?!
და განა ლადო უსინდისოდ ნაშოვნს მიუტანდა თავის შვილებს, კიდევაც რომ ჰყოლოდა ?! და კიდევაც რომ მიეტანა, განა შეერგებოდა მის შვილებს?!
ეს რა უთხრა!
ბიძაშვილი კი წავიდა, მაგრამ ლადოს იმ რამეს  არ დაუძინია. მტელი კვირა სკვერშიც არ გასულა...
არა, კარგად მიხვდა, ბიძაშვილს რატომაც გაახსენდა. სხვათა შორის ისიც კი უთხრა „ ცოდვა ხარ, მარტო ცხოვრობ,  სიბერეში მომხედავი  გჭირდებაო, ხმის გამცემიო“. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ლადო მშვენივრად მიხვდა, ბიძაშვილს შვილის ჩამოყვანა ჰქონდა განსაზღვრული. „ჩემს ბიჭს სოფელი არ უყვარსო...  “. ესეც სხვათაშორის თქვა.
და განა დათანხმდებოდა ამაზე?!
არა, გენაცვალე!
„ კაცი, რომელიც ცუდ საქმეს ამართლებს გაჭირვებისა და ცუდი დროის გამო, განაშეიძლება შვილი კარგი გაზარდოს?!“
მერე რა, რომ ბიძაშვილია!
„ახლა ყველა ასე ცხოვრობსო!“.
ვაი იმათ, ვინც ასე ცხოვრობს!
მთელი კვირა ვერ მოისვენა ლადომ. ვერც წიგნმა უშველა, ვერც ორანჟერეამ.
„ ამხელა სახლი გაქვს, ამხელა ქონება  ვისთვის გინდაო...  ჩვენს მეტი პატრონი ვინ გყავსო...“.
„... და განა რა არის ამ სახლში ისეთი, კაცმა რომ სინდისზე ხელი აიღოს და ჩემს შვილს დაუტოვეო, გითხრას ?!“
სახლი დაათვალიერა.
_ ჰოოო ! _ თქვა ლადომ დათვალიერებისას _ როგორც ჩანს, ამ ჩემთვის ძვირფას ნივთებს „ჩემი ოჯახის ისტორიას“  რომ ვეძახი, საკმაოდ ძვირი ფასიც აქვს !.. რა ვქნა ახლა ?!..
მთელი კვირა დასამშვიდებლებს სვამდა.
მერე, როგორც იქნა, დაწყნარდა.
და კიდევ ერთხელ დასწყდა გული, შვილი რომ არ ჰყავდა.
“ ეეჰ! „
კიდევ ერთი კვირა იწრიალა, მერე ადგა და ნოტარიუსთან წავიდა.
ხალხს რა გამოაპარებ, გაიგეს, რომ ნოტარიუსთან ანდერძის თაობაზე იყო წასული.

(გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები