ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
4 აპრილი, 2012


მას არ სძინავს

       
გავცდი უკანასკნელ ქუჩას და გავაგრძელე გზა. უკან მხოლოდ ერთხელ მოვიხედე, ისიც მაშინ, როცა აღმართი ავათავე და დავინახე ხეობაში ჩაწოლილი უშველებელი ქალაქი. ~მშვიდობით, მე შენ აღარ გნახავ,~_გავივლე გულში და დავადექი ბუჩქნარში მიმავალ ბილიკს. ვჩქარობდი. ორიოდე საათის შემდეგ, როცა მუხლებში დაღლა შემეპარა, გარემო მოვათვალიერე და მივხვდი, რომ სანახავიც არაფერი იყო _ გარშემო ბინდი ჩამოწოლილიყო, ღრუბლებიდან ძლივს გამოჩრილი მთვარე ხეთა კენწეროებს რუხად ლანდავდა და, ცოტა არ იყოს, შევშინდი.
გაურბიხარ ყოველდღიური საზრუნავით დახუნძლული ქალაქის ქაოსს, რომელიც ყელზე მახრჩობელა გველივით გეხვევა და უცაბედად ხვდები, რომ შენც მისი ნაწილი ხარ და გაქცევა არ გამოვა _ ის უნდა მოიჭრა და გადააგდო.
ბრმად მივიკვლევდი გზას და არ ვიცოდი _ საით, ამას მნიშვნელობა არც ჰქონდა: მთავარი იყო, რაც შეიძლება შორს წავსულიყავი და რაც შეიძლება _ მალე. მაგრამ მოგზაური, თუნდაც გამოცდილი, ადრე თუ გვიან იღლება. მეც დავიღალე და დასვენებისთვის შესაფერისი ადგილის ძებნას შევუდექი. ზურგჩანთა მოვიხსენი, ძირს დავდე, საძილე ტომარა გავშალე და დავჯექი.
არ ვიცი, ასე იდაყვზე მიწოლილს რამდენ ხანს მეძინა, დაძინების წინ საათისთვის არ დამიხედავს. რომ გავიღვიძე, მთვარეც სადღაც მიმალულიყო და ძალიან ბნელოდა.
გავურბოდი ადამიანებს, არ მინდოდა არავის დანახვა, მაგრამ მარტოობა და სიბნელე უფრო დიდი განსაცდელი ყოფილა.
წამოვდექი და მიდამო მოვათვალიერე. შორიახლოს, ხეებსა და ბუჩქებს იქით სინათლე კრთოდა. მისმა ფერმა და თავისებურმა ციმციმმა მიმახვედრა, რომ კოცონი იყო და გულმა იქით გამიწია.
საოცარია, გაურბიხარ, მაგრამ სინათლე მაინც გიზიდავს.
ზურგზე მოვიგდე ჩემი ტვირთი და მისკენ ავიღე გეზი. ძალიან ვფრთხილობდი, თითქმის ბრმად მივდიოდი. რამდენიმე ნაბიჯზე რომ მივუხლოვდი, შევჩერდი და შორიდან დავუწყე კოცონსა და მის შემოგარენს დაზვერვა. ასე ყოფილა, როგორც კი ადამიანების ჯოგს მოშორდები, მხეცის ინსტინქტი იღვიძებს. ფრთხილი ნაბიჯით წავიწიე წინ და გავარჩიე ცეცხლის პირას მჯდომი, რომელსაც თავი ხელებში ჩაერგო და იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა. ცეცხლმა თავისკენ მიმიზიდა და კიდევ უფრო ახლოს მივედი. აშკარა იყო, მას ეძინა. ფეხაკრეფით მივუახლოვდი კოცონს, ხელები მივუფიცხე და იქვე მორზე ჩამოვჯექი. დამხდურმა თავი აწია, ჩემს დანახვაზე ცოტა შეკრთა, თვალები მოიფშვნიტა და ის იყო დავაპირე, რაღაც მეთქვა, დამასწრო:
_ვინა ხარ?
_ბოდიში, შემოგეჭერით, მგზავრი ვარ, დამიღამდა და ცეცხლთან მოვედი.
დამხვდური იყო ახალგაზრდა კაცი, თავზე შავი ჩაჩი ეხურა და შავივე ქურთუკი ეცვა. ცეცხლის ალზე მოუჩანდა კეხიანი ცხვირი, მზისაგან დამწვარი მუქი, ოდნავ წინ წამოწეული ყვრიმალები და თხელი უფერული ტუჩები, რომელიც სუფთად გაპარსული სახიდან მიმქრალ კონტურად იხატებოდა. ჩემს დანახვაზე გახალისდა, ადგა, კოცონს ფიჩხი დააყარა და ცეცხლის ალზე გავარჩიე მისი ღია ფერის მხიარული ცელქი თვალები. სანამ დაჯდებოდა, დაკვირვებით ერთხელ კიდევ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და გადაიხარხარა:
_მე შენ ხომ გიცნობ! საიდან სადაო?! რა კარგია, რომ მოხვედი, მშია, საჭმელიც მაქვს, არაყიც, მაგრამ მარტოს ჭამა არ შემიძლია, _ თქვა, კუნძი ცეცხლთან მიაჩოჩა და ზედ სუფრის გაწყობა დაიწყო.
_პური, ყველი, ბოთლი არაყი და კიდევ ვაშლი, _თავისთვის ლაპარაკობდა, ცელქი ღიმილითა და მყიდველის თვალით მათვალიერებდა. დაჯდა და პური გატეხეო, შემომთავაზა.
ბოლოს როდის ვჭამე აღარც მახსოვდა, მაგრამ დარდითა და ბოღმით კრიჭა ისე მქონდა შეკრული, რომ საჭმელს პირი ვერ დავაკარე. ერთი სული მქონდა, არაყს როდის დაასხამდა.
ის იყო, ჭიქების შევსება დაიწყო, ფეხის ხმა შემოგვესმა და ორივემ სიბნელისკენ მივმართეთ მზერა. ჩვენს უკან ლანდი გამოიკვეთა. ნელი ნაბიჯით მოდიოდა, კოცონთან დაგდებულ მორს მსუბუქად გადმოაბიჯა და ცეცხლის ალზე დავინახე უქუდო, წაბლისფერ თმა-წვერიანი, ასე ჩემი ხნის კაცი, მშვიდი სახითა და ლამაზად აღნაგი.
მასპინძელი წამოხტა და სტუმარს შეეგება.
_საიდან სადაო, გაბო? _თქვა და უნდოდა გადაეკოცნა, მაგრამ მოსულმა თავაზიანად მოიშორა და მხოლოდ ხელი ჩამოართვა. მასპინძელს შეეტყო, რომ არ ესიამოვნა მისი მოსვლა და ნაძალადევი თავაზიანობით მიიწვია სუფრასთან:
_მოდი, გაბო, დაგვეწვიე, ჯერ ჭიქაც კი არ დაგვილევია. სიდედრს ყვარებიხარ.
სტუმარმა მიფიცხებული ხელები ცეცხლს მოაშორა, შემობრუნდა და დარბაისლური უარი თქვა:
_დაგეწვეოდით, მაგრამ არ მშია და არაყსაც არ ვსვამ.
_შენ სულ ასე იცი, Gგაბრიელ, კაცს არ უნდა გაუსწორო და ხალისი უნდა დააკარგინო. მაშინ გვაპატიე და, მე და ბატონი დავითი დავლევთ.
~საიდან იცის ჩემი სახელი? ეტყობა არ ვეშლები და მართლა მიცნობს,~ _გავიფიქრე, უფრო ძირეულად შევათვალიერე ჩემი ღამეული მასპინძელი და მივხვდი, რომ სადღაც მენახა, მაგრამ სად_ვერაფრით გავიხსენე.
მან ჭიქა აწია, მოდი, დავლიოთო, თქვა, დაცალა და საუბარი გააგრძელა:
_სადღეგრძელოების არც თქმა მიყვარს და არც_მოსმენა. რა ვქნა, ძალიან დიდ სისულელედ ვთვლი და ფუჭ ყბედობად მიმაჩნია.
_როგორც გენებოთ, ბატონო, _ვთქვი. “ღმერთო გვიშველეო”, გავიფიქრე და ჭიქა დავცალე.
_გაბო, ახლა რაღას საქმიანობ? ისევ მუხათელები მიგყავს ეკლესიის ასაშენებლად? _მიმართა სტუმარს და მასპინძლის სახეზე ირონია გაკრთა.
გაბრიელს სიტყვა არ დასცდენია, გარინდებული, მშვიდი სახით იჯდა და ცეცხლს მისჩერებოდა.
მეორე ჭიქაც დავლიე და გულიდან ცოტა დარდიც გადამეყარა, მოვხალისდი, გავშინაურდი, არაყს პურის ლუკმაც მივატანე, და მასპინძელს მივმართე:
_ ამდენი ხანია გიყურებ, ნაცნობი სახე გაქვს, საიდან გიცნობ, ვიხსენებ და ვერა და ვერ გამიხსენებია. თუ ძმა ხარ, გამაგებინე ვინა ხარ და სად მინახიხარ?
მასპინძელმა ირონიულად გაიცინა, თავი გააქნია და თქვა:
_ბავშვობიდან გიცნობ, ბევრჯერ შევხვედრივართ, რა ვიცი, რომელი ერთი გაგახსენო, _ცოტა ხნით ჩაფიქრდა, კოცონს შეშები გაუსწორა, დაბლიდან ამომხედა და გააგრძელა,_იცი, როდის გავიცანით ერთმანეთი? ჯერ კიდევ პატარა იყავი. შენ ძალიან თავისებურ ბავშვად მიაჩნდი შენებს. ნიჭიერად და მიმბაძველად გთვლიდნენ და ცოტა განებივრებდნენ კიდეც. შენი დეიდაშვილი შენზე უფროსი იყო. იქნებ, ლალიც არ გახსოვს?
ლალის ხსენებაზე ყურები ვცქვიტე. ეს მართლა მიცნობსო, გავიფიქრე და შემრცხვა კიდეც, რომ ვერ ვიცანი. არაყი დავისხი და სულმოუთქმელად დავცალე. ის კი თხრობას აგრძელებდა:
_ლალის კაბა უყიდეს, ლამაზი კაბა. შენც გინდოდა ასეთი გქონოდა. გიხსნიდნენ, რომ ბიჭი იყავი და არ შეიძლებოდა, მაგრამ_ამაოდ. ტიროდი: ~მეც მინდა კაბა, ასეთი კაბა მინდა!~ მაშინ ჩვენ ერთად მოვიფიქრეთ: ბებიაშენს მაკრატელი მოვპარეთ, ლალის ჩუმად მივეპარეთ და კაბის ბოლო მოვაჭერით. ლალისაც აღარ ჰქონდა ლამაზი კაბა და შენც დამშვიდდი, მაგრამ მერე მახსოვს, დავისაჯეთ. აი, მაშინ გავიცანით ერთმანეთი. შენს მეზობლად ვცხოვრობდი, ანცობის გამო ბიჭები ჭინკას მეძახდნენ. ახლაც ჭინკას მეძახიან. შენც ესე დამიძახე.
_ლალი ჩემი დეიდაშვილია, მაგრამ ეს ამბავი არ მაგონდება და შენც არ მახსოვხარ, _ვთქვი, ყველს ლუკმა ჩამოვატეხე და გავაგრძელე_ არ მახსოვხარ და ბოდიში, ძმაო.
_რისი ბოდიში, დავით? მაშინ ოთხი-ხუთი წლისანი თუ ვიყავით და არ გეხსომება. მე კი საოცარი მეხსიერება მაქვს, კაცს რომ ერთხელ შევხვდები, არ მავიწყდება. მოიცა, მეორე ამბავსაც მოგიყვები, უთუოდ გამიხსენებ: დეიდაშენის და თქვენი ოჯახი რომ გაიყო, საცხოვრებლად ფიროსმანის ქუჩაზე იტალიურ ეზოში გადახვედით. მეზობელი გყავდა, შენზე ერთი წლით უფროსი, ვფიქრობ, უნდა გახსოვდეს. ანა ერქვა, ლამაზი გოგო იყო, უფრო სწორად, შენ მიგაჩნდა ლამაზად, თორემ, მე რომ მკითხო, ცოტა მოკლე ფეხები ჰქონდა. ძალიან მოგწონდა. ის იყო, ვინც პირველად ვნება აღგიძრა და ალბათ გახსოვს, როგორ გინდოდა, შიშველი გენახა. ზუსტად ამ დროს ქირით გადმოვიდა ჩემი ოჯახიც. ო, რა ანცი ბავშვი ვიყავი! გახსოვს, მე გასწავლე, თქვენი სხვენიდან მათი აბაზანის სარკმელი რომ ჩანდა და ჩუმად ვუთვალთვალებდით-ხოლმე. მერე წაგაქეზე, მიშა ძიასთვის დურბინდი მოგეპარა. ცხელი ზაფხული იყო, ყოველდღე ბანაობდა. ვისხედით სხვენში და ველოდებოდით, როდის შევიდოდა ანა აბაზანაში და როდის შეუდგებოდა შხაპს. ეჰ, დავით, კარგი დრო იყო. მერე ჩვენ გადავედით და შენ დაგრჩა მიშას დურბინდიც და ანაც.
სახე ამელეწა. ტყის მასპინძელმა მოყვა ჩემი პირველი დიდი სირცხვილი. ის განცდა დღესაც მომყვება და ტანში მზარავს. მახსოვს, იმ დროს დამიჭირა მიშა ძიამ, როცა სხვენიდან ანას ვუთვალთვალებდი. არ დამინდო, მთელ ეზოს გააგებინა, სულ ქურდი და გახრწნილი ბავშვი მეძახა. დედამ მთელი დღე იჩხუბა, მე კი ანას კარგა ხანს სახეში ვერ ვუყურებდი.
_კარგი დრო იყო, არა? _აგრძელებდა ჩემი მასპინძელი, _ნეტა სად არის ახლა ანა? მე ადამიანი არ შემეშლება, მაგარი გოგო დადგებოდა, ბავშვი იყო და უკვე იცოდა, რა უნდოდა. თუმცა, ალბათ არც კი იცი, რომ ანამ თვითონ მასწავლა სხვენში ის ადგილი.
_როგორ? _გავიოცე მე.
_როგორ და ისე, მითხრა, დავითას თუ უნდა მნახოს, როგორი ლამაზი ვარ, სხვენიდან მიყუროსო.
_რას ამბობ? არა მჯერა, _ვიყვირე და ჯიქურ შევხედე. ღრმა და დამარწმუნებელი მზერა ჰქონდა.
_ასე იყო, მეგობარო, ასე. მამაშენი ფულიანი კაცი იყო, მდიდარი ოჯახი გქონდათ. ის ბავშვი იყო და უკვე იცოდა, რა უნდოდა. აბა გაიხსენე, სარკმელს გახსნიდა და ფარდას გაწევდა, ხოლმე. აბაზანაში შესვლამდე კი პირსახოცით ხელში ეზოში გაივლ-გამოივლიდა.
_რას ამბობ, რას! ვაი, ჩემი ჭკუა... _ამოვიოხრე და მთელი ჯავრი ამოვაყოლე, სახეზე ერთხელ კიდევ დაკვირვებით შევხედე მასპინძელს და ვთქვი:
_რა ძალიან გამოცვლილხარ, ჭინკა.
_რას იზამ, ძმაო, წლები... წლები... _თავი გააქნია, ცეცხლს Fფიჩხი მიუმატა და გააგრძელა, _ერთი შენი ამბავიც მოყევი, როგორა ხარ, ძალიან დადარდიანებული ჩანხარ, რაღაც გიჭირს. კარგად რომ იყო, ამ შუაღამისას ტყეში რა მოგიყვანდა? თოფი შენ არა გაქვს და ძაღლი შენ არა გყავს, თორემ ვიფიქრებდი სანადიროდ არის წამოსულიო, _თქვა, თითქოს რაღაც გაახსენდაო, თავი გააქნია და მკითხა:
_ბიჭო, ჯერ დავლიოთ და მერე იტყვი შენ ამბავს, თუ ჯერ იტყვი და მერე დავლიოთ?
_ჯერ დავლიოთ, _ვთქვი და ჭიქა ავიღე, _ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს, ჭინკა. ძალიან ცუდ დღეში ვარ. ისეთში, ვერც  რომ წარმოიდგენ.
_გვითხარი, ბიჭო, რაა ეგეთი?
არაყი დავლიე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მასპინძელს გული გადავუშალე:
_რახან ანა ახსენე, მეც ანათი დავიწყებ ჩემი ამბის მოყოლას, _ეს სიტყვები ვთქვი თუ არა, გაბრიელს ხველა აუვარდა. ჩემს მარჯვნივ იჯდა, მისკენ მოვაბრუნე თავი და,  იცოცხლე, ძმაოო, ვუთხარი. მან ხველა შეწყვიტა და მაღლა ცას ახედა. უცნაურად მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა.
_ხედავ მთვარეს? _ ზევით მიმანიშნა. მეც შევხედე ცას და საოცრად დიდი და ლამაზი მნათობი დავინახე.
_ ლამაზი მთვარეა, _ ვთქვი და ერთხანს შევაჩერდი.
_ლამაზია, მაგრამ ჩვენი დრო არ არის და რა საჭიროა, შენ ამბავს რომ ყვები. რა უნდა თქვა ისეთი, სხვას რომ არ გადახდენოდეს, მე რომ არ გამეგოს ან ჭინკას. ტყუილად ხელახლა უნდა დაიმძიმო გული და ეგ არის.
_კარგი, გაბო, ჩემთვის ეს კაცი ყველა არ არის, ძველი ნაცნობები ვართ. მოყვეს თავისი გასაჭირი, ჩვენც მოვისმენთ და ამასაც გულზე მოეშვება. მიდი, დავით, ანას ამბით იწყებდი.
_ჰო, ანათი დავიწყებ. იმ ამბის შემდეგ რამდენიმე თვე თვალს ვერ ვუსწორებდი, ვიმალებოდი და ეზოში გამოსვლისა მრცხვენოდა. ერთხელ სკოლის ჭიშკართან შემხვდა, გვერდი უნდა ამევლო და გამაჩერა.
_რატომ არ მელაპარაკები, დათო. გრცხვენია, არა?
მე თავი დავხარე და თვალები მოვარიდე.
_თუ გინდა, ჩემი შეყვარებული იყავი. თუ გინდა, მე აბაზანაში შევალ და შენ სხვენიდან მიყურე, არ მეწყინება.
ამის შემდეგ მე და ის დავმეგობრდით. მთელმა ქუჩამ იცოდა ჩვენი სიყვარულის შესახებ და ჩვენც დაუფარავი ურთიერთობა გვქონდა. მიყვარდა და იმაზე უკეთესი ამქვეყნად არავინ მეგონა. ბედნიერი წლები იყო, მაგრამ ხომ იცი დიდხანს არ გრძელდება არაფერი და ჩემი საქმეც ცუდად წავიდა: სკოლას რომ ვამთავრებდი, მამა დამეღუპა, რაღაც საეჭვო ვითარებში მანქანაში იპოვეს  მკვდარი. დედაჩემს ოჯახის შენახვის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, მთელი ცხოვრება დიასახლისობაში გაატარა. მამაჩემი მეწილე იყო რამდენიმე ადგილას, მაგრამ სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ, პირიქით, მას ემართა სხვებისა. მოკლედ, ჩვენს ოჯახს მამაჩემის ყველა მეგობარმა უღალატა, ამას მერე ინფლაციაც დაერთო და დავრჩით ულუკმაპუროდ მე და დედაჩემი. საწყალმა წვრილმან ვაჭრობას მოკიდა ხელი და ასე თუ ისე გაგვქონდა თავი. მერე მიწისძვრა იყო, სახლი დაგვებზარა, დედაჩემს თარო მოხვდა თავში. ერთი თვე იცოცხლა და ისიც გავუყენეთ სასაფლაოს გზას. დავრჩი ასე ეულად. ანასაც გული გაუცივდა. ხომ იცით, მდგომარეობა აბეჩავებს ადამიანს. სარკეში რომ ვიხედებოდი, მე თვითონ არ მომწონდა ჩემი თავი, სხვას ვის მოვეწონებოდი? მოგვიანებით დეიდაჩემთან ბუღალტერიის კურსები გავიარე და სამსახურიც ვიშოვე, ერთ-ერთ კარგ ბუღალტრად ვითვლებოდი. ანაზე მთლად ჩავიქნიე ხელი. მისი ცხოვრების წესმა მიმახვედრა, რომ მე ვერ შევძლებდი ჩემი გამხდარიყო.
დაქორწინება გადავწყვიტე. ერთ გოგოს მოვწონდი ბავშობიდან, ელისო ერქვა, ბაქოს ქუჩაზე ცხოვრობდა, ბავშობაში კორტებზე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ადრე ისე ვიყავი ანას სიყვარულში გახვეული, მისი ჩემდამი გრძნობა სასაცილოდაც არ მკმაროდა, მაგრამ როცა ანა მიუწვდომელი გახდა,  მას შევხვდი და სულ სხვა თვალით შევხედე. დაქორწინებას ვაპირებდით. ის მეუბნებოდა, ჩემთან ვიცხოვროთო, მე კი, როგორც თავმოყვარე კაცის წესია, ქორწილი იქით გადავწიე და ჩემი ბინის რემონტს შევუდექი. და, აი, ამ დროს მოხდა, რაც მოხდა _ ჯეკპოტი მოვიგე.
_რა? რა მოიგე? _თვალებგაბრწყინებულმა მკითხა ჭინკამ, _ჯეკპოტი მოიგე?
_ ჯეკპოტი მოვიგე.
_აუ, რა მაგარია. რამდენი მოიგე?
_ნახევარი მილიონი.
ჭინკა წამოხტა, მარჯვენა ხელი ჰაერში მძლავრად გაიქნია და იყვირა: _ნახევარი მილიონი ჯეკპოტი! მაგარია! მერე რა ქენი?
_მეორე დღესვე ~ბეემვე~ ვიყიდე, ბოლო მოდელი და სახლში მივგორდი. გადმოვედი მანქანიდან და ანაც გამოვიდა ეზოში.
_ვისია, დატკა, მანქანა? _მკითხა გამომცდელი ოდნავ დამცინავი ხმით და გამიღიმა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად გამიღიმა.
_ჩემია, _ვთქვი და სახლში შევედი.
მშიოდა, ერბოკვერცხის მომზადება დავიწყე. მესამე კვერცხს ვტეხდი, როცა ანა  შემოვიდა. ანგელოზის სახე ჰქონდა.
_ვისი სახე ჰქონდა? ანგელოზის? _გადაიხარხარა ჭინკამ და გაბრიელს მიმართა, _გესმის, გაბო, ანგელოზს ჰგავდაო... ბოზზე იძახის ანგელოზს ჰგავდაო და შენ ჩუმად ხარ?
გაბრიელისკენ შემოვბრუნდი. ისევ წყნარი, მშვიდი სახით იჯდა.
_მერე რა მოხდა? გააგრძელე! _ვერ ითმენდა ჭინკა და კოცონის გარშემო დადიოდა.
_ერთიც ხომ არ დაგველია,_ვკითხე, პასუხს არ დაველოდე და დავასხი.
_დავლიოთ, ჯეკპოტო, დავლიოთ! _თქვა მხიარულად, ჭიქა ჭიქაზე მიმირტყა და დალია.
_დატკა, გინდა, შენი ამბავი მე გავაგრძელო? ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ნაწილი ფულისა შენ გაფლანგე, დიდი ნაწილი კი იმ ბოზმა დაგაწერა და მოტყდა. ასე იყო, თუ არა?
_კი, თითქმის ასე იყო.
_შენი ვარაუდით, შენ და შენი ნარკომანი ძმაკაცები რამდენს დახარჯავდით? დიდი-დიდი ორმოცი-ორმოცდაათი ათასი, ჰა, რას იტყვი?
_ალბათ, მაგდენი, მეტი არა.
_უჰ, ოთხას ორმოცდაათი ათასი წაიღო იმ ბოზმა?
_მაგდენი არა, მაგრამ...
_მამისეული ბინა ფიროსმანზე?
_გავყიდეთ, გაგარინის მოედანთან ახლოს ვიყიდეთ ორსართულიანი სახლი.
_და მერე ის სახლი ანაზე გააფორმე?
_ჰო, ანაზე გავაფორმე.
_მან კი გაყიდა ყველაფერი და დატყდა.
_ჰო, _ თავი დავუქნიე
_ასეთი რამ მარტო შენ არ შეგმთხვევია, ძველი ბანალური ისტორიაა: ~ახალგაზრდა კაცი მთელ თავის ქონებას ლამაზ ბოზს ახარჯებს.~ პრობლემა ამაში არ არის, პრობლემა სხვა რამეშია.
_ სხვა რაში უნდა იყოს. გუშინ ნახევარი მილიონი მქონდა, დღეს კი მათხოვარი ვარ. არც სახლ-კარი მაქვს და არც კაცი მყავს მადლიერი. თავის მოკვლა მინდოდა, ეგეც ვერ შევძელი.
_მერე, რატომ ვერ შეძელი, თავის მოკვლას რა უნდა? აგერ რა კარგი ტოტია, გაუძლებს შენი ტრაკის სიმძიმეს, _გაიცინა და ცეცხლის იქით, ხე დამანახა. მე მომეჩვენა, რომ იმ ხეზე სახრჩობელა ეკიდა და ტანში გამაჟრჟოლა. ~რა უნდა ამ კაცს ჩემგან? იმის მაგივრად, რომ დამამშვიდოს, შარზეა და დამცინის~_გავიფიქრე და შუბლშეკრულმა შევხედე. ის კი თავისას არ იშლიდა და მთელ ღვარძლს ჩემზე ანთხევდა:
_რამდენი ხანია წამალი არ გაგიკეთებია? ალბათ, ორი-სამი დღე. ჯერ კიდევ ლომკაში ხარ და თუ თავის მოკვლა გინდა, ახლა უნდა მოიკლა, რადგან, გამიგია, ლომკაში უფრო იოლია.
_დამცინი?
_არა, უბრალოდ ნაწყენი ვარ.
_ვისზე? ჩემზე?
_ხო, შენზე.
_მერე, მე რა გაწყენინე? _შევხედე გაკვირვებულმა.
_გულახდილი არ ხარ. ჯეკპოტი მოვიგეო, იძახი. ჯეკპოტს ასე არ იგებენ. მიხვედი, ექვსი ციფრი შემოხაზე და ჯეკპოტი მოიგე? ეს ასე უბრალოდ არ ხდება.
გაოცებულმა შევხედე. მის სახეს მუდმივი ირონია რომ ეკრა, ახლა მკაცრი იერი დასდებოდა. მისი თვალები ადრე ცელქად აქეთ-იქეთ რომ გარბოდნენ, ახლა პირდაპირ სულში მიძვრებოდნენ.
_კარგი, რახან შენ არ გინდა, მე გეტყვი, როგორც იყო, _თქვა, ჩვეული ირონია გადაიკრა სახეზე და გააგრძელა:
_კვირა დღე იყო. შენ მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოხვედი და იქვე ჯიხურის წინ რიგი შენიშნე. ექვსიოდე კაცი იდგა. დაინტერესდი და როცა გაიგე რომ ლოტოს ბილეთებისთვის სცდებოდა ეს ხალხი, გაგეცინა და, სულელები არიანო, გაიფიქრე. ამ დროს ძირს დაიხედე და ორლარიანი მონეტა დაინახე. ფრთხილობდი, არავის შეემჩნიე, დაიხარე და მონეტა აიღე. Bბედისწერად მიიჩნიე და ბილეთის ყიდვა გადაწყვიტე. ასე იყო თუ არა?
მთლად გამოვფხიზლდი, საიდან უნდა სცოდნოდა ამ კაცს ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვახერხე და მართალი ხარო, დავემოწმე. ის კი აგრძელებდა.
_როგორ გგონია, იმ ორლარიანს პატრონი არ ჰყავდა?
_ჰყავდა, ალბათ.
_იცი თუ არა, რომ ეს მონეტა იმ კაცმა დააგდო, რომელმაც შემდეგ მომგებიანი ციფრები გიკარნახა?
_მან დააგდო?_წავილუღლუღე და საბრალო თვალებით შევხედე.
_ იმ კაცმა, რომელმაც  ციფრები გიკარნახა, ხელი ჩამოგართვა, გაიცინა და გითხრა: ”თუ მოიგე, ძმაო, ნახევარი ჩემია~.  შენ ხელი ჩამოართვი, არ არი ბაზარი, ნახევარს გაძლევო, უთხარი. ასე იყო თუ არა?
მე ხმა ვერ ამოვიღე და თავის დაქნევით დავემოწმე.
_ამის შემდეგ ის კაცი არც გაგხსენებია, სანამ მისგან მესიჯი არ მიიღე. ვინ იყო ის კაცი? გახსოვს იმ კაცის სახე?
ის შეყოვნდა და თვალი თვალში გამიყარა. ელდა მეცა, დენდარტყმულივით შევხტი, ძარღვებში სისხლი გამეყინა, გულისცემა შემიჩერდა, მკლავები მომიდუნდა და მხრები უსიცოცხლოდ ჩამოვყარე.
_ის კაცი შენ ხარ, _წავილუღლუღე და საკუთარი ხმა თვითონ ძლივს გავიგე.
_მერე? შე ბოზო, მეწილეს წილი არ უნდა მისცე?!
ერთხანს თავჩაღუნული მდუმარედ ვიჯექი, შემდეგ თავი ავწიე და ვთქვი:
_შენი მესიჯი რომ მივიღე, ფული უკვე აღარ მქონდა.
_იცი რა მწყინს ყველაზე მეტად? მე რომ არც გახსოვდი და მადლობას ვიღაც ღმერთს სწირავდი. ღმერთს, რომელსაც ამ საქმეში წილი არ ჰქონდა.
მას ყელის ძარღვები დაებერა, ნიკაპი და ყბები გამოეკვეთა, ფეხზე ადგა და ცეცხლის ალზე მის ხელში დანა გავარჩიე.
_ჩემი ორას ორმოცდაათი ათასი ლარი მინდა, ბოზო.
_მე სულს იქით არაფერი გამაჩნია, _ვიყვირე და წამოვხტი.
_მერე? სული პატარა ქონება არ არის, _თქვა წყნარი, მოსისინე ხმით,
ცბიერი ღიმილი გადაიკრა სახეზე და მზერა კოცონს იქით ტყისკენ სტყორცნა. იქით გავიხედე და უკვე აშკარად დავინახე რცხილის ტოტზე ჩამობმული ყულფი. ტანში გამცრა და მზერა გაბრიელისკენ გადავიტანე. ისევ უმეტყველო სახით მისჩერებოდა კოცონს. ~ის მე მომკლავს, ამ კაცის იმედი კი არ უნდა მქონდეს,~ _გავიფიქრე და ჭინკაც წამოვიდა. უცებ ჩვენს შორის გაბრიელი ჩადგა. რაღაც ძალამ მიბიძგა და წამის შემდეგ უსიერ ტყეში ფეთიანივით გავრბოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს წინ ვიღაც მიმიძღოდა. მთვარის შუქზე მკრთალად იხატებოდა ხის ძირები და მე, ჩემდა გასაკვირად, მათ გვერდის ავლას იოლად ვახერხებდი. არ მახსოვს, რამდენ ხანს გავრბოდი. სახე დაკაწრული და ტანსაცმელჩამოხეული გამოვედი ერთ ხრიოკ გორაკზე, საიდანაც ქალაქი გამოჩნდა. არ გავჩერებულვარ, ისე ჩავირბინე ფერდობი და როცა ლამპიონებით განათებულ ფართო ქუჩაში აღმოვჩნდი, მაშინღა შევისვენე, ვიგრძენი საშინელი დაღლა, ფეხები გაჩერებამდე მივათრიე და ჩამოვჯექი. სუნთქვა რომ დამილაგდა, მოვიხედე და დავინახე, რომ გვერდით გაბრიელი მეჯდა.
_შენ დამეხმარე გაქცევაში, მე კი შენი იმედი არ მქონდა, _ ვთქვი დარცხვენილმა.
_შენ ყველაფერი არ მოგიყოლია, დავით, ჭინკა არ გაცლიდა.  გინდა, მე მოვყვები შენს ამბავს?
  _შენ ვინღა ხარ? ჩემზე რა იცი?
    _მოგიყვები  და ვიცი თუ არა, მიხვდები.
მე მხრები ავიჩეჩე.
_როგორც კი შენმა ახლობლებმა გაიგეს, რომ ჯეკპოტი მოიგე, მოგაკითხეს. ხუთი ათასი არსენას ასესხე, ოცი ათასი დეიდაშვილის ქმარს, შვიდი გურამას, ოთხი ათასი ჩოფურას აჩუქე და ხუთი ათასი ლარი წვრილ-წვრილად დაარიგე. შემდეგ, ყველაფერი რომ დაკარგე, მოგერიდა ახლობლებთან მისვლა, არ ეგონოთ ფულის სათხოვნელად მოვიდაო.
_კი, ასე იყო, _ დავეთანხმე.
_მთლად ცუდი კაცი არა ხარ, დავით. სად წახვალ ახლა?
_არ ვიცი, ვერ გადამიწყვეტია. წასასვლელიც არსად მაქვს.
_იქნებ ელისოსთან მისულიყავი?
_ მრცხვენია, ვუღალატე. მთელი ოთხი თვეა, არ დამირეკავს.
_მოდი, წავიდეთ, მე გამოგყვები. იქნებ ღირდეს, პატიება სთხოვო.
ჩემს პასუხს არ დალოდებია, ტაქსი გააჩერა. ბაქოს ქუჩის თექვსმეტიო, უთხრა. ნახევარ საათში მივედით. გამიკვირდა, საიდან იცოდა ელისოს მისამართი.
_აბა, შენ იცი, _მითხრა, _ გარეთ დაგელოდები. თუ არ მიგიღო, სხვა რამეს მოვიფიქრებთ.
ზარი დავრეკე. გული ამოვარდნაზე მქონდა და ის დრო, სანამ ელისო კარს გააღებდა, მღელვარე წუთებად გაიწელა და როცა მან კარი გახსნა, არ ვიცოდი, საიდან დამეწყო.
_შემოდი, _ მითხრა.
შევედი და გავჩერდი ზღურბლთან.
_შემოდი, რას დგახარ, _ თქვა და წინ გამიძღვა.
მისაღებში შევყევი და კართან თავდახრილი გავჩერდი.
_იცი, ელისო, ეს ოთხი თვე, რაც არ გინახივარ, რა გადამხდა?
მან ამათვარიელ-ჩამათვალიერა და გაკვირვებულმა გააქნია თავი:
_ასე უცებ დათრობა როგორ მოასწარი? რომელი ოთხი თვე?
დავიბენი, თავში ყველაფერი წაღმა-უკუღმა დამიტრიალდა.
_მაპატიე, არასწორად მოვიქეცი, შევცდი, _ვთქვი. ის კი ეჭვიანი ღიმილით მათვალიერებდა, ვერ გაეგო, რას ვთხოვდი.
მაგიდაზე ლოტოს ბილეთი შევნიშნე. ჩემდაუნებურად ავიღე და, ჰოი, საოცრებავ, ის ჩემი ბილეთი იყო.
_ამ ბილეთმა დამღუპა, თავგზა ამიბნია, _ვთქვი და გადასახევად მოვემზადე, რომ ელისო ხელებში წამეტანა.
_მოიცა, ბილეთი ამ ღამით თამაშდება.
_რა? რა თქვი? ეს ბილეთი უკვე გათამაშდა და მოვიგე. ეს ჩემი ლოტოს ბილეთია, ეს ციფრები ჩემია.
_რა მოგივიდა? არავინ გეცილება. ჰო, შენია.
მინდოდა გაურკვევლობიდან გამოვსულიყავი, არეული დრო და ამბები დამელაგებინა, მაგრამ არ შემეძლო.
_ეს ციფრები ვინ მიკარნახა, ელისო?
_ვის უნდა ეკარნახა? რა ვიცი?
_ ყველაფერს ის კაცი გამაგებინებს, _ვთქვი და გაბრიელის სანახავად გარეთ გავედი. ის იქ აღარ იყო. ერთადერთი იმედი, რომ ამ დავიდარაბაში გავრკვეულიყავი, დავკარგე და უკან შევბრუნდი.
_რა მოგივიდა? _მკითხა ელისომ და ისე შემომხედა, როგორც ლოთსა და გიჟს უყურებენ.
_ მთვრალი არა ვარ. მგონი არც გავგიჟებულვარ, მაგრამ რაღაცეები ამერია და იქნებ დამეხმარო, რომ დავალაგო, _ვთქვი განწირული ხმით და მახვეწარი თვალით შევხედე.
_არ მესმის, ჩემგან რა გინდა?
_რამდენი ხანია, არ გინახივარ?
_შენ თქვი, სახლში მივდივარო და ერთი საათის წინ გახვედი. ჰო, მართლა, მობილურიც დაგრჩა. ვიღაც ნაზხმიანმა ქალმა დარეკა. ვუპასუხე. მითხრა, გადაეცი, ანამ დაგირეკაო.
_ანამ დაგირეკაო? _ვთქვი, ერთხანს შევყოვნდი და დავამატე,  _ანა ვარო?
_ ჰო, ანა ვარო, _დამარცვლით თქვა ელისომ და გააგრძელა, _ რაღაც თვალები გაგიბრწყინდა. ვინ არის ეგ ქალი? ფრთხილად იყავი, ეშმაკს რომ შეაცდენს, ისეთი ხმა ჰქონდა.
_ანა ვარო? _წავიბუტბუტე, მობილური და ბილეთი ჯიბეში ჩავიდე და წასასვლელად მოვემზადე. 
_არ დალიო, გეხვეწები და დამირეკე, _ დამადევნა ელისომ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები