ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2012


გამგების გასაგები

ამდენ ღამეთაგან ერთიც ვერ გათენდა დილა,
(ვაზს ხომ ერთნაირად სტკივა ლერწამიც და ფესვიც,)
ისევ ვფორიაქობ, დროდადრო კი არა, ხშირად.
- ერთად დავალაგოთ უნდა საქართველო, გესმის?

ვეღარც სიამაყე შველის ტოტებდაჭრილ მუხას,
(და არც უგულო სულს შვენის სადღეგრძელო ყანწით,)
დგახარ შორიახლო, წვრილმან რამეებზე წუხხარ,
- ნუთუ არ გიჩნდება კითხვა, რა იქნება აწი?

ლოცვა ააშენებს ტაძრის ჩამოქცეულ გუმბათს,
(მას რაც ნათელია, სულაც არ სჭირდება ფიცი,)
პირს ნუ აიკერავ, ხელსაც ნუ ჩაიქნევ, ნუღარ,
- დღეს თუ ჩაგეძინა, ხვალ გვიან იქნება, იცი?

რწმენა არ შემოგრჩა, არც თავისუფლება ფასობს,
(ანდა ზრუნვას ჩვეულს სხვისი იმედი გაქვს ჯერაც,)
ან სულ წარგეკვეთა ურიცხვ გასაჭირში სასო,
- როგორ იარსებებ, თუკი აღარაფრის გჯერა?

ისევ მიყიდიან მიწას უტიფრად და ურცხვად,
(განა გაწვრილებულ ნერვებს უმიზეზოდ ვიშლი,)
ზოგჯერ სამშობლოზე ფიქრში მავიწყდება სუნთქვა,
- გესმის? მავიწყდება სუნთქვაც სამშობლოზე ფიქრში....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები