ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2012


* * *

* * *


ღია კოსმოსში
უშორესი პლანეტებიც კი,
ადრე თუ გვიან,
შეხვდებიან ხოლმე სივრცეში
და იციან, თუ ახლა არა,
გასცდებიან შემდეგ ერთმანეთს.
იმტვრევიან ამიტომ მუდამ,
ისე, თითქოს მონატრება, კვდომა და დარდი
ამოძრავებდეთ.

დღეს ვნახე ძველი მეგობარი
და, ვიდრე ზუსტად
მოვიფიქრებდით შემდეგ ნაბიჯებს,
ალბათ, ორივეს გაგვახსენდა, იმ დროს საერთო,
კარგად ჩავლილი ცხოვრებიდან -
სულ ყველაფერი,
რაც გამოდგა იმდენად მცირე,
რომ მხოლოდ თვალის არიდებას,
ზურგის შექცევას
და ჩვენ-ჩვენი გზით წასვლას ეყო.



* * *


ზოგჯერ იფიქრებ,
რომ ღრუბელსაც უჭირს სულ მარტო
ყოფნა და მოდის ხეობებში,
ტყეების თავზე, -
ინისლება მიწასთან ახლოს.

თითქოს იქ იყოს ჩემი ყველა მარტოკაცობა,
გაბრწყინებული, ღამეების მოწმენდილ ცაში, -
მე მხოლოდ მაღლა თუ ვიხედები;
გავურბივარ ადამიანებს,
დარდად კი მიმაქვს:

რა იქნება, როცა ღრუბლებსაც
ვეღარ გავუძლებ
და გავექცევი?!.



* * *


ისე, ყველასთვის, ეს ხშირად ხდება,
რა სამწუხარო არის ცხოვრება
ჩვენს ერთ ფოტოშიც;
მარადიული სურვილი მაქვს,
გადაგეხვიო.



* * *


არის ხელები;
ლურსმნებისთვის,
მოწყალებისთვის,
დაშვებულნი, მითითებულნი
მამხილებლად,
ან დასასმენად.
კიდევ, არიან სისხლისათვის,
საქმისთვის, ზოგჯერ
სულ უბრალოდაც...
და ასე რომ მრავალს ჩამოთვლი
შემოდგომის ქუჩაში,
იგრძნობ;
არსებობენ შენი ხელებიც,
მის ხელებს რომ ელოდებიან.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები