ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
9 მარტი, 2013


- ბენიას ფენიე და ალფესი -

ასე ნაშუადღევს ალფესი ბენიას ეზოს მიადგა და გასძახა: 
- ბენია!   
პირველ დაძახებაზე არავინ გამოპასუხებია. 
- ბენია, არ გეყურება, კაძახო?! - ხმას აუწია ალფესიმ.   
ოდა სახლის კარი გაიღო და ბენია გამოჩნდა:     
- კი მეყურება, ალფესი, და ა, გამუედი. ხომ მშვიდობაა? - სხვათაშორის და თავისფხანით იკითხა ბენიამ. 
- ჯერემ გამარჯობა!   
- გაგიმარჯოს, მერე? 
- მერე?! ე! გეიხედე, იქით, ჩემს საყანეში! 
ბენიამ ალფესის საყანეს გახედა, ფერდობის თითქმის ნახევარი რომ ეჭირა.   
- გევიხედე, მერე? 
- ბიჯო, გადამრევ მე შენ! იი შენი ფენიე არაა?!   
- უი, ალფესი, შენ რა გითხარი, ბიჯო, არა, არაა ჩემი. 
ალფესიმ ძროხას გახედა. 
- რაფერ? მაი ფენიე არაა?   
- ფენიე კია, მარა ჩემი არაა.   
- მეიცა, მეიცა! ფენიე თუა, შენი რეიზა არაა ვითამ?!   
- ერი კვირის უკან გავყიდე, ნოშრევანამ იყიდა.   
ალფესი ჩაფიქრდა. 
- კაი, მაშინ წევედი მე ნოშრევანასთან! 
ბენიამ ისევ მოიფხანა თავი და მშვიდად უთხრა:   
  - ფენიე ნოშრევანამაც გაყიდა მიორე დღეს. 
- ვინ იყიდა? 
- მელუდიამ.   
- კაი! წავალ მაშინ მელუდიასთან!       
- ნუ წახვალ მელუდიასთან, ალფესი. 
- ვითამ რეიზა?! - გაიკვირვა ალფესიმ. 
- იმიზა რომე, ამ დილას ჩემთან იყო და ასე მითხრა - ნოშრევანას ფულს ვერ უხთი ფენიაშიო და იქნება დეიბრუნოო. 
- მერე?! - ბრაზდებოდა ალფესი. 
- მერე ასე უთხარი, რომე საღამომდე მაცალე მევიფიქრებ მეთქინ. 
- ბოლოს და ბოლოს გამაგებიე, ბენია, ვისია აი ძროხა, ნოშრევანას, მელუდიეს თუ შენი?!                 
- ამ წუთიზა რაფერაა იცი? მელუდიამ  ნოშრევანას ფული თუ გადუუხადა, მაშინ მელუდიესაა. თუ ვერა და მე მივეცი ფული მელუდიას  რომე ნოშრევანას მისცეს, მაშინ ჩემია. ჯერჯერობით  შეიძლება თქვას კაცმა, რომე ფენიე ჰაიერშია გამოკიდული.   
- ჰაიერში კარა ჩემს საყანეშია ეგერ! და ვინ გადმეიყვანს იქიდან მაი მინდა ვიცოდე მე! - განრისხდა ალფესი.   
- მაი თუა და მეტი აფერი, მაგას მე ვიზამ, შე კაცო. მაგიზა ბრაზდები? ამ წუთში ა! მუალ და გადმევიყვან!   
- გადამრევ მე შენ, ბენია! სხვაი რაია?! რეიზა უნდა იყოს ვინცხას ძროხა ჩემს საყანეში? რეიზა თვარა კი?!     
- ჰო, არ უნდა იყოს! - სწრაფად დაეთანხმა ბენია და ჭიშკრისკენ გაემართა, ეზოდან გადავიდა, ალფესის შემოღობილ საყანეს გადაახტა  და ფენიე სახლისკენ გამოდენა.   
  - წამოი, ფენია, წამოი.   
  ფენიამ ბენიას გამოხედა და:   
- მუუუუ -ო. 
- ხო, ხო რაფერ დაგბითქვინებია ჯიქნებიიი!... ფენია, წახანე ალფესი კიდომ გავბერე ტყვილებით - მე იმას მივყიდე ფენიე, იმან იმას  მეთქინ, მარა...   
  ფენიამ - მუუუუ-ო - გააწყვეტინა.   
- მათქმიე, ფენია! ჰო, და იმას გიჩიოდი რომე, კარ მიხარია აი ტყვილები, მარა რა უყო, ფენია? ჩემი ბრალი კარაა... არც მისი არაა...  ახლა, სახში რომ მიგდენი, ჯერემ მოგწველ, მერე ყველს ამევიღეფ და ერ ლიტრა რძესან ერთად ერ თავ ყველს ალფესის მუუკითხავ, უყვარს მაგას და კიდომ მარტუუა კაცი...   
ფენიამ ისევ  -  მუუუუ-ო. 
  - ჰო, ვიცი, ვიცი, რომე უარზე არც შენ იქნები და ამაღმაც ვქნათ ასე.   
  საღამოსპირს ბენია ალფესისთან მივიდა:   
  - ალფესი!                                                                     
  - რომელი ხარ?   
  - მე ვარ, ბენიე! 
  - ჩამოი, ბენია!    -  ჩავიდა. 
  - როვა ხარ, ალფესი? 
  - რია ვიცი... ვარ ასთე, რომ მიყურეფ. შენ როვა ხარ? 
  - მეც მასთე...ა, რძეია აქანე და ყველი კიდომ...ფენიე გადმევიყვანე იქიდან. 
  - სეიდან? 
  - შენი საყანიდან. 
  - ჩემ საყანეში იყო?   
  -  ...ჰო...იყო..     
  - მერე ყოფილიყო, ბიჯო, ებალახა ერ ხანს.   
  - იბალახა, ალფესი...იბალახა... რამდონი ხანია რაც ნინიჩქა აღარაა?   
  - ჩემი? 
  ,,აბა ჩემი ცხრაი წელი ოთხი თვეი და მესამე დღეია დღეს,,  -  გაიფიქრა და: 
  - ჰო, შენი -ო  -  უპასუხა. 
  - აუჰ! რა ვიცი მე! კაი ხანია!     
  ბენიამ მეზობელს გახედა. მკრთალ განათებაზეც შეამჩნევდა დაკვირვებული კაცის თვალი  ორივე მოხუცის ნამიან თვალებს.     
  - კაი, ალფესი, წევედი ახლა მე და იი მითხარი ხვალე თუ ჩუუშვა ფენიე შენს საყანეში. 
  - ჩუუშვი, აბა რაი! ბალახია, მეტი რაია ჯერემ იქინე?   
  - მადლობა, ალფესი. ჰო! იი რძეი ასადუღებელია.   
  ბენია სახლისკენ ბრუნდებოდა: ,,ეჰ, ალფესია, ბიჯოოო... რამდონი ხანია შვილები არ ჩამოქსლია... ისე შენ შვილებს რას ვერჩი...ჩემები?...  რავა არიან ნეტა?...ბადიშები მომენატრა. ,,     
    მეორე დღეს ასე, ნაშუადღევს, ალფესი ბენიას ჭიშკარს მიადგა და გასძახა: 
  - ბენია!     
  პირველ დაძახებაზე არავინ გამოეპასუხა.       
  - ბენია, არ გეყურება, კაძახო?!   
  - კი მეყურება და აგერ ვარ, ალფესი. ხომ მშვიდობაა? 
  - ჯერემ გამარჯობა!   
  - გაგიმარჯოს, მერე?   
  - მერე? ე! გეიხედე იქით, ჩემს საყანეში! იი ფენიე არაა?!   
  - კი, ალფესი, ფენიე კია, მარა ჩემი არაა...   
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები